"ყასბობა კარგი ცხოვრების გამო არ ამირჩევია" - კვირის პალიტრა

"ყასბობა კარგი ცხოვრების გამო არ ამირჩევია"

"ვაჟკაცი ქალი ვარ, მამაკაცებს ტოლს არ ვუდებ, მაგრამ დანის გამოსმა არ შემიძლია, რომ ვუყურებ პირუტყვის საცოდავ თვალებს, გული მიკვდება..."

"ჩემი შეურაცხყოფა არ ვაპატიე და დანა გავუქანე. ახლაც მახსოვს, დუნდულაში დანაგარჭობილი როგორ დარბოდა და შველას ითხოვდა"

ლია ორკოდაშვილი თელავის საკოლმეურნეო ბაზარში დახლთან დგას. თავდაპირველად ზეთს ყიდდა, შემდეგ კი, უფრო მომგებიან, მაგრამ ქალისთვის უცნაურ, ყასბის პროფესიასაც აუღო ალღო. მას შემდეგ თვრამეტი წელი გავიდა და უამრავი სირთულის მიუხედავად, როგორც ამბობს, ეს საქმე შეუყვარდა კიდეც.

არადა, თავის დროზე, თელავის ყოფილ პედაგოგიურ ინსტიტუტში ბუღალტრის პროფესიას ეუფლებოდა, თუმცა სიდუხჭირის გამო სასწავლებლის დამთავრება ვერ შეძლო.

- ყასბობა კარგი ცხოვრების გამო არ ამირჩევია. ადრე თელავის კომკავშირის რაიკომში კომკავშირელების საქმეებს ჩავკირკიტებდი და როგორც კი ის სტრუქტურა გაუქმდა, მე და ჩემმა მეუღლემ საოჯახო ბიზნესი წამოვიწყეთ. სოფელ ფშაველში მაღაზია გავხსენით, მაგრამ არ გაგვიმართლა, დაგვაყაჩაღეს და უიმედო მდგომარეობაში მყოფები, ახლობლის რჩევით, თელავის საკოლმეურნეო ბაზარში მივედით. ხორცისა და რძის პროდუქტების პავილიონში დახლთან დავდექი და ვაჭრობა დავიწყეთ. მას შემდეგ აგერ უკვე 18 წელი გავიდა და ისევ აქ ვართ. თავიდან ზეთს ვყიდდით და რომ დავინახეთ უფრო მომგებიანი ხორცით ვაჭრობა იყო, აქეთ გადმოვინაცვლეთ.

- ქალისთვის უიშვიათესი ხელობის, ყასბობის დაუფლება არ გაგიჭირდათ?

- გამიჭირდა აბა რა, ძალიან ძნელია, მით უმეტეს ქალისთვის. დიდ ძალას და ენერგიას მოითხოვს. პირველ ხანებში ხორცის დაჭრა რომ არ გამომდიოდა, მეწილეს ვატყუებდი, საქონლის ხორცი ერთმა მეზობელმა დაჭრა, ღორის კი მეორემ აკუწა-მეთქი. სინამდვილეში, ჩემი ნაცოდვილარი იყო. დროთა განმავლობაში ვისწავლე და ახლა საქონელსა თუ ღორს კაცებზე უკეთ გამოვშიგნავ, ავკუწავ... ერთადერთი დაკვლა არ შემიძლია.

- რატომ?

- ვაჟკაცი ქალი ვარ, მამაკაცებს ტოლს არ ვუდებ, მაგრამ დანის გამოსმა არ შემიძლია, რომ ვუყურებ პირუტყვის საცოდავ თვალებს, გული მიკვდება... ეგ ჩემი ქმრის საქმეა.

ერთხელ, შემოდგომაზე, ღორის დასაკლავად ლალისყურში ვიყავით წასულები. წვიმიანი ამინდი იყო. საღორიდან ჩვენი ახლობლის ხმა გავიგე, უჭირდა ღორის გამოყვანა და დახმარებას გვთხოვდა. როგორც იქნა, გამოვათრიეთ, მაგრამ ვერ დავიმორჩილეთ. არიქა, ბიჭო, შენ ფეხში ჩაავლე, უთხრა ჩემს ქმარს, შენ კი კუდზე ჩაეჭიდეო, მომაძახა მე. თვითონ, ალბათ დამშვიდებულმა, რომ ყველა მითითება შევასრულეთ, ძალა მოადუნა, ღორმა კი უცებ გაიწია და მე, კუდზე ხელჩაჭიდებული ჩემს ქმარსა და იმ კაცთან ერთად მთელი ეზო ტალახში გვათრია...

- დანას ოსტატურად ხმარობთ, გავიგე, დახლის მეზობელი დაგიჭრიათ.

- ერთხელ ბაზარში ნაცნობი მოვიდა და მთხოვა, საქონლის კარგი ხორცი მინდაო. არ მქონდა და მეზობელ დახლთან მდგომ ბიჭთან გავგზავნე. დავინახე, როგორ შეუცურა უვარგისი ნაჭრები და გაისტუმრა. მივვარდი და გაბრაზებულმა ვუთხარი, - უნამუსო, ეგ რა ქენი, მორჩა, მეტს აღარ მოგეხმარები-მეთქი. რამდენიმე წუთში, ალბათ შერიგების მიზნით, უკნიდან მომეპარა და ვითომ ხუმრობით გადამწია ... ზაფხული იყო, ცოტა მოკლე კაბა მეცვა და... ჩემი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება არ ვაპატიე და უკან გაბრუნებულს დანა გავუქანე. ახლაც მახსოვს, დუნდულაში დანაგარჭობილი როგორ დარბოდა და შველას ითხოვდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.

...ბაზარში, სავაჭრო ადგილის შესანარჩუნებლადაც მომიწია ბრძოლამ დახლს გვედავებოდნენ, მაგრამ... სამნი იყვნენ, ერთი დანას  წამდაუწუმ ცხვირწინ გვიტრიალებდა ხან მე, ხან ჩემს ქმარს და ხანაც ჩვენს მეწილეს. მშვიდობიანი მოლაპარაკებით რომ ვერაფერს გავხდით, წინ გადავუდექი- თუ ვაჟკაცი ხარ, დამარტყი-მეთქი. უკან დაიხია, როგორც ჩანს, გაჭრა ჩემმა სიტყვებმა, მაგრამ ვხედავ, რომ ჩვენს ბიჭებს ის ორი საქონლის ხორცის შემოტანის უფლებას არ აძლევს. გავმწარდი, დავტაცე ხელი ხორცის დიდ ნაჭერს და მარაოსავით ვაფრიალე, სულ აქეთ-იქით მიმოვფანტე. ის კი არა, ერთ მათგანს საქონლის ნეკნიც გამოვდე და კარგადაც გავამწარე...

- ასეთ თავგადასავლებს, ბუღალტერ-ეკონომისტის რბილი სავარძელი არ ჯობდა?

- სამწუხაროდ, სწავლის დამთავრება ვერ შევძელი, ოთხი დედმამიშვილი ვიყავით და ფინანსურმა პრობლემებმა შემიშალა ხელი... ორი შვილი მყავს - ქალ-ვაჟი და ორივე დაოჯახებულია. სამი შვილიშვილი გვახვევია თავს მე და ჩემს მეუღლეს. დღე-დღეს მისდევს იმაზე ფიქრში, რომ ოჯახში შესატანი პურის ფული დამრჩეს და ჩემი პატარებისთვისაც კანფეტის ყიდვა  შევძლო.

ბოლო დროს ჩემი ქმარი ავადმყოფობს და მეც უკვე ჯანი აღარ მომდევს. ამდენი წელია ამ საქმეს ვემსახურები და მიყვარს კიდეც, მაგრამ ახლა, აქ რომ ვდგავართ და ვიყინებით, უკეთესი იქნებოდა შინ, თბილ ღუმელთან მოვკალათებულიყავით, ან ჩემი შვილიშვილების ჟრიამულში ცომი მომეზილა, თუნდაც ჩემი დაჭრილი ხორცით ხინკალი გამეხვია და გემრიელად გაგმასპინძლებოდი...

გურამ სოზაშვილი