C ჰეპატიტი - "მოსიყვარულე მკვლელი" - კვირის პალიტრა

C ჰეპატიტი - "მოსიყვარულე მკვლელი"

საქართველო C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე, ამიერკავკასიაში კი პირველ ადგილზეა

"ჩვენთან C ჰეპატიტით დაავადებულთა მხოლოდ 10% მკურნალობს"

"მოსიყვარულე მკვლელი", - ასე უწოდეს ექიმებმა ამ ვერაგ ვირუსს, რომელიც შესაძლოა წლების განმავლობაში, ნელი მოქმედების ნაღმივით ანგრევდეს ორგანიზმს და საფრთხეს წარმოადგენდეს გარშემომყოფთათვის. სწორედ ფარული მიმდინარეობის გამო, ვირუსი, რომელიც საბოლოოდ ღვიძლის კომას იწვევს და ლეტალური შედეგით მთავრდება, მთელ მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება. მედიკოსებს ახლა C ჰეპატიტი უფრო აშინებთ, ვიდრე შიდსის ვირუსი.

ჰეპატიტის გავრცელებით საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ჩვენს ქვეყანაში C ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვმა 200000-ს გადააჭარბა. 2004 წელს ჩატარებული კვლევებით - ქვეყნის მოსახლეობის 6,7% ამ ვირუსის მატარებელი იყო. მას შემდეგ კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ ზოგადი ვითარება ცხადყოფს, რომ სურათი მხოლოდ უარესობისკენ თუ შეიცვლებოდა.

პრობლემის სიმწვავის შესაფასებლად არსებული პროცენტული მაჩვენებელიც კმარა, რომელიც ადასტურებს, რომ C ჰეპატიტის გავრცელებით საქართველო მსოფლიოში - მესამე, რეგიონში კი პირველი ქვეყანაა. საქართველოში ყოველწლიურად ც ჰეპატიტით დაავადების დაახლოებით 2000 ახალი შემთხვევა ვლინდება.

სამკურნალო პრეპარატების სიძვირის (გენოტიპისა და სირთულის გათვალისწინებით, 6.000-დან 15.000 დოლარამდე ჯდება) გამო პაციენტთა უმრავლესობა მკურნალობაზე უარს ამბობს. ყველა განვითარებულ ქვეყანაში როგორც გამოკვლევის, ასევე მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო აფინანსებს. მეტიც, ამის აუცილებლობას პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც მიხვდნენ და სასიკვდილოდ განწირულ უფულო მოქალაქეებს არც ყაზახეთსა და უკრაინაში იმეტებს ხელისუფლება. საქართველოში კი მხოლოდ პირველადი, 15-ლარიანი ანალიზია უფასო და ისიც ვერ იძლევა ზუსტ პასუხს, ხართ თუ არა ვირუსის მატარებელი.

ექიმები ამბობენ, რომ დღეს C ჰეპატიტით ინფიცირებულთა მხოლოდ 10% მკურნალობს.

დანარჩენ 90%-ს კი, ფაქტობრივად, სიკვდილი ელის. ამ დაავადებასთან დაკავშირებით გარკვეული სტიგმა საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს და პაციენტები ხშირად მალავენ, რომ ვირუსის მატარებლები არიან. ასე რომ, საფრთხე ყველგანაა - სტომატოლოგთან, სილამაზის სალონში თუ სექსუალურ პარტნიორთან.

ლალი შარვაძე, ექიმი-ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: - ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში მწვავედ დგას. დაავადებას ხშირად ქრონიკული მიმდინარეობა აქვს. ქრონიკული  C  ჰეპატიტით დაავადებულთა დაახლოებით 30%-ს, ინფიცირებიდან დაახლოებით 20-30 წლის შემდეგ შესაძლოა განუვითარდეთ ღვიძლის ე.წ. ტერმინალური დაავადება - ღვიძლის ციროზი, ღვიძლის კიბო და ღვიძლის უკმარისობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა, ვისაც C ჰეპატიტი აქვს, ამისთვის განწირულია. C ჰეპატიტთან ბრძოლის პროფილაქტიკური საშუალებები პრაქტიკულად არ არსებობს. თუმცა C ჰეპატიტის სამკურნალოდ ძალიან ეფექტიანია კომბინირებული ანტივირუსული საშუალების, "ინტერფერონისა" და "რობავირინის" კომბინაცია. ასეთი მკურნალობით ავადმყოფთა 50% განიკურნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ვირუსი მთლიანად ტოვებს ორგანიზმს. თუმცა, განკურნების ასეთი მაღალი შედეგი არ მიიღწევა ვირუსის რთულად სამკურნალო გენოტიპის მქონე პაციენტებში.

2011 წელს C ჰეპატიტის სამკურნალო ორი ახალი, ერთი და იმავე ტიპის მედიკამენტი შექმნა ორმა სხვადასხვა კომპანიამ - "ტელაპრევილი" და "ბოცეპრევილი". ეს უკვე არსებულ მკურნალობას მესამე წამლად დაემატა და მკურნალობას დაერქვა ე.წ. სამმაგი თერაპია. ამ მეთოდით პირველი გენოტიპით დაავადებულთა მკურნალობა გაუტოლდა ფაქტობრივად მეორე გენოტიპისას.

- თუმცა ბევრს უკვე არსებული პრეპარატებით მკურნალობის შესაძლებლობაც არა აქვთ...

- მკურნალობა საკმაოდ ძვირია, ამიტომ მხოლოდ 10%-ს თუ აქვს ამის შესაძლებლობა. სახელმწიფო ჯერჯერობით ვერ აფინანსებს ჩ ჰეპატიტის მკურნალობას, რადგან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დონორი ორგანიზაციის დახმარებით, საქართველოში  C ჰეპატიტის მკურნალობა მხოლოდ შიდსის ვირუსით დაინფიცირებულთათვის არის უფასო.

- ხომ შეიძლება C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმა ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობდეს ორგანიზმში და პაციენტს არც გაუჩნდეს ექიმთან მისვლის აუცილებლობა...

- ეს არის ამ დაავადების ბუნება და ამიტომაც ეძახიან "ვერაგ დაავადებას", "ფარულ მკვლელს". დიდი ხნის განმავლობაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ადამიანს არც მოუვა აზრად, რომ ექიმთან მივიდეს. როცა სიმპტომები გამოვლინდება, შესაძლოა, უკვე გვიან იყოს. არსებობს რეკომენდაციები, ვინ უნდა ჩაიტაროს გამოკვლევები  C ჰეპატიტზე. პირველ რიგში - ნარკოტიკების მომხმარებლებმა და იმ პირებმაც, ვისაც ხშირად უტარდება სამედიცინო მანიპულაციები; ასევე  ჰემოდიალიზზე მყოფმა პაციენტებმა; მედპერსონალმა; C ჰეპატიტით ინფიცირებული დედების შვილებმა და ა.შ. რაც შეეხება ინფიცირების გზებს, C ჰეპატიტი ვრცელდება სისხლით და სქესობრივი კონტაქტით. ინფიცირების ძალიან დიდი წილი მოდის სისხლით ინფიცირებაზე - ნემსის მრავალჯერადი და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც, შესაძლოა, ინფიცირების წყარო იყოს. რაც შეეხება სქესობრივ კონტაქტს, დაინფიცირების შანსი ნაკლებია, თუმცა გამორიცხული არ არის...

- გადადის თუ არა ეს დაავადება დედიდან შვილზე?

- ინფიცირების ამ გზას ვერტიკალურს უწოდებენ - როცა ვირუსი დედიდან შვილზე, მუცლადყოფნის ან მშობიარობის დროს ვრცელდება. ინფიცირების ზუსტი მაჩვენებელი უცნობია, დაახლოებით 5-6%-ის ფარგლებში მერყეობს. ორსულობის პერიოდში პროფილაქტიკური ღონისძიებები არ ტარდება, ბავშვის დაბადების შემდეგ ექიმი იძლევა რეკომენდაციას, როდის ჩაუტარდეს გამოკვლევა იმის დასადგენად, დაინფიცირდა თუ არა.

- ხომ შეიძლება, არსებობდეს მაკონტროლებელი, რომელიც შეისწავლის ჰიგიენურ ნორმებს სტაციონარში, სილამაზის სალონებში, სტომატოლოგიურ კლინიკებში?

- თუ არ ჩატარდება ის ღონისძიებები, რაც გააუვნებლებს ვირუსს, დაცული არავინ არის... ამის კარგი პროფილაქტიკაა ერთჯერადი მოხმარების ინსტრუმენტები. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ერთჯერადი ინსტრუმენტების გამოყენება შეუძლებელია, მაგრამ ეს ვირუსი ძალიან კარგად ექვემდებარება სადეზინფექციო ხსნარებს, თუ, რა თქმა უნდა, პროცედურები კეთილსინდისიერად ჩატარდება. კეთილსინდისიერების შემოწმება კი რამდენად შესაძლებელია, არ ვიცი.

- პაციენტები ამბობენ, რომ საქართველოში მიღებული ანალიზის პასუხი, გადამოწმების შემთხვევაში, ხშირად არ ემთხვევა უცხოეთში მიღებულ პასუხს...

- ასეთი შემთხვევების შესახებ მეც მსმენია, მაგრამ იმ დაწესებულებაში, რომელსაც მე წარმოვადგენ, ასეთი არც ერთი შემთხვევა არ გვქონია. თეორიულად შესაძლოა მოხდეს, რომ პაციენტმა აქ ჩაიტაროს მარტივი გამოკვლევა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ამ გამოკვლევის პასუხი არაპირდაპირია და იძლევა ჩვენებას, მოხვედრილა თუ არა ოდესმე C ჰეპატიტის ვირუსი ორგანიზმში. ეს არ არის გამოკლვევა ვირუსზე, ეს არის გამოკვლევა ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ გამომუშავებულ ანტისხეულებზე, რომლებიც მუდმივად რჩება ორგანიზმში. იქნებ გაგიკვირდეთ, მაგრამ C ჰეპატიტს 15-20%-ში აქვს თვისება, როცა თვითონ ტოვებს ორგანიზმს. შესაძლოა, ასეთ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი...

P.S. უცხოეთში გამოკვლევა, სახელმწიფოს დაფინანსებული 12-ლარიანი, არაფრისმომცემი ტესტისგან განსხვავებით, 219 ლარი ღირს და ხშირად პაციენტებს ამ კვლევის ჩატარების შესაძლებლობაც არა აქვთ. უკვე წლებია, არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებისგან ჩ ჰეპატიტით მკურნალობის დაფინანსებას ითხოვენ, მაგრამ ამაოდ. როგორც ჩანს, ჩვენი მთავრობისთვის ახლა "ლაზიკის" და სხვა პროექტების დაფინანსება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ასიათასობით ადამიანის გადარჩენა.

ერთი ნაბიჯი მასობრივ ეპიდემიამდე

C ჰეპატიტი მკვლევარებმა გასული საუკუნის მიწურულს, 1989 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ ექიმებს მისი გავრცელების სისწრაფე აშფოთებთ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს მსოფლიოში C  ჰეპატიტით დაახლოებით 200 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. ზოგი ავტორიტეტული სამედიცინო უწყება კი უფრო საგანგაშო ციფრს ასახელებს - მილიარდ-ნახევარს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ მსოფლიოს მასობრივი ეპიდემიისგან მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს და მომავალი 20-30 წლის განმავლობაში კაცობრიობის მთავარი საფრთხე არა შიდსის ვირუსი, არამედ სწორედ ც  ჰეპატიტი იქნება.

C ჰეპატიტით დაავადების მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით

გერმანია - 0,6%

კანადა - 0,8%

საფრანგეთი - 1,1%

ავსტრალია - 1,1%

ამერიკა - 1,8%

იაპონია - 2,3%

იტალია - 2,2%

ჩინეთი - 3,2 %

ინდოეთი - 0,9%

პაკისტანი - 6,5%

რუსეთი - 4,5%

სომხეთი - 3,5%

საქართველო - 6,7%

ტუნისი - 9%

ეგვიპტე - 22%