"უნდა ვიცოცხლო, ჩემს შვილიშვილებს მე ვყავარ მარტო" - კვირის პალიტრა

"უნდა ვიცოცხლო, ჩემს შვილიშვილებს მე ვყავარ მარტო"

ნაზი ბებო და ავტოფარეხში გამოზრდილი ბავშვების სითბო

ვხედავ, - პატარა ბიჭი დგას ჩანთით და აკანკალებული ტირის. ვინ ხარ შვილო, რა გატირებს-მეთქი? დედიკომ ჩამომაგდო მანქანიდან, აქ ბებიაშენი ცხოვრობს, იმასთან დარჩიო

რედაქციაში შემოსული ერთი წერილი საქაღალდიდან იმდენჯერ ამოვიღე და უკან ჩავაბრუნე, რომ ისედაც ძველი ფურცელი ლამის გაცვდა, - ძალიან მინდოდა, წერილის საპასუხოდ რაიმე მეღონა, ან თუნდაც ავტორს დავკავშირებოდი, მაგრამ ვის, როცა კონვერტს არც მისამართი ეწერა და არც რაიმე ნიშანი, რითაც ავტორს მოვძებნიდი... არადა, სულ რამდენიმე სიტყვა იყო. გულს ისე მიღრღნიდა, ვერა და ვერ ვისვენებდი - ხომ არის, რაღაცას კითხულობ, თითქოს იმ ადამიანსაც ხედავ, რომელმაც ეს სიტყვები დაწერა. მეც "ვხედავდი" ამ წერილის ავტორ შავოსან ქალს, ჩამომხმარი ხელებითა და ჩაშავებული თვალებით.

"შვილო, ამ სიტყვებს 73 წლის ქვრივი გწერთ, რომელიც 15 წელიწადია, თბილისის ზღვის სანერგე მეურნეობის გარაჟში ცხოვრობს. ქალიშვილი მომიკვდა, ვაჟი კი პატიმარია. ჩვენი ბინა მისმა პატიმრობამ შეიწირა, მაგრამ მაინც ვერაფერი ვუშველე. შვილიშვილები კი მომიყარეს და ამ გარაჟში გავზარდე. ქვეყანა შევძარი, მაგრამ აქედან ვერ გამოვედით. ახლა მარტო იმას ვწუხვარ, მე რომ მოვკვდები, ბავშვებს რა ეშველებათ. იქნებ გამოჩნდეს ვინმე მადლიანი, ვინც ჩვენს ამბავს იკითხავს. თუ არადა, ჩვენი ცოდვა მისცემია ცხოვრებას, რაც იქნება, ის იქნება. ნაზი ბებო."

ვიფიქრე, - მოდი, გავიკითხავ ეს მეურნეობა სად არის, თუ ვიპოვე ეს ქალი, ხომ კარგი, თუ არადა, სინდისი მაინც არ შემაწუხებს-მეთქი.- ეგ ადგილი ლოტკინის ზევით მოძებნეო, მითხრეს და მეც თოვლით ატალახებულ გზას გავუყევი. ბოლოს ერთმა მიმითითა, - "პროფილაქტიკის" გვერდით, გარაჟში, მოხუცი ქალი რომ ცხოვრობს შვილიშვილებით, იმ საცოდავს ხომ არ ეძებთო? მოკლედ, მივედი. ავტოფარეხთან ორი ქალი დამხვდა, - ერთი ნაზი ბებოს "ფეჩისთვის" ამტვრევდა ფიჩხს სიცივისგან აწითლებული ხელებით, ნაზი ბებოც იქვე ელოდებოდა, - სახელდახელოდ შეჭედილ სკამზე, კალთაში ლეკვით, - ეს ჩემი მიშიკოს ერთადერთი სიხარულია, ინტერნატიდან რომ მოდის, ისე თამაშობენ, იმათ ყურებას არაფერი სჯობსო და ლეკვჩახუტებული ავტოფარეხში შემიძღვა.

ფიცრული კარი შევაღე თუ არა, - აქ ყოფნას ნამდვილად გარეთ ყოფნა სჯობია-მეთქი, გავიფიქრე და გაოგნებულმა დავიწყე უჭერ-უიატაკო და თითქმის უკარო ავტოფარეხის თვალიერება - სხვა რომ არაფერი ვთქვათ, წლევანდელი ზამთარი მაინც როგორ გადაიტანეს-მეთქი? როგორც ჩანს, ნაზი ბებომ ჩემი ფიქრი წაიკითხა და - რას იზამ, შვილო, ვუძლებთ, ცხოვრებაში თურმე ყველაფერი ხდებაო. ძალიან ძლიერი ხალხი ყოფილხართ-მეთქი, - ამოვღერღე. მან კი, - რა ძლიერები,  უბრალოდ, სხვა გზა რომ არ არის, იქ ვართ, სადაც ბედმა მოგვიყვანაო. ისე, ვინც ვარ,  ხშირად რომ გავიხსენო, შეიძლება გულიც გამისკდეს. მაგრამ რახან მოხვედით, ხომ უნდა გითხრათ, - ძირძველი ქართული გვარის ქალი ვარ, ჯავახიშვილი, ჯავახეთიდან. ბოლნისში ძლიერი ოჯახი ჰქონდათ ჩემს მშობლებს. არც  განათლება დამაკლეს და არც არაფერი, მაგრამ ცხოვრება განა ჩემისთანებს მორევია?!  როცა დავქვრივდი, ჩემი ვაჟი დაბადებულიც არ იყო. ყველაფერი მას შევწირე და არ ვიცი, ასე რად მოგვექცა ბედი, რომ სულ ციხის კარზეა, - პირველად უბრალო რამისთვის დაიჭირეს. ცოლის სოფელში იყო სტუმრად და იქ ჩაერთო ბიჭების ჩხუბში, რაც ცუდად დამთავრდა. ამის მერე ჩაებღაუჭა ციხე და აღარც გაუშვა. აღარც ბედი შერჩა, - პირველი ცოლის დედ-მამამ - არც შენი ნაციხარი შვილი გვინდა და აღარც მისი ნაშიერი, თავიდან მოგვაშორე, ჩვენს შვილს ისევ გავათხოვებთო - სამი თვის შვილიშვილი მომიგდეს. ცოდვა რად მინდა, არ იყო ცუდი გოგო ჩემი პირველი რძალი, მაგრამ მისმა მშობელმა ჩემს რძალს ძალით გამოგლიჯეს ხელიდან ბავშვი, კიოდა საწყალი, - ჩემს შვილს უნდა გავყვეო, მაგრამ, თუ გაჰყვები, მოგკლავთო, - ჰყვიროდნენ მისი მშობლები. რა უნდა მექნა, ბავშვს ხომ არ გადავაგდებდი, სადგურში დამლაგებლად დავიწყე მუშაობა...

ცალ იღლიაში პატარა მყავდა ამოდებული, მეორე ხელით ვხვეტდი. ამასობაში, ვიფიქრე, შვილს როგორმე დავიხსნი, რაც მეტხანს იქნება ციხეში, უფრო ამოვარდება ცხოვრებიდან-მეთქი და ბინა გავყიდე. გამოვიდა თუ არა, მეორე ცოლი მოიყვანა. შვილიც გაუჩნდათ. არ ვიცი, ამ წესიერი ოჯახიდან გამოსულ გოგოს რა ჰყავდა შეჩენილი, შინ აღარ გაჩერდა და ბავშვიც წაგვართვა. ამასობაში, ჩემი შვილი მეორედ დაიჭირეს, მე ბინის ქირა ვეღარ გადავიხადე და გამომაგდეს. პირველად მაშინ გავათენეთ მე და ჩემმა შვილიშვილმა ცარიელ გარაჟში ღამე. ერთი ფანერა და ერთი პლედი გვეგო. მერე მეზობლებმა მოგვიტანეს, რაც თავად არ სჭირდებოდათ... ქილა იყო, ტაფა თუ თეფში... ასე დავიწყე თავიდან ცხოვრება. ერთხელ, შებინდებისას, მოვედი და რას ვხედავ, - პატარა ბიჭი დგას ჩანთით და აკანკალებული ტირის. ვინ ხარ შვილო, რა გატირებს-მეთქი? დედიკომ ჩამომაგდო მანქანიდან, აქ ბებიაშენი ცხოვრობს, იმასთან დარჩიო, თვითონ კი წავიდა. ასე მომიყვანა ამ ჩემმა მეორე რძალმა 6 წლის ბიჭი... შემოვიყვანე, გულში ჩავიხუტე, ვეფერე და ვეფერე.

- ისიც ამ ავტოფარეხში შემოიყვანეთ?

- იმ ღამით პლედი გოგოს ეფარა, ბიჭს, ღობესთან ერთი ძველი პალტო ვიპოვე, ის შემოვახვიე. კალთაში მეჯდა დილამდე. ერთად ვტიროდით. ხანდახან ბავშვი დაიღლებოდა, გაჩუმდებოდა და მეტყოდა, - ნუ გეშინია, ბებო, გავიზრდები და ახალ სახლს აგიშენებო. ყველანი მშივრები ვიყავით, დილით მეზობელმა ღომი და ყველი რომ შემოგვიტანა, ბავშვს ის ნამტირალევი თვალები სიხარულით გაუბრწყინდა, - რა კარგიაო.

- ალბათ ახლაც მეზობლები გეხმარებიან.

- მთავრობაც მეხმარება უფასო სასადილოთი, მაგრამ მეზობლები რომ არ იყვნენ, ვერ ვიცოცხლებდით. თუ ოჯახში რაიმე აღარ სჭირდებათ, ხომ ჩვენ გვაძლევენ, ცხელ საჭმელსაც ხშირად შემოგვაწვდიან ხოლმე, განსაკუთრებით, როცა მიშიკო მოდის ინტერნატიდან - ბიჭი უკვე თექვსმეტი წლის არის, კაცია უკვე, აღარ ჰყოფნის უპატრონოთა სასადილოს სადილი. პარასკევს ამოვა ხოლმე ჩანთააკიდებული და კვირას უკან მიდის, ჩამიკრავს გულში, - ნუ გეშინია, ბებო, ცოტაც და ფეხზე დავდგები, მერე მე ვიცი, როგორ გიპატრონებო. თბილი ბიჭია, ენაცვალოს ბებო, - ფეხი რომ მოვიტეხე, რვა თვე საწოლზე ვიყავი გაკრული და თავს მევლებოდა. გოგონა კიდევ, თვალადი ბავშვია, ჩვენი გარაჟის გვერდით "პროფილაქტიკაში" მძღოლები იყრიან თავს, ბავშვს რაიმე ცუდი არ შეამთხვიონ-მეთქი და სოფელში გავგზავნე ნათესავებთან.

- ბავშვები დედას კითხულობენ?

- ბიჭს რომ ვეტყვი ხოლმე, - დედა, რომ მოვიდეს, წაჰყვები-მეთქი? წავყვები კი არა, მე ვიცი, რასაც ვეტყვი, იმასთან რა მინდაო! ან სად არის... ბიჭს დაბადების მოწმობა დღემდე არ აქვს. საპასპორტოში გვითხრეს, - დედამ თუ განცხადება არ დაგვიწერა, დაბადების მოწმობას ვერ მოგცემთო. ძალიან არ ანაღვლებს დედამისს ეს დაბადების მოწმობა? კრიმინალური პოლიცია ეძებს და ვერ უპოვიათ. არადა, ბიჭს საბუთები თუ არ  ექნა, გზას საიდან უნდა ეწიოს?

- ნაძალადევის გამგეობისთვის ან ქალაქის მერიისთვის არასოდეს მიგიმართავთ, იქნებ თავშესაფრის მოცემაში დაგხმარებოდნენ?

- რომ მივმართე, რა გამოვიდა? გამგეობამ - ჩვენ რა შეგვიძლიაო? მერიამ - გავითვალისწინებთო, მაგრამ როდის და რას - არ მოუწერიათ.

- ამ ავტოფარეხში წლევანდელი ზამთარი რამ გადაგატანინათ?

- ადამიანი რასაც გაუძლებს, ვერანაირი სულიერი ვერ შეძლებს. ძალიან რომ გამიჭირდება, ან მე ვპოულობ ფიჩხს, ან მეზობლები მიგროვებენ, ხალხს ვეცოდები...  "ფეჩს" შევანთებ, წყალს გავაცხელებ, ბოთლებში ჩავასხამ და რომ არ გავიყინო, საბანში ვიწყობ. ასე გამაქვს ღამეები. უნდა ვიცოცხლო, ჩემს მიშიკოს და თამარს ვჭირდები, მე ვყავარ მარტო...