სიმართლის შიმშილი! ანუ სამართალმა შიში ჭამა?! - კვირის პალიტრა

სიმართლის შიმშილი! ანუ სამართალმა შიში ჭამა?!

"ფანჯრიდან "გადმოხტომის" ტრადიცია ჯერაც ძალაშია"

"გვაპატიეთ, ჩვენც გაგვიგეთ, მთავარი უბედურება ასეთ დროს მიცვალებულის დამარხვის შემდეგ იწყება"

არ ვიცი, რა უნდა იყოს უფრო მტკივნეული, ვიდრე ოჯახის წევრის სიკვდილია. ეტყობა, შიშმა ისე დააბეჩავა ხალხი, რომ ოჯახის წევრის სიკვდილიც კი აღარ არის საკმარისი პროტესტის გამოსახატავად.

ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთის მკვიდრის, 46 წლის სოსო (სოლომონ) ქიმერიძის ცხედარი შინ 28 თებერვალს, დილით მიასვენეს. პოლიციის ვერსიით, "ბრალდებული" სოლომონ ქიმერიძე ხაშურის პოლიციის შენობაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაპირველად ირწმუნებოდა, რომ ქიმერიძემ თავი მოიკლა - პოლიციის შენობიდან გადმოხტა, მოგვიანებით კი თავის საიტზე სხვა ვერსია გამოაქვეყნა: "ხაშურის რაიონულ სამმართველოში 27 თებერვალს ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ხაშურის რაიონულ პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1965 წელს დაბადებული სოლომონ გივის ძე ქიმერიძე. ის ხაშურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორეზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და პირველი სართულის ფოიეში დაეცა, რის გამოც მძიIმედ დაშავდა. პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოლომონ ქიმერიძე ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 28 თებერვალს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა".

სოზარ სუბარი (ყოფილი ომბუდსმენი): "ეს ამბავი 27 თებერვალს დაიწყო. სოსო ქიმერიძეს შინ გამომძიებელმა მიაკითხა და "საქმის გასარკვევად" პოლიციის განყოფილებაში ისე წაიყვანა, მიზეზი არც თავად ქიმერიძისა და არც მისი ოჯახის წევრებისთვის განუმარტავს. ერთ-ერთი ვერსიით, სოფელ ქვიშხეთში არყის სახდელი ქვაბი დაკარგულა. სწორედ ამ ქვაბის მაძებარმა პოლიციელმა მიაკითხა შინ. სოსო ქიმერიძე ერთხელ ნასამართლევი იყო ჯართის ქურდობისთვის და პირობითი სასჯელი ჰქონდა დაკისრებული... ქიმერიძე ორი საათის შემდეგ რომ არ დაბრუნდა შინ, ოჯახის წევრებმა პოლიციაში მიაკითხეს, მაგრამ უკან გამოისტუმრეს, მალე დაბრუნდებაო. ცოტა ხანში მამას შვილმა, გივი ქიმერიძემ ისევ მიაკითხა პოლიციაში, როგორც თავად მითხრა, მამა ბევრს ეწეოდა და სიგარეტის მიწოდება უნდოდაო. პოლიციაში უთქვამთ, არ გვჭირდება თქვენი სიგარეტიო და გამოუგდიათ. მეორე დილით 6 საათზე სოსო ქიმერიძე გარდაცვლილი მიუსვენეს ოჯახს".

რეპორტაჟი ქვიშხეთიდან

ქიმერიძეების ოჯახში დღის 2 საათზე მივედი. ჭირისუფალს მივუსამძიმრე და ვკითხე, რას აპირებთ-მეთქი? გარდაცვლილის დედამ ცხედარს სუდარა გადახადა და მითხრა: "რა უნდა გითხრა, შვილო, დილის 8 საათზე წაიყვანეს და მეორე დღის 6-ის ნახევარზე მკვდარი მოიყვანეს, ნაცემი, გაუბედურებული. ფეხები სულ დამტვრეული აქვს, თავ-პირი - დალურჯებული... აჰა, შეხედე, აღარც თვალები, აღარც ცხვირ-პირი. ნახეთ, რას ჰგავს ჩემი გაუბედურებული შვილი... თავი გახეთქილი აქვს და მერე გაკერილი".

გარდაცვლილს მართლაც სახესა და ყურზე აშკარად აქვს სისხლჩაქცევები, ორივე თვალის არეც სისხლნაჟღენთებით ჰქონდა სავსე. ის იყო, ფოტოების გადაღება დავიწყე, ოთახში ვიღაც ახალგაზრდა შემოიჭრა და აფთარივით დამაცხრა თავს, რატომ იღებო? გამიკვირდა, რადგან ჩაწერისა და ფოტოგადაღების ნებართვა თავიდანვე ვითხოვე ჭირისუფლისაგან. გარდაცვლილის დედამ, არა, ნუ გეშინია, არ იწერსო.

- გაბრძანდით გარეთ! ჭირისუფალმა ნება მომცა-მეთქი, - მივახალე ახალგაზრდას.

- ვინ მოგცათ ნება?! მე გარდაცვლილის ვაჟი ვარო,- და თვალები დამიბრიალა...

ჩვენს საუბარში გარდაცვლილის დედა ჩაერთო, აშკარა იყო, შვილიშვილის გაღიზიანებას ერიდებოდა. ახალგაზრდამ ტელეფონი და დიქტოფონი გამომგლიჯა, ფოტოები წაშალა და შემდეგ, ასე ვთქვათ, სკანდალით გამომაძევეს ოთახიდან - მიცვალებულის და გაჰყვიროდა, ჩემი ძმის სიკვდილი საცირკო სანახაობააო? უკვე ოთახიდან გამოსულს გარდაცვლილის ვაჟი თავზე დამადგა, ახლავე წაშალე დიქტოფონში ჩანაწერიცო. სხვა რა გზა მქონდა, წავშალე, მაგრამ სათადარიგო დიქტოფონში აუდიოჩანაწერის გადარჩენა მოვახერხე.

უკვე ეზოში გამოსულს სამხედროფორმიანი "ჭირისუფალი" მომიახლოვდა და მისაყვედურა, ეგრე როგორ შეიძლება, ხომ უნდა გვკითხოთო. დედა საუბარზე დამთანხმდა და კიდევ ვიღასთვის უნდა მეკითხა-მეთქი. გვაპატიეთ, ჩვენც გაგვიგეთ, წყენა არ ჩაიდოთ გულში. მთავარი უბედურება ასეთ დროს მიცვალებულის დამარხვის შემდეგ იწყებაო(!).

სიმართლე გითხრათ, შემეცოდა ისინი, ხალხის ამაზე მეტად დაბეჩავება ძნელად წარმოსადგენია. ჩანს, ჩვენს თავს დიდი უბედურება ტრიალებს, რადგან ხალხი ოჯახის წევრის სიკვდილის მიუხედავადაც ვერ ბედავს პროტესტის გამოხატვას.

ხაშურის პოლიციას მივაშურე. ვითხოვე, თუ შეიძლება, ზუსტად მაჩვენეთ ის ადგილი, საიდანაც გარდაცვლილი გადმოვარდა-მეთქი. პოლიციის უფროსმა ხელი ფოიეში, მეორე სართულზე ამავალი კიბისკენ გაიშვირა და მითხრა, აი, იქ დაუცდა ფეხი, როგორც ხედავთ, მოაჯირები სუსტია, ბრგე კაცი იყო, მეტრი და 98 სანტიმეტრი, თავი ვეღარ შეიკავა, გადმოვარდა და ფოიეში დაეცა, მძიმედ დაშავდა, სხვას ვერაფერს გეტყვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს მიმართეთო. არადა, მოაჯირს დაზიანებისა არაფერი ეტყობოდა.

ხაშურის პოლიციის შენობის როგორც გარე, ასე შიდა პერიმეტრი აღჭურვილია ვიდეოკამერებით და თუ სოსო ქიმერიძე მართლაც კიბიდან გადმოვარდა, ვიდეოჩანაწერი უნდა არსებობდეს. გარდა ამისა, საეჭვოა 11-12 საფეხურის სიმაღლიდან (პოლიციის უფროსისგან მითითებული საფეხურები დავთვალე, რადგან პოლიციის შენობაში ფოტოს გადაღების უფლება არ მომცეს) გადმოვარდნილი კაცი ასე დაშავებულიყო.

გიორგი ცხადიაშვილი, ხაშურის რაიონის "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე: "იმ დღესვე შევხვდი ქიმერიძის ოჯახს და მისი ნებართვით ცხედარს ფოტოები გადავუღე. მის ვაჟს, გივი ქიმერიძეს ვესაუბრე. შიში თავიდანვე ეტყობოდა, მაგრამ ცხელ გულზე გულის ვარამი“ გამანდო: ექსპერტმა პირად საუბარში მითხრა, რომ ღვიძლი მთლიანად ათქვეფილი  და გულთან იყო ატანილიო.

ცხადია, სოლომონ ქიმერიძეს სასტიკად სცემეს, ხელ-ფეხიც მოტეხილი ჰქონია. თუ მართლაც კიბიდან გადმოვარდა, როგორც პოლიცია გვარწმუნებს, ხაშურის პოლიციის შიდა პერიმეტრი ხომ სრულად კონტროლდება (ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო) და გამოაქვეყნონ ამ შემთხვევის დამადასტურებელი ფირი.

ჩვენ ოჯახს შევპირდით, რომ ყველანაირად დავეხმარებოდით, ლაპარაკი იყო ფაქტის საერთაშორისო დონეზე გახმაურებაზე. გივი ქიმერიძე დაგვთანხმდა, რომ საჯაროდ ისაუბრებდა და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებაზეც დაგვეთანხმა, მაგრამ მალე აშკარა გახდა, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა "იმუშავეს", - ოჯახმა რადიკალურად შეცვალა პოზიცია.

როცა მეორე დღეს გარდაცვლილის შვილს დავურეკე და ვაცნობე, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად მზად ვიყავით, კატეგორიული უარი მითხრა, დავიღალეთ, ახლა იმასღა ვფიქრობთ, დავკრძალოთ მიცვალებული და ამით დავამთავროთ ეს საქმეო. მერე სოფელში მირჩიეს, მაგ ოჯახის სიძეს დაელაპარაკეთ, სიტყვა ეთქმისო. ამ ოჯახის სიძე ბორჯომელი ბიჭია, როგორც აღმოჩნდა, პირობითი სასჯელი აქვს შეფარდებული, პრობაციონერია. მითხრა, წარსულში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი ვიყავი, რის გამოც სასტიკად მცემეს და აღარ მინდა აქტიურობაო. ეშინოდა, რომ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ ან ციხეში შეაბრუნებდნენ".

სოზარ სუბარი: "ოჯახი დაშინებულია. ინფორმაცია თავდაპირველად გარდაცვლილის ვაჟმა გაავრცელა, ჟურნალისტებს დაურეკა, მამა მომიკლესო. ოთხჯერ ჩავედი ქიმერიძეებთან. პირად საუბრებში სულ სხვა რამეს ლაპარაკობენ, ვიდეოკამერებთან კი სულ სხვას.

სახლი ვითომ ოჯახის ახლობლებით არის  გარშემორტყმული. ერთი ვითომ ოჯახის ახლობელი, რომელიც ყველაზე მეტს ყვირის, მეზობელია, რომელსაც გარდაცვლილთან ცუდი ურთიერთობა ჰქონია, სხვათა შორის, მისი შვილი პოლიციაში მუშაობს.

გარდაცვლილს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა. ეს არის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული. პოლიცია კი რას ბოდავს, თვითონაც არ იცის: თურმე კაცი დასაკითხად ჰყავდათ მესამე სართულზე, მერე მეორე სართულზე გადაყვანისას, როცა წინ პოლიციელი მიუძღოდა, ფეხი დასცდენია და კიბიდან გადავარდნილა. ბუნებრივია, ეს სიცრუეა. ისეთ დაზიანებებს, რაც სოსო ქიმერიძეს აქვს, ადამიანი გადმოხტომით ვერ მიიღებს. დამნაშავეც რომ ყოფილიყო, გამართლება არა აქვს ძალოვანთა ძალადობას.

გიგა ბოკერიასა და უმრავლესობის წევრებსაც უყვართ დაყვედრება, ის დრო მოგწონდათ, დაკავებულები პოლიციის ფანჯრიდან რომ ხტებოდნენო?! ქიმერიძის შემთხვევა ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ეს ტრადიცია ჯერაც ძალაშია.

ისიც კარგად გვახსოვს, რომ ქუჩაში არაერთი ახალგაზრდა თუ ასაკოვანი მოქალაქე დაუხვრეტიათ! რა მნიშვნელობა აქვს, ფანჯრიდან გადახტება ადამიანი თუ ქუჩაში დახვრეტენ?"

მართალია, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და გამოძიებაც მიმდინარეობს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, მაგრამ, მაქვს გონივრული ეჭვი, რომ გამოძიება ამ საქმეში სისხლის სამართლის ნიშნებს ვერ აღმოაჩენს, მი უმეტეს, რომ გარდაცვლილის ოჯახი დუმილს ამჯობინებს(!).

ქიმერიძეების ოჯახი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, სახელმწიფო შემწეობის ხარჯზე. სოსო ქიმერიძე პირობით მსჯავრს ქვიშხეთის ყოფილი პიონერთა ბანაკის დაშლის დროს მასალის ჯართში ჩასაბარებლად წაღების გამო იხდიდა. როგორც სოფელში მითხრეს, ოჯახს ბანკის დიდი ვალი აქვს, სახლიც დაგირავებულია, - აღებული ფული ოჯახს სოსო ქიმერიძის საპროცესო გარიგებაში გადაუხდია.

ექსპერტის აზრით: "თეორიულად დასაშვებია, თუმცა ძნელად წარმოსადგენი"

ალეკო გეჯაძე, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორი: - სოსო ქიმერიძეს დაზიანებები ძირითადად მარცხნივ, წინა მხარეს ჰქონდა. სიმაღლიდან თავისუფალი ვარდნისას ასეთი დაზიანებები შეეძლო მიეღო, მაგრამ საეჭვო ის არის, რომ მარცხენა წვივ-მაჯის სახსარი, როგორც წინა, ასევე უკანა ზედაპირზე, დაზიანებული ჰქონდა. საქმე ისაა, რომ თავისუფალი ვარდნით დაცემის დროს ასეთ დაზიანებას (მაჯის წინა და უკანა ზედაპირს ვგულისხმობ) ვერ მიიღებდა. რაც შეეხება ერთდროულად წარბის და ცხვირის დაზიანებას თავისუფალი ვარდნისას, ეს თეორიულად დასაშვებია, თუმცა ძნელად წარმოსადგენი.

- ხაშურის პოლიციაში მაჩვენეს ადგილი, საიდანაც თითქოს ქიმერიძე გადმოვარდა. ეს მანძილი ჩემი აზრით, მაქსიმუმ სამი მეტრია. ამ სიმაღლიდან შეიძლება ასეთი სიმძიმის დაზიანებების მიღება?

- დაზუსტებით რაიმეს თქმა შეუძლებელია, რადგან სახელმწიფო ექსპერტის განმარტებამ სრული სურათი ვერ მოგვცა. ჩემთვის საინტერესოა, რა სახის შინაგანი დაზიანებები ჰქონდა გარდაცვლილს. ექსპერტმა მხოლოდ ის თქვა, რომ საფეთქელი და ფუძის ძვალი ჰქონდა დაზიანებული. ისიც არ განუმარტავს, მოტეხილობები ცალ-ცალკე იყო თუ ერთიან ხაზში. თუ ექსპერტს არ ჰქონდა იმის თქმის უფლება, რა დაზიანებები ჰქონდა გარდაცვლილს, მაშინ არც საფეთქლის დაზიანებასა და კეფის მოტეხილობაზე უნდა ეთქვა რამე(!).

პოლიციის შენობების ფანჯრებიდან ხალხი პანტაპუნტით ცვიოდა... დღესაც?!

2001 წლის 14 ივლისს ფოთში თემურ მიქაია პოლიციის შენობიდან გადმოაგდეს. ოფიციალური ვერსიით, თემურ მიქაია შემთხვევით გადმოვარდა. თემურ მიქაიას დედის აქტიურობით "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ეს საქმე გაიხსნა. არასათანადო მოპყრობისა და უკანონო დაკავების გამო 15 პირს გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი: განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილ უფროს თემურ საჯაიას. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ფოთის პროკურორ გიორგი ხარჩილავას სამწლიანი პირობითი მსჯავრი დაედო. მასვე დაეკისრა ჯარიმა 20 ათასი ლარის ოდენობით. ფოთის ნაბადას ქვეგანყოფილების ყოფილ უფროს პაატა ჯღამაძეს, რომელმაც სცემა და აწამა მიქაია, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არაერთხელ მიმართა გამოძიების მსვლელობის კანონიერების შესწავლის მოთხოვნით, რადგან საქმის მასალების ფალსიფიკაციაში შემჩნეული იყვნენ ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე და ფოთის პროკურორის მოადგილე გოგი ფაჩულია. გენერალურ პროკურატურას სახალხო დამცველის მოთხოვნაზე პასუხი არ გაუცია.

2006 წელს, ირაკლი ოქრუაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან ზოოპარკის ყოფილი დირექტორი დავით ნარსია გადმოხტა. ბედნიერი შემთხვევის წყალობით ნარსია გადარჩა.

2009 წლის 2 ოქტომბერს რუსთავის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის შენობიდან ეჭვმიტანილი ვლადისლავ ასკაროვი გადახტა. ის სამი კაცის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. ოფიციალური ინფორმაციით, რუსთავის პოლიციის შენობაში ასკაროვის საქმეზე საგამოძიებო ღონისძიებები ტარდებოდა, რომლის დროსაც დაკავებული მეორე სართულიდან გადახტა და თავის მძიმე ტრავმა მიიღო. ასკაროვი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

(სიუჟეტი იხ. პალიტრატვ.გე-ზე)