"მითხრა, შენი გათავისუფლება ზემოდან დამავალესო"(!) - კვირის პალიტრა

"მითხრა, შენი გათავისუფლება ზემოდან დამავალესო"(!)

"ყუფარაძემ" ზემოდან დარეკა გაათავისუფლეთო!

საჩხერეში "კვირის პალიტრის" სტუმრობის შემდეგ, გათავისუფლებულ

პედაგოგს სამსახურში აღდგენას დაჰპირდნენ...

საჩხერეში არაერთი მშენებლობა შეჩერდა, რის გამოც ათასამდე საჩხერელი უმუშევარი დარჩა. აღარც გზების, წყლის, კანალიზაციის, გაზგაყვანილობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ორგანიზაციას "ატუს" უნდა ჩაეტარებინა. რატომ ვერ ხორციელდება 12-მილიონიანი საქველმოქმედო პროექტი და ახდენენ თუ არა ზეწოლას ივანიშვილის მხარდამჭერებზე, ამის დასადგენად "კვირის პალიტრა" საჩხერეს ეწვია.

უმუშევრად დარჩენილი მშენებლები საჩხერის საავადმყოფოს ქირურგიული კორპუსის ტერიტორიაზე იკრიბებიან და გამოსავალს ეძებენ.

"საავადმყოფოს მშენებლობა სამი თვეა გაჩერებულია და ვეღარც ხელფასს ვიღებთ. რა ვქნათ, სად წავიდეთ?" - გვითხრა მშენებელმა მურად კობალაძემ. მას მხარი სხვებმაც აუბეს:

"პრეზიდენტი გაიძახის, უმუშევარი ხალხი არ უნდა გვყავდესო. ერთი ღვთისგან მოვლენილი კაცი გვამუშავებდა და ამის საშუალებაც მოგვისპეს. როგორ უნდა გვჯეროდეს ამის შემდეგ მთავრობის? ამათ ჰგონიათ, არჩევნებზე ხმას  მივცემთ? ჩვენ ბიძინაზე კი არა, მიშაზე გვწყდება გული. ადრე ოჯახში ქმარი თუ ბიძინას  უჭერდა მხარს, და ცოლი მიშას, ახლა ორივე ბიძინას მხარესაა,  - გვეუბნებიან საჩხერელები.

"ბიძინა თუ არ მამუშავებს, კაცო, სააკაშვილმა მამუშაოს!" - შესძახა ერთმა, რომელსაც  სხვებმა აქეთ-იქიდან "მიაყარეს", სააკაშვილს ხალხის დასაქმება რომ შესძლებოდა, შენც დაგასაქმებდა და ივანიშვილზე დამოკიდებული აღარ იქნებოდიო.

"ზოგიერთი საჩხერელი გამგეობაში რომ მივიდა და სახლის გადახურვა ითხოვა, უთხრეს, აწი ბიძინა კი არა, ჩვენ გადაგიხურავთ სახლებსო, მაგრამ გადაუხურეს? რაც ბიძინა მოვიდა პოლიტიკაში, სამუშაოც დავკარგეთ და ხელფასიც", - ჩივიან მშენებლები.

საჩხერელები დაშინებული არიან, თუ მთავრობის საწინააღმდეგო რამე ვთქვით, შეიძლება კიდეც დაგვიჭირონო. "დაჭერილი არა ვარ, კაცო? შრომის საშუალებას არ მაძლევენ და აბა, რა ვარ?" - კითხულობს   ერთი ენაკვიმატი იმერელი.

"რა ვქნათ, ვის მივმართოთ? ზღვაში წვეთია ეს ხალხი, აქ რომ დგას. ბიძინას ქველმოქმედების გარეშე რაიონს ძალიან გაუჭირდება. თუ ასე გაგრძელდა, ამბოხდება ხალხი".

რაულ ხუბულია, ორგანიზაცია "ატუს" წარმომადგენელი, მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელი საჩხერის რაიონში: - თვე-ნახევრის წინ გამგეობას მივმართე გზების რეაბილიტაციის პროექტის შესათანხმებლად, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიმიღია. თუ შენიშვნა ჰქონდათ, წერილობით მოეწერათ, თუ არა და, ნებართვა მოეცათ. დიდთოვლობაზე სოფლებისკენ მიმავალი გზა ჩაიხერგა, ტრანსპორტის მიმოსვლა შეფერხდა და ჩვენი ტექნიკით ვერ გავწმინდეთ, რადგან გამგეობამ თხოვნით არ მოგვმართა.

- უნებართვოდ რომ გაგეწმინდათ?

- ახლა ისეთი კანონი მიიღეს "პოლიტიკური გაერთიანების შესახებ", რომ შესაძლოა გზის უნებართვოდ გაწმენდაც ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაგვეთვალოს. ამასთან, საჩხერის არქიტექტურის სამსახური 2012 წლისთვის დაგეგმილი მშენებლობების დამთავრების საშუალებას არ გვაძლევს. მაგალითად, საავადმყოფოს კარდიოლოგიური და ქირურგიული კორპუსების მშენებლობა უკვე დასრულებული უნდა იყოს, მაგრამ დღემდე   მშენებლობაზე ნებართვის მიღება ვერ ხერხდება. 8 წლის განმავლობაში სახლების გადახურვაზე ჩვენ ვმუშაობდით, წელს რამდენიმე მოსახლემ ისევ მიმართა გამგეობას და უარით გაისტუმრეს. 1000-მდე კაცი, რომლებიც მშენებლობებზე მუშაობდა, ახლა უმუშევარია. 12 მილიონი, რომელიც პროექტებისთვის არის გამოყოფილი, შეიძლება ითქვას, რომ მკვდარი ფულია.

12-მილიონიანი პროექტის შეფერხების მიზეზის გასარკვევად საჩხერის გამგეობას ვესტუმრეთ. თუმცა თანამდებობის პირთა კაბინეტები გამოკეტილი იყო (ერთი გაფიქრება, ვიფიქრე, საჩხერეში მასობრივი უმუშევრობა ხომ არ დაიწყო-მეთქი?).

საჩხერის რაიონში ივანიშვილის ქველმოქმედების წყალობით ყოველთვიურ დახმარებას იღებენ მასწავლებლები, ობლები, კულტურის მუშაკები, მრავალშვილიანები და სხვა კატეგორიის ადამიანები. მათ უფასო სამედიცინო მომსახურებას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საავადმყოფოში უწევენ.

საჩხერეში დღითი დღე მატულობს ივანიშვილის მხარდამჭერთა სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები. "საჩხერე გაზის" ხელმძღვანელის, ზაზა ზაბახიძის გათავისუფლებას მისი ყოფილი თანამშრომლების დათხოვნაც მოჰყვა. არადა, საჩხერის გაზგაყვანილობით უზრუნველყოფა (სხვათა შორის, გადასახადების მნიშვნელოვანი წილის დაფარვაც) სწორედ ივანიშვილის სახელს უკავშირდება. სკოლებს ატოვებინებენ ივანიშვილისადმი კეთილგანწყობილ პედაგოგებსაც,  ჭორვილის სკოლიდან რამდენიმე მასწავლებელი  დაითხოვეს. ერთ-ერთი ნონა შუკაკიძე იყო, რომელიც ივანიშვილ-ხვედელიძისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაში მონაწილეობდა. საჩხერის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის, ნანა კუსიანის შემთხვევა კი განსაკუთრებულია: "ჩემი მეუღლე ორგანიზაცია "ატუში" მუშაობს, ალბათ, ეს გახდა ჩემი გათავისუფლების მიზეზი. 14 წელი ამ სკოლაში ვასწავლი, ერთი საყვედურიც არ მიმიღია. ჯერ ყოფილ დირექტორ ამირან ნოზაძეს მოსთხოვეს ჩემი გათავისუფლება, რაზეც უარი განაცხადა და  დატოვა თანამდებობა. შემდეგ დირექტორის მოვალეობის ახალმა შემსრულებელმა ასმათ ჩხიტუნიძემ წარმომიდგინა გათავისუფლების ბრძანება და მითხრა, "ზემოდან" ასეთი მითითება მივიღეო", - ამბობს ნანა კუსიანი.

"ცისფერი მთების"  ერთი ეპიზოდისა არ იყოს, ვცადეთ, გაგვერკვია, მართლაც დარეკა თუ არა "ყუფარაძემ" ზემოდან და საჩხერის პირველ საშუალო სკოლას ვესტუმრეთ. ასმათ ჩხიტუნიძემ თავაზიანად მიგვიღო, თუმცა, როცა გაიგო, რომ  ჟურნალისტები ვიყავით, იქაურობის დატოვება მოგვთხოვა. "სკოლაში უცხო პირების შემოსვლა არ შეიძლება", - მკაცრად განგვიცხადა და კარისკენ მიგვითითა. ვთხოვე, თუ სკოლაში არ შეიძლება ჩვენთან საუბარი, სკოლის გარეთ გამობრძანდით და აგვიხსენით, რატომ გაათავისუფლეთ პედაგოგი-მეთქი. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კი ჯიუტად იმეორებდა: "სკოლა დატოვეთ!". შემდეგ დარაჯს დაუძახა და სკოლაც დავტოვეთ და საჩხერეც.

P.S. როგორც შეგვატყობინეს, საჩხერეში "კვირის პალიტრის" სტუმრობას შედეგი მაინც მოჰყვა, გამგებელმა და სკოლის  დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნანა კუსიანს იმ დღესვე დაურეკეს და სამსახურში "აღდგენას" დაჰპირდნენ. დაველოდოთ და ვნახოთ, შეასრულებენ თუ არა პირობას.

ეკა ასათიანი

(სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე)