მალულად გაცილებული გმირები - კვირის პალიტრა

მალულად გაცილებული გმირები

ქართველი დედების გლოვას "გრიფით საიდუმლო" ადევს

ნუთუ, უფლება არ გვაქვს, ქართველებმაც ვიამაყოთ  ჩვენი გმირებით და ტკივილით სავსენი, მაგრამ ამაყები დავხვდეთ მათ ცხედრებს?

რუსლან მელაძე, პაატა კაჭარავა და ვალიკო ბერაია - რას გეუბნებათ ეს სახელები? ისინი, სულ ახლახან, ავღანეთში საქართველოსთვის დაიღუპნენ. დიახ, საქართველოსთვის! ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის საჭიროა, არა მხოლოდ თეორიულად, პრაქტიკულადაც ფლობდე საბრძოლო ხელოვნებას, ამას კი მხოლოდ იქ ისწავლი, სადაც ომია. ამიტომაც ბიჭებმა უყოყმანოდ გასწიეს ჯოჯოხეთისკენ, საიდანაც ცოცხლად და თანაც გმირებად დაბრუნების იმედი ჰქონდათ, თუმცა თვითმფრინავმა შორეული მიწიდან მხოლოდ მათი ნეშტები ჩამოასვენა. ბიჭებმა ვაჟკაცურად მოიხადეს ვალი სახელმწიფოს წინაშე, ხელისუფლებამ კი, როგორც ავღანეთში მანამდე, 12 ჯარისკაცის დაღუპვის შემთხვევაში, ამჯერადაც სცადა ტრაგიკული ფაქტის მიჩქმალვა და გმირების ცხედრები ჩუმად მიაბარა მიწას.

მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტი, მერილენდის შტატის ქალაქ ბეთეზდაში სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა და ავღანეთში დაჭრილი ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი, ბატალიონის მეთაური ალექსანდრე ტუღუში მოინახულა. უცნაურია, პრეზიდენტი ვიდეოკამერების თანხლებით, ან მათ გარეშე ერთხელაც არ მისულა გორის ჰოსპიტალში, სადაც ავღანეთში დასახიჩრებული ბიჭები თითქმის ორი წელი ელოდნენ, რომ უცხოეთის კლინიკებში გაგზავნიდნენ სამკურნალოდ. ნუთუ მათ სანახავად ამერიკაში ჩასვლა იყო აუცილებელი?! სახელმწიფოს და თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით არავინ სთხოვს პასუხს ავღანეთში 15 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვაზე - ომში წასვლა მათ თავად გადაწყვიტეს... მაგრამ გაუგებარია ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტებისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება. კომუნისტების დროინდელი ავღანური ეპოპეის მსგავსად, ამჯერადაც რატომღაც გასაიდუმლოებულ ვითარებაში, "ცინკის" კუბოებით მოასვენებენ გარდაცვლილთა ცხედრებს და ჭირისუფალთ ეუბნებიან, გლოვას "გრიფით საიდუმლო" დაადონ!

რატომ?! დასამალი რა გვაქვს?! ეს ხალხი ავღანეთში საყაჩაღოდ წავიდა და სამარცხვინოდ დაიღუპა, თუ მათი თავგანწირვით თავმოწონების უფლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს, თანაც ამერიკაში?! ბარაკ ობამასთან, ნატოს მაღალჩინოსნებსა და სხვა მნიშვნელოვან პირებთან შეხვედრისას მას ხომ ეამაყება, რომ ავღანეთში ანტიტერორისტული კოალიციის მხარში დგომისთვის საქართველოს მადლობას უხდიან! საქართველო მხოლოდ პრეზიდენტი არ არის, მთელი ქვეყანაა და თუ ქართველებს გვემადლიერებიან იმისათვის, რომ 15 ადამიანის სიცოცხლე შევწირეთ ავღანეთისა და მსოფლიოს უსაფრთხოებას, ათეულობით ჯარისკაცი კი დაინვალიდდა ან მძიმედ დაშავდა და დასახიჩრდა ამ ომში, ნუთუ უფლება არ გვაქვს, ვიამაყოთ ჩვენი გმირებით, ტკივილით სავსენი, მაგრამ ამაყები დავხვდეთ მათ ცხედრებს? ან თქვენ რა დაგიშავდებათ, ბატონო პრეზიდენტო, იმით, რომ ფრანგი კოლეგის მსგავსად ერთან ერთად გააცილოთ ღირსეული მამულიშვილები უკანასკნელ გზაზე?

ნიკოლა სარკოზიმ ავღანეთში დაღუპული ფრანგი ჯარისკაცები ისე დაკრძალა, როგორც ეროვნულ გმირებს ეკადრებათ. მანამდე სილვიო ბერლუსკონიმ შემოჰკრა განგაშის ზარი, ტერორიზმთან ბრძოლა აუცილებელია, მაგრამ თითოეული იტალიელი ჯარისკაცის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანიაო. ავღანურ ანტიტერორისტულ კოალიციაში მონაწილე ყველა ქვეყანაში ასე იქცევიან, დაღუპულებს საგანგებო პატივით აცილებენ უკანასკნელ გზაზე, ჭირისუფალს კი აგრძნობინებენ, რომ სახელმწიფო მათთან ვალშია!

2011 წლის დეკემბერში მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტისგან მიიღო თანხმობა ავღანეთში დამატებითი ქვეითი ბატალიონის გაგზავნის შესახებ. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, კონტინგენტის შევსება უჭირს. კაცებს, რომლებიც საკონტრაქტო ჯარში ძირითადად იმიტომ მიდიან, რომ სხვა სამსახურს ვერ შოულობენ (ეს ცალკე თემაა), ავღანეთში წასვლა არ სურთ. თავდაცვის სამინისტრომაც უმკაცრესი მექანიზმი შეიმუშავა - ერთი ინფორმაციით, კონტრაქტით მოსამსახურე ჯარისკაცს, ავღანეთში წასვლაზე უარის თქმის შემთხვევაში, 28.000 ლარის გადახდა მოუწევს; ამას ემატება მუქარა და შევიწროება, რომ ვერსად იმუშავებს და ოჯახი ულუკმაპუროდ დარჩება. ამიტომაც მათ გვერდით, ვინც უყოყმანოდ ჩუქნის ქვეყანას საკუთარ სიცოცხლეს და ამ ხიფათიან ნაბიჯზე დაუფიქრებლად მიდის, ისეთებიც აღმოჩნდებიან, ვისაც უბრალოდ არჩევანი აღარ რჩება  და უჯობს 28.000 ლარის გადახდას, თუნდაც მოკვდეს ავღანეთში და სახელმწიფომ კომპენსაციის სახით 10.000 ლარი მის ოჯახს გადაუხადოს - ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე ხომ სულ რაღაც 10.000 ლარი უღირს ჩვენს ქვეყანას(!).

ყველას ვერ მოსთხოვ, მებრძოლი იყოს - მეომრებად იბადებიან! თუმცა შესაძლებელია, ადამიანი თავგანწირულ მეომრად აქციო, თუ დაანახებ, რომ სახელმწიფოს ძვირად უღირს თითოეული ჯარისკაცის სისხლის წვეთიც კი! ასეთმა დამოკიდებულებამ ყველაზე სუსტიც კი შეიძლება აღანთოს საომრად. ასე რომ, თუ ბოლო დროს ქართველი ჯარისკაცები ავღანურ ოპერაციაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ, ეს ხელისუფლებას უნდა მოეკითხოს, რომელმაც 15 დაღუპული მეომრის სახელის უკვდავყოფაც ვერ მოახერხა და საზოგადოებას ხმამაღლა გლოვას უკრძალავს!

ჯარისკაცების  დედებთან დაკავშირების მცდელობა თითქმის ყოველთვის ერთნაირად მთავრდება. მე ვეუბნები:

- შეგხვდებით, გვინდა, თქვენი შვილის შესახებ მოვუთხროთ ქვეყანას. ის გმირი იყო.

ყურმილში ჯერ დუმილია, მერე კი კვნესა და ატირებული ქალის სიტყვები ისმის:

- გმირი იყო, მაგრამ გთხოვთ, თავი დამანებეთ, ჩემი გაჭირვებაც მყოფნის...

ხელისუფალნო, მოგვეცით ნება, ამ ბიჭებზე ვუამბოთ ყველას და ტკივილი ასე მაინც შევუმსუბუქოთ მათ ოჯახებს. დაღუპულთა სულებმა ეს დაიმსახურეს!

ვალიკო ბერაიას მამა ადრე გარდაეცვალა, 12 წლის ბიჭს ოჯახი რომ ერჩინა, ნაყინის გაყიდვა დაიწყო, თავდაუზოგავი შრომით და გაათხოვა, მზითევიც გაუმზადა, სწავლის საფასურსაც უხდიდა. მძიმე სენით დაავადებულ დედას ავღანეთიდან მთელ ხელფასს  უგზავნიდა ძვირად ღირებული წამლების საყიდლად, ბევრი ოცნებაც ჰქონდა...

პაატა კაჭარავასა და რუსლან მელაძის ოჯახებსაც არ ულხინდათ... სამივეს შეეძლო, გმირობა სხვა სფეროში გამოევლინა, მაგრამ ჩათვალეს, რომ მათი ვალი სამშობლოსათვის თავგანწირვა იყო, ნუთუ არ ღირს ჩვენი ვაჟკაცების სიცოცხლე იმად, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ღირსეული დახვედრა მოვუწყოთ ჩვენს გმირებს და თუ სამგლოვიარო ზალპს არ გავისვრით, თითო ყვავილი მაინც დავადოთ მკერდზე, როგორც ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება?..

გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოთა კავშირის დროს, ავღანეთში საბრძოლო ოპერაციებში 128 ქართველი დაიღუპა. მხოლოდ 123-ის ცხედარი მიაბარეს მშობლიურ მიწას. დაკარგულად ითვლება 5 ჯარისკაცი. სამწუხაროდ, ერს არ ახსოვს იმ დაღუპული ბიჭების ვინაობა, ახსოვს ფარული ჩამოსვენებები და გამწარებული დედების გოდება, რომლებიც თურმე ძალით ამტვრევდნენ "ცინკის" კუბოებს, სადაც შვილის დასახიჩრებული სხეულის ნაცვლად ხშირად მხოლოდ  ტანსაცმელი ესვენა... სამასზე მეტი ქართველი ვაჟკაცი დაინვალიდდა ამ ომში. არსებობს საფრთხე, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ქართველ ერს არც იმ მსხვერპლის ვინაობა ეცოდინება, ვინც ახლა ღვრის ქართულ სისხლს ავღანეთის მიწაზე...

ღირსეულად გლოვაში მაინც მივბაძოთ ამ ხალხს!

2012 წლის დამდეგს, ახალი მსხვერპლის გამო ნიკოლა სარკოზიმ განგაში ატეხა, საფრანგეთი ავღანეთს დატოვებსო...

სილვიო ბერლუსკონიმ ერთ-ერთმა პირველმა დააყენა საკითხი ავღანეთიდან იტალიელი ჯარისკაცების გამოყვანის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა ავღანეთში დაღუპულთა ცხედრებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს

ინტერნეტი სავსეა ნატოს წევრი ქვეყნების იმ ჯარისკაცების ფოტოებით და ვიდეომასალით, ვინც ავღანეთიდან სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. თავიანთ გმირებს იტალიის, საფრანგეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების მთავრობის მეთაურები დიდი პატივით ხვდებიან. ბერლუსკონი და სარკოზი ჭირისუფლობენ დაღუპულ გმირებს, ერისგან იღებენ სამძიმარს და ერსაც უსამძიმრებენ, ბოდიშს იხდიან მსხვერპლისათვის, რომელიც ღირსეულად გაიღეს ჯარისკაცებმა... სილვიო ბერლუსკონიმ კი ერთ-ერთმა პირველმა დააყენა საკითხი ავღანეთიდან იტალიელი ჯარისკაცების გამოყვანის შესახებ. 2012 წლის დამდეგს კი ახალი მსხვერპლის გამო ნიკოლა სარკოზიმ განგაში ატეხა, საფრანგეთი ავღანეთს დატოვებსო... ნატოს ლიდერ აშშ-ის პირველ პირებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ სარკოზის დასაყოლიებლად, რომ მისმა ქვეყანამ ავღანეთის დახმარება განაგრძოს.

იტალია, საფრანგეთი, გერმანია და ინგლისი გმირების დაკრძალვის დღეს ეროვნული გლოვის დღედ აცხადებენ, მთელ ქვეყანაში დაშვებულია სამგლოვიარო დროშები.

ამერიკის პირველი პირი მეუღლითურთ არა მხოლოდ დაკრძალვის ცერემონიებს ესწრება, პატივისცემის გამოსახატად, ავღანეთში დაღუპულთა საფლავებსაც ხშირად სტუმრობს.

ჩვენ კი, რა დაგვემართა?! გლოვის ნაცვლად, მალულად ვმარხავთ საამაყო შვილებს და ქართველებს მათი სათანადოდ დატირების უფლებაც არ გვეძლევა. რატომ?! გვერიდება რამის?! იქნებ იმის, რომ სხვა უფრო დიდი ქვეყნები ავღანეთში ჯარების შემცირებაზე ლაპარაკობენ, ჩვენ კი გაზრდაზე?! ვამბობთ, უნდა მივბაძოთ ევროპასა და ამერიკას... ჰოდა, ღირსეულად მაინც მივბაძოთ ამ ხალხს!

სალომე ზურაბიშვილი: "პრეზიდენტი იტყუება!"

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის თარიღთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ტყუილში ადანაშაულებს.

ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუკზე" ნატოს ISAF-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია განათავსა, რომლის თანახმადაც, ავღანეთის დასავლეთში სამხედრო ოპერაციისას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინფორმაცია 20 თებერვლით არის დათარიღებული, თუმცა დაღუპული ჯარისკაცების ეროვნება და ვინაობა მითითებული არ არის.

"20 თებერვალს დაიღუპნენ ჩვენი ჯარისკაცები, ანუ იმ დღეს, როცა სააკაშვილი იქ იმყოფებოდა. ეს დაუმალეს ქართველ ხალხს, ასეთ მტკივნეულ საკითხზე პრეზიდენტი იტყუება, როცა თავის ოფიციალურ განცხადებაში ამბობს, თითქოს ავღანეთიდან მიაწვდინეს ამბავი... ოფიციალურად უნდა დაისვას კითხვა პარლამენტში, რამ განაპირობა ეს ტყუილი. ვეჭვობთ, რომ მზადდებოდა ერთ-ერთ ჩვეულებრივი პიარმოვლენა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა... უნდა გამოვითხოვოთ ყველა დეტალი ამ ტრაგედიის შესახებ, პარლამენტარებს შეუძლიათ, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართონ ნატოს წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში. მთელ ერს და, პირველ რიგში, დაღუპული მხედრების ოჯახებს აქვთ უფლება, სიმართლე გაიგონ!"

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთის ჰილმენდის პროვინციაში დაღუპული სამი ქართველი ჯარისკაცის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს გაავრცელა. საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში 20 თებერვალს იმყოფებოდა. ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო მან მწუხარება 22 თებერვალს გამოხატა: "ავღანეთიდან ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მოვიდა. ეს ჩემთვის უმძიმესი დარტყმაა იმის გათვალისწინებითაც, რომ სულ ორი დღის წინ ვიყავი მათთან ერთად. საკუთარი თვალით ვნახე, როგორი შემართებით, სულისკვეთებითა და თავგანწირვით ასრულებდნენ ისინი მეტად სარისკო დავალებებს. ჩვენი ბიჭები ავღანეთში რისკის სრული გაცნობიერებით მიდიან და თავი ამაყად და ღირსეულად უჭირავთ, რადგან ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ უწევთ ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად".

როგორ ფასობს გმირობა...

2010 წლის სექტემბრის მიწურულს, ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობამ ხუთს რომ მიაღწია, ჯერ მათ თანამებრძოლებთან, შემდეგ კი ოჯახის წევრებთან დაკავშირება ვცადე. ამაოდ - თავდაცვის სამინისტროს უკვე აეკრძალა სამხედრო პირებისთვის პრესასთან ურთიერთობა, დაღუპული თანამებრძოლების სახელებით თავმოწონება და მათი ფოტოების ინტერნეტში განთავსებაც კი. არადა სწორედ მაშინ ამერიკელმა ჯარისკაცმა ბილ რულმა "ფეისბუკის" თავის გვერდზე ავღანეთში დაღუპულ დავით ცეცხლაძესთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა. ამერიკელი ვაჟკაცი ქართველთან მეგობრობით მსოფლიოს დასანახად ამაყობდა(!).

ბილ რული სიამოვნებით მესაუბრა დათოს შესახებ და ბოლოს მოკრძალებით შენიშნა, ქართველები მეტს გეტყვიან, მე ძალიან ცოტა ხანს მომიწია მასთან ურთიერთობამო. როგორ მეთქვა, რომ ცეცხლაძის, ისევე, როგორც სხვა დაღუპული ჯარისკაცების ამბავს საქართველოში "გრიფით საიდუმლო" ედო?

მაინც ვერ გაიგებდა, ისევე, როგორც ავღანეთში გმირულად დაღუპული იტალიელი ლეიტენანტის ანტონიო ფორტუნატოს 7 წლის ვაჟი მარტინ ფორტუნატო ვერ გაიგებს, დავით ცეცხლაძე და მისი თანამებრძოლები უკანასკნელ გზაზე ქართველმა ერმა ისეთივე პატივით რატომ არ გააცილა, როგორითაც იტალიამ - მამამისი, რატომ არ იდგნენ ცეცხლაძის შვილები მარტინივით საპატიო ადგილზე და რატომ არ უმაგრებდნენ მათ მხარს ხელისუფლების წარმომადგენლები - გმირის შვილს, პატარა იტალიელს ხომ გვერდიდან არ მოშორებია პარლამენტარი ჯან-ფრანკო პაგილა!

2010 წლის 5 სექტემბერს ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში დაღუპული პირველი ქართველის, უფროსი ლეიტენანტის, მესამე ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაურის, მუხრან შუკვანის ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ საქართველოში გერმანიის ელჩ პატრიცია ფლორს მესტიაში შუკვანების ოჯახი მოუნახულებია და გმირის დედისთვის საქართველოს პატრიარქის ნაჩუქარი სამაჯური გადაუცია - ეს მე კი არა, თქვენ უნდა ატაროთ, ბედნიერი დედა ხართ, რომ ასეთი შვილი გაზარდეთო. მუხრანის სახელი სამუდამოდ დარჩა ავღანეთში. ბაზა, სადაც მუხრანი მსახურობდა, მისი სახელობისაა, მაგრამ ავღანეთში დაღუპული ქართველების ჩამოსვენება მაინც საიდუმლო სპეცოპერაციებს ჰგავს. არადა, ხალხს აინტერესებს, ვინ იყვნენ ეს ვაჟკაცები და რატომ ვაცილებთ მათ უკანასკნელ გზაზე ასე მალულად...

ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაიღუპნენ: ავალიანი გიორგი, ბერიძე რევაზი, გოგიაშვილი რამაზი, გოგუაძე გია, გვენეტაძე ზურაბი, ვერსკიანი ვალერი, ივანიაძე ლავროსი, კალანდაძე ნუგზარი, კოლოხიტაშვილი გიორგი, მარგიევი გიორგი, შუკვანი მუხრანი, ცეცხლაძე დავითი, მელაძე რუსლანი, კაჭარავა პაატა, ბერაია ვალიკო.

ჩვენ ჯერ არ დავღლილვართ?!

2001 წელს აშშ სათავეში ჩაუდგა კოალიციას, რომელმაც თალიბების მმართველობა დაამხო. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ავღანეთში ნატოს 130000 ჯარისკაცი იბრძვის. ოპერაციის მიზანია, 2014 წლისთვის ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე კონტროლი ავღანეთის უშიშროებასა და შეიარაღებულ ძალებს გადაეცეს. თუმცა, ნატოს ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, მანამდე გამოარიდოს თავისი ჯარები ავღანურ ჯოჯოხეთს. ამერიკის ყოფილი თავდაცვის მდივნის, უილიამ კოენის თქმით, ამერიკელი საზოგადოება უკვე მეორე დეკადაა, ომშია ჩართული და მას დაღლილობა ეტყობა.„

ბრენთ სკოუკროფტი,  ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, გენერალი:

- ავღანეთის ომი ძალიან გაგრძელდა და ძვირად დაუჯდა ამერიკას,  როგორც ადამიანური დანაკარგების, ისე ეკონომიკური კუთხით. ჩვენ დავიღალეთ. დაღუპულია 2000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი. საბრძოლო ოპერაციებში დაშავდა 15000 სამხედრო მოსამსახურე.

ჩვენ ჯერ არ დავღლილვართ?!