დიდი "ბელაზის" პატარა "აბეზარა" - კვირის პალიტრა

დიდი "ბელაზის" პატარა "აბეზარა"

სოხუმელმა ნონა კაჭარავამ ბავშვობის ოცნება აისრულა და 40 წელი საყვარელ საქმიანობას მიუძღვნა. მშობლების სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, "აბეზარა" საჭეს სიამოვნებით მიუჯდა და ამ პროფესიამ ცხოვრებისეულ პრობლემებთან ჭიდილშიც გამოაწრთო, თუმცა ამბობს, რომ ერთი ოცნება კიდევ დარჩა - გამთლიანებული საქართველოს თავისი მანქანით შემოუაროს...

- მეორე თუ მესამე კლასში ვიყავი, ფილმი "აბეზარა" რომ ვნახე. პირდაღებული მივჩერებოდი ქალს, საჭესთან რომ იჯდა  და  მანქანას მიაქროლებდა! ფილმი დასრულდა თუ არა, ხმამაღლა გამოვაცხადე, "შოფერი" უნდა გამოვიდე-მეთქი. მახსოვს დედის გაოცებული სახე და მამის შეჭმუხნილი შუბლი. გვიან გავაცნობიერე, რომ ტრადიციულ ქართულ ოჯახში აღზრდილს მშობლები ამ გადაწყვეტილებას არასოდეს მომიწონებდნენ და სურვილი გულში ჩავიკალი... ჩუმად ვხატავდი მანქანებს და კინომსახიობების სურათებთან ერთად ვინახავდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, მანქანის ტარება ვისწავლე და როგორც კი სკოლა დავამთავრე, მართვის მოწმობაც ავიღე. მახსოვს, დედაჩემს ატესტატთან ერთად ეს მოწმობაც რომ ვაჩვენე, გვერდზე მოისროლა!..

მშობლები ხვდებოდნენ, რომ მანქანით გატაცება უბრალო ახირება არ იყო და სასტიკ წინააღმდეგობას მიწევდნენ, ამიტომ ერთ ღამეს ჩანთა ჩავალაგე და სახლიდან გავიპარე.

იმ დროს“ენგურჰესის მშენებლობაზე მძღოლები სჭირდებოდათ და მეც პირდაპირ დირექტორის კაბინეტში შევიჭერი. საბუთებს რომ დახედა, გაოცებულმა მკითხა: - ხომ არაფერი მეშლება, მძღოლად მუშაობა გინდაო? რადგან გოგო ვარ, არა მაქვს უფლება-მეთქი? - ვუპასუხე. როგორც ჩანს, ისეთი გამომეტყველება მქონდა, დირექტორი დარწმუნდა, რომ არ ვტყუოდი და გამოსაცდელი დროით დამტოვა.

პირველად გინება რომ გავიგონე, ტირილი დავიწყე, დირექტორმა კი დამშვიდების ნაცვლად მითხრა, რა გატირებს, ჯერ გინება გესწავლა და მერე - მანქანის ტარებაო. დროთა განმავლობაში გინებაც ვისწავლე და მანქანაც მშვენივრად შევისწავლე.

- მშობლები არ გეძებდნენ?

- ოჯახმა ეს ნაბიჯი არ მაპატია.  დედამ გამომიტირა, შვილი დავკარგეო, თუმცა მეზობლებისგან ვიგებდი, გაზეთში ჩემზე თუ რამეს დაწერდნენ, ჩემები უცრემლოდ ვერ კითხულობდნენ.

მომავალი ქმარი ენგურჰესის მშენებლობაზე გავიცანი. ერთმანეთი შეგვიყვარდა და შევუღლდით. მეგონა, პროფესიაზე უარს მათქმევინებდა, მაგრამ ასე არ მოხდა... მერე ბიჭი შეგვეძინა. ძალიან ბედნიერები ვიყავით, ჩემს ბედნიერებას ენით აუწერელი სიხარულიც დაემატა - მშობლებმა როგორც იქნა, მაპატიეს და გულში ჩაიკრეს ჩემი ქმარ-შვილიც. ამასობაში მშენებლობაც დამთავრდა, ავიღე შრომის წიგნაკი და თბილისში გადმოვედით. აქ ერთ-ერთ ავტოკოლონაში "პაზიკის" მარკის ავტობუსზე დამსვეს.

- პირველად რა მარკის მანქანა გყავდათ?

- ენგურჰესის მშენებლობაზე 60-ტონიან მანქანას ვმართავდი, წყლის სატუმბი იყო,"ბელაზის" მარკის. მაშინ თუ რამე ახალი მარკის მანქანა შემოდიოდა, როგორც ერთადერთი მძღოლი ქალი, პირველი მე მივუჯდებოდი ხოლმე საჭეს.

თბილისში ჩამოსულს ერთწლიანი ხელშეკრულება გამიფორმეს. 8 თვის შემდეგ, გარაჟში მისულს მითხრეს, დავითაშვილი გიბარებსო (მაშინ ტრანსპორტის მინისტრი თეიმურაზ დავითაშვილი იყო). ქუჩაში დავუნახავვარ და თავისთან დამიბარა. შიშმა ამიტანა, აშკარად რაღაც დავაშავე და სამსახურის დატოვება მომიწევს-მეთქი, მაგრამ შევცდი. ახალი მანქანა -"ვოლგა გაზ-24"მაჩუქა და მშობლიურ გალში დამაბრუნა. ასე აღმოვჩნდი ავტობუსიდან ახალთახალი "ვოლგის" საჭესთან. გალიდან მოგვიანებით სოხუმში გადავედით საცხოვრებლად. სახლი ავიშენეთ, გოგონაც შეგვეძინა და ბედნიერად ვცხოვრობდით, სანამ ომი დაიწყებოდა.

- ომის დროს რას საქმიანობდით?

- საკუთარი მანქანაც მყავდა და იჯარით გაფორმებული ტაქსითაც დავდიოდი. სოხუმის ცენტრში ტურბაზა იყო, იმის დირექტორს ვიცნობდი. ერთხელ შემთხვევით შემხვდა და შემომთავაზა,"გაზ-53" მყავს გაჩერებული, იქნებ ამ მანქანაზე იმუშაოო. ამ დროს აფხაზეთში ომი მძვინვარებდა. ჩემს ბიჭს აფხაზი ცოლი ჰყავდა და  ქართველები ხშირად მიმეორებდნენ, თავი ქუდში გაქვს, აფხაზები შენ არ შეგეხებიანო. ჩემი ბიჭი ოჯახთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა, მე კი არ მინდოდა, ვინმეს ეფიქრა, ჩვენთან მუშაობას თავს არიდებსო, ამიტომ დავიწყე მუშაობა - ტურბაზაში დისლოცირებულ პირველი ბატალიონის ბიჭებს თბილისიდან გამოგზავნილი პურის ფქვილით და კონსერვებით ვამარაგებდი.

- დაჭრილებთან თუ გქონდათ ურთიერთობა?

- არა. მხოლოდ რამდენჯერმე დავინახე, ტურბაზიდან როგორ გამოიტანეს ზეწარში გახვეული ქართველი ბიჭების ცხედრები.…აფხაზებთან ნათესაობის გამო ვითომ დაცული ვიყავი, მაგრამ ერთ საღამოს მაინც მომადგნენ, ოღონდ აფხაზები კი არა, დაქირავებული ჩეჩენი ბოევიკები.  შემოცვივდნენ და - მაცივრის კარი გამოაღეო, მითხრეს. ომის დროს ხმა დაყარეს, ვითომ  ქართველებს მაცივრები ჰქონდათ დანაღმული. მაცივარს რომ მივუახლოვდი, ერთმა ავტომატი დამიმიზნა და  ტყვია მაცივრის გვერდით მდგარ 3-ლიტრიან ქილას მოხვდა. შემდეგ აცახცახებულს ნამსხვრევებზე მუხლით დადგომა მიბრძანა და მეტი ტკივილის მოსაყენებლად ფეხზე ფეხი დამაჭირა. გონება დავკარგე... 5 საათი ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქართველმა მეზობლებმა მომასულიერეს, ჭრილობა მომბანეს და დამიმუშავეს... მხოლოდ ორი კვირის შემდეგ შევძელი ფეხზე წამოდგომა.

სხვათა შორის, ქართველებმაც არ დამაკლეს - 18 წლის პირტიტველა მხედრიონელი  მომადგა, გარაჟში რომ მანქანები გყავს, გამოიყვანე, გვჭირდებაო. მომკალით და მანქანებს არ გაგატანთ-მეთქი. ყუმბარა ამოიღო, გარაჟისკენ ისროლა და მომაძახა, მაშინ არც შენ და არც - ჩვენო...

სოხუმის დაცემის შემდეგ კიდევ 3 თვე დავრჩი ქალაქში... გოგონა უკვე გახიზნული მყავდა თბილისში. ჩემი აფხაზი რძლის და მისი მშობლების სურათები მაგიდაზე მქონდა გაშლილი, რათა აფხაზი მებრძოლები თუ შემოვიდოდნენ, ენახათ, რომ აფხაზების ნათესავი ვიყავი. ასევე იქცეოდნენ ის ქართველები, რომლებიც სოხუმს არ ტოვებდნენ. პირველ ხანებში ეს ხერხი ჭრიდა, მერე კი აღარ. თავდაპირველად მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე მცხოვრები ქართველების სახლებში შედიოდნენ, მაგრამ მერე ჩიხებშიც დაიწყეს შესვლა. მარტო ქონებაზე კი არა, ხალხზეც ნადირობდნენ. დღესაც თვალწინ მიდგას საზარელი კადრი, აფხაზებმა როგორ უმოწყალოდ დახოცეს ჩემი მოხუცი მეზობლები. მარტო დარჩენილს მოხუცების დამარხვამაც მომიწია. დროთა განმავლობაში საკვები გამომელია,  თავაშვებულ ბოევიკებთან გამკლავება აღარ შემეძლო და ისღა დამრჩენოდა, იქაურობას გავცლოდი... სიზმრად სოხუმის სახლს ვხედავ, ახლა იქ რუსები ცხოვრობენ.

თბილისში ცარიელი ხელებით ჩამოვედი. ვიფიქრე, ისევ ჩემს სამინისტროს მივაკითხავ-მეთქი და გამიმართლა. იმ დროისთვის ბატონი თეიმურაზ დავითაშვილი მინისტრის მრჩევლის პოსტზე მუშაობდა და მისი ახლობლების ჩარევით ტროლეიბუსების პარკში დავიწყე მუშაობა. 3 ადგილზე ვმუშაობდი - ტროლეიბუსებს ვალაგებდი და ვრეცხავდი კიდეც. ამ პარკში 12 წელი ვიმუშავე.

...მალე  70 წლის ვხდები. უკან რომ მივიხედავ, გული ტკივილით მევსება - რამდენი რამ დავკარგეთ!.. ბევრი ვნახე და გამოვცადე, ბავშვობის ოცნებაც ავიხდინე - 40 წელი ვიჯექი საჭესთან, მაგრამ ერთი ოცნება დამრჩა - კიდევ ერთხელ მივუჯდე საჭეს და ჩემი მანქანით ოჯახთან ერთად ჩემს საყვარელ სოხუმში ჩავიდე...

გურამ სოზაშვილი