ყველა დროის უდიდესი ლტოლვილი - კვირის პალიტრა

ყველა დროის უდიდესი ლტოლვილი

ჩვენი პროექტის ("50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ") დასაწყისიდან ბოლომდე, დარწმუნებელი ვარ, დღეს ყველაზე რთული ამოცანა მაქვს. არა იმიტომ, რომ დანტესა და მის "ღვთაებრივ კომედიაზე" მსჯელობა ძნელია, პირიქით, საათობით შეიძლება საუბარი და შესაბამისად, ბევრის დაწერაც, მაგრამ ამ ნახევარ გვერდში... თანაც ჩემს წერილებს ხომ საპრეზენტაციო ჰქვია, ანუ წარსადგენი, თუ გნებავთ, "სარეკლამოც" ვუწოდოთ. ჰოდა, დანტეს "რეკლამირება" მკითხველისათვის, სიძნელეზე რომ არაფერი ვთქვათ, ცოტა უხერხულიც მგონია.

მეორე მხრივ, ადვილი შესასრულებელიც არის ჩემი დღევანდელი ფუნქცია - მკითხველი საზოგადოებისთვის დანტეს სახელი ისედაც ცნობილია, ვისაც არ წაუკითხავს, ისიც  დარწმუნებულია, რომ ამ წიგნებიდან თუკი რომელიმე უნდა შეიძინოს, ერთ-ერთი უპირველესი "ღვთაებრივი კომედიაა", მე კი შემიძლია ჩვენთვის გამოყოფილი მცირე ადგილი დანტეს ბობოქარ ბიოგრაფიასა და XIII-XIV საუკუნეების ფლორენციისა თუ საზოგადოდ, იტალიის ცხოვრებას დავუთმო.

ასეც მოვიქცევი... თუმცა, მანამდე ერთი შეცდომა უნდა გავასწორო: "ვისაც არ წაუკითხავს"-მეთქი, ვთქვი და იქვე უნდა დამემატებინა, რომ "ღვთაებრივ კომედიაზე", ჩემი აზრით, არ შეიძლება ვთქვათ "წაკითხული მაქვს". უფრო სწორი იქნება: "ვკითხულობ" ან "ვკითხულობ ხოლმე", რადგან ეს არ არის ის წიგნი, რომელსაც "50 წიგნის" შემდეგი ტომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი კვირის განმავლობაში "გადააბულბულებ", "წაკითხულ წიგნთა" წარმოსახვით სიაში შეიტან (თუმცა ზოგი წარმოსახვით კი არა, თურმე მართლა წერს ამ სიას, რამდენიმე ასეთი მკითხველი გამოგვეხმაურა და დიდად გაგვაკვირვა. ისე, რატომ არის ცუდი, კაცმა რომ თქვას?) და თაროზე შემოდებ.

ამ მხრივ დანტეს ეს გენიალური ნაწარმოები, ალბათ, შეგვიძლია "ვეფხისტყაოსანს", "დონ კიხოტს" ან კიდევ ერთ-ორ შედევრს შევადაროთ.

საკმაოდ პატარა გახლდით, როცა "ღვთაებრივი კომედია" წავიკითხე და თავიდანვე მივხვდი, რომ "სხვაგან მოვხვდი", მაგრამ "დამშლელი" არ გამოჩნდა არავინ და ჯიუტად გავედი ბოლომდე... საერთოდ არა მგონია ცუდი, როდესაც ასაკისთვის "შეუფერებელ", "დიდების" წიგნებს კითხულობენ ხოლმე მოზარდები, მაგრამ ამ შემთხვევაში, ალბათ, ჯობს, არა მხოლოდ ჯოჯოხეთისა და სალხინებლის, არამედ სამოთხის "მონახულებაც" მომავლისთვის გადადონ თინეიჯერებმა.

მაშ, ასე: 1265 წელს ფლორენციაში არც ისე მდიდარი, მაგრამ არც უპოვარი მოქალაქის ოჯახში მომავალი დიდი პოეტი დაიბადა.

მისი პაპისპაპა კონრად III-ის ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილე ყოფილა და "პატიოსნად შეეწირა" კიდეც მუსლიმანებს მაცხოვრის საფლავის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში. ეს რაინდი (მას კაჩაგვიდა რქმევია) დაქორწინებული ყოფილა ლომბარდიელი არისტოკრატების, ალდიგიერი და ფონტანას ოჯახის ქალზე და სწორედ ეს "ალდიგიერი" ტრანსფორმირდა შემდეგ მათი შთამომავლების გვარად.

პოეტის პაპა - ბელიჩონე ალიგიერი მშობლიური ქალაქიდან გაძევებული ყოფილა გველფებისა და გიბელინების პარტიათა შორის ამ უკანასკნელთა დამარცხების შემდეგ. მხოლოდ 1266 წელს დაბრუნდა თავის ქალაქში, როდესაც კვლავ მისი დასი მოვიდა ქალაქის სათავეში და შინ დაბრუნებულს ერთი წლის შვილიშვილი დახვდა (მისი ვაჟი, მომავალი პოეტის მამა, პოლიტიკაში არ ერეოდა და წყნარად ცხოვრობდა ფლორენციაში, სამაგიეროდ, ეტყობა, შვილიშვილი "თავის ჭკუაზე გადაიყვანა" პაპამ და დანტემაც მისი ბედი გაიზიარა).

აქვე მოკლედ ვთქვათ გველფებსა და გიბელინებზე: გველფების პარტია გერმანიის იმპერატორების მმართველობის წინააღმდეგი იყო და ფლორენციის პაპის მმართველობისთვის დამორჩილებას ემხრობოდა. ამ პარტიის მომხრეები ქალაქის წვრილფეხობა, ვაჭრები და ხელოსნები იყვნენ; არისტოკრატია კი, მათ შორის - ალიგიერის ოჯახი "გაგანია" გიბელინები იყვნენ და დანტემაც ბოლომდე უერთგულა ოჯახში დამკვიდრებულ პოლიტიკურ შეხედულებებს, იმის მიუხედავად, რომ ამან ერთიანად აურია ცხოვრება და სამუდამოდაც დააშორა მშობლიურ ქალაქს.

მისი ბავშვობა ისეთივე იყო, როგორიც სხვა ფლორენციელი არისტოკრატებისა - ოჯახი განსაკუთრებული სიმდიდრით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ბიჭისათვის საუკეთესო განათლების მიცემა მაინც შეძლო: ანტიკური და შუა საუკუნეების ლიტერატურა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, ფილოსოფია...

თუმცა მხოლოდ სწავლას "არ სჯერდებოდა": ცხრა წლისა იყო, როდესაც პირველად ნახა რვა წლის ბეატრიჩე პორტინარი, მეზობლის გოგონა, და ის სამუდამოდ იქცა მისთვის მთავარ მუზადაც და მთელი ცხოვრების ერთადერთ ნამდვილ სიყვარულადაც, იმის მიუხედავად, რომ ცოლიც შეირთო მომავალში. ისე კი, ყველამ, და უპირველესად თვით მისმა ცოლმა ჯემა დონატიმ, იცოდა, რომ ეს "პოლიტიკური ქორწინება" იყო. მართლაც, ეს ქალი დანტეს არც ერთხელ არ ჰყავს ნახსენები თავის ნაწარმოებებში.

18 წლისა იყო, როდესაც კვლავ შეხვდა ბეატრიჩეს და კვლავ აღფრთოვანდა მისით, მაგრამ ის უკვე გათხოვილი ქალი იყო და "მხოლოდ" მის მუზად დარჩა სამუდამოდ.

სხვათა შორის, დანტე მხოლოდ მას შემდეგ დაქორწინდა, რაც ბეატრიჩე გარდაიცვალა, სრულიად ახალგაზრდა, 1290 წელს.

20 წლისა აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში, უფრო სწორად, ქალაქის მართვაში: ფლორენციაში იყო "ასთა საბჭო" და ამ რჩეულ ასეულში ჯერ კიდევ ჭაბუკი ალიგიერი რამდენჯერმე იხმეს.

1300 წელს ის ელჩის რანგში გაემგზავრა სან-ჯიმინიანოში, რათა იქაური მოქალაქეები დაერწმუნებინა, რომ ფლორენციას მიმხრობოდნენ და ერთად ებრძოლათ რომის პაპის ბონიფაცი VII-ის წინააღმდეგ. ერთი წლის შემდეგ კი იმავე რომის პაპთან მოუხდა ელჩად ჩასვლა, როდესაც ფლორენციას პრინცი კარლოს ვალუა დაესხა თავს.

აპენინებზე მიმოფანტული ქალაქ-სახელმწიფოების ჩახლართულ ისტორიას ვერ გავყვებით, ამის დრო არ არის, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ როდესაც 1301 წლის 1 ნოემბერს ხელისუფლებაში ვალუას მოსვლის შედეგად ფლორენციაში ისევ გველფების პარტია გაბატონდა (დანტე ზუსტად ამ დროს ელჩობდა რომში), მისი თანაპარტიელები რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ, ხოლო დანტე დაუსწრებლად გაასამართლეს და ფლორენციიდან გაძევება მიუსაჯეს შეთითხნილი ბრალდებით - მექრთამეობა დასწამეს. მას შემდეგ აღარასოდეს უხილავს მშობლიური ქალაქი, სამუდამოდ ლტოლვილად დარჩა.

თავიდან ვერონის მმართველმა შეიფარა, ცოლი კი ფლორენციაში დარჩა - სახლსა და შვილებს მივხედავო. თუმცა, არც მოგვიანებით, როდესაც დანტე რავენაში დამკვიდრდა და უკვე წამოზრდილი შვილები მის გვერდით ცხოვრობდნენ (ორი ვაჟი, უკვე პოეტები, და ქალიშვილი, რომელსაც, რა გასაკვირია და, ბეატრიჩე ერქვა), ჩასულა ქმარ-შვილთან და მართალიც იყო - დანტე ალიგიერი სამუდამოდ სიყრმის სიყვარულის ერთგული იყო.

მხოლოდ ერთხელ, 1310 წელს, კვლავ მიეცა შინ დაბრუნების იმედი, როდესაც ჰენრიხ VII შეიჭრა იტალიაში. მაშინ თანაქალაქელებს ვრცელი წერილი მისწერა ასეთი სათაურით: "ფლორენციელი დანტე ალიგიერი, უსამართლოდ გაძევებული, უვარგის ფლორენციელებს, რომლებიც ქალაქში დარჩნენ!", მაგრამ სამწლიანი ომის შემდეგ, ჰენრიხ VII მოულოდნელად გარდაიცვალა და მასთან ერთად დანტეს ოცნებაც შინ დაბრუნებაზე.

რავენაშიც "არ მოიშალა" პოლიტიკოსობა და ელჩობა - ამ ქალაქის მმართველის გვიდო და პოლენტას წარგზავნილი იყო. სწორედ ერთ-ერთი ელჩობის შემდეგ, ვენეციიდან მომავალს მალარია შეეყარა და გზაშივე გარდაიცვალა.

ეს 1321 წელს მოხდა, როდესაც "ღვთაებრივი კომედია" სულ ცოტა ხნის დასრულებული ჰქონდა.