ნაგვის ქალაქი, ანუ ნაგავსაყრელი ქათქათა ბათუმის ფონზე - კვირის პალიტრა

ნაგვის ქალაქი, ანუ ნაგავსაყრელი ქათქათა ბათუმის ფონზე

აქამდე არასდროს ვყოფილვარ ნაგავსაყრელზე და ვინიცობაა, თუ კიდევ მომიწია წასვლამ, ჩავიცვამ მუხლამდე ბოტებს და წავიღებ ჟანგბადის ბალონს. ბათუმიდან 8 კილომეტრში 10 ჰექტარზე დიდი ნაგავსაყრელია. აქ დღის განმავლობაში სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დატვირთული ასი სატვირთო მანქანა მაინც იცლება.

25 წლის რამინი ბათუმის ნაგავსაყრელზე, ძმასთან ერთად დილის 6 საათზე მიდის. რამინს - ათი, მის 31 წლის ძმას კი აქ მუშაობის თოთხმეტწლიანი სტაჟი აქვს. ამბობენ, რომ აქ სიარული ცხოვრების წესად ექცათ. მათთან ერთად აქ კიდევ 50 კაცი მაინც მუშაობს, ქალები, ბავშვები, მოხუცები და ახალგაზრდები წვიმასა თუ თოვლში, ზამთარსა თუ ზაფხულში, ყოველდღიური სარჩოს მოსაპოვებლად მძიმე შრომაში არიან ჩართული. ისინი ნაგავსაყრელზე ჯართსა და პლასტმასს აგროვებენ. "ქალს აქ რა მინდა, სახლში ბავშვებთან უნდა ვიყო. ხოშკაკალი რომ იყო, სახე მეწვოდა, ისე მირტყამდა. გაჭირვებაა მაგარი. შვილებს საჭმელი აკლიათ და მე და ჩემი ქმარი აქ ყოველდღე დავდივართ. გამწარებული სულით ნაშოვნ ფულს საჭმლის გარდა, ვერაფერში ვხარჯავ. სხვა რამისთვის არც მყოფნის", - შემომჩივლა ორშვილიანმა დედამ.

თავიდან ჩემი დანახვა არ ესიამოვნათ, ჩვენი გასაჭირი არ გვყოფნის და კიდევ ჟურნალისტი გვინდაო? მერე კი ერთმანეთს გადაულაპარაკეს, დაწეროს, რას ვკარგავთ, იქნება ვინმემ მოგვხედოსო. მხოლოდ ერთხელ მისულა იქ ფოტოგრაფი. ფოტოებზე სახის გამოჩენა არ ინდომეს. მოხუცმა კაცმა ხუმრობით მითხრა: "სკოლაში რომ მივედი, ერთი ფოტო მაშინ გადავიღე, მეორეს "მშვიდობით, საყვარელო ოჯახოს" დროს გადამიღებენ. ახლა შენ ნუ გადამიღებ, ჯერ არ მინდა იმ ქვეყნად წასვლა". სინამდვილეში კი ფოტოების გადაღებაზე უარის მიზეზი სხვა რამ არის - ახლობლებს ჰგონიათ, მშენებლობაზე ვმუშაობთ, არ გვინდა მეზობლებმა ჩვენზე ილაპარაკონო.

"თავისუფალი რეჟიმით" ხარობენ, როცა გვინდა, მოვალთ, როცა გვინდა - არაო, თუმცა, ყოველი გაცდენილი დღე 15 ლარს უდრის. როგორც მითხრეს, 1 კილო პლასტმასის ღირებულება 25 თეთრია. უკრაინელებს ორი წლის წინ ნებართვა აუღიათ, რომ ნაგავსაყრელზე შეგროვილი პლასტმასი მხოლოდ მათ ჩაიბარონ. მალე ჯართსა და ალუმინსაც უკრაინელები ჩაიბარებენო. როგორც ჩანს, ბათუმური ნაგვის ქექვის ექსკლუზიური უფლებაც კი უცხოელებს უყიდიათ. "უკრაინელები ბოთლებს ჩვენ გვახიკინებენ, ქართველები მუშებად ვყავართ, თუ არ იმუშავებთ, გაგაგდებთო. რომც გაგვაგდონ, ჩვენ გარდა აქ არავინ მოვა სამუშაოდ". მოხუცმა კაცმა მკითხა: "შენ იმუშავებ აქ? არ იმუშავებ! ცხვირზე ხელი გაქვს აფარებული, ამ სუნს შეგუება უნდა, თორემ გაიგუდები".

სუნი ნამდვილად აუტანელია. განსაკუთრებით ნაგავსაყრელის ეპიცენტრში - დიდ მოედანზე. სატვირთოს გამოჩენისთანავე ხალხი მოედანზე იყრის თავს და ელოდება ნაგვის გადმოყრას. ისედაც დამძიმებული ჰაერი, მანქანის დაცლისას უფრო აუტანელი ხდება. მაგრამ სუნს ვეღარ გრძნობენ, შევეჩვიეთო. შემოგვჩივლეს, - ჩვენ რომ ავად გავხდეთ, ვერც ერთი ექიმი ვერ უშველის ჩვენს მოწამლულ ორგანიზმს და საავადმყოფოც არ მიგვიღებსო.

ნაგვის გასაქექ იარაღად რკინისბოლოიანი გრძელტარა ჯოხები აქვთ. ნაგავში ტელეფონების, ოქროს, ფულის, ხელყუმბარების გარდა, შეიძLლება შემზარავ ფაქტსაც წააწყდნენ. "4 წლის წინ ახალშობილი ვიპოვეთ, გახვეული იყო რაღაცაში. შეგვეცოდა და აქვე, ნაგავსაყრელზე დავმარხეთ", - მეუბნება მოხუცი...

ტრაგიკული ყოფის მიუხედავად, მაინც ხუმრობენ: "ნახე, როგორ აქვს ვირთხას კუდი გასკვანჭული"... "ძალიან კარგი დრო დაგვიდგა, კომუნისტების დროს იმდენს ვჭამდით, ვერ დავდიოდით, ახლა მსუბუქი ვარ და ჩიტივით დავფრინავ, აბა, სად ვნახავ იმდენ საჭმელს", - ირონიული ღიმილი არ დამალა მოხუცმა, რომლის პატარა ქოხში კედელზე მიკრული მრგვალი ჩარჩოდან ახალგაზრდა სტალინი იყურება.

ნაგავსაყრელზე მომუშავეებს თავიანთი სამყარო აქვთ, ერთ რიგად ჩამწკრივებულ ქოხებს ზოგი ტანსაცმლის გამოსაცვლელად იყენებს, ზოგისთვის თავშესაფარია. ნაგავსაყრელის გროვაში ტრაქტორით გაკვალულ გზებს სახელებს არქმევენ. რამინი მიხსნის, - ეს რუსთაველის ქუჩაა, აქეთ ლენინია, ცოტა მარჯვნივ კი წერეთლის პროსპექტი, სულ პირველი ქოხი კი ლომბარდიაო და იცინის. "ხშირად მობილურ ტელეფონებს ვპოულობთ. თუ ვინმემ პატრულში დარეკა და აქ აღმოაჩინეს, იციან, რომ ჩვენ არ მოგვიპარავს. საღამოს აქვე ვბანაობთ, ვიცვლით ტანსაცმელს და ისე მივდივართ შინ", - მიამბობს რამინი.

ბოლოს მითხრეს, ნაგავსაყრელის კარიბჭემდე ფაეტონით უნდა მიგიყვანოთო, შემსვეს ურემში შებმულ ცხენზე და აღმართს შევუდექით. ისე დადის ჩვენი ცხენი, "ჟიგულს" ჯობსო. "საჭმლის ფული კი გვაქვს უკრაინული, მაგრამ დალევა ვიცით ქართული, ერთი "პოლლიტრა" რომ წამოგეღო, მერე გენახა, როგორ ვისაუბრებდით", - მითხრეს და იმ იმედით დამემშვიდობნენ, რომ მათთან ისევ მივალ.

(სიუჟეტი იხილეთ palitratv.ge-ზე)

ნინო ხოსრევანიძე, ბათუმი