"მე-9 არხი ხელისუფლების ცხრაკლიტულში?!" - კვირის პალიტრა

"მე-9 არხი ხელისუფლების ცხრაკლიტულში?!"

"პირველი სიგნალი აპრილის დასაწყისში მაინც გავა"

ტელეკომპანია "იგრიკას", რომელიც მე-9 არხის სახელით არის ცნობილი, უამრავი პრობლემა შეექმნა. თუმცა, როგორც ცნობილია, აპრილის დასაწყისში ის ეთერში მაინც გავა. როგორ უმკლავდებიან ტელევიზიის მესვეურები პრობლემებს, რა ფორმატით იმუშავებს მე-9 არხი და საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს მიაწვდის ინფორმაციას, ამ  და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრა" მე-9 არხის დირექტორს კახა ბექაურს ესაუბრა:

- ხელისუფლება ადმინისტრაციულ და სახელმწიფო ბერკეტებს იყენებს თავისუფალი სიტყვის ჩასაკლავად. ვარდების რევოლუციის შემდეგ მარეგულირებელი კომისია, ფაქტობრივად, სამაუწყებლო ლიცენზიებს აღარ გასცემს. არის სხვა უამრავი ხელშემშლელი ფაქტორიც, თუნდაც მონოპოლიზებული სარეკლამო ბაზარი. რეკლამა მხოლოდ "რუსთავი 2"-სა და "იმედში" მიედინება. რეკლამის მიმცემებს ნაციონალურ არხებზე ხელსაყრელ პირობებს სთავაზობენ იმის სანაცვლოდ, რომ სხვაგან რეკლამის განთავსებაზე უარი თქვან. ამჟამად მე-9 არხს მხოლოდ საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობის უფლება აქვს და ვცდილობთ, გავმართოთ ტელევიზია, მიუხედავად იმისა, რომ ხელს ვანდალური მეთოდებით გვიშლიან. ვთანამშრომლობთ ტექნიკური საშუალებების მომწოდებელ 6 ფირმასთან, რომლებიც მე-9 არხის მაუწყებლობისთვის აუცილებელ აპარატურას გვაწვდიან. აპარატურა საბაჟო-გამშვებ პუნქტში დაგვიწვეს, რაც სხვადასხვა დოკუმენტითა და ვიდეოჩანაწერებით დასტურდება. ვიდრე მომწოდებლისგან ტვირთი წამოვა, მას დაწვრილებით ამოწმებენ, შემდეგ ილუქება და რაც მთავარია, საბაჟო ტერმინალში შესვლამდე ლუქი ყველას აქვს. საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ტვირთი ჩვენი წარმომადგენლების თანდასწრებით უნდა გაიხსნას, მაგრამ ამის უფლებას არ იძლევიან, ვიდრე ტვირთს არ გახსნიან და აპარატურას არ დააზიანებენ.  შეუძლებელია, ყველა მომწოდებელმა ფირმამ დაზიანებული აპარატურა გამოგზავნოს. რამდენჯერმე მომწოდებლის წარმომადგენელი ჩამოვიდა და გაოგნდა, როცა ტვირთი დაზიანებული დახვდა.

- მიუხედავად პრობლემებისა, მოახერხებთ თუ არა ეთერში გასვლას?

- მე-9 არხი ეთერში სრულყოფილი ფორმატით რომ გავიდეს, რამდენიმე თვე დაგვჭირდება. მაინც მოვახერხებთ კუსტარულად ტელევიზიის აწყობას, სიგნალის ჩართვას იმ საშუალებებით, რაც ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. გვინდა საცდელი მაუწყებლობა აპრილში დავიწყოთ, რაც ტექნიკურადაც და შემოქმედებითადაც დაბალი ხარისხის იქნება. წესით, არხი ლიცენზიის მიღებიდან 10 თვეში ეთერში უნდა გავიდეს.

ჩვენ სალიცენზიო ვადა გვეწურება და აპრილისთვის თუ ვერ გავალთ ეთერში, პრობლემები შეგვექმნება. ამიტომ, როგორმე სიგნალი უნდა ჩავრთოთ. მთავრობაც მიზანმიმართულად გვიშლის ხელს, რომ ამ დროისთვის ვერ გავიდეთ ეთერში.

- საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით რამდენი პროცენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი თქვენი მაუწყებლობა?

- თბილისის მოსახლეობის 65%-ს შეუძლია საკაბელო მაუწყებლობით ინფორმაციის მიღება. რაც შეეხება რეგიონებს, საკაბელო ოპერატორების მეშვეობით მოსახლეობის მხოლოდ 35-40%-ის უზრუნველყოფას შევძლებთ. არა გვაქვს ილუზია, რომ ყველა საკაბელო ტრანზიტულ ოპერატორთან მოვახერხებთ ჩართვას, მაგრამ შევეცდებით საერთო ენის გამონახვას. რაც შეეხება სატელიტურ მაუწყებლობას, რეგიონებში მოსახლეობის 20%-ს აქვს ტექნიკური საშუალება სატელიტური მაუწყებლობის მისაღებად.

- თუ გაქვთ სხვა საშუალებები იმისთვის, რომ მე-9 არხის მაუწყებლობა უფრო ფართო არეალზე გავრცელდეს?

- რასაკვირველია, მოსახლეობასთან საკომუნიკაციოდ ყველა ინტერნეტპლატფორმას გამოვიყენებთ. გვექნება ინტერნეტტელევიზია, რომელსაც პირდაპირი ეთერიც ექნება. რაც მთავარია, სულ უფრო იზრდება როგორც სატელიტური თეფშების მქონეთა რიცხვი, ასევე ინტერნეტმედიის მომხმარებელთა რაოდენობაც.

- ვინ იქნებიან მე-9 არხის ახალი ან ცნობილი სახეები?

- მას შემდეგ, რაც ტელევიზიების მონოპოლიზება მოხდა, არც საპროდიუსერო სფეროში, არც ჟურნალისტიკაში კვალიფიციური კადრები არ იზრდება. პროფესიონალებმა თავიანთი ნიშა თავისუფლების პატარ-პატარა კუნძულებზე იპოვეს ან ერთხანს აღარც ჩანდნენ. სწორედ ისინი იმუშავებენ მე-9 არხზე. შეიძლება ითანამშრომლონ მათაც, ვისაც არასოდეს უმუშავია ტელევიზიაში, მაგრამ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას ადევნებდნენ თვალს, ეწეოდნენ ანალიტიკურ-ექსპერტულ საქმიანობას. აუცილებლად გვეყოლება ახალი სახეები. ახლა მათ ვერ დაგისახელებთ, ჯერჯერობით მოლაპარაკება მიმდინარეობს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანა ლეჟავას სტუდია აპირებს თანამშრომლობას Yთქვენთან, ეკა ბერიძე კი ტოქშოუს გაუძღვება.

- ნანა ლეჟავას დამოუკიდებელი სტუდია აქვს, მისი გადაცემა "მაესტროში" გადის. ჩვენც გვექნება ურთიერთობა ამ სტუდიასთან, გვინდა მისი პროდუქცია მეტ არეალზე გავრცელდეს. რაც შეეხება ეკა ბერიძეს, ის "მაესტროში" მუშაობს და მე-9 არხი არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელმაც შეიძლება "მაესტრო" დააზიანოს.

- ამბობენ, თუ თქვენთან ნაციონალური არხებიდან გადმოვლენ ჟურნალისტები, 10.000-დან 50.000-მდე ლარით დაჯარიმდებიან.

- ასეთი ზეწოლის მექანიზმები ადრეც არსებობდა. ეს ტელევიზიები, ფაქტობრივად, პროპაგანდისტული მანქანა და  ხელისუფლების დანამატები არიან. იქ თანამდებობებზე ინიშნებიან შს და უშიშროების სამინისტროების ჩინოსნები.

- თუ სცადეთ ვინმეს გადმობირება?

- არა, იქ ძალზე ცოტანი არიან კვალიფიციური ჟურნალისტები. თუმცა, თუ ვინმე მოისურვებს გადმოსვლას, მზად ვართ მათი წინადადებების განსახილველად. განსაკუთრებით ისინი გვაინტერესებს, ვინც ე.წ. ბექში, ე.ი. ზურგში, მუშაობს და არ ჩანს.

- და მაინც, რით იქნებით თუნდაც "მაესტროსგან" ან "კავკასიისგან" განსხვავებული ან გამორჩეული?

- ჩვენს არხს განსხვავებული ფორმატი და კონცეფცია ექნება. ჯერ სხვას ვერაფერს გეტყვით. ჯერჯერობით არც ერთი საპროდიუსერო ჯგუფი და წამყვანი შერჩეული არ არის, გარდა გოგი ახალკაცისა, რომელთან ერთადაც ტოქშოუს პროექტზე ვმუშაობ. ამ პროექტით შეიძლება საცდელი მაუწყებლობის დროსაც გავიდეთ, საბოლოოდ კი სახეცვლილს წარვადგენთ განახლებულ მე-9 არხზე.

- რაკი მე-9 არხი ივანიშვილის სახელთან ასოცირდება, რითი დაიზღვევთ თავს, რომ არ იქცეთ რომელიმე პოლიტიკური ძალის პროპაგანდისტულ საშუალებად?

- თავად ივანიშვილმა თქვა, რომ მისთვის მთავარია არსებობდეს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალება. მასთან ბევრი ვისაუბრეთ ამ თემაზე, ყველა გარანტია მაქვს მიღებული, რომ მე-9 არხმა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა აწარმოოს.

- და მაინც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე-9 არხს პოლიტიკური ძალების რეკომენდებული კადრებით აკომპლექტებენ.

- ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ ჩაერევა ვერც კადრების დაკომპლექტებაში და ვერც სარედაქციო პოლიტიკაში. მე-9 არხთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო (ახლა იქმნება) იქნება გარანტია იმისა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა დაცული იქნება ზეწოლისგან.