საჯარო რეესტრი კორუფციულ სქემებში მონაწილეობს? ანუ ქარს გატანებული ხალხის ფული! - კვირის პალიტრა

საჯარო რეესტრი კორუფციულ სქემებში მონაწილეობს? ანუ ქარს გატანებული ხალხის ფული!

არც ამით დასრულებულა საჯარო რეესტრის მხრიდან კანონის უგულებელყოფა

"მთავრობის მიერ მცირე განცხადებების სუბსიდირება გაზეთებს არახელსაყრელ პირობებში აყენებს" - ასეთია დასკვნა, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 6 მარტს საჯარო რეესტრისა და გაზეთ "24 საათის" ერთობლივი პროექტის კვლევისას დადო. 80-გვერდიანი სარეკლამო განცხადებების გაზეთი, რომელსაც გაზეთი "24 საათი" სახელმწიფოს სუბსიდირებით გამოსცემს, 20 თეთრი ღირს, რაც საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებია და არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა გამოცემებს. თუ ჩემს მსგავსად, საკმაოდ სქელტანიანი გამოცემის სიიაფე თქვენც გაგაკვირვებთ, პრესის გავრცელების ე.წ. სამთავრობო ჯიხურებში აუცილებლად "გაგანათლებენ", რომ გამოცემა სახელმწიფოა (?!) და ამიტომაც ღირს იაფი.

"სიტყვა და საქმე", "რეზონანსი", "ახალი თაობა", "კვირის პალიტრა", "ვერსია", "საქართველოს რესპუბლიკა", "ასავალ-დასავალი", "ალია" - ეს იმ გამოცემების არასრული ჩამონათვალია, სადაც მცირე ზომის სარეკლამო განცხადებები იბეჭდება. ზოგან ასეთი განცხადებებისთვის სპეციალური გვერდებიც კი არის გამოყოფილი. საჯარო რეესტრისა და "24 საათის" ერთობლივი გაზეთის გამოცემა, რომელიც მთლიანად სახელმწიფო ფულით ფინანსდება და მომხმარებელს დემპინგურ ფასად მიეწოდება, სავარაუდოდ, დანარჩენი გამოცემების შემოსავალზე აისახება, რომელიც წესით ასეთი სარეკლამო განცხადებების განთავსებით უნდა მიეღოთ. დამოუკიდებელი მედიასაშუალებისთვის კი რეკლამიდან მიღებული შემოსავალი არსებობის და შესაბამისად ობიექტურობის შენარჩუნების ერთ-ერთი საშუალებაა.

"მაშინ, როცა ერთი გაზეთი უფასოდ თავის სარეკლამო სივრცეს გვთავაზობს, ხოლო ამ სივრცის უკან სახელმწიფოს ფინანსები და მენეჯმენტია, სხვა გაზეთებისთვის და ინტერნეტვებგვერდებისთვის რეკლამების მოზიდვა სულ უფრო რთული ხდება. სამთავრობო სააგენტომ ამ პროექტით მედიაორგანიზაციებს არახელსაყრელი გარემო შეუქმნა.

იმთავითვე ნათელი იყო, რომ ტენდერი, რომელიც სახელმწიფო უწყებამ გაზეთში სარეკლამო ინფორმაციის განთავსებაზე გამოაცხადა, ერთ კონკრეტულ მედიასაშუალებაზე იყო მორგებული. ეს უნდა ყოფილიყო ნაწილობრივ ფერადი გამოცემა, სულ მცირე, კვირაში სამჯერ უნდა გამოსულიყო, გავრცელების არეალით თბილისის გარდა რეგიონებიც უნდა მოეცვა და ინგლისურენოვანი ჩანართიც უნდა ჰქონოდა - ასეთი კი მედიაბაზარზე მხოლოდ გაზეთი "24 საათი" აღმოჩნდა", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში.

თუმცა ხელისუფლების სიმპათია და ფინანსური მხარდაჭერა გამოცემას არც მანამდე აკლდა. უკვე წლებია სწორედ ის სარგებლობს ექსკლუზიური უფლებით - სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებული ყველა სატენდერო განცხადება განათავსოს. თუმცა სატენდერო პირობების მორგება ყველაზე უწყინარი კანონდარღვევა იყო მათ შორის, რაც სახელმწიფო ჩინოვნიკებმა თავიანთი ფავორიტი გაზეთის მედიაბაზარზე პრივილეგირებული მდგომარეობის მოსაპოვებლად ჩაიდინეს.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ტენდერი 2011 წლის 29 ივლისს, პარასკევ საღამოს, სამუშაო დღის მიწურულს, 17:02 საათზე გამოაცხადა. წინადადებების მიღება კი შაბათს 00:09 საათზე დაიწყო და ორშაბათს 12:00 საათზე დასრულდა. შესაბამისად არც იყო გასაკვირი, რომ არაინფორმირებულობის გამო განაცხადი ტენდერში მონაწილეობისთვის სხვა გაზეთებმა ვერ შეიტანეს, შპს "მვპ", რომელიც გაზეთ "24 საათს" ფლობს, გამარჯვებულად გამოცხადდა და 120.960-ლარიანი კონტრაქტიც დაისაკუთრა. მაშინ, როცა საქართველოს კანონში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ცალსახად არის მითითებული, რომ: "სატენდერო კომისია გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა."

აშკარაა, რომ ტენდერი კანონის უხეში დარღვევით ჩატარდა. მაგრამ არც ამით დასრულებულა საჯარო რეესტრის მხრიდან კანონის უგულებელყოფა და მიმწოდებლის, ანუ შპს "მვპ"-ს სასარგებლოდ შეიცვალა ხელშეკრულების პირობები და რეესტრმა "24 საათს" ბიუჯეტის თანხა უშურველად გაუზარდა 131.040 ლარამდე. არადა კანონის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება. ამის შემდეგ კიდევ უფრო დაუჯერებელი ამბები მოხდა, მას მერე, რაც ამ ტენდერის უკანონობაზე ინფორმაცია გაავრცელა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", სატენდერო თანხის - 131.040 ლარის გახარჯვის შემდეგ, საჯარო რეესტრმა ახალი ტენდერის ჩატარებაზე თავი საერთოდ აღარ შეიწუხა და "24 საათთან" თანამშრომლობა ტენდერის გარეშე,  პირდაპირი შესყიდვის წესის საფუძველზე გააგრძელა.

მამუკა ანდღულაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მედიაანალიტიკოსი: "დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ სატენდერო პირობები მორგებული იყო "24 საათზე." საყურადღებოა ისიც, რომ რატომღაც სულ ერთი და იგივე კომპანიები იგებენ სახელმწიფო ტენდერებს. გახსოვთ ალბათ სასკოლო სახელმძღვანელოების დაბეჭდვის უფლებაც სტამბა "24-მა საათმა" მოიპოვა. ეს სუბსიდირება არახელსაყრელ პირობებში აყენებს დანარჩენ მედიასაშუალებებს. მთავარი ის არის, რომ ეს ჩვენი ფულია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხაა, რომელიც ფაქტობრივად დამოუკიდებელი კერძო ბიზნესის წინააღმდეგ არის მიმართული და არაკონკურენტულ გარემოს ქმნის. მედიაში რეკლამა ისედაც არაპროპორციულად ნაწილდება. მაგალითად, ბოლო მონაცემებით, საქართველოში მედიასაშუალებებში განთავსებული რეკლამებიდან, სატელევიზიო რეკლამის წილად 78% მოდის, მაშინ როცა, აღმოსავლეთ ევროპაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 56%-ია. ცოტა ხნის წინ, კანონში შესული ცვლილების შემდეგ ტელევიზიაში რეკლამის განთავსება ხელოვნურად გააიაფეს, ამიტომ მომხმარებელი ნაკლებად არის დაინტერესებული რეკლამა ბეჭდურ მედიაში განათავსოს. ბეჭდური მედიის ერთ-ერთი ძირითადი შემოსავალი სარეკლამო განცხადებებია და ამაშიც რომ სახელმწიფო შემოიჭრება, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს შესაძლოა სხვა მიზანსაც ემსახურებოდეს. პრესა, რომელსაც არა აქვს ფინანსური მდგრადობა, დამოუკიდებლობას რთულად ინარჩუნებს.

საჯარო რეესტრის განცხადებების გაზეთის პროექტი ფართოდ გაშუქდა ნაციონალური არხებით. ტელევიზიის პარალელურად მისი რეკლამირება, ტელეფონზე  მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით, თბილისსა და გორში პრომოაქციებით მიმდინარეობდა. "24 საათი" სარგებელს ნახულობს, როგორც გარანტირებული სარეკლამო შემოსავლების სახით, ასევე საჯარო რეესტრის სააგენტოს პრომოაქციებით, რაც ზრდის ამ გაზეთის ცნობადობას.

მას შემდეგ, რაც დეკემბრის ბოლოს ტენდერით გათვალისწინებული პროექტი ამოიწურა, "24 საათი" განაგრძობს ცალკე რეკლამებისთვის განკუთვნილი გაზეთის გამოცემას. ჩვენ რამდენიმე წერილით მივმართეთ საჯარო რეესტრის სააგენტოს, სადაც ვთხოვდით ამ საჯარო უწყებას ეპასუხა ჩვენთვის, თუ რა პირობებით განახლდა კონტრაქტი "24 საათთან" და რამდენი დახარჯა სამთავრობო სააგენტომ აღნიშნული პროექტის პოპულარიზაციისთვის. საჯარო რეესტრის სააგენტომ წერილზე არ გვიპასუხა".

გაზეთ "24 საათის" გამომცემელ პაატა ვეშაპიძესაც დავუკავშირდი, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და განაცხადა, ახალს ვერაფერს დავამატებ იმას, რაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მივწერეო. ამ წერილში კი ნათქვამია, რომ "24 საათს" ტენდერის კანონიერება ეჭვქვეშ არ დაუყენებია და შაბათ-კვირა საქართველოში გამომავალი გაზეთების უმრავლესობისთვის ჩვეულებრივი სამუშაო დღეა(?!) - ვერაფერს იტყვი, მართლაც საინტერესო არგუმენტია, მაგრამ შაბათ-კვირა მთელ მსოფლიოში აღიარებულია უქმე დღეებად. ეს არის ერთნაირი საერთაშორისო სტანდარტი ყველა ქვეყნისთვის და ყველა სახელმწიფო, კერძო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის. თუ ვინმე უქმეებზეც მუშაობს, ეს უკვე მისი საქმეა. იქნებ მე გამომრჩა რამე და ჩვენთან უქმეებიც გაუქმდა, ქვეყნის სწრაფად აღმშენებლობის მოტივით?!

მრავალგვერდიანი გაზეთის დაბალი ფასით გაკვირვებულმა ისიც კი ვკითხე "24 საათის" გამომცემელს, თუ რა არის ამ გაზეთის თვითღირებულება, რაზეც მოკლედ მიპასუხა: ეს ალბათ სტამბას უნდა ჰკითხოთ, ქაღალდს ისინი ითვლიანო. ამის შემდეგ მართლაც დავინტერესდი და ერთ-ერთ სტამბას მივმართე თხოვნით, 80-გვერდიანი გაზეთის ბეჭდვის თვითღირებულება და სასტამბო დანახარჯი დაეთვალათ. აღმოჩნდა, რომ ასეთი მოცულობის გაზეთის ერთი ეგზემპლარის მხოლოდ სასტამბო მომსახურების ღირებულება დაახლოებით 95 თეთრს შეადგენს, და ამაში არ იგულისხმება ამ გაზეთის ტრანსპორტირების, მისი გავრცელების და სხვა ხარჯები.

გამოდის, რომ სახელმწიფო ბევრად მეტს ხარჯავს, ვიდრე რეალურად შესაძლოა ამ გაზეთის რეალიზაციით მიიღოს და ამას ჩვენ მიერ ბიუჯეტში გადახდილი ფულით აკეთებს, მარტივად რომ ვთქვათ, ხალხის ჯიბიდან ამოღებულ ფულს ქარს ატანს, მაშინ როცა უამრავი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი უსახსრობის გამო დაუფინანსებელი რჩება.

ამ პროექტს რეალურად არც რამე სოციალური დატვირთვა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ გაზეთი მხოლოდ 20 თეთრი ღირს, მომხმარებლის მოთხოვნით არ სარგებლობს. ამის შესახებ ჩვენთვის პრესის რეალიზატორებისგან გახდა ცნობილი. როგორც ამბობენ, გაზეთ "24 საათისა" და საჯარო რეესტრის ერთობლივ გაზეთში ხშირად მოძველებული განცხადებები იბეჭდება, რითაც მომხმარებელი უკმაყოფილებას ხშირად გამოხატავს.

"სიიაფის მიუხედავად "24 საათის" სარეკლამო განცხადებების გაზეთი "საჯარო რეესტრი" მაინც ცუდად იყიდება. ვინც წაიღო, მალევე უკან მომიბრუნა საყვედურით, რომ მასში უმეტესად ძველი განცხადებებია დაბეჭდილი და რამდენჯერაც მითითებულ ნომრებზე დავრეკეთ, გვისაყვედურესო. ამიტომ ახლა აღარც ვთავაზობ არავის, რომ კლიენტი უკმაყოფილო არ დამრჩეს", - გვითხრა პრესის რეალიზატორმა ქალბატონმა ნანამ და დაამატა, რომ მომხმარებელი ისეთ გამოცემას ითხოვს, სადაც განცხადებების განახლება ყოველდღე ხდება და თან თემატურადაც მრავალფეროვანია. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული გამოცემა მომხმარებლის მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ პასუხობს და შესაბამისად ხალხის ინტერესს არ ემსახურება.

საჯარო რეესტრში დაგვიდასტურეს, რომ მიმდინარე წლის 3 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შპს "მვპ"-ს შორის გამარტივებული შესყიდვის გზით გაფორმდა #01/10/022 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაზეთში ინფორმაციის განთავსების მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, სახელმწიფო უწყება სულ უფრო აფართოებს ბაზარზე მოქმედების არეალს. ასე მაგალითად,  საჯარო რეესტრის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ მიერ დაფინანსებულ გაზეთში თავდაპირველად მხოლოდ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული განცხადებები უნდა გამოქვეყნებულიყო. ახლა კი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მეორადი ავტომობილების, ავეჯის, ჯართის ყიდვა-გაყიდვასა და დასაქმების, ბიოენერგეტიკული ველით უშვილობის, კლიმაქსისა და დეპრესიის მკურნალობის შუამავლადაც გვევლინება. და ეს ყველაფერი ჩვენ მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების ხარჯზე, რომელიც მსუბუქად რომ ვთქვათ, არამიზნობრივად იხარჯება.

ფაქტი ერთია, სახელმწიფო უხეშად ერევა კერძო სექტორში. როგორც ჩანს, ცალკეული მედიასაშუალებების დაფინანსებითა და უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებით, ხელისუფლებას სურს ბეჭდურ მედიაშიც ისეთი პოზიციები დაიკავოს, როგორიც ახლა სატელევიზიო და გარე რეკლამის სეგმენტში აქვს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"' კიდევ ერთი კვლევით საქართველოს სარეკლამო ბაზარი ორ-სამ კომპანიას აქვს მონოპოლიზებული, რომელსაც, ძირითადად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სანათესავო და სამეგობრო წრე აკონტროლებს. ბეჭდური მედიის წილი ზოგადად სარეკლამო ბაზარზე მცირეა და მხოლოდ 4-5%-ს შეადგენს. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელისუფლებასა თუ მასთან დაახლოებულ პირებს, მისი დაპატრონებისთვის კომერციული ინტერესი ამოძრავებდეთ. თუმცა, თავისუფალი ბეჭდური მედიის შეზღუდვა მავანთათვის კარგი ბერკეტი იქნება ქვეყანაში საინფორმაციო ვაკუუმის შესაქმნელად.

P.S. რაც დრო გადის, ხელისუფლების წევრები მით უფრო მეტს ლაპარაკობენ ქვეყანაში კორუფციის არარსებობაზე, საქმით კი სულ სხვა რამ მტკიცდება. სატენდერო პირობების დარღვევა, კანონის უგულებელყოფა და სახელმწიფო ფულის გაფლანგვა - ყოველივე ეს ერთად და ცალ-ცალკეც სახელმწიფო კორუფციას ძალიან ჰგავს, რომელიც კარგად შემუშავებული სქემით ხორციელდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კორუფციული სქემის მიღმა ორი შესაძლო ინტერესი იკვეთება - საბიუჯეტო სახსრების კერძო, მათ შორის ჩინოვნიკთა, ჯიბეებში გადადინება ან პოლიტიკური ნიშნით იმ გამოცემებისთვის ზიანის მიყენება, რომელიც ძლიერთა ამა ქვეყნისა თვალში არ მოსდით. ან ერთიც და მეორეც ერთად. ჩვენ შევეცდებით ამ კორუფციულ გარიგებებში მომავალ ნომრებში კიდევ უფრო ღრმად ჩაგახედოთ...