პლაგიატის თუ დეზინფორმაციის მსხვერპლნი?! - კვირის პალიტრა

პლაგიატის თუ დეზინფორმაციის მსხვერპლნი?!

"დაცვის ერთადერთი ეფექტური მექანიზმი ის არის, რომ საინფორმაციო საშუალების გამოცდილებასა და სანდოობას მიაქციო  ყურადღება"

ბაია ცანავა: "ახალგამოჩეკილი სააგენტოები პოპულარული საინფორმაციო საშუალებების ნიუსებს იპარავენ, გავრცელების თარიღს უცვლიან და საკუთრად ასაღებენ(?!)"

ყოველი არჩევნების წინ სოკოებივით მრავლდება ახალ-ახალი საინფორმაციო საშუალებები. ეს უკვე ტრადიციად იქცა. მოგეხსენებათ, ტელევიზიის შექმნა ძვირად ღირებული სიამოვნებაა, სადაც გადამწყვეტი მხოლოდ  ფული არ არის. შეიძლება ითქვას, საქართველოში სახელისუფლებო გავლენისგან თავისუფალი ტელევიზია, რომელსაც მთელ საქართველოში მაუწყებლობის საშუალება ექნება, არც არსებობს. თანაც, XXI საუკუნეში უკვე ინტერნეტმედიის ბუმია, რაც ინფორმაციის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს. საქართველოშიც საინფორმაციო პორტალებისა თუ სააგენტოების მომრავლება აშკარად თვალში საცემია, თუმცა როგორც მედიაექსპერტები ვარაუდობენ, არც მათი არსებობა იქნება ხანგრძლივი. მიზეზად მედიასტანდარტების დაუცველობა სახელდება. ხშირად ახალი საინფორმაციო პორტალებისა თუ სააგენტოების უკან რომელიმე ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი იმალება, რომლის დაკვეთითაც ხშირად ცრუინფორმაციაც ვრცელდება. რატომღაც ადამიანის ბუნებაც ისეთია, სასურველსა და დაუჯერებელს უფრო სწრაფად იჯერებს, მეტად ამახსოვრდება და მისდა უნებურად თავადაც ხდება ინფორმაციის "გადამცემი". მაგალითად, ახლახან ერთ-ერთმა საინფორმაციო პორტალმა გაავრცელა ინფორმაცია, ვანო მერაბიშვილი თანამდებობას ტოვებს, პოლიტიკურ პარტიას ქმნის და შს მინისტრის პოსტს ბაჩო ახალაია დაიკავებსო. ინფორმაცია სოციალურ ქსელებში საოცრად პოპულარული გახდა, ერთმა ჩემმა ნაცნობმა კი ლამის კულუარულ ამბადაც გაასაღა, - აი, ნახავ, ვანო თანამდებობას თუ არ დატოვებსო. რასაკვირველია, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ამ ამბავში უცნაური ის არის, რომ პირველწყაროს არავინ  უთითებს. მოკლედ, ან დაუჯერებელ ამბავს დაიჯერებ, ან თავში ქვა გიხლია!

ექსპერტები იმასაც აცხადებენ, რომ ინტერნეტსივრცე არაერთი დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებას იძლევა. მოკლედ, ვერაფრით არჩევ, რა არის ტყუილი და რა მართალი. ამ შემთხვევაში დაცვის ერთადერთი ეფექტური მექანიზმი ის არის, რომ საინფორმაციო საშუალების გამოცდილებასა და სანდოობას მიაქციო  ყურადღება.

რასაკვირველია, სანდოობის გარდა ახალშექმნილ სააგენტოებს თუ საინფორმაციო პორტალებს სხვა ბევრი პრობლემაც აქვთ, მათ შორის - შრომითი რესურსის სიმცირეც. თუმცა "გამოსავალი" მარტივად მოინახა, - ახალგამოჩეკილი სააგენტოები სხვა  პოპულარული, გამოცდილი საინფორმაციო საშუალებების ნიუსებს იპარავენ, გავრცელების თარიღს უცვლიან და საკუთრად ასაღებენ(?!). სწორედ ამგვარ ფაქტებზე გვესაუბრა საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მთავარი რედაქტორი ბაია ცანავა:

- დღე არ გავა, ჩვენი სააგენტოს ნიუსი რამდენიმე წუთში სხვა საინფორმაციო პორტალებსა და  ვებგვერდებზე არ ვნახოთ, ისე, რომ წყარო მითითებულიც კი არ არის. არადა, მთელ მსოფლიოში დამკვიდრებული წესია, - როცა მედიასაშუალებები რომელიმე სააგენტოს ინფორმაციას იყენებენ, წყარო უნდა მიუთითონ. ჩვენი არსებობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გვქონდა ისეთი შემთხვევებიც, როცა სხვა მედიასაშუალებამ გამოიყენა ჩვენი ინფორმაცია, რასაც გამოხმაურება და ამბის გაგრძელება მოჰყვა, მოგვიანებით კი, როცა პირველწყაროს დაზუსტება დასჭირდათ, ჩვენ მოგვმართეს, რადგან სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდათ... როდესაც ნიუსს ვაქვეყნებთ, გავრცელების დროც გვაქვს მითითებული. ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც 8 საათზე გაიმართა, ინფორმაცია გავავრცელეთ. სხვა სააგენტომ მაშინვე მოგვპარა ნიუსი (უკაცრავად, მაგრამ ამას სხვა სახელს ვერ დავარქმევ) და გავრცელების დროდ 7 საათი მიუთითა (ვითომ დაგვასწრო). არადა, ამ დროს შეხვედრა დაწყებულიც არ იყო(?!).

- სცადეთ ამ სააგენტოს წარმომადგენლებთან დაკავშირება?

- იმდენად ხშირია ასეთი შემთხვევები, რომ ძალიან ძნელია ყველაფერზე რეაგირება. ფაქტობრივად, დღეს ასეთი ვითარება გვაქვს, - ერთ-ორ პირს შეუძლია იოლად შექმნას ვითომ საინფორმაციო სივრცე და ხან ტელევიზიით, ხანაც სხვა საინფორმაციო საშუალებით გავრცელებული ნიუსი მოიპაროს და საკუთარ ვებგვერდებზე განათავსოს. ალბათ, სხვა საინფორმაციო საშუალებებსაც იგივე პრობლემები ექმნებათ და კარგი იქნება, თუ საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდება ამ საკითხზე.

- იქნებ ჩავატაროთ ექსპერიმენტი, გავუშვათ რაიმე უვნებელი ცრუინფორმაცია და ვნახოთ, რომელი სააგენტოები მოიპარავენ.

- ჩვენ სხვას მატყუარობაში ვერ შევეჯიბრებით, თუნდაც უვნებელი ცრუინფორმაციითაც, არ მინდა ჩემი მომხმარებლის მოტყუება. მაგრამ გეტყვით, რომ ამას ექსპერიმენტის ჩატარებაც არ სჭირდება. გავავრცელებთ ინფორმაციას და ნახავთ, რომ ზუსტად იმავე სიტყვებით, რესპონდენტების იმავე თანამიმდევრობით განათავსებენ მას სხვა საიტებზე წყაროს მიუთითებლად.

P. S. ექსპერიმენტის შედეგმაც არ დააყოვნა, - "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტმა რამდენიმე ექსპერტი და პოლიტიკოსი ჩაწერა, რომელთა კომენტარები სიტყვასიტყვით, ისე, რომ თანამიმდევრობაც არ იყო შეცვლილი, სხვა საინფორმაციო საშუალებამ (ამჯერად მათი დასახელებისგან თავს შევიკავებთ) საკუთარ ვებგვერდზე წყაროს მიუთითებლად განათავსა. რედაქტორმა, რომელმაც ამ ინტერვიუზე იმუშავა, ამჯერად ინფორმაციის "გადამქაჩველებს" მართლაც დაურეკა და პასუხი მოსთხოვა. მათ ინფორმაციის წაღების ფაქტი არ უარყვეს, მაგრამ, გაიკვირვეს, რატომ აქვს საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" პრეტენზია(?!).