რის გამო ემადლიერებიან კავკასიელი მებრძოლები ივანიშვილს?! - კვირის პალიტრა

რის გამო ემადლიერებიან კავკასიელი მებრძოლები ივანიშვილს?!

"კვირის პალიტრასთან" კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი მტკიცებით, კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მებრძოლმა ლიდერებმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა დადებით მოვლენად მიიჩნიეს. მაშ, ასე, ფილანთროპი "რუსული პროექტია" (რის დამტკიცებასაც ხელისუფლება მუდმივად ცდილობს) თუ პირიქით, რუსეთთან მებრძოლთა გულშემატკივარი?! კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე ზაალ კასრელიშვილი გვესაუბრა.

- ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში კავკასიის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მსოფლიო პოლიტიკური პროცესების გამოძახილია. მსოფლიოში თანდათან ვიწროვდება გავლენების მქონე ქვეყანათა რაოდენობა და მხოლოდ ორი დომინანტი, ამერიკა და რუსეთი რჩება. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განცხადებები ხშირად სწორედ ამ პროცესებს ეხმიანება.

- ფაქტობრივად, მოლდოვამ (რომელიც ადრე ნატოს პარტნიორობის საბჭოსთან თანამშრომლობდა) ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. უკრაინამაც უარი თქვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებაზე. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით, ივანიშვილის ქვეყნის სათავეში მოსვლაც იმავე პროცესის მომასწავებელი იქნება. თქვენი აზრით, რამდენად შესაძლოა ანალოგიური სიტუაცია საქართველოში მართლაც შეიქმნას?

- ვფიქრობ, უკრაინასთან საქართველოს შედარება გამართლებული არ არის. საქმეც ის არის, რომ იანუკოვიჩმა მკვეთრად პროდასავლური ფიგურები გვერდით არ დაიყენა. აქედან უკვე ჩანდა, რომ უკრაინა ნატოზე უარს იტყოდა. სხვათა შორის, ამ ქვეყანას ევროკავშირთანაც დაუმძიმდა ურთიერთობა. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კი სულ სხვაგვარი ვითარება გვექნება. მან მკვეთრად პროდასავლური იმიჯის მქონე პოლიტიკურ ძალებზე გააკეთა აქცენტი. ვფიქრობ, ეს ძალზე სწორი და დროული ნაბიჯი იყო. მოლდოვას შემთხვევაში ოდნავ განსხვავებული ვითარება გვაქვს. ყველას ეგონა, იქ ზუსტად ისე განვითარდებოდა პროცესები, როგორც უკრაინაში, თუმცა ამაოდ. მოლდავეთის რუსეთისადმი დამოკიდებულება მხოლოდ ვაჭრობის საგანი გახდა. ის რუსეთს გაზის ფასზე, ხოლო დასავლეთს სხვადასხვა დახმარებებზე ელაპარაკება. ამდენად, რაღაც პერიოდის განმავლობაში მან ნატოსადმი დამოკიდებულება შეცვალა და ნეიტრალური პოზიცია დაიკავა.

- მართალია, ივანიშვილმა ფსონი პროდასავლურ ფიგურებზე გააკეთა, მაგრამ არც პრორუსულად შერაცხულ ძალებთან თანამშრომლობას გამორიცხავდა... რა ხდება ახლა, ივანიშვილმა ბურჯანაძეს ხელი ჰკრა?

- დიახ, თავიდან ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში ბურჯანაძესთან თანამშრომლობა არ გამორიცხა, რამაც გუნდში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია. ვფიქრობ, ივანიშვილი ისევე ითანამშრომლებს ბურჯანაძესთან, როგორც ყველა სხვა პოლიტიკურ ძალასთან, თუმცა ბურჯანაძე ვერ გახდება მისი პოლიტიკური პარტნიორი... ძნელი სათქმელია, ივანიშვილის გუნდში ახლა რა "წვენი" იხარშება, თუმცა ისიც ცხადია, როცა ადამიანი ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლაზე ფიქრობს, ყველა ორიენტაციის ძალასთან ურთიერთობის გაბმას ცდილობს. რა თქმა უნდა, რუსეთს კავკასიის რეგიონშიც საკუთარი ეკონომიკური ინტერესები აქვს, უშუალოდ საქართველოში კი ამ ინტერესის დასაცავად ბერკეტებს ეძებს. მას სურს საქართველოს მომავალ პარლამენტში მკვეთრად პრორუსული ძალები იხილოს, მაგრამ ისიც იცის, რომ ასლან აბაშიძე ან იგორ გიორგაძე ვეღარ გამოადგება. ეს წარმოუდგენელია.… ამიტომ რუსეთი ცდილობს, ნინო ბურჯანაძე მიაბას პროცესებს, რადგან სხვა არჩევანი არ აქვს. ალასანია-ივანიშვილი- რესპუბლიკელების ბედი კი უკვე გარკვეულია. ჩემი აზრით, ამ ძალებს წარმატების პერსპექტივა აქვთ. ამასთანავე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოში პროცესები რუსეთის სასარგებლოდ ვითარდება. მაგალითად, ერთ მშვენიერ დღეს ყველასთვის მოულოდნელად მთელ ანგლოსაქსურ სამყაროში ყველაზე დიდმა ნავთობკორპორაცია "ექსონმობილმა" პუტინთან გააფორმა კონტრაქტი იმის თაობაზე, რომ რუსეთის ჩრდილოეთ შელფზე ნავთობის მოპოვებას და გადამუშავებას დაიწყებდა. ეს კომპანია 300-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, დამატებით კი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 200 მილიარდის დახარჯვას აპირებს. თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთის ბიუჯეტის თანხა მთელი წლის განმავლობაში 300 მილიარდს არ აღემატება. ეს რომ კარტოფილის, რძის პროდუქტების შეტან-გამოტანა იყოს, მხოლოდ ბიზნესპარტნიორობის ფარგლებში შეიძლებოდა განმეხილა, თუმცა დიდი მნიშვნელობის ეკონომიკური შეთანხმებები პოლიტიკის გარეშე არ ხდება.

 - მედვედევმა თქვა, 2008 წლის ომი რომ არა, საქართველოსთან ერთად რამდენიმე ქვეყანა ნატოში შევიდოდაო. ივანიშვილის აზრით კი ნატოში შესვლის პერსპექტივა თავად სააკაშვილმა გადასწია.… როგორ უყურებენ ამ საკითხს კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის მებრძოლი ლიდერები?

- ფაქტია, სააკაშვილი რუსეთის პროვოკაციას წამოეგო, ხოლო ომში დამარცხებული (რაღა თქმა უნდა) საქართველო აღმოჩნდა. რუსეთისგან მეტს არც არავინ ელოდა, მაგრამ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის მებრძოლი, საზოგადოებრივად და პოლიტიკურად აქტიური კავკასიელები (რომელთაც მორალურ ლიდერებად მიიჩნევენ) თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნატოც და ევროკავშირიც არაადეკვატური ქმედებებით დააფრთხო. სხვათა შორის, იგივე კავკასიელი ლიდერები ძალიან თბილად მოიხსენიებენ ივანიშვილს რაღაც პიროვნული დახმარებების გამო.

- სკანდალურ განცხადებას აკეთებთ...… გინდათ თქვათ, რომ ივანიშვილი კავკასიაში რუსეთთან მებრძოლებს აფინანსებდა?

- არა, არ ვამბობ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობას აფინანსებდა.… უბრალოდ, კავკასიელი ლიდერები იცნობენ მას როგორც ქველმოქმედს და იციან, როცა მათ ახლობელს გაუჭირდა, ივანიშვილს მიმართა და დახმარება მიიღო. ამის გამო ძალიან ემადლიერებიან. სხვათა შორის, გენერალ ლებედის დაფინანსებას აყვედრიან ივანიშვილს და მინდა აღვნიშნო, რომ გენერალი ლებედიც კი არ იყო ჩრდილოკავკასიელებისადმი ცუდად განწყობილი. სხვებისგან განსხვავებით მან დროულად აღიარა, რუსეთის არმია ფიზიკურად დამარცხდა ჩეჩნეთში და სამშვიდობო შეთანხმებას ხელი უნდა მოვაწეროთო. რასაკვირველია, ზოგადკავკასიურ ერთიანობაში ბიძინა ივანიშვილი პიროვნულად არ მონაწილეობდა, თუმცა ძალიან კარგად ესმის კავკასიაში მიმდინარე პროცესები, წარმოდგენა აქვს იმ ძალებზე, რომლებიც კავკასიაში სიტუაციას არევენ ხოლმე და ომამდე მიჰყავთ.

- რომელ ძალებს გულისხმობთ?

- სხვადასხვა ძალას, სადაც სახელმწიფოს ინტერესებიც იკვეთება და პერსონალურიც.

- ივანიშვილმა ისიც თქვა, ექსპერტებთან ერთად დავსხდებით და განვიხილავთ, როგორ უნდა დავაბალანსოთ კავკასიაში სხვადასხვა ქვეყნის ინტერესებიო...

- მოგეხსენებათ, კავკასიაში რუსეთს, თურქეთს, აშშ-ს, ევროპას, სომხურ, ებრაულ ლობის, რადიკალურ ისლამს და ე.წ. მითურ მასონურ ლოჟას საკუთარი ინტერესები აქვთ. საქმე იმდენად რთულად არის, რომ ამდენი ინტერესის დაბალანსება ვერაფრით ხერხდება. ეს გამორიცხული ამბავია. ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი და გაცნობიერებული ძალების ინტერესების სასარგებლოდ გაიცრება სხვა ძალების ინტერესები. უფრო თუ დავაზუსტებ, კავკასიაში მხოლოდ ამერიკისა და რუსეთის ინტერესები დარჩება და სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში ევროპა გამზავებლის ფუნქციას შეიძენს. აქ დანარჩენი ძალებისთვის არეალი აღარ დარჩება. ამ ვითარებაში საქართველოს ეძლევა შანსი, კვლავაც ლიდერის ფუნქცია დაიბრუნოს, თუმცა ეს სააკაშვილის მმართველობის დროს რომ ვერ მოხდება, სრულიად ცხადია. ამ თვალსაზრისით 2008 წლის ომმაც უკან საკმაოდ დაგვხია.

(სპეციალურად საიტისთვის)