ფოთური პარადოქსები, ანუ მდიდარი ქალაქის ღარიბული ეტიუდები - კვირის პალიტრა

ფოთური პარადოქსები, ანუ მდიდარი ქალაქის ღარიბული ეტიუდები

რამ გამახსენა ფოთი?.. ან რამ უნდა დამავიწყოს. როგორც ერთ დროს რომში კაცობრიობის გზები, საქართველოს ყოფნა-არყოფნის გზებიც ფოთისკენ მიდის ან ფოთიდან მოდის, - მართლაც, გრანდიოზული მნიშვნელობის ფოთის პორტს ქვეყანა ბევრჯერ უხსნია განსაცდელიდან.მეც ბავშვობის შემდეგ უნახავ ქალაქს დილაბნელზე მივადექი, სადაც სანაპიროსთვის ჩვეულებრივი გრიგალი და ქარით დაწყვეტილი ელექტროსადენები დამხვდა. მეც ვიფიქრე, - მგონი, ისევ ბავშვობაში დავბრუნდი, ისევ ისეთივეა ყველაფერი, როგორიც წლების წინ იყო-მეთქი და ლაბადაწამოსხმულ ფოთელ ქალბატონს გამოველაპარაკე, - პორტისკენ ხომ სწორად მივდივარ-მეთქი? იმანაც, - დიდა, გეტყობა, ურეკის სადგურიდან მოდიხარ ამ ბნელში. ისე გამოერეცხოს ტვინი თავიდან, ვინც ფოთის ღამის მატარებელი ამორიცხა რკინიგზიდანო, გაურკვეველი მიმართულებით გაგზავნა ქოქოლა და დააყოლა, - სწორად მიდიხარ, დიდა, მაგრამ მაგი პორტი ახლა არაბების აღარაა, დანიელებისააო, ისე მომაძახა ეს სახელმწიფო მნიშვნელობის ამბავი, გეგონება, პორტის გასხვისების გადაწყვეტილება თავად მიიღო და შედეგით უკმაყოფილო ჩანდა. რომ შევცბი - აკი, პორტი არაბებს 49 წლით ჰქონდათ იჯარით აღებული-მეთქი? მანაც "სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისავე" არგუმენტი მოიშველია, - არაა მაგი საჩვენო საქმე, მაგფერი საკითხები პოლიტიკოსების კაბინეტებში წყდებაო. და... წავიდა.

ასე დამეტაკა დილაუთენია (ფოთის გრიგალივით!) ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავი, რომელთან ერთადაც ჩავუარე ფოთის წვიმით ჩაშავებულ ძველ სახლებს და ფაქტობრივად უცნობ ადამიანს, შალვა ლიპარტელიანს შინ მივადექი. პორტის "გადამკიდე" ფოთელებს სტუმარი არ უკვირთ და ძალიანაც უყვართ; ეს ტრადიცია დრომაც ვერ დაარღვია...

- კი, ჩემო ბატონო, სტუმრის მოსვლა ყოველთვის გვიხარია,  - დამიდასტურა ბატონმა შალვამაც და "კერასინკა", სწორედ ისეთი, დაახლოებით 15-20 წლის წინ რომ გვენთო ჩაბნელებულ თბილისში, ახლოს მომიჩოჩა, - სანამ ქუჩებში ქარით დაწყვეტილ მავთულებს არ გადააბამენ, ამით უნდა გათბეო.

- ტელევიზორში სულ მესმის, ფოთი გაზიფიცირებულიაო, რაღა დროს ეს ავადსახსენებელი "კერასინკაა" ან ნავთს სადღა შოულობთ, ბატონო შალვა?!

- ვშოულობთ კი არა, თბილისშიც გაგატან, რამდენიც გინდაო, - ჩაეღიმა ბატონ შალვას და საუბარი ჩემთვის "ნოსტალგიადქცეული" "კერასინკის" სუნში განაგრძო: - გაზი რომ იყოს ფოთში, "კერასინკას" კი არ მოგიტანდი გასათბობად. მაგრამ ფოთი გულითაა თბილი ქალაქი. ამიტომ აქ პატარა ბიჭი რომ ჩამოვედი ლეჩხუმიდან, მერე ვეღარ წავედი - "პივნოიში" შევიარე პირველად. იქ ორი ბიჭი დამხვდა. უცხო რო დამინახეს, ნელ-ნელა მოიწიეს - რას ჰქვია, მარტო სადილობ და არავინ დაგპატიჟაო! და ისე გამომიშვეს იქიდან, თავს ვეღარ ვცნობდი... ასე დავრჩი ფოთში და მის სიყვარულში.

- რაც პორტში სიმდიდრე შემოდის, აყვავებული უნდა იყოს აქაურობა, მაგრამ დღეს უკვე თუნდაც საქართველოში, იშვიათად შეხვდები სიძველისგან ისეთ დაობებულ ხის სახლებს, როგორიც ფოთშია.

- მაგას მაშინაც გვეუბნებოდნენ, ომი და ყაჩაღობა რომ იყო საქართველოში - ფოთელები სულელები ხართ, პორტში ამხელა სიმდიდრე გიწყვიათ და ვერ იყენებთო. სამაგიეროდ, სხვამ გამოიყენა - ყოველი მხრიდან შემოდიოდნენ მანქანები და ნაყაჩაღარით დატვირთულები მიდიოდნენ. გაჰქონდათ, მაგრამ რა გაჰქონდათ... მაგრამ მაინც ფოთის ხამსამ და ლობიომ გადაარჩინა საქართველო. ხამსა გროშები ღირდა, ჯგლეთა იყო ნაპირზე, მთელი საქართველო ელოდებოდა თევზიან სეინერებს.

- ახლა რაღა ღირს?

- კილო 2 ლარი და ჯგლეთაც აღარ არის, ახლა  ხომ სხვა რამეებიც შემოვიდა, დაილოცოს ზღვა და მშვიდობა.

- ფოთელები 2008 წლის ომშიც დიდ განსაცდელში იყავით

- კი. პორტი დაბომბეს და ხალხი დაიხოცა. ფოთელებმა მაშინ იარაღის ძებნა დავიწყეთ - მთელი წინა წლების განმავლობაში ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ქალაქმა იარაღი მოიკითხა. მაგრამ ახლა რომ ვუკვირდები, ამისთანა ადგილის პატრონს მშვიდად ვინ დაგაყენებს. აი, თურქი ფაშას კოშკს ხომ გამოუარე? მაგ ადგილასაც დამპყრობის ციხესიმაგრე იდგა. შიგ  ფაშა ქართველ ტყვეებს მალავდა და მერე ზღვით გზავნიდა სტამბოლში. ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ, როცა რუსები შემოვიდნენ, ციხის ეზოს კენჭიც კი არ აკლდა...

მერე თავად ციხეში ქვა-ქვაზე აღარ დატოვეს, ერთი კოშკის გარდა ყველაფერი დაშალეს და მასალა ნავსადგურის ასაშენებლად გამოიყენეს. ის ერთი კოშკი დღეს ფოთის ისტორიულ ძეგლად ითვლება. მაგრამ ეს იდუმალებით სავსე ციხე, ერთ რუს მხატვარს ისე მოსწონებია, ნახვისთანავე დაუხატავს. ამბობენ, უნიკალური ნახატია, მაგრამ რამდენიმე კაცის გარდა არავის უნახავს. ეს ნახატი ფოთს თურმე ისევ ჰქონია შემორჩენილი.

- უნდა მანახოთ და ექსკლუზივის ავტორი იქნებით.

- მე ვერა, ერთმა კარგმა ბიჭმა მოიძია და ის გაჩვენებს...

- მაშინ იმ ბიჭსაც დაველაპარაკოთ, ოღონდ მერე. ახლა კი ქალაქში უნდა წავიდე... და, ჩემი ჭკუით, ბატონ შალვას ვემშვიდობები, მაგრამ ვინ გიშვებს, - რას მიქვია, ქალი მარტო გავუშვაო და... მომყვება. ქალაქში კი წვიმის წვეთები ნემსებივით იჩხვლიტება და გრიგალს ზღვა ფეხზე ჰყავს დაყენებული. ასეთ დროს სანაპიროზე შეშის ასაკრეფად გამოსულ ქალს ვხედავ, რომელიც ჩემდა გასაკვირად გამარჯობაზე მაინც ტკბილად მპასუხობს, - მშვიდობა მოგცეს, დიდა, ღმერთმა, რამ შეგაწუხაო?!

- პორტში ვიყავი და ტომრებით რომ დაგინახეთ, ვიფიქრე ნეტავი ასე როგორ უჭირს რომ ამისთანა ქარ-წვიმაში, როცა ძაღლიც არ გაიგდება გარეთ, ეს ზღვის გამორიყულ შეშას აგროვებს-მეთქი!

- ისე გაუჭირდა მტერს, მე და ჩემისთანებს რომ გვიჭირს, მთელი ზამთარი ზღვის მოტანილი შეშის იმედზე ვართ. ათი წუთი თუ გაჩერდი აქანე, ჩემისთანას ბევრს ნახავ, მაგრამ შენ რას გოუძლებ, ან გულის დამძიმება რად გინდა... წაი სახლში და გათბი, - მეუბნება მშვიდად და მეც მოვდივარ, - ან რა შემიძლია...

- შეწუხდი, არა? - მეუბნება ბატონი შალვა, - მაგისთანა ბევრია ფოთში. ისეთი პორტის პატრონი ქალაქი, რომელიც  მილიონობით ტვირთს ატარებს, უფრო შეძლებულად არ უნდა ცხოვრობდეს? მაგრამ რაც არის, არის... ახლა, მოდი, მომავლისკენ წავიდეთ!

- ველოსიპედით თუ მანქანით? ამ გრიგალში იმდენი ველოსიპედიანი კაცი დავინახე, ვიფიქრე, იქნებ მეც ველოსიპედზე შემოვჯდე-მეთქი.

- ეგ ყველას კი არ გამოგივათ, ბატონო. მაგრამ ჩვენთან ისეთი პოპულარულია ეგ ტრანსპორტი, რომ ხალხი, ბაზარში მეგრული სულგუნის საყიდლადაც ველოსიპედით დადის.

- მაშინ ჩვენც წავიდეთ.

- სად, სულგუნის თუ ველოსიპედის საყიდლად? - მეხუმრება ბატონი შალვა, - ისე, ფასში თბილისსა და ფოთს შორის დიდი განსხვავება არ უნდა იყოს. ჩვენი სულგუნი კილო 14 ლარი ღირს.

- კი მაგრამ, რა ამბავია?!

- ასეა, ბატონო. ჩვენი ბაზარი საქართველოში ყველაზე ძვირია, რადგან ჩვენი ქალაქიც სამყაროს ცენტრი გახლავთ!

- ეს ქალაქი სამყაროს ცენტრად პორტში უცხოელების შემოსვლამ აქცია. მათ მოსწონთ ეტყობა ქართული პროდუქცია და იმიტომაც უკიდია ყველაფერს ცეცხლის ფასი. ისე, ცუდი კი არ არის, ხალხს რომ რამეთი აწონებ თავს.

- აი, მასე ფიქრობდა ჩვენი პორტის დამაარსებელი ნიკო ნიკოლაძე. ფოთი პაწია დაბა იყო, ჭაობის დაშრობა და პორტის შენება რომ დაიწყო. ამ ქალაქს დიდი მომავალი აქვსო, ამბობდა. გენიოსი იყო, ასეთი ქართველი კიდე ერთი-ორი რომ მისცა საქართველოს, აღარაფერი გვიჭირდა. მერე თავად ჰქონდა დიდი ადამიანური ხიბლი, უცხოელები მის ფერხთით იყვნენ - რასაც გინდა, გაგიკეთებთო.

- ასეთი ხიბლი ზოგადად გვაქვს ქართველებს. მითხრეს, ფოთის თეატრის დირექტორ თენგიზ ხუხიასთვის რომელიღაც ირანელს ლომის ოთხი უძვირფასესი ქანდაკება გამოუგზავნია, - თქვენი თეატრი და ქალაქი ძალზე მომეწონაო.

- კი, მასეა. ლომები ფოთის ხიდზე დადგეს და ხიდიც მოაშანდაკეს. ქვაც ირანიდან კონტეინერებით ჩამოვიდა. ეს ლომები ამ ხიდის თავსა და ბოლოში ალბათ ისევე სამუდამოდ დარჩა, როგორც სფინქსი ეგვიპტის პირამიდების წინ, ყოველ შემთხვევაში, ტავერდინის ქვა ნამდვილად არის მარადიული.

... და ალბათ - სიმბოლურიც. იმიტომ, რომ კაცობრიობის ერთ-ერთმა უდიდესმა სარდალმა, ალავერდი-ხან უნდილაძემ, ირანში, ისპაჰანში კაცობრიობის ერთ-ერთი ულამაზესი ხიდი ააშენა. ახლა კი ირანელმა ბიზნესმენმა ჩვენი ხიდისთვის ლომები გამოგვიგზავნა. არაფერი გენიშნებათ? ამას საღამოს უკვე ფოთის თეატრის მენეჯერი, რევაზ სეხნიაშვილი მეკითხება და ორი საუკუნის წინათ რუსი მხატვრის დახატულ ფაშას ციხეს მაგიდაზე დებს...

მაშინვე არაფერს ვეუბნები, მხოლოდ ფოთი-თბილისის გრძელ გზაზე მასაც და საკუთარ თავსაც ერთდროულად ვპასუხობ, - მენიშნება და მეტი არა? თურქი, რუსი, არაბი, დანიელი და... ფოთი... ზღვა კვლავ იღელვებს, კვლავ იქნება გრიგალებიც, წყალნი კვლავ წავლენ და წამოვლენ და საქართველო და ფოთი - ძველი ფაზისი კვლავ დარჩება. რა, აქამდეც ასე არ იყო?

ახლა ასე გამოიყურება ფაშას ციხიდან შემორჩენილი ერთადერთი კოშკი. არადა, იყო დრო, როდესაც რუსი მხატვარი ისე გააოგნა ციხის იდუმალებამ, რომ ნახვისთანავე დახატა. ჩვენ ორი საუკუნის წინ შექმნილი ეს ნახატი ექსკლუზიურად მოვიპოვეთ

ფოთის პორტი ხელიდან ხელში გადადის

2008 წელს ფოთის პორტის აქციები მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ინვესტორმა კომპანიამ, არაბულმა "რაკიინ ინვესტმენტმა" 155 მილიონ დოლარად იყიდა 49-წლიანი მართვის უფლებით. მათი მფლობელობისას პორტის საშუალო წლიური ტვირთბრუნვა 7 მილიარდ ტონაზე მეტი იყო, ხოლო მოგება დაახლოებით 8 მილიონი დოლარი.

თუმცა საბოლოოდ არაბულმა კომპანიამ აქციები დანიურ კომპანია "მაერსკის" შვილობილ კომპანია "აიპიემ ტერმინალს"  მიჰყიდა, თუმცა აქციების ნაწილი დაიტოვა. ახალი კომპანია კი მსოფლიოს 33 ქვეყანაში 44 პორტის მფლობელია. "როცა შეიძლება ფული რაღაცის გაყიდვით იშოვო, რატომ უნდა თქვა ამაზე უარი?", - განაცხადა არაბული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ აქციების გაყიდვის შემდეგ. დანიელებმა პორტის რეკონსტრუქციის და ადგილობრივი მუშახელის დასაქმების პირობა დადეს, თუმცა შემოსვლისთანავე პორტში 500 კაცი შეამცირეს.

როგორ შენდებოდა ფოთის საკათედრო ტაძარი

თანამედროვეობის დიდი ქართველი და საქართველოში ყველაზე დიდი ევროპელი, - ასე აფასებდნენ თავის საუკუნეში ნიკო ნიკოლაძეს, კაცს, რომელმაც უდიდესი ღვაწლი დასდო თავის სამშობლოს და ქალაქ ფოთის განვითარებას. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფოთი-თბილისის რკინიგზის გაყვანაა, რისთვისაც რუსეთის იმპერატორმა ოქროს ჟეტონით დააჯილდოვა და მთელი სიცოცხლე იმპერიის ტერიტორიაზე პირველი კლასის რკინიგზით უფასოდ მგზავრობის უფლება მისცა (ნიკო ნიკოლაძე იყო ერთადერთი კაცი, რომელსაც რუსეთის იმპერატორი სამი საათი სულგანაბული უსმენდა, სიტყვა ერთხელაც არ შეუწყვეტინებია). 1894 წლიდან, რაც ფოთელებმა ქალაქისთავად აირჩიეს, ნიკო ნიკოლაძეს ტიტანური შრომა  დასჭირდა, რომ დაბა ფოთი თანამედროვე ქალაქად ექცია.

ფანტასტიკური სიზუსტითა და სილამაზით შესრულებულ პროექტებში ფოთის ეკლესია გამოირჩეოდა. ნიკო ნიკოლაძეს სურდა, რომ ეს ეკლესია კონსტანტინოპოლის აია-სოფიას ასლი ყოფილიყო. ჩვენ დაგვჭირდება კონსტანტინოპოლში ჩასვლა და ტაძრის შესწავლა, - უთხრეს მშენებლებმა. - მაგრამ ზუსტად ასეთივე ტაძარი ჩვენს ქვეყანაშიც გვაქვს, - თქვა ნიკოლაძემ და გოლოვინის (ამჟამინდელი რუსთაველი) პროსპექტზე მდებარე ეკლესია დაასახელა (ამ ეკლესიის ნანგრევებსა და ეზოში დაკრძალულ იუნკრების ძვლებზე პარლამენტის შენობაა აგებული). ასე აშენდა ფოთის საკათედრო ტაძარი, საიდანაც ბოლშევიკებმა სამღვდელოება გამოაძევეს, მაგრამ მისი დანგრევა შეუძლებელი აღმოჩნდა, - ტაძარი მეტად გამძლე კონსტრუქციებისგან იყო ნაშენები.

ყომარბაზებისა და ხულიგნების თავშესაფრად ქცეული თანამედროვეობის ულამაზესი ნაგებობა დანგრევისაგან, როგორც გაირკვა, მოხერხებულმა ლავრენტი ბერიამ იხსნა, - თუ ვერ ვანგრევთ, შენობაში ფოთის თეატრი შევუშვათო. ასე დაიწყო ქალაქის უძველესმა თეატრმა ეკლესიის შენობაში მოღვაწეობა. გასული საუკუნის ბოლოს საქართველოს ეკლესიამ ტაძრის აღდგენა გადაწყვიტა. XIX საუკუნის შუა წლებში დაარსებული თეატრი შენობიდან გამოსვლის შემდეგ ღია ცის ქვეშ რჩებოდა, რაც მის აღსასრულს ნიშნავდა. მსახიობების დაყოლიება თეატრის ამჟამინდელმა დირექტორმა შეძლო. დასი დროებით ქალაქის ერთ-ერთ შენობაში გადავიდა. აქ გამართულ პირველი სპექტაკლი სწორედ საეკლესიო პირებმა დალოცეს. სანაცვლოდ, დღეს ფოთში ჩვენი დროის ერთ-ერთი ულამაზესი ნაგებობა შენდება და ის ფოთის თეატრი იქნება.