30 წელი სცენაზე! - კვირის პალიტრა

30 წელი სცენაზე!

სხვათათვის "კოსმოსი" მისი საქართველოა - მისი ოცნებების, სიყვარულის,

ფანტაზიის წყარო...

პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღეები პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ნინო ანანიაშვილის სასცენო კოსტიუმებისა და აქსესუარების გამოფენით გაიხსნა. რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში კი ერთმოქმედებიანი ბალეტები იქნა წარმოდგენილი, მათ შორის გაიმართა ესტონელი ქორეოგრაფის, ტეეტ კასკის ახალი ბალეტის პრემიერაც, რომელშიც მთავარ პარტიას ანანიაშვილი ასრულებდა. სცენაზე იდგა მსოფლიო პრიმა-ბალერინა, რომელმაც საკუთარი შემოქმედებით მსოფლიო მოქალაქის სტატუსი მოიპოვა... 30 წელი სცენაზე! ეს საკმაოდ ბევრია, რადგან ბალერინები სრულიად ახალგაზრდები ტოვებენ სცენას. ამასთან, 30 წელი შეიძლება ცოტაც მოგეჩვენოს, რადგან საქმე ნინო ანანიაშვილს ეხება - მოცეკვავეს, რომლის სცენაზე ხილვა შეუძლებელია, არ მოგენატროს! სწორედ ამიტომ, დღემდე არაერთი შემოთავაზება აქვს. იაპონიაში დაგეგმილ გასტროლებზე იმავე პირობებითაა მიწვეული, როგორც ადრე, როცა მეტროპოლიტენ-ოპერის მიწვეული ვარსკვლავი იყო. პრიმა-ბალერინა რეკორდული დრო - 16 წელი იყო მეტროპოლიტენ-ოპერაში მიწვეული ვარსკვლავი. მას მსოფლიოს ყველა პრესტიჟულ სცენაზე უცეკვია: საფრანგეთის გრანდ ოპერაში, კოპენჰაგენში, ინგლისის კოვენ-გარდენში, ნიუ-იორკში მეტროპოლიტენ-ოპერისა და ბალანჩინის თეატრებში, ტოკიოში... პრესაში კი აღფრთოვანებული შეფასებები იბეჭდებოდა:

"კოვენ-გარდენის ტრიუმფის შემდეგ, ქართული სახელი რუსული ბალეტის ვარსკვლავისა - ნინო ანანიაშვილი - მთელმა ინგლისმა იცოდა!

"ტაიმსი"

"მისმა ხელოვნებამ აღაფრთოვანა ამერიკა და ინგლისი, ინდოეთი და პორტუგალია, ესპანეთი და საფრანგეთი.

"იზვესტია"

ის ქალური და ნატიფია, დიდი შავი თვალები, გრძელი ხელები და ფეხები აქვს. დასის ლიდერია, თანაც დიდსულოვანი და მგრძნობიარეა თავისი დასის მიმართ...

"დანს მეგეზინი"

გყავდეს ასეთი პრიმა, პატივია ყველა პრესტიჟული სცენისათვის.

"პრიმა"

"ის ამ სამყაროს მიღმა ცეკვავს, თითქოს კოსმოსშია გასული".

ჟურნალი "ტაიმი"

ნინო ანანიშვილი 2004 წელს ჩამოვიდა თბილისში. მაგიდაზე ხელმოუწერელი დატოვა პრესტიჟული შემოთავაზებების დიდი დასტა. ჩამოვიდა არა იმიტომ, რომ აღარ შეეძლო ევროპასა თუ ამერიკაში მოღვაწეობის გაგრძელება, არამედ უნდოდა ჩამოსულიყო... შეიძლებოდა აქ დაბრუნებაზე ვინმეს ეოცნება? დუხჭირი ცხოვრება, ხელმოკლეობა და დეპრესიული გარემო ყველას უცხოეთისკენ ახედებდა... იქნებ ამიტომ დაიწყეს ახსნის ძიება: რატომ დაბრუნდა? ფულის გამო? - სასაცილოა. ერთ გასტროლში მეტს უხდიდნენ, ვიდრე აქ წელიწადში. სახელისთვის? - ესეც სასაცილოა, სახელი უკვე აქვს და მსოფლიო სახელიც... მაგრამ, დოჩანაშვილისა არ იყოს, იყო "ერთი რამის სიყვარული, დამალვა რომ სჭირდება"... ეს სიყვარული ადრეული წლებიდან სდევდა თან. გეოლოგ მამას ექსპედიციებში დაჰყავდა. ნინო ძმებს უკან ჩამოიტოვებდა და გარბოდა... სიმაღლისა არ ეშინოდა, ხან ისეთ ადგილას გავიდოდა, რომ ხევის პირას მდგარს, შიშით შეავლებდნენ ხოლმე თვალს: მას კი არ ეშინოდა! უყვარდა, მოსწონდა ეს მდუმარე სიმაღლეები, იქიდან გაშლილი თვალუწვდენელი სივრცეები. ეს სიყვარული თან მიჰქონდა ევროპისა და ამერიკის დიდ ქალაქებში...

უკვე 30 წელია აოცებს მსოფლიოს... და როცა წერენ: ანანიაშვილი თითქოს კოსმოსში გაიჭრა, სხვა განზომილებაში ცეკვავსო, სრულიად ბუნებრივია, რომ ეს სხვათათვის "კოსმოსი" მისი საქართველოა - მისი ოცნებების, სიყვარულის, ფანტაზიის წყარო. საწყისი, რომელსაც უკვე სახელოვანი, დიდი სიამოვნებით შეუერთდა...

ყველა ოცნება შეიძლება ახდეს...

ანანიაშვილი მსოფლიოში ერთადერთი ბალერინაა, რომელიც ფლობს ოთხ უმაღლეს საერთაშორისო ჯილდოს: ვარნის X საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალს, მოსკოვის IV საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის, მოსკოვის V საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალს და ჯექსონის (აშშ) III საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის.

1997 წელს ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა მიანიჭა "წლის საუკეთესო ქალბატონის" წოდება; 1999 წელს გადაეცა საფრანგეთის სამეფო შტოს მემკვიდრის, პრინცესა მარია დე ბურბონის მიერ დაწესებული საერთაშორისო პრემია "ოქროს ქალღმერთი"; 2002 წელს დასახელდა აშშ-ის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს ჟურნალ Dance Magazine-ის პრიზის მფლობელად; პირველი ბალერინაა, ვისაც ხელოვნების დარგში მიღწევებისათვის რუსეთის ეროვნული პრიზი "ტრიუმფი" მიენიჭა; პირველი ბალერინაა, რომელსაც იაპონიაში გადაუხადეს საბალეტო მოღვაწეობის ათი და ოცი წლის იუბილე; ის იყო პირველი ბალერინა ყოფილი სსრკ-დან, რომელიც მიიწვიეს ბალანჩინის თეატრში - "ნიუ იორკ სითი ბალეტში".

მისტერ ბი - ასე მიმართავდნენ ჯორჯ ბალანჩინს დასის წევრები. ახალგაზრდა ქართველი მოცეკვავე ანთებული თვალებით უყურებდა დიდ მაესტროს და ხმამაღლა ოცნებობდა: დიდ თეატრში შევიტან ბალანჩინსო... მაშინ აუხდენელი ეგონა ეს ოცნება, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ყველა ოცნება შეიძლება ახდეს...

ვარსკვლავებს არ აქვთ ასაკი!

ბალერინები 34-35 წლის ასაკში პენსიაზე მიდიან. თუმცა ეს პირობითია... რადგან "ხანდაზმული" ვარსკვლავები ასაკის მიუხედავად განაგრძობენ ბრწყინვას სცენაზე... ასეთი მაგალითი არაერთია...

მაია პლისეცკაია 38 წლისა იყო, პირველად უცხოეთში რომ წავიდა... 65 წლისამ კი დადგა "კარმენსიტა" და ბრწყინვალედ იცეკვა; ლეგენდარულმა გალინა ულანოვამ 44 წლისამ ინგლისში იცეკვა "ჟიზელი" და აღაფრთოვანა მსოფლიო; ნინო ანანიაშვილი უკვე 30 წელია სცენაზეა, 19 მარტს 49 წელი უსრულდება და ისევ ბრწყინავს...

ვარსკვლავებს არ აქვთ ასაკი!