ვენეციის სიამაყე, "პატარა მღებავი" - კვირის პალიტრა

ვენეციის სიამაყე, "პატარა მღებავი"

იაკოპო რობუსტი, იგივე ტინტორეტო, ჯოვანი ბელინისთან, ჯორჯონესთან, ტიციანსა და ვერონეზესთან ერთად ვენეციური სკოლის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია.

მხატვარი 1518 წლის 29 სექტემბერს ვენეციაში, აბრეშუმის მღებავის ოჯახში დაიბადა. სახელიც  ამის მიხედვით შეერქვა, - "ტინტორეტო" იტალიურად "პატარა მღებავს" ნიშნავს. იაკოპო კი კედლების მოხატვისას ბავშვობიდანვე ხმარობდა მამამისის საღებავებსა და ნახშირს.

მისი პირველი ბიოგრაფის, რიდოლფის თქმით, "ტინტორეტო იქით გარბოდა, სადაც რამეს ღებავდნენ ან ხატავდნენ" და ხშირად ეხმარებოდა მღებავებს.

იგი ძალზე მოკრძალებულად ცხოვრობდა ვენეციაში თავის დიდ ოჯახთან ერთად თავისივე მოხატული ეკლესიის - სანტა მარია დელ ორტოს გვერდით, სადაც, საბოლოოდ დაიკრძალა კიდეც.

თანამედროვეები პატივს სცემდნენ მახვილი გონებისა და გულღიაობის გამო. მისი მეგობრების ვიწრო წრეს ეკუთვნოდნენ გამოჩენილი ვენეციელი ჰუმანისტები, მეცნიერები და მუსიკოსები: დანიელე ბარბარო, ძმები ვინიერები, ლოდოვიკო დოლჩი და სხვები. ძალიან უყვარდა მუსიკა, შესანიშნავად უკრავდა სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე და ხშირად მართავდა მუსიკალურ წარმოდგენებს.

1545-46 წლები მხატვარმა რომსა და მანტუაში გაატარა, შემდეგ კი სულ ვენეციაში მუშაობდა. 1550 წელს ცოლად შეირთო ფაუსტინა დეი ვესკოვი. შვილები - ადრე გარდაცვლილი მარიეტა და უფროსი დომენიკი მამას სახელოსნოში ეხმარებოდნენ, მათ დამოუკიდებელი ნახატებიც დატოვეს. უმცროსი ოქტავია ცოლად გაჰყვა მამის შეგირდ ფრანჩესკო კასერს, რომელმაც მასწავლებლის გარდაცვალების შემდგომ სახელოსნო გადაიბარა.

თავად იაკოპოს მასწავლებლების შესახებ დოკუმენტები არ არსებობს. საკუთარი დევიზი კი ტინტორეტომ პირდაპირ სახელოსნოს კარზე წააწერა: "მიქელანჯელოს ნახატი, ტიციანის კოლორიტი" და ეს იმის მიუხედავად, რომ ტიციანის სახელოსნოში სწავლა ძალზე ხანმოკლე გამოდგა: რამდენიმე დღის მუშაობის შემდეგ ტიციანმა როგორც კი ახალი შეგირდის ნამუშევრები ნახა, მაშინვე მისი სახელოსნოდან დათხოვნა ბრძანა. უცნობი დარჩა, რამ გამოიწვია ეს და მოგვიანებით მტრობა ტიციანის მეგობრებთან, პიეტრო არეტინოსა და იაკოპო სანსოვინოსთან.

პირველივე დამოუკიდებელი ნაწარმოებებიდან (1539 წელს ორი მითოლოგიური ტილო, 1547 წელს "საიდუმლო სერობა") ჩანს ახალგაზრდა მხატვრის სულიერი კავშირი ვენეციური სკოლის ტრადიციებთან - ნაწილობრივ ტიციანთან და უფრო მეტად ვერონეზესთან.

1548 წელს სკუოლა დი სან მარკოს საძმოს შეკვეთით ტინტორეტომ შექმნა ტილო "წმინდა მარკოზის სასწაული", რომელშიც ასახულია წმინდანის ზეციდან დაშვება, რათა გადაარჩინოს წამებას ურჩი მონა, რომელიც სალოცავად მის საფლავზე მივიდა.  სწორედ ამ სურათმა მოუტანა მას სახელი ვენეციაში, რის შემდეგაც მრავალი ოფიციალური შეკვეთა მიიღო - დოჟების სასახლისა და ეკლესიების მოხატვის გარდა,  არაერთი პორტრეტი შექმნა.

პორტრეტებში ტინტორეტოს უპირველესად ადამიანის სულიერი სამყარო აინტერესებს. ყველა მისი პორტრეტისთვის დამახასიათებელია კეთილშობილება და სახის განსაკუთრებული გამომსახველობა ("მამაკაცის პორტრეტი ოქროს ჯაჭვით", "ალვისე კორნარო", "სებასტიან ვენიერი"). მისი გვიანი პორტრეტების მზერა მართალია, მუდამ დამთვალიერებლისკენაა მიმართული, მაგრამ მას "ვერ ხედავს", რადგან სინამდვილეში საკუთარ თავს არის ჩაღრმავებული.

რელიგიურ თემებზე სურათების სერია იწყება ეკლესია სანტა მარია დელ ორტოსთვის შესრულებული შედევრით "ტაძრად მიყვანება". სივრცის მძაფრი შეგრძნება და უამრავი პერსონაჟია სანტა მარია დელ ორტოს საკურთხევლის გიგანტურ ნახატებში "საშინელი სამსჯავრო" და "ოქროს კერპის თაყვანისცემა". 1562 წელს ტინტორეტომ დაიწყო ცნობილი ციკლი, რომელიც წმინდა მარკოზის ლეგენდას ეძღვნებოდა: "წმინდა მარკოზის ნეშტის მოტაცება", "სარაცინის გადარჩენა", "წმინდა მარკოზის ამოცნობა". ციკლი სან ტროვაზოს ეკლესიაში შესრულებული მონუმენტური "საიდუმლო სერობით" დასრულდა. 1566 წელს ტინტორეტო, ტიციანსა და სხვა მხატვრებთან ერთად, ფლორენციის ფერწერის აკადემიის წევრად აირჩიეს. ტინტორეტო მუშაობს დოჟების სასახლის მოხატვაზე, მონაწილეობს წმინდა მარკოზის ეკლესიის ბიბლიოთეკის შემკობაში, ქმნის მონარქთა და დიდებულთა პორტრეტებს, ალეგორიულ ნახატებს მითოლოგიურ სიუჟეტებზე, მათ შორის  "ბაკქუსისა და არიადნეს ნიშნობას", "ვულკანის სამჭედლოს", "მერკური და სამ გრაციას" და სხვ.

მხატვარი ცხოვრების უკანასკნელი 30 წელი უმეტესად სან როკოს საძმოსთვის მუშაობდა. მათთვის 56 სურათი შექმნა. ვენეციაში "წმინდა როკოს საძმო" ერთ-ერთი გავლენიანი იყო და მიზნად ღარიბთა და დავრდომილთა დახმარებას ისახავდა. ტინტორეტო საძმოს წევრი 1564 წელს გახდა, 1565 წელს  საძმოს შენობისთვის, სკუოლა დი სან როკოს დიდი დარბაზისთვის შექმნა გრანდიოზული "ჯვარცმა", რომელიც ფერწერის სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი ნახატია. ამ ათწლიან პერიოდში მან ისტორიული სურათებიც დახატა, ე.წ "გონზაგას" ციკლი სკუოლა დი სან როკოში, 4 ბატალური კომპოზიცია დოჟების სასახლის დიდი საბჭოს დარბაზში. ამავე პერიოდში ოსტატმა დახატა შედევრი - "მთავარანგელოზ მიქაელის ბრძოლა სატანასთან". "საიდუმლო სერობა",  რომელიც მისი გარდაცვალების წელს - 1594 წელსაა შესრულებული. არც ერთი მხატვარი არ დაჰბრუნებია ასე ხშირად საიდუმლო სერობის თემას. იტალიური აღორძინების ხანაში ტინტორეტო იყო პირველი, ვინც ასახა არა ქრისტეს გაცემის ტრადიციული კომპოზიცია ("ერთ-ერთი თქვენგანი გამცემს მე"), არამედ საიდუმლოს მისტიკურობა ("ეს არს სხეული ჩემი"). სწორედ ეს უკანასკნელი ნამუშევარი გახდა ბრძენი ოსტატის კრედო, მისი "ანდერძი".

ვენეციის სიამაყე "პატარა მღებავი" 1594 წლის 3 მაისს გარდაიცვალა.