დიდი ინტერნეტის პატარა ცელქობები - კვირის პალიტრა

დიდი ინტერნეტის პატარა ცელქობები

როდესაც ინტერნეტში შედიხართ, ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ - შესაძლოა, ისეთ საიტს გადააწყდეთ, რომ იქ წაკითხულისგან თმა ყალყზე დაგიდგეთ. დიდი ინტერნეტის პატარმა ონავრებმა ახალი ამბების სააგენტოს ფორმატის რამდენიმე დეზინფორმაციული საიტი შექმნეს, რომელზეც ქვეყანაში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენები უკუღმაა წარმოჩენილი. ვებგვერდების ავტორები ნამდვილად ნიჭიერი ხალხია,  იუმორის გრძნობაც აქვთ და ეს "ნიუსების" სათაურებშიც იგრძნობა - "თბილისში დასუფთავების გადასახადი უქმდება"; "ოსკარის ტრანსლირების უფლება კობა ნაყოფიამ შეისყიდა"; "მსოფლიო ჩემპიონატი ლაზიკაში" და ა.შ. ამ საიტების შემქმნელებმა  პატიოსნად მიაწერეს ვებგვერდებს, რომ  სადეზინფორმაციო სააგენტოები არიან. ამ ჩამონათვალს დაემატა "იგრიკას" ყალბი საიტი. ვებგვერდის "ნიუსები" უწმაწური იუმორით არის გაჯერებული, რომლებშიც ყველაზე უწყინარი ხუმრობა”ბიძინა ივანიშვილის“საარჩევნო დაპირებაა, რომ "ყველა ოჯახში თითო პინგვინი მაინც იქნება და საქართველო გასაბერი ქალების უმსხვილესი მწარმოებელი გახდება".

ამ საიტსაც პატიოსნად აწერია ბოლოში დევიზი - "ჩვენ ვკლავთ ნიუსს". მოკლედ, მოცლილები ერთობიან და ეს არავის აუკრძალავს. თუმცა საქართველო რომ უცნაური ქვეყანაა, თუნდაც ამ კუთხით დასტურდება. მაგალითად, ფსევდოიგრიკას ვებგვერდზე განათავსეს "ახალი ამბავი", რომ თურმე ივანიშვილი "იგრიკა - მე-9 არხში" თანამშრომლების შესარჩევ კონკურსს თავად ატარებს და მიუხედავად იმისა, გაივლის თუ არა პირი გასაუბრებას, 1.000 ლარს აძლევს. ატყდა ერთი ამბავი. ამ სტატიის ავტორს დაურეკეს, -"იგრიკას" ოფისი სად არისო. თუმცა ეს რა მოსატანია იმასთან, რაც ერთ-ერთ სახელისუფლებო ტელევიზიას დაემართა. ერთ-ერთმა სადეზინფორმაციო საიტმა ამცნო თავის მკითხველს, რომ საქართველოს მფრინავი თეფშები უახლოვდება და ეს ნასა-მ ოფიციალურად დაადასტურა. ერთ-ერთი ტელეარხი ამ ანკესს წამოეგო და უცხოპლანეტელთა მოსალოდნელ შემოსევას  ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა და ექსპერტებიც ჩაწერა.

რაც მთავარია, ექსპერტები სერიოზულად აცხადებდნენ, რომ სხვა გალაქტიკიდან სტუმრობის შესახებ მათ ადრეც იცოდნენ და გვამშვიდებენ, რომ დედამიწისკენ "კეთილი რასის" წარმომადგენლები მოდიან. ისე, ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს - როდესაც ადამიანი ნაციონალურ არხებზე უყურებს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი "ევრო-2020"-ის მასპინძლობას აპირებენ და საქართველო განვითარების ტემპებით ჰოლანდიას უსწრებს, შემდეგ კი  შედიხარ ზემოხსენებულ საიტებზე, არალოგიკურად აღარ გეჩვენება, რომ "ფიფა" ლაზიკაში რიგგარეშე არჩევნებს ჩაატარებს”და საქართველო საზარბაზნე ხორცის ხარისხით პირველ ადგილზეა.