სტატუსშეჩერებული და გალახული სტუდენტობა - კვირის პალიტრა

სტატუსშეჩერებული და გალახული სტუდენტობა

"შიში, რომელიც დათესეს, დაიძლევა და მალე ჩვენი მეგობრები გვერდით დაგვიდგებიან"

"ხელისუფალთა  შვილებმა უნდა ისწავლონ და ჩვენი შვილები მათი მსახურები იყვნენ?!"

თუ აქამდე სტუდენტები თვითმმართველობის წევრებისაგან ფიზიკურ ძალადობასაც იტანდნენ, ახლა აღარ ითმენენ. თსუ-ის თვითმმართველობის წევრების მიერ სამი სტუდენტის ცემას ისეთი პროტესტი მოჰყვა, თსუ-ის რექტორი სანდრო კვიტაშვილი იძულებული გახდა, პირობა დაედო, - თუ მსგავსი შემთხვევა განმეორდება, თანამდებობას დავტოვებო. სტუდენტობა სწავლის მაღალ საფასურსაც აპროტესტებს და სტუდენტის სტატუსის აღდგენას ითხოვს მათთვის, ვისაც სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუჩერდა.

ალექსანდრე კობაიძე, "დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის" თავმჯდომარე: "დამთავრებული მაქვს იურიდიული ფაკულტეტი და ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობაზე ვსწავლობ, სადაც 8 ფაკულტეტიდან, თითოეულზე დაახლოებით 500 სტუდენტს სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეჩერებული აქვს სტატუსი. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ აღუდგეთ მათ სტატუსი! 19 მარტს განათლების სამინისტროსთან გავმართავთ აქციას და შაშკინთან შეხვედრას მოვითხოვთ.

სახელმწიფოს რამდენიმე მოთხოვნას ვუყენებთ: მოხდეს იმ სტუდენტების ამნისტია, რომლებიც ვერ იხდიან სწავლის საფასურს ან მათთვის ბიუჯეტიდან გამოიყოს ეს თანხები. ასევე მოვითხოვთ, ყველა სტუდენტისთვის სწავლის საფასურის 70% დაფაროს სახელმწიფომ, რადგან ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო ჩვენი მშობლები ამ თანხას ვერ იხდიან".

ოთო ლორთქიფანიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი: "პირველკურსელი ვარ. ჩემთვის არ შეუჩერებიათ სტატუსი, მაგრამ არ ვიცი მომავალ წელს ჩემი ოჯახი შეძLლებს თუ არა 2.250 ლარის გადახდას. ჩვენთან არსებობს ე. წ. სტუდენტის ბაზა. თუ სემესტრულ გადასახადს არ გადაიხდი, ბაზა არ იხსნება და საგნის არჩევა არ შეგიძლია, ვერ ახერხებ იმის გარკვევას, ლექცია და სემინარი როდის გაქვს. ასეთ მდგომარეობაში 10 ათასი სტუდენტია".

ქუთაისელმა მარიამ ზარანდიამ სტუდენტის სტატუსი ორჯერ დაკარგა.

ლელა ფხაკაძე, მარიამის დედა: "მარიამმა სკოლა 2010 წელს დაამთავრა და თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტში ჩაირიცხა. სწავლის საფასური - 3.000 ლარი რომ გამოაცხადეს, ვიცოდი, ვერ გადავიხდიდი, მაგრამ უნივერსიტეტსა და რესურსცენტრში მითხრეს, როგორც 5 შვილის დედას და სოციალურად დაუცველს, სახელმწიფო დაგაფინანსებთო. მარიამმა დეკემბერში სემესტრული გამოცდებიც ჩააბარა, მაგრამ უთხრეს, დაფინანსება არა გაქვსო და სწავლას თავი დაანება. განათლების სამინისტროს დახმარება ვთხოვე, პასუხი არ მიმიღია. მარიამს ისე უნდოდა სწავლა, რომ ხელმეორედ ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. იქ სწავლის საფასური 1.500 ლარია. ვერც ამ თანხის გადახდა შევძელი და ბავშვმა მეორედ მიატოვა სწავლა. ჩემი მეუღლე პირველი ჯგუფის ინვალიდი, უსინათლოა. მე ბიბლიოთეკის გამგე ვიყავი, შემამცირეს და მეუღლის პენსიის იმედად დავრჩით. მარიამი ახლა ქუთაისის სამედიცინო კოლეჯში სწავლობს, სადაც გადასახადი 900 ლარია. ნაწილი დაფარული გვაქვს, მაგრამ არ ვიცი, როგორ დავფარავთ დანარჩენს. მარიამი მეცოდება, განიცდის, რომ უნივერსიტეტში ვერ გააგრძელა სწავლა. მთავრობას ჰქონდა ამის საშუალება, მაგრამ ვერ გაიმეტა. დაუშვებელია, რომ ბავშვებს სწავლის საშუალება არ ეძლევათ. მე შვიდშვილიანი ოჯახიდან ვარ და მამაჩემმა კომუნისტების დროს 6 შვილს მოგვცა უმაღლესი განათლება. 3.000 ლარს როგორ გასწვდება ოჯახი, თუ შემოსავალი არსაიდან აქვს? ეს განათლების სისტემა ხელისუფალთა შვილებზეა გათვლილი. მათ უნდა ისწავლონ და ჩვენი შვილები მათი მსახურები იყვნენ".

სტუდენტებმა ტექნიკურ უნივერსიტეტთან აქცია გამართეს, სადაც ორად გაყოფილი ახალგაზრდები დამხვდნენ. ოციოდე სტუდენტი ტრანსპარანტებით იდგა, მოშორებით კი სტუდენტთა ნაწილი გულგრილად უსმენდა გამომსვლელებს.

ოთო ლორთქიფანიძე: "დღეს აქციაზე ცოტა თუ ვდგავართ, არ ნიშნავს, რომ გვეშინია. ხელისუფლებამ ახალგაზრდებში ბრძოლის სურვილი ჩააქრო. დაუშვებელია სტუდენტების დაყოფა ოპოზიციონერებად და ხელისუფლების მხარდამჭერებად. ოპოზიციურად განწყობილი სტუდენტები დაჩაგრული, ხელისუფლების მხარდამჭერები კი პრივილეგირებული არიან. ჩვენს ოჯახებს უჭირთ სწავლის საფასურის გადახდა. უმეტესობის მშობელი ემიგრაციაში მიდის, რომ შვილს განათლების მიღების საშუალება მისცეს. შაშკინს წარვუდგენთ ჩვენს პრობლემებს და თუ რეაგირება არ იქნება, პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მივმართავთ. დაჩაგრული არიან პროფესორ-მასწავლებლებიც. ჩვენ სწავლის საფასურს 2.250 ლარს ვიხდით, მათ კი ერთი ლექციის ჩატარებაში თსუ-ში  8 ლარს, ტექნიკურ უნივერსიტეტში კი 2 ლარსა და 80 თეთრს უხდიან. სირცხვილია, როდესაც მათ ენთუზიაზმით ამუშავებენ. ჩვენი ფული უნივერსიტეტს კი არ ხმარდება, მთავრობის ჯიბეში მიდის. ზოგი აქციაზე იმის გამო ვერ მოდის, რომ მათი მშობლები სახელმწიფო სამსახურში მუშაობენ... 12-მილიონლარიანი პროექტია დაგეგმილი სტუდენტების დასასაქმებლად. იქნებ მოხდეს ამ თანხის სუბსიდირება და იმ 10 ათას სტუდენტს სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცეს. დასაქმების პროექტშიც ის სტუდენტები შეჰყავთ სიაში, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან".

ალექსანდრე კობაიძე: - ალბათ, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ოდესმე შეძლებენ დამოუკიდებელ აზროვნებას და ჩვენ გვერდით დადგებიან.

შარშან სამი სტუდენტი ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანატშიც შევვარდით და შიმშილობაც დავიწყეთ, მაგრამ შენობიდან სოდ-მა გაგვიტაცა. არ ვუცემივართ, მხოლოდ წიხლი ამოარტყეს ჩემს მეგობარს. გვეუბნებოდნენ, ახლა ნახავთ, ვისთან გაქვთ საქმეო. ძეგვში ჩამოგვყარეს.

P.S.აპირებს თუ არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხის გადაწყვეტას, ამის გასარკვევად შაშკინის უწყებას დავუკავშირდი. პრესსამსახურის უფროსმა ნინო პოტრჟებსკაიამ შემომთავაზა, მასალა სამინისტროს კომენტარის გარეშე გაგვეშვა, მაგრამ რადგან მათი პოზიციის დაფიქსირება დაჟინებით მოვთხოვე, მითხრა, - ერთ საათში დამირეკეო. როდესაც ისევ დავუკავშირდი, აშკარად შეცვლილი ტონით მითხრა, - ახლა არ გვცალია და ვერც მერე მოვიცლითო. ვფიქრობ, ამის მერე მინისტრის კომენტარი ზედმეტიც კი იქნებოდა.

"როდემდე გაგრძელდება ფიზიკური ანგარიშსწორება, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული"

თავისუფლად მოაზროვნე სტუდენტებსა და სტუდენტურ თვითმმართველობას შორის რომ დაძაბული ურთიერთობაა, ამაზე თსუ-ში მომხდარი ინციდენტი მოწმობს. ერთ-ერთმა დაზარალებულმა სტუდენტმა თავის ბლოგზე ასეთი წერილი დადო: "მე ვარ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი თორნიკე უსტარაშვილი. უნივერსიტეტში ჩემს მეგობარ და კურსელ გიორგი კოპალეიშვილთან ერთად მივედი. თსუ-ის მე-2 კორპუსის წინ შევხვდი სტუდენტ ზვიად მამფორიას და ჩემს კურსელს, თორნიკე ჯავახაძეს. მე და გიორგიმ თსუ-ის მე-8 კორპუსში ასვლა გადავწყვიტეთ. თორნიკე და ზვიადიც გამოგვყვნენ.

ნახევარი გზაც არ გვქონდა გავლილი, როცა მოგვიახლოვდა დაახლოებით 7-8 კაცი. ერთ-ერთის სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ თსუ-ში ადრე მომხდარი მოვლენებიდან ვიცნობ და თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრია. მას თან ახლდა თსუ-ის ცენტრალური სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ბექა ახლოური და იურიდიული ფაკულტეტის თვითმმართველობის წევრი დავით ხეჩიკაშვილი. ჯგუფის დანარჩენი წევრები არ ვიცი, იყვნენ თუ არა თვითმმართველობის წევრები. თუმცა, ფაქტია, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს ჩემი და ჩემი მეგობრების ჭავჭავაძის პროსპექტიდან "მოტაცებაში". ერთ-ერთმა მკითხა, ვიყავი თუ არა თორნიკე უსტარაშვილი და ჩემი თანხმობის შემდეგ, მომთხოვა, "ერთი წუთით" გავყოლოდით და "კაცურად" გველაპარაკა. ამას მოჰყვა პროვოკაციული რეპლიკები - "რა იყო, თმა როგორ გაგზრდია, ბიჭო?!", "ფეისბუკზე" ხომ კარგად ლაპარაკობ, ახლა რატომ არ მოდიხარ?". იქიდან გამომდინარე, რომ ტრადიციულად, თვითმმართველობის წევრებთან "კაცურად ლაპარაკი" არასდროს შემოიფარგლება ვერბალური კომუნიკაციით და არც ახლა ეტყობოდათ, რომ რაიმეს ცივილიზებული გზებით გადაჭრას აპირებდნენ, შევთავაზე, ჩვენთან ერთად ამოსულიყვნენ მე-8 კორპუსში და გზაში გველაპარაკა. იმ ახალგაზრდამ, რომელიც მელაპარაკებოდა, ხელი გადამხვია.

ჩემს მეგობრებსა და მის თანმხლებ პირებთან ერთად ასე ვიარეთ დაახლოებით 20-30 მეტრი, სანამ არ მივუახლოვდით თსუ-ის მე-3 კორპუსში შესასვლელი თაღის ჩასახვევს, სადაც კიდევ ერთხელ მომთხოვეს, გავყოლოდი. ჩემი მორიგი კატეგორიული უარის შემდეგ, ჩემს მეგობარ გიორგი კოპალეიშვილსა და ზვიად მამფორიას 2-2-მა კაცმა მოჰკიდა ხელი და ძალის გამოყენებით, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ წაიყვანეს, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, თსუ-ის მე-3 კორპუსის თვითმმართველობის ოთახში. ჩემი ძალის გამოყენებით წაყვანა სცადა ბექა ახლოურმა, მაგრამ ხელიდან დავუსხლტი და საპატრულო პოლიციაში დავრეკე. ამასობაში ბექა ახლოური ჩავიდა მე-3 კორპუსში და მონაწილეობა მიიღო გიორგი კოპალეიშვილისა და ზვიად მამფორიასთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში. საპატრულო ეკიპაჟი დაახლოებით 5-10 წუთში მოვიდა, თუმცა ამასობაში, გაიგეს რა პოლიციის გამოძახების შესახებ, სასტიკად ნაცემ ზვიად მამფორიას, რომელსაც მოგვიანებით საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა, სახელდახელოდ მობანეს სახიდან სისხლი (სავარაუდოდ, გატეხილი თავიდან წამოსული სისხლი ვერ შენიშნეს) და ასევე ნაცემ გიორგი კოპალეიშვილთან ერთად გამოუშვეს გარეთ, თვითონ კი ცალ-ცალკე მიიმალნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თსუ-ის უსაფრთხოების სამსახურს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია 2 კაცის ლამის გაკოჭილ მდგომარეობაში შენობაში შეყვანის ფაქტზე. თსუ-ის რექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატრული უსაფრთხოების სამსახურმა გამოიძახა, არ არის სიმართლე. სამწუხაროა, რომ ძალადობისა და სხვა სახის უკანონო ფაქტების ჩამდენები ჩვენს უნივერსიტეტში არათუ სარგებლობენ დაუსჯელობითა და ხელშეუხებლობით, არამედ ხელშემწყობებიც ჰყავთ. როდემდე გაგრძელდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, საწინააღმდეგო აზრის დევნა, კონსტრუქციული კრიტიკის პირად შეურაცხყოფად მიღება და ამის საფუძველზე ფიზიკური ანგარიშსწორება, მხოლოდ ჩვენზე - სტუდენტებზეა დამოკიდებული".

ბექა ახლოური, სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი: "დამნაშავე არ ვარ. არც მინახავს და არც ვიცნობ დაზარალებულ სტუდენტებს"(?!).

დაჩი გუბაძე, თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი: "იმ დღეს, როდესაც ინციდენტი მოხდა, ტელეკომპანია "კავკასიაში" ცხარე დებატებში ვმონაწილეობდი. ინფორმაცია, რომ "კავკასიაზე" ვიყავი მიწვეული, ერთი დღით ადრე გავავრცელეთ "ფეისბუკით". არალოგიკურად მეჩვენება, ის, რომ სტუდენტების დასაქმებაზე უნდა მესაუბრა და ჩხუბი სწორედ იმ დღეს მოხდა თვითმმართველობის წევრსა და მის კურსელს შორის. ინციდენტის მიზეზი ჩვენი მეგობრის პირადი საქმე იყო, მაგრამ ამას ინტერპრეტაცია მიეცა, თითქოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო იჩხუბეს. ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელსაც, სამწუხაროდ, წამოეგო თვითმმართველობის წევრი"(?!).

თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტი ბექა ახლოური

თვითმმართველობის წევრი დავით ხეჩიკაშვილი

”ამ ვიჭის სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ ადრე მომხდარი მოვლენებიდან ვიცნობ და თვითმმართველობის წევრია”, - ამბობს თორნიკე უსტარაშვილი

(სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე)