გარანტია "თურქიშ ეარლაინსისგან" - თუ ვერ გაფრინდები, გააფრენ - კვირის პალიტრა

გარანტია "თურქიშ ეარლაინსისგან" - თუ ვერ გაფრინდები, გააფრენ

არის თუ არა ეს ბილეთი?!. მაგრამ რად გინდა...

11 მარტს სტამბოლის აეროპორტში კურიოზულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქართველ სპორტსმენთა დელეგაცია, - თვითმფრინავში არ აუშვეს მძლეოსანთა გუნდის რამდენიმე წევრი. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელთ ჰქონდათ უკან დასაბრუნებელი ბილეთები, კომპანია "თურქეთის ავიახაზებმა" გამოუცხადა, რომ თვითმფრინავში მათთვის ადგილი არ იყო. "ეს როგორ?"  გაიკვირვეს მგზავრებმა. "აი, ასე, თვითმფრინავი სავსეა და ბაზარი მორჩა, ან სასტუმროში დავრეკავთ, სადმე დაგაბინავებთ დროებით და შემდეგ რომელიმე რეისით გაგიშვებთ, ან კიდევ, რაც გინდათ, ის ქენითო", - მიიღეს პასუხად თურქებისგან. ისიც დაუყოლებიათ, თუ დღესვე გადაცვლით ბილეთებს სხვა რეისზე, კომპენსაციად 100 ევროს დაგიმატებთ, თუ ხვალინდელ რეისზე დაგვთანხმდებით, 200 ევროს მოგცემთო. აღშფოთებულმა ქართველებმა ერთი ღამე იძულებით გაატარეს სტამბოლის გარეუბანში მდებარე სასტუმროში, სადაც სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც იყვნენ, მათ შორის - რუსები, რომლებიც თურმე გულში მჯიღს იცემდნენ და იფიცებოდნენ, მეორედ "თურქეთის ავიახაზების" თვითმფრინავის ტრაპთან გამვლელებიც კი არა ვართო.

საქართველოს მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნებისთანავე სცადეს ინფორმაციის გახმაურება, რომ როგორმე საზოგადოებისთვის ეცნობებინათ, გაფრთხილდით, მსგავს დღეში თქვენც არ ჩავარდეთო. მათ ვერ გაერკვიათ, როგორ შეიძლება ავიაკომპანიამ ერთი და იგივე ბილეთი ორჯერ გაყიდოს და უტიფრად გამოგიცხადოს, თვითმფრინავი სავსეა და ადგილი არა გვაქვსო.

თურქეთის ავიახაზების ოფისში ინტერნეტტელევიზია "პალიტრა TV"-ის ჟურნალისტებს კარიც მიუხურეს ცხვირწინ და ტელეფონის ყურმილიც დაუხეთქეს. ისღა დამრჩენოდა, ინფორმაციის მოსაპოვებლად სხვა ხერხისთვის მიმემართა. როგორც ინტერნეტში წაკითხული ინფორმაციით ვითომ გულგახეთქილმა საქმიანმა ქალმა ავიაკომპანიის ოფისში დავრეკე, მიშველეთ, სტამბოლში მივფრინავ, უკან დასაბრუნებელი ბილეთიც აღებული მაქვს, კონკრეტულ დროს თბილისში უსიკვდილოდ უნდა ვიყო, მომეცით გარანტია, რომ აეროპორტში მეც მსგავსი სიურპრიზი არ დამხვდება და ბილეთს არ გამიყიდიან-მეთქი.

სავარაუდოდ ახალგაზრდა მამაკაცმა შეიცხადა, ქალბატონო, აეროპორტში არავინ დაგტოვებთ, ტყუილად იხეთქავთ გულსო. აბა, ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციაა ტყუილი ან ჩემი თანამემამულეები ტყუიან, რომ 11 მარტს სტამბოლის აეროპორტში ბილეთები გაუყიდეს და თვითმფრინავში არ აუშვეს-მეთქი? ან ეგ ბილეთის გადაყიდვა რა პრობლემააო(?!), კიდევ უფრო გაიკვირვეს ყურმილში და ჩვენ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

თურქეთის ავიაკომპანიის წარმომადგენელი: - ასეთ რამეს არა მხოლოდ "თურქეთის ავიახაზები", ყველა კომპანია აკეთებს. ეს ნიშნავს ბილეთების გადაყიდვას, ანუ ავიაკომპანიას ბორტზე რამდენი ადგილიც აქვს, იმაზე მეტ ბილეთს ყიდის. ეს არის  საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა, მარტო "თურქეთის ავიახაზებში" კი არა, ასეთი რამ ყველა ცივილიზებული ქვეყნის ავიაკომპანიებში ხდება.

- "ლუფტჰანზათი" დავფრინავ და მსგავსი არაფერი მსმენია.

- "ლუფტჰანზასაც" აქვს ასეთი რამ და თუ მგზავრი აეროპორტში რჩება, მას კომპენსაციას უხდიან. ეს იმ შემთხვევაში, თუ ვოლუნტარია, ანუ სურს დარჩეს, მაგალითად, სტამბოლში. თუ არ უნდა დარჩენა, მაშინ ჩვეულებრივად სხვა რეისით უშვებენ.

- აი, ინტერნეტში ვკითხულობ ტექსტს, რომ თურქეთიდან, კერძოდ, სტამბოლიდან მომავალ ქართველებს ბილეთები წინასწარ ჰქონდათ ნაყიდი და ისინი აეროპორტში დატოვეს.

- სად კითხულობთ მაგას?

- palitratv.ge-ზე.

- (ბრაზდება, ხმის ტონი ეცვლება) ჰო, "პალიტრა TV" ვინ არის და რა არის, ჩვენ არ ვიცით.

- ეს არის საინფორმაციო საშუალება, რომლისგანაც უამრავი მომხმარებელი იღებს ინფორმაციას.

- ერთ რაღაცას გეტყვით, "პალიტრა TV"-მ ჯერ წაიკითხოს"იატას”და იკაოს" საერთაშორისო კანონები და მერე დაწეროს ეგეთი რაღაც. რასაც მე გიხსნით, საერთაშორისოდ მიღებული, აპრობირებული წესია და ასეთი რამ შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანასა და ნებისმიერ ავიაკომპანიაში.

- საერთაშორისო წესია ის, რომ უკვე გაყიდული ბილეთი სხვას მიჰყიდოთ? მაშინ რა აზრი აქვს უკან დასაბრუნებელი ბილეთის ყიდვას?

- დიახ, საერთაშორისო წესია, თქვენ კი უპრობლემოდ დაბრუნების გარანტია გექნებათ, თუ არ დააგვიანებთ რეგისტრაციაზე და გასასვლელში.

- კიდევ დავაზუსტებ, თუ ფრენა არ გადაიდება, თუ არ დავაგვიანებ, ამ შემთხვევაში ვიქნები თუ არა აბსოლუტურად დაცული, რომ თვითმფრინავში ასვლაზე უარს არ მეტყვიან?

- აბსოლუტურად დაცული არაფრისგან არა ვართ. ამის გარანტიას ვერც ჩვენ მოგცემთ, და ვერც თუნდაც "ლუფტჰანზა". ამიტომაც იწერება ეს ბილეთშიც. როდესაც თქვენ ბილეთს ყიდულობთ,  მას თან ერთვის წესები და ვალდებულებები, რომელთაც ავიაკომპანია თავის თავზე იღებს. ბილეთზე წერია ყველაფერი.

- რომ შეიძლება ბილეთი გამიყიდონ?

- არა, თქვენი ბილეთი თქვენ გეკუთვნით. იმ ნომრის ბილეთს სხვას ვერ მიჰყიდის ავიაკომპანია. გადაყიდვა ხდება.

- კი მაგრამ, ეს წინასწარ ხომ უნდა მაცნობოს ვიღაცამ?

- რა თქმა უნდა, დაგიკავშირდებიან, მაგრამ უარს თუ განაცხადებთ ბილეთის გადაყიდვაზე, სხვა მგზავრს დაუკავშირდებიან.

- ვის ვესაუბრები?

- თქვენ "პალიტრიდან" ხომ არ რეკავთ?

- არა (ცხადია, ვიცრუე საჯარო ინფორმაციის მოსაპოვებლად, რასაც სხვა შემთხვევაში არ მოგვცემდნენ).

- მე თურქეთის ავიახაზების სახელით ვლაპარაკობ.

ამის შემდეგ, რაღა თქმა უნდა, ავიაკომპანია "ლუფტჰანზაში" დავრეკე და კვლავ როგორც მოქალაქე შევეცადე, გამერკვია, გამიყიდდნენ თუ არა ბილეთს უნებართვოდ. კინაღამ დამცინეს, რას გვკადრებო. შემდეგ კი ამიხსნეს, რომ არსებობს ე.წ. ოვერბუკინგის წესი, ანუ თუ თქვენ მხოლოდ დაჯავშნილი (და არა უკვე ნაყიდი) გაქვთ ბილეთი, შეიძლება ორი სხვადასხვა სააგენტოდან ერთი და იგივე ბილეთი გაიყიდოს, რასაც მოჰყვება ერთ-ერთი დამჯავშნელის მიმართ პირობის შეუსრულებლობა, მაგრამ კატეგორიულად გამორიცხულია, უკვე ნაყიდი ბილეთი ვინმემ გაგიყიდოთ, ასეთი საერთაშორისო კი არა, შინაგანაწესიც არ არსებობსო. "როგორც წესი, ასეთი რამ არ ხდება, მაგრამ შემთხვევის თვალსაზრისით ნებისმიერ კომპანიაში შეიძლება წააწყდეთ მსგავს გაუგებრობას.

ანუ ეს წესი არ არის, გამონაკლისია. ოვერბუკინგს ყველა ავიაკომპანია აკეთებს, მაგრამ დაუშვებელია, მგზავრს ბილეთი ჰქონდეს და გაუყიდონ. შეუძლებელია. გიმეორებთ, ოვერბუკინგი დასაშვებია, მაგრამ ეს არ ეხება უკვე გაყიდულ ბილეთებს. ლაპარაკია მხოლოდ დაჯავშნილ ვარიანტზე. ბილეთების გადაყიდვა არ მესმის. იყიდება მხოლოდ ის რაოდენობა, რამდენი ადგილიც არის სალონში. ფეხზე ხომ ვერ დავაყენებთ მგზავრებს. თუ მგზავრების ჭარბი მოთხოვნა გვაქვს, ვითხოვთ უფრო დიდ ბორტს, რომ მგზავრები დავატიოთ. ის, რომ ბილეთიანი მგზავრები გარეთ დარჩნენ, "ლუფტჰანზაში" ასეთი რამ არ ხდება".

ეკა გაგნიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც 11 მარტს სტამბოლის აეროპორტში "თურქიშ ეარლაინსის" გამო დაზარალდა. მან ინტერნეტით ჯერ დაჯავშნა და შემდეგ შეიძინა ბილეთი, რომლითაც არა მარტო თბილისიდან უნდა გაფრენილიყო, უკანაც უნდა დაბრუნებულიყო: "რეგისტრაციის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მივედით სტამბოლის აეროპორტში. მანამდე ჩვენთან არავის დაურეკავს და არ გავუფრთხილებივართ, რომ შეიძლებოდა ვერ გავფრენილიყავით. რეგისტრაცია რომ დაიწყო, მაშინ გვითხრეს, ვერ გაგიშვებთ, რადგან თვითმფრინავი სავსეაო. ნახევარი დელეგაცია გაუშვეს გასასვლელში, ნაწილი კი სადღაც პატარა ოთახში მიგვიწვიეს მოსალაპარაკებლად, ბილეთები გაყიდულია და შეიძლება ხვალინდელ რეისზე გაფრინდეთო. ჯერ გაოცებისგან დავმუნჯდით, ხელში რომ გვქონდა, იმ ბილეთებზე გვეუბნებოდნენ, გაყიდულიაო. გაგიჟდა დელეგაციის ხელმძღვანელი, მე ხმა მივეცი გადაწყვეტილებას, რომ მსოფლიო ჩემპიონატი თქვენს ქვეყანაში ჩატარებულიყო, ჩამოვედი და როგორ მექცევით, სპორტსმენებს ნახევარს მიტოვებთ, ნახევარი მიგყავთ, ხვალ კი ყველა ერთნაირად უნდა გამოცხადდეს სავარჯიშოდო. ნახევარსაათიანი ჭიდაობის შემდეგ ვიღაც ზემდგომი ჩამოიყვანეს, მაგრამ რა, იმანაც გაყინული სახით ხელები გაასავსავა, ვერაფერს ვიზამ, სავსეა თვითმფრინავიო. მიზეზების განმარტება არც უცდიათ.

სასტუმროებში დავრეკავთ და დაბინავებაში დაგეხმარებითო. ვითომ გაისარჯნენ, არადა, გადარეკეს, სადაც სურდათ და თავისსავე სასტუმროში გაგვიშვეს. ქალაქგარეთ სპეციალური სასტუმრო აქვთ, სადაც ხელსახოცებსა და ყველაფერზე "თურქეთის ავიახაზების" ნიშანია დაკრული. ერთი საათი მივდიოდით ავტობუსით, მარტო რომ ვყოფილიყავი, გული გამისკდებოდა. ჩვენსავით დატოვებული ხალხით სავსე სამი ავტობუსი მიგვიძღოდა წინ. ვის არ ნახავდით იქ, აღმოსავლეთევროპელებს, რუსებს, აზიელებს, მაგრამ დასავლეთევროპელებს - არა. როგორც ჩანს, თურქებს ვისთანაც ექედმაღლებათ და გასდით, იმასთან იქცევიან ასე ცუდად. ძალიან არასტუმართმოყვარე ქვეყნის შთაბეჭდილება დატოვეს. კომპენსაციის გადახდაც არ სურდათ, ქვითარს გამოგიწერთ და თბილისში აიღეთო. არ მოვეშვით".”

ვიკა ზამთარაძე, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის საგარეო ურთიერთობების მენეჯერი: "8 კაციდან 4 აუშვეს, 4 დარჩა. თან ადგილი რომ არ ჰქონდათ, ეს იქ, რეგისტრაციის ადგილზეც კი მოულოდნელი აღმოჩნდა მათივე თანამშრომლებისთვის. მხრები აიჩეჩეს, არ ვიცით, რა ხდებაო. თბილისში გავიგე, რომ "თურქიშ ეარლაინსს" ხშირად ემართება ასეთი რამ და ჩვენთან არ შერცხვენილა პირველად. არასდროს დამავიწყდება, რაც უკვე თვითმფრინავში მოხდა. ამოვიდა ორი კაცი და აღმოჩნდა, რომ ორივეს ერთსა და იმავე ადგილზე ჰქონდა ბილეთი. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ამ ავიაკომპანიაში საქმეს თავს ვერ ართმევენ, ან მაქინაციებით ისე ჩახლართეს პროცესი, რომ თვითონაც თავგზა ერევათ.”

ქართველებთან თურქების აგდებული დამოკიდებულების შესახებ ბათუმის აეროპორტშიც ლაპარაკობენ. ეს კი იმის ბრალია, რომ თურქებს საქართველოში ყველაფერზე "მწვანე" აქვთ ანთებული და ძალიან თავგასულად იქცევიანო. საჰაერო ბიზნესში თურქების ასეთი დაუდევრობის მიზეზად აჭარაში იმასაც მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მრავალწლიანი მმართველობის უფლებით მათ გადასცა ქვეყნის დიდი აეროპორტები. საიდანაც შეიძლება მეტ-ნაკლებად აკონტროლო ავიაკომპანიების მოქმედება, იქაც თურქები არიან მოკალათებული და ამიტომაც "თურქიშ ეარლაინსს" ცა ქუდად აღარ მიაჩნია, დედამიწა ქალამნად და საქართველოს მოქალაქის უფლებები - უფლებებადო!“

"კვირის პალიტრამ" "თურქიშ ეარლაინსის" მიერ "გადაგდებულ" მგზავრებს არა მხოლოდ სტამბოლი-თბილისის რეისზე მიაგნო. აღმოჩნდა, რომ ცოტა ხნის წინ იგივე შეემთხვა სტრასბურგიდან სტამბოლის გავლით მომავალ ერთ საქართველოს მოქალაქეს, - ბილეთი ჰქონდა, მაგრამ თვითმფრინავში არ აუშვეს.

ტაილანდში, ბანგკოკის აეროპორტში კი ქართველებს "თურქიშ ეარლაინსი" დაუფარავად დისკრიმინაციულად მოექცა. ლევან ხიდაშელი კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად ჩინეთიდან ბანგკოკისა და სტამბოლის გავლით უნდა დაბრუნებულიყო თბილისში. იმის გამო, რომ ჩინეთის ავიაკომპანია შეფერხდა და მგზავრებს თურქულ თვითმფრინავში ასვლა აგვიანდებოდათ, აეროპორტში უპრეცედენტო ზომებს მიმართეს და ქართველები თურქეთის ავიახაზების გასასვლელთან ბორტის დაკეტვამდე რამდენიმე წუთით ადრე სირენებიანი მანქანებით მიიყვანეს.

ლევან ხიდაშელი: "თურქებმა რომ დაგვინახეს, გვკითხეს, თურქები ხართო? ჩვენ რა თქმა უნდა, ვუთხარით, საიდანაც ვიყავით. თქვენთვის ადგილები აღარ არისო. ჩვენ უკან მდგომ თურქ მამაკაცს კი პასპორტი შეუმოწმეს და გაატარეს. გაირკვა, რომ "თურქეთის ავიახაზები" შეგნებულად გვაფერხებდა. ქალბატონი გვიხსნიდა, რომ ბარგის ატანას ვერ მოასწრებდნენ. თანახმა ვართ ბარგი შემდეგ რეისზე ჩამოვიდეს, ოღონდ ჩვენ გაგვიშვით-მეთქი. მოკლედ, არ ჩაგვსვეს თვითმფრინავში და შუაღამისას ბანგკოკის აეროპორტში დაგვტოვეს. ტაილანდის აეროპორტის თანამშრომლები, რომლებმაც სასწრაფოდ მიგვიყვანეს "თურქიშ ეარლაინსის" გასასვლელთან და ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახეს, ჩვენზე არანაკლებ გაოგნებული იყვნენ. ასეთი რამ თუ შეიძლებოდა მომხდარიყო, ვერც წარმოგვედგინაო. ჩინეთის ავიაკომპანიამ თავის თავზე აიღო ხარჯი და მეორე დილით სხვა რეისით, მიუნხენის გავლით ავიაკომპანია "ლუფტჰანზათი" გამოგვიშვა თბილისში, მაგრამ მოხდა საოცარი რამ, ბარგი დავკარგეთ. სად არ მოვიკითხეთ, მაგრამ არსად იყო, არც ჩინეთის ავიახაზებთან, არც ტაილანდის ავიახაზებთან, არც "ლუფტჰანზაში".

საგონებელში ჩავცვივდით და მაინც მივედით "თურქულ ავიახაზებში", იქნებ რა მოხდა და მათ ჩამოიტანეს-მეთქი. დაგვცინეს, ბილეთი გქონდათ და თვითმფრინავში არ აგიშვით, ბარგს წამოვიღებდითო? დავრეკეთ ისევ ბანგკოკის აეროპორტში და ვთხოვეთ, რაღაც ეღონათ ბარგის ასავალ-დასავლის მისაგნებად. ყურადღებიანმა და სასიამოვნო ქალბატონმა გვირჩია, იქნებ ისევ თბილისის აეროპორტში მოიკითხოთ ბარგის საცავშიო. მართლაც მივედით და... წარმოგიდგენიათ? ბორტზე არ აგვიშვეს, ბარგი დააგვიანებსო, ბარგს ვერ ავიტანთო და ამ დროს "თურქიშ ეარლაინსმა" ჩვენი ბარგი ჩამოიტანა და ამის შესახებ არც გვაცნობა. მივეჭერით ოფისში, მაგრამ მათთან ლაპარაკი წყლის ნაყვაა. ის კი ფაქტია, რომ "თურქიშ ეარლაინსით" თუ ვერ გაფრინდები, უთუოდ გააფრენ".”

(სიუჟეტი თემაზე იხ. palitratv.ge-ზე)

თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

გთხოვთ კომენტარი დატოვოთ ჩვენს საიტზე ან მოგვწეროთ რედაქციაში