გოგი ოჩიაურის ხევსურული კოდექსი - კვირის პალიტრა

გოგი ოჩიაურის ხევსურული კოდექსი

"ყველა ჩემი ქანდაკება დანგრეულია... იმდენი ტკივილი მივიღე, რომ აღარაფერს დავდგამ!"

სულ ბოლოს, კართან რომ იდგა და მაცილებდა, რამდენი ვილაპარაკეო, - დაინანა. სახეზე ისეთი სევდა ეწერა, მივხვდი, რომ შესძლებოდა, ყველა სიტყვას სათითაოდ გაქაჩავდა უკან და სიჩუმეში დააბრუნებდა... იმიტომ კი არა, რომ რამე შეეშალა, ან თავისი ნათქვამისა შეეშინდა, უბრალოდ, გოგი ოჩიაური იმ კუთხისა და გვარის შვილია, თავის საფიქრალ-სადარდოზე დუმილს რომ ამჯობინებენ. კაცები გაშლილი მხრებით მიჰყვებიან სათიბებს და მათი ცელებით შემოხაზული ნახევარწრეები მეტყველებენ იმაზე, რაზეც კაცები დუმან... მერე დაღლილ, დაცვარულ შუბლებს ძლიერი მაჯებით იწმენდენ და ის შუბლებიც ლაპარაკობენ იმაზე, რაზეც კაცები დუმან... გოგი ოჩიაური იმ თბილისელების წარმომადგენელიცაა, რომლებმაც თავიანთ მხრებზე გადაიტარეს საქართველოში დატრიალებული ყველა უბედურება... როცა საჭირო იყო, არც სათქმელს გაურბოდნენ, არც საქნელს... საქმეზე ლაპარაკი გაცილებით იოლია... აი, სულისა და მოგონებებისა რა გითხრათ. არადა, ჩვენ სწორედ სულსა და მოგონებებს ვუტრიალეთ.

ჰოდა, დაინანა... რამდენი ვთქვიო...

ხევსურული სიმკაცრით ზომავს და წონის სიტყვასა და სიტყვას შორის გამომკრთალ ემოციას. ხევსური და არც მთლად ხევსური, ბარელი - თბილისელი და არც მთლად  ბარელი თბილისელი... ვინ? იქნებ მის სახლში კედელზე რომ გრაფიკული ნამუშევრებია: ადამიანი და მის მკერდში სავსე სარწყული... ან ვაჟა-ფშაველა, დახვეწილი, ხელ-ფეხ ნატიფი, იასთან მჯდომარე შუა ტყეში... ან სახლები თოვლის მდუმარებაში ჩაძირულნი... ან მეომრები, ბრძოლიდან დარდიანი გულით მობრუნებულები. ის ხომ ისედაც ლაპარაკობს თავის შინაგან სამყაროზე, რადგან მისი ყოველი ქანდაკება თავად არის: დაჩეხილიც, მგლოვიარეც, მეამბოხეც. და ეს ყველაფერი ერთი სიტყვით და უბრალოდ - გოგი ოჩიაური!

- მთა ალბათ სულ გენატრებათ-მეთქი. მეგონა, თვალები გაუბრწყინდებოდა.

- არა, არასოდეს! - მითხრა და გაოცებისაგან დამამუნჯა, -  1946 წელს "პარადისთვის" აგვარჩიეს 150 ქალ-ვაჟი. შვიდი წუთი უნდა გვევარჯიშა სტალინის წინ და ამისთვის ორი თვე გვამზადებდნენ გაგრაში. იმ წელს პირველად ვნახე ზღვა და ჰორიზონტის სწორი ხაზი. ეს იყო საოცრება! მერე რუსეთში დავინახე სწორი სივრცე, არყის ხეები. დაბადებიდან, სადაც გავიხედავდი, მთა იყო. ასეთი სივრცე არ მენახა! დაბრუნებულმა საქართველოს მთები დავინახე, მივხვდი, ძალიან  მშობლიური იყო... მაგრამ მაინც... თუ მენატრება რამე - გაშლილი სივრცე... ღამე არ გავა, ის არ დავინახო, რა სივრცეც სათიბიდან მოჩანდა!.. არყის ხეებზე ვგიჟდებოდი, ვიდრე ჩემმა ქალიშვილმა არ მითხრა: ვერ ვიტან ამ "ტუბერკულიოზიან" არყის ხეებს, გამხდრებს, შავლაქიანებსო. სულ მენატრებოდა, რომ იქ ვყოფილიყავი, სადაც ჰორიზონტის სწორი ხაზის დანახვა შეიძლება... მთამ შემაწუხა.

- ამ დროს რა რომანტიკულია ბარელებისთვის ეგ მთა, იქაური მოგონებებიც არ გიყვართ?

- ეგ მოგონებები ძალიან მიყვარს, მაგრამ მთის გამო კი არა, იმ ხალხის გამო, რომელთან ერთადაც ვიყავი!

- თუ გამოგიცდიათ მძიმე შრომა?

- 7 კლასი დავამთავრე თბილისში, ომი რომ დაიწყო. აღმოვჩნდი სოფელში. მამა ინვალიდი იყო... დეიდა სამეგრელოდან ორი შვილით შემოგვეკედლა, ბებია მოხუცი გვყავდა... დედა ყოჩაღი იყო, საქონელი შეიძინა. ამან გადაგვატანინა ომის წლები. მასწავლეს ცელის დაჭერა. ის დაღლა ახლაც ვერ მომინელებია, მაშინ რომ თიბვისას დავიღალე.

- საშიში არ იყო სათიბში მარტო ყოფნა? ხომ ამბობენ, კავკასიელი მეზობლები გადმოდიოდნენ და თავს ესხმოდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებსო.

- ეგ მოგონილი ამბებია. თავს ესხმოდნენ მხოლოდ მაშინ, როცა სისხლი იყო ასაღები. ცნობილ ყაჩაღებად შერაცხილი ხუჩბაროვის რაზმიც კი არ იყო საშიში. საბჭოთა ლექსიკით - ბანდიტი ხუჩბაროვი სინამდვილეში სამშობლოს მოყვარული კაცი იყო, მის რაზმს ერთი კაცი არ გაუძარცვავს. არხოტი ინახავდა. კა-გე-ბემ კი შატილელები მოატყუა - მაგათ მოიპარეს თქვენი საქონელიო და დაახოცვინა ერთმანეთი.

ერთხელ გაიოზ შარაშიძე, ნოდარ ანდღულაძე და მე ინგუშეთიდან ფეხით ვბრუნდებოდით. ხეობაში შორიდან დავინახეთ თეთრსამოსიანი. ქალაქელი იქნებოდა, ფშაველს არ აცვია თეთრი... შუახნის ლენინგრადელი ცოლ-ქმარი გამოდგა. ქალი ისე იყო ჩაცმული, თითქოს თავის აგარაკზე გამოვიდა. ქმარი კალმახის დაჭერას ცდილობდა, თუმცა არაფერი გაეგებოდა თევზაობისა. აქ როგორ მოხვდით-მეთქი. რუკითო. თუ იცით, სად ხართ-მეთქი. ამა და ამ სოფლებთანო. სულ სხვაგან ხართ, თანაც აქ, ტყეში, ხუჩბაროვის რაზმია-მეთქი... როგორ ვნახოთო - აღფრთოვანდა ქალი, - ეცინება მხატვარს და არ ვიცი, რის გამო, ამ ქალის გულუბრყვილობა აცინებს, თუ მთაში მარტო ყოფნის გამო შიში რომ ვახსენე...

- ბიძა მყავდა - გარსია ოჩიაური, სისხლის ამღები, მოშუღლარი კაცი. როცა არხოტელები ბარში გადმოასახლეს, ქართველმა ინტელიგენციამ სიხარულით მიიღო ეს ამბავი და ფილმები გადაიღო, ბიძაჩემმა ლხინი გამართა, ხევსურეთს გამოვემშვიდობოო. ცეკვის დროს გული გაუსკდა. არხოტელები ერთი დღით დატოვეს, დააკრძალვინეს გარსია და მერე გაუყენეს ბარის გზას... გარსიამ ერთხელ მითხრა, - ძმისწულო, ცეცხლი მომეციო. ავიღე ნაკვერჩხალი და ვაგუნდავებდი ხელიდან ხელში. რას აკეთებ, დადე რამეზე და მომაწოდეო. ვუთხარი, პაპამ სთხოვა არსენას, ცეცხლი მომიკიდე ყალიონზეო. აიღო არსენამ ნაკვერჩხალი და ვიდრე ტრუსის სუნი არ დადგა, პაპამ არ გამოართვა-მეთქი. გარსია ახარხარდა... მისთვის ვაჟკაცობის გამოცდის ხერხი არ იყო ცეცხლის ხელისგულით ტარება.

ხევსურებთან ყველაფერი მოწმდება: როგორ ზიხარ, როგორ ესალმები... არაფერი უნდა შეგეშალოს. მე კი ხევსურული მისალმებაც არ ვიცოდი ხეირიანად - უფროსს სხვანაირად უნდა მიესალმო, უმცროსს - სხვანაირად, ქალს, კაცს, დამხვდურს...

- თუმცა, შინაგანად ისევ ხევსური ხართ...

- ცხადია. ყველაზე მაღალი ქცევის კულტურა ჩემთვის ქრისტიანობამდელი ანგლოსაქსური, სკანდინავიური, ვაინახური და ხევსურულია... არ არსებობს ხევსური გლეხი უკულტურო... არც ის არის მართალი, თითქოს ხევისბერი იყო უფლებამოსილი, სხვები - არა! ისლანდიურ საგებს რომ ვკითხულობ, მგონია, ხევსურზეა დაწერილი. მგონი, მსოფლიოში არც ერთ კუთხეს არ აქვს დაწერილი იურიდიული კოდექსი, ხევსურეთში კი არსებობს... ყველაფერი განსაზღვრულია: სტუმარმასპინძლობა, მეურნეობის წარმართვა, სისხლის აღება...

- სისხლის აღება სისასტიკეა, რომელიც ძნელია გაამართლო, განსაკუთრებით მაშინ, როცა მკვლელს კი არა, მაგალითად, მის შვილს კლავენ...

- მკვლელობა ყველაზე დიდი დანაშაულია. სიცოცხლესთან თამაში არ შეიძლება! ამიტომაც იყო ხევსურეთში ნაკლები მკვლელობა, ვიდრე ბარში. თუ მოკლავდნენ ვინმეს, მისი ოჯახის წევრი კანონს ასრულებდა - სისხლს იღებდა. თუ არ ასრულებდა, არსებობის წაბილწვა იყო. ჩემმა დედისძმამ ლადომ, აიღო თომა ბალიაურის  სისხლი.  წესი ასეთია: მოკვლისთანავე მკვლელის მხარემ უნდა დაკლას საკლავი, ბოდიშის მოხდასავით, მკვლელმა შინ არ უნდა გაათიოს ღამე, მისმა ოჯახმა არ უნდა მოხნას, არ უნდა იმღეროს... ერთი მნიშვნელოვანი წესი მინდა აგიხსნათ. "ვეფხსა და მოყმეში" "წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ უთხრა შვილისა" - ყველას ჰგონია პოეტის ფანტაზიის ნაყოფია, მისი ჰუმანურობის უმაღლესი გამოვლინება. არადა, ხევსურული კოდექსის მიხედვით, ქალებმა სამძიმარი უნდა უთხრან მათი ოჯახის წევრისაგან მოკლულის ოჯახს.

- ვაჟა-ფშაველაზე ბევრი გიმუშავიათ, ის ფშაველი იყო, თუ არ არსებობდა ვიწრო კუთხის კუთვნილება დიდი შემოქმედისათვის?

- ვაჟა ფშაველი იყო! ქართული ინტელიგენციისთვის მთაში შენახული კულტურა, სრულიად უცხო დარჩა. ბარისახოს სკოლაში რომ ვსწავლობდი, დაგვაწერინეს "ალუდა ქეთელაურის" გარჩევა. თემმა გააძევა ალუდა, იმიტომ რომ მოკლულ მტერს ხელი არ მოსჭრა. ცხადია, ეთანხმებით ამ მორალს... ინტელიგენტი ხართ... მე კი დავწერე, რომ თემი იყო მართალი! მასწავლებელმა - ეს რა სისულელეაო... - თემის კოდექსი თუ დაარღვიე, მოღალატე ხარ-მეთქი. ვერ გაიგო. ავუხსენი: ახლა კალინინმა რომ გმირის ვარსკვლავი მისცეს მეომარს და ამან უთხრას: ესესელი მებრძოდა ვაჟკაცურად და იმასაც თუ არ მისცემთ, მაგ ჯილდოს არ ავიღებო... ხომ დახვრეტენ იქვე-მეთქი. როგორ ბედავო! აქაც იგივეა-მეთქი. მეორედ ასეთი რამ არ გაიმეოროო და არც გამიმეორებია, მაგრამ დღესაც ასე ვფიქრობ.

- არასოდეს წასულხართ საზოგადოებრივი აზრის წინაღმდეგ?

- წავსულვარ!

- ჰოდა, მაშინ ხომ ალუდა იყავით...

- არა! ალუდა ცხოვრობდა იმ საზოგადოებაში და არ აპროტესტებდა, იყო მათი ნაწილი. მე კი ბავშვობიდან ვცხოვრობდი ბოლშევიკურ დეგენერაციაში, არასოდეს ვეთანხმებოდი იმ საზოგადოებას... ისე გავიზარდე, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი ბოროტება იყო ბოლშევიზმი, ამას ხმამაღლა თუ არ ვამბობდი, მაინც იჩენდა ხოლმე თავს... მაგალითად, ჩემი დიპლომი - "აჯანყება" არ გამიკეთებია ანტისაბჭოთა ჩანაფიქრით, მაგრამ მაინც ასე მიიღეს. მოსკოვში ჩემი დიპლომის დახურული გარჩევა მოაწყვეს. ყველა მოქანდაკე ეჯიბრებოდა ერთმანეთს ჩემს ლანძღვაში. დამიცვა მხოლოდ სომეხმა პოღოსიანმა, რომელმაც შეაფურთხა კიდეც ერთ-ერთ აკადემიკოსს. მოსკოვიდან ეს სკულპტურა შეუფუთავი გამოგზავნეს. დაიმტვრა. აღადგინა ერთმა ხელოსანმა... როცა ზვიადის მთავრობაში ვიყავი, "აჯანყება" "მხედრიონელებმა" დალეწეს... სასწავლო ნაწილის გამგე იყო - ნადარეიშვილი, მითხრა: დავარქვათ "1905 წელი გურიაში", წინააღმდეგი ხომ არ ხარო. არა-მეთქი. არ მადარდებდა, რა ერქმეოდა, ოღონდ დამეცვა დიპლომი! თქვენ არ გინახავთ, ის საბჭოთა ქვეყანა ადამიანებს რას უშვრებოდა... სტალინი ბევრს დღესაც უყვარს... ავად ვიყავი, რომ გავიგე, მოკვდაო, გავვარდი ქუჩაში. მეგონა,  აქამდე ყველა მალავდა თავის აზრს და ახლა იქნება ხვევნა-კოცნა-მეთქი. ყველა ტიროდა -  ჩვეულებრივი მონები იყვნენ. შემხვდა ზურა ნიჟარაძე, აკადემიაში არ წახვიდე, ფუნჯები დამიმტვრიეს - ამ დღეს როგორ მუშაობო... ეს იყო საბჭოთა იდეოლოგია...

- იმდენი ტკივილი, რამდენიც ქანდაკებამ მომაყენა, არაფრისაგან მქონიაო, - მითხარით ერთხელ...

- ასეა, ყველა ჩემი ქანდაკება დანგრეულია...

- ამას რას უკავშირებთ?

- სატრაბახო პასუხი მაქვს, ამიტომ არ ვიტყვი. სხვამ ამიხსნას, რატომ დამიმტვრიეს "აჯანყება" ორჯერ, რატომ მოხსნეს ლანჩხუთში მესამედ? რატომ მოიპარეს დაჩეხილი ქალი? რატომ დამინგრიეს სამჯერ ვაკის მემორიალი? ერთხელ ზვიადის დროს ქორიძემ და არჩვაძემ, მეორედ - შევარდნაძის დროს, და ახლა მესამედ გამატანინეს იმათ, ვისთანაც ყველაზე ლოიალური ვარ, რადგან ვთვლი, რომ ქვეყანა ამ გზით მიდის იქ, სადაც მინდა რომ მივიდეს.

როცა გამარჯვებულ მეომარს, ტრიუმფატორს იღებენ, შეიძლება გაიგო... მაგრამ ჩემი მეომრები მსხვერპლს ტირიან. ეს რეკვიემია: საბჭოთა კავშირი დამარცხდა მეორე მსოფლიო ომში, არ გაუმარჯვია. 12 მილიონი დაიკარგა, ქართველი - სამასი ათასი. ერთი სამასი ათასი გადასახლებაში მოსპეს. ოციან წლებში ბოლშევიკები ძალით შემოვიდნენ საქართველოში და ოცი წლის მერე ქართველები წავიდოდნენ რუსეთის ომში ხალისით - ჩემი სამშობლოაო? ჩაჟლიტეს ამდენი ადამიანი. ამერიკის მსხვერპლი რამდენი იყო? ორას ორმოცდაათი ათასი... იმათ გაიმარჯვეს. დამარცხებიდან მეცხრე წელს გერმანია ევროპის პირველ რიგებში გავიდა... იმათაც გაიმარჯვეს. ამიტომ მინდოდა, "რეკვიემი" მდგარიყო...

- ახლა რომ საშუალება მოგცენ, რას დადგამდით?

- არაფერს... სურვილი არ მაქვს. იმდენი ტრავმა მივიღე, იმდენი ტკივილი, რომ აღარაფერს დავდგამდი!

"ბათარეკა ჭინჭარაულის" ავტორი

1959 წლის აგვისტოში გოგი ოჩიაური და გურამ რჩეულიშვილი ზემელზე ერთმანეთს შეხვდნენ, შევიდნენ რესტორან "გემოში". შემდეგ კიროვის ბაღში გაისეირნეს.  გოგი ოჩიაური იხსენებდა: ვუამბობდი, თუ როგორ ძლიერად აქვთ ხევსურებს განვითარებული ""დოლგ ჩესტი"", ამიტომაც ხევსურეთში ძალიან ხშირია ახალგაზრდების თვითმკვლელობა. მერე მოვუყევი, რომ ერთ პატარა გოგოს უნდა წაეღო დედისათვის სამკალში საჭმელი, დაავიწყდა, თამაშში გაერთო. მამამ უსაყვედურა, - როცა დედა მშიერია და შენ გელოდება, რა დროს თამაშიაო. პატარა გოგომ თავი ჩამოიხრჩო ხეზე. მახსოვს, გურამმა მკითხა, მამამისს რა ერქვაო. სახელი არ მახსოვდა. ვთქვათ, ბათარეკა-მეთქი... იმ დროს კენტავრზე ვმუშაობდი, ამის შესახებაც ვუთხარი გურამს. მერე ეს ყველაფერი, მე მგონი, "ბათარეკა ჭინჭარაულში" გაერთიანდა...

გურამ რჩეულიშვილი ძალიან ახლოს იყო ქართულ მთასთან, მის მკაცრ და ლაღ ბუნებასთან. ცხენზე კარგად მჯდარი არახევსური ვინც მინახავს, გურამ რჩეულიშვილი იყო. ბევრ იქაურს ჯობდა. ფაქტობრივად, ხევსური იყო, იმდენად მოერგო ხევსურეთს ბუნებით. იშვიათად მინახავს ქართველი ინტელიგენტი, რომელიც ხვდება, რა არის ხევსურეთი. გურამი მიხვდა...

გურამ რჩეულიშვილის სულიერება ბრწყინვალედ გადმოსცა გიორგი შენგელაიამ ფილმში "ალავერდობა", გეიდარ ფალავანდიშვილმა კი შექმნა სახე, რომელიც, ფაქტობრივად, თავისუფლებისა და ამაღლებული სულიერების სიმბოლოდ იქცა.