"ჩემთვის ღვინო მთელი მეცნიერებაა" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ღვინო მთელი მეცნიერებაა"

"აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა მადლობა გადამიხადა გაწეული მუშაობისათვის"

ექიმობაზე მეოცნებე ქეთი ჯურხაძემ ჯერ ღვინის ლაბორატორიაში დაიწყო მუშაობა, მალე კი სომელიეს სერტიფიკატის მფლობელი გახდა და ღვინის სადეგუსტაციო კომისიაშიც მიიღეს. ამერიკის სავაჭრო პალატისა და საქართველოში ამერიკის ელჩის, ჯონ ბასის სამადლობელი წერილებით გამხნევებული, დღეს ერთ-ერთ კოლეჯში სტუდენტებს ქართულ ღვინოზე ლექციებს უკითხავს.

- ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე აღმოვჩნდებოდი ამ სფეროში, რადგან ჩვენს ოჯახში ღვინის წარმოებასთან კავშირი არავის ჰქონია. ერთადერთი, რაც ღვინოსთან გვაკავშირებდა, 1869 წლით დათარიღებული ფარატინა ეტიკეტია, რომელსაც "ჯურხაძეების ღვინის მარანი" აწერია...

ბავშვობიდან ექიმობაზე ვოცნებობდი, თუმცა დედა წინააღმდეგი იყო. ძალიან ჯიუტი ვარ. აგრარული უნივერსიტეტის მე-3 კურსზე ვსწავლობდი, აკადემიური ავიღე და 12 განსხვავებული საგნის ჩაბარების შემდეგ ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოსამედიცინო ფაკულტეტზე ჩავირიცხე. დავამთავრე ბაკალავრიატი და მაგისტრატურაშიც შევიტანე საბუთები.

ერთ დღეს მეუღლის მეგობარი დამიკავშირდა და ღვინის კომპანიაში ლაბორატორიის მოწყობაში დახმარება მთხოვა, დავთანხმდი და მალე რიგითი ლაბორანტობიდან ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავინიშნე. ამ დროს  CTZ-ის (გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობა) ღვინის ლაბორატორიის ხელმძღვანელებმა ჩვენს ქარხანაში სინჯები აიღეს და დეგუსტაციიის თემაზე პირველი ლექცია-სემინარიც ჩაგვიტარეს... მოგვიანებით ტესტირება გავიარე და გავხდი CTZ-ს ღვინის ლაბორატორიის დეგუსტატორ-სომელიეს პირველი სერტიფიკატის მფლობელი. მალე ჩამოყალიბდა ღვინის სადეგუსტაციო კომისია, რომლის წევრიც დღემდე ვარ.

- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?

- სომელიეობა რთულია. ღვინის ისტორიის ცოდნის გარდა, გემოსა და ყნოსვის რეცეპტორები უნდა გქონდეს განვითარებული. ზედმიწევნით უნდა შეგეძლოს ღვინის მწარმოებელი კომპანიების გამოცნობა, ჩამოსხმის წელი, ღვინის დასახელება, რა ჯიშის ყურძნისგან არის დაწურული და ა.შ.

დედაჩემისთვის სომელიეობაც მიუღებელი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში შეეჩვია და ხელსაც კი მიწყობდა. ოჯახის თანადგომაც არ მაკლდა. იმდენად შეჩვეული იყვნენ ჩემს მძიმე სამუშაო გრაფიკს, რომ ერთ დღესაც, შინ ადრე რომ დავბრუნდი, გაოცებული სახით შემომხედეს. ვიდრე რამეს მკითხავდნენ, პასუხი დავასწარი, სამსახურიდან წამოვედი-მეთქი.

- რა იყო მიზეზი?

- წარმოუდგენელია გყავდეს სომელიე და არ გქონდეს პატარა მარანი, სადაც ტემპერატურული რეჟიმი დაცულია. ბოთლი სათანადო დახრილობით უნდა იდოს, რადგან სხვადასხვა სახის საცობი არსებობს და გამორიცხული არ არის, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში საცობის სილიკონი დაიშალოს და ღვინომ გამოჟონოს. როდესაც გასაქანს არ გაძლევენ, სათანადოდ მიხედო ამ ყველაფერს და დირექტორი ან დამფუძნებელი ღვინის შემოტანის საკითხს მხოლოდ იმ მიზეზით წყვეტს, რომ ღვინო მისი ახლობლისაა, ჩემთვის როგორც სომელიესთვის დაუშვებელია!

- ხშირად წარადგენთ ქართულ ბრენდებს?

- პირველად ესტონელებთან ვიმუშავე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ფურშეტზე.

აშშ-ის საელჩო საქართველოში და ამერიკის სავაჭრო პალატა ყოველწლიურად აწყობს საქველმოქმედო აქციას, სადაც კომპანიები საკუთარ პროდუქციას წარადგენენ. იქვე კეთდება ღვინის კუთხე, რომლის ხელმძღვანელობაც პირველ წელს მე შემომთავაზეს. შარშან ამერიკის სავაჭრო პალატამ თხოვნით მომმართა, რომ  დაგეგმილ ღონისძიებაში მათი პირადი სომელიეს სტატუსით მიმეღო მონაწილეობა. ეს დიდი პატივი და აღიარება იყო და  დავთანხმდი. ბატონმა ჯონ ბასმაც მადლობა გადამიხადა გაწეული მუშაობისათვის.

ერთ კურიოზს გავიხსენებ: ბრენდების პრეზენტაციაზე პროტოკოლით დრესკოდი მოქმედებს  და აუცილებელია მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მისვლა, ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ასეთ ფეხსაცმელს იშვიათად ვატარებ, მაგრამ მაინც ჩავიცვი და მეუღლესთან ერთად წვეულებაზე მივედი. ოფიციალური მიღება 2 საათს გაგრძელდა. სიმწრის ოფლი მასხამს, ჩემი ახალთახალი ფეხსაცმელი ისე მიჭერს, ლამის გული წამივიდეს. მეუღლე კი მთხოვს, ქეთი, ცოტაც გაუძელიო. მაგრამ ამის ატანა შეუძლებელია. ოფიციალური ნაწილი დასრულდა თუ არა, ხალხიც შეთხელდა და პირდაპირ მასპინძელს მივეჭერი. სიმწრის ღიმილით ავუხსენი ჩემი გაუსაძლისი მდგომარეობა. პასუხად, - იქნებ დაგვდო პატივი და ცოტა ხანს კიდევ დარჩეო. კი დავრჩი, მაგრამ ცოტა ხანში საზოგადოებას ღვინის ბოკალითა და ჩემი ფეხსაცმლით ხელდამშვენებული გამოვეცხადე... იქ მყოფებმა თანაგრძნობის ნიშნად ტაში დამიკრეს...

კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: ერთ-ერთი ტურის დროს უცხოელების 25-კაციან ჯგუფთან ისევ უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. კახეთში ღვინის ქარხნის სადეგუსტაციო დარბაზში დიდი სუფრა იყო გაშლილი და ღვინით სავსე ბოკალები იდგა. მე ჩემს ამპლუაში ვარ, ვყვები ქართული ღვინის ისტორიას, მაგრამ რაღაც მაწუხებს - აშკარად ვგრძნობ უცნაურ სუნს. მიმოვიხედე და უცხოელების სახეზე ვკითხულობ, დროზე დაამთავრე, დალევა გვინდაო. მასპინძლები კი მშვიდად შემომყურებენ. ჭიქებს გავხედე, ღვინის ფერიც მეუცნაურა. როგორც იქნა, დავამთავრე ლაპარაკი, ავიღე ბოკალი და... ხელში ძმარი არ შემრჩა?! უცებ ერთმა უცხოელმა სტაცა ხელი სასმისს, მე კი ვეცი და ბოკალი ხელიდან გამოვტაცე, - მოითმინეთ, ჯერ ქართული ღვინის ისტორიის მოყოლა არ დამიმთავრებია და ისიც მინდა გითხრათ, რომ თუ ღვინოს სათანადოდ არ მოუვლით, ძმარს მიიღებთ-მეთქი. მთელი ჯგუფი გაოგნებული მომჩერებოდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს ღვინის ტური გემრიელი ვახშმითა და საუკეთესო ღვინით დასრულდა. მე კი საჩუქრად ერთი უცხოელი უჟმური ქალისაგან ციფრული ფოტოაპარატი მერგო. მითხრა, მსოფლიო მაქვს მოვლილი და პირველად ვნახე გიდი, ასე ოსტატურად გამომძვრალიყო სიტუაციიდანო.

- ქალისთვის სომელიეს პროფესია რამდენად მისაღებია?

- ზოგისთვის ღვინო დროის გასატარებელი საშუალებაა, ჩემვის კი მთელი მეცნიერება. ღვინო ამოუწურავი თემაა, ყოველწლიურად  სხვადასხვა კომპანია ახალ ბრენდს უშვებს და თუ ამ პროფილით განვითარებაზე გაქვს პრეტენზია, ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობის მიუხედავად - 2 ბიჭი მყავს და ახლა მესამეს ველოდები - ტრენინგებისთვის ვემზადები, რათა ღვინის სომელიეს საერთაშორისო სერტიფიკატიც ავიღო.

გურამ სოზაშვილი