ერლომ ახვლედიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ერლომ ახვლედიანი გარდაიცვალა

რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცვლიან შეხედულებებს ცხოვრების ამა თუ იმ საკითხზე... ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცვლიან ადამიანებს უკეთესობისაკენ...გეთანხმებით, რომ ისინი ცოტანი არიან, "სანთლით საძებარნი" და ხშირად თვალს მიფარებულნიც, მაგრამ ჩვენ მაინც არ გვავიწყდება, რადგან მათ თავიანთი არსებობით შეძლეს და სამყარო შეცვალეს უკეთესობისაკენ.

ერთ-ერთ სანთლით საძებართაგანს ახლა ეთხოვება საქართველო - ერლომ ახვლედიანი გარდაიცვალა...

სწორედ მან შეცვალა ჩვენში ხალხური ზღაპრებითა და პოეზიით ნასაზრდოები წარმოსახვა გმირზე - გოლიათზე, რომელიც ცალი ხელით ათ მტერს ამარცხებდა, მან გვითხრა, რომ ვაჟკაცობას არ აქვს ფიზიკური საზომი, ისე როგორც არ აქვს ეროვნება. იცხოვრა ჩუმად, შეუმჩნევლად, უპრეტენზიოდ და ისე ვაჟკაცურად, ნებისმიერს რომ შეშურდებოდა. არასოდეს მყოლია რესპონდენტი, რომელიც ერლომზე უშიშარი იქნებოდა. მას შეეძლო სიმართლისათვის თვალის გასწორება და ისე შეულამაზებლად გადმოცემა, როგორსაც ყველა უფრთხის ხოლმე.

ის ერთადერთი იყო!

პირად საუბარში უბრალოდ მიყვებოდა: - სულ მინდოდა, რომ ვაჟკაცი ვყოფილიყავი... მინდოდა, არაფრის მშინებოდა... მინდოდა, გურამ რჩეულიშვილს ვგვანებოდიო... დაბეჯითებით ამტკიცებდა, ეს ყველაფერი ვერ შევძელიო, არადა, ვეღარც კი ამჩნევდა, რომ მიუხედავად ტანმორჩილობისა, ვაჟკაცობას სწორედ ის აერჩია, მასში ჩამკვიდრებულიყო... და გურამ რჩეულიშვილიც მასთან მეგობრობდა, რადგან იმ სულს ხედავდა, რომელიც ტოლფასი მიაჩნდა, რომელთანაც დიდი საერთო ჰქონდა.

- სად ვეძებო ის, რაც არ არის, რომ არ მქონდეს ის, რაც არის, რომ არ იყოს ის, რაც არის, - ამბობდა ერლომ ახვლედიანი და უკვე აღარ იყო ის, რაც იყო... რადგან იმ საბჭოთა წლებშიც კი ერლომ ახვლედიანის შემოქმედების სახით გაჩნდა ის, რაც არ იყო: "ვანო და ნიკო":

"ერთხელ ნიკო უსაქმოდ იყო და უთხრა ვანოს:

- მე შენზე მაღალი ვარ.

ვანოს ეწყინა და უპასუხა:

- მე კი შენზე მაღალი ვარ.

ნიკო ფეხის წვერებზე აიწია და უთხრა ვანოს:

- ახლა ხომ ვარ შენზე მაღალი?

-  მე რა, არ მაქვს ფეხის წვერები? - უპასუხა ვანომ.

ნიკო სკამზე შეხტა და დაიძახა:

- ახლა?

ვანოც სკამზე შეხტა.

ნიკო გარეთ გავარდა, ხეზე ავიდა და ვანოს გადმოსძახა:

- ვანო, ამომხედე!

ვანომ არ ახედა, სხვა ხეზე ავიდა და არაფერი არ თქვა.

ნიკო ხიდან მთაზე გადავიდა და ვანოს გადმოსძახა:

- ეჰე, ვანო, შემომხედე, რა მაღალი ვარ!

ვანოც ავიდა მთაზე და ნიკოს გადასძახა:

- ეჰე, ნიკო!

ხოლო შემდეგ ვანომა და ნიკომ, რაც ახლომახლო მთები იყო, გაიყვეს, ერთმანეთზე აახოხოლავეს, ზედ შედგნენ... და ისმოდა ყვირილი:

- აუ-უ, ვანო, შემომხედე! რა მა-ღა-ლი ვარ!!!

და ხევებიდან, კლდეებიდან, უფსკრულებიდან ბრუნდებოდა ათასი პასუხი.

- აუ, ვანო, შემომხედე, რა მა-ღა-ლი ვააარ!!!

დაიღალნენ. სიმაღლეებიდან ბილიკ-ბილიკ ჩამოვიდნენ. მთები თავ-თავიანთ ადგილებზე დაალაგეს, მოიტანეს თარაზო, მოასწორეს მიწა და დაეტოლნენ:

თურმე ორივე ერთმანეთზე თითო-თითო სანტიმეტრით მაღალი იყო".

ერლომს კი ეგონა, რომ სხვაზე ერთი სანტიმეტრით დაბალი მაინც იყო, სხვები, ყველანი, მაღლები იყვნენ! ერლომს ეგონა, რადგან სინამდვილეში მას უკვე ჰქონდა უბრალოებისა და დიდბუნებოვანების უიშვიათესი სიმაღლე და იმ გადმოსახედიდან ფიქრობდა სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოზე: "ჩემს იდეალებს მუდამ ვეძებდი ჩვეულებრიობაში, ნორმალურობასა და შეუმჩნევლობაში. ამ ვნებამ ეკლესიამდე მიმიყვანა. იგრძნო თავი სიტყვიერ ცხვრად - უდიდესი ბედნიერებაა. მაგრამ ამ სულიერ "კიდობანში" სხვა ამინდია, ხოლო მის გარეთ - სულ სხვა. თუ კიდობანში თანდათან ურიგდები სიკვდილს და იყვარებ მას, გარეთ დარჩენილს სიკვდილის შიში გზარავს. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური გაქრობის შიში, რადგან მანამ ცოცხალი ხარ, შინაგანად სიკვდილის წარმოსახვა ორმხრივ გახსნილია. შეუძლებელია, არ გაქრე და შეუძლებელია, გაქრე. ამას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გაიგებ. ხუმრობით კი ვიტყვი: მოველი აღსასრულს, რათა საბოლოოდ დავრწმუნდე, რომ უკვდავი ვარ"...

მახსენდება ერლომ ახვლედიანის ცხოვრების ერთი პატარა ეპიზოდი: როგორ სვამდა წყალს პეშვიდან და როგორ გრძნობდა, რომ პეშვში წყალი ცოცხალი იყო... როგორ ვერ შეედრებოდა პეშვით დალეულს ჭიქით დალეული. ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეგრძნებები ხანდახან რა ბევრს ჰყვებიან ადამიანზე. ერლომ ახვლედიანი შუამავლის - ჭურჭლის გარეშე ეწაფებოდა სამყაროს, როგორც დიდ სიკეთეს და მერე მიღებულს სხვებსაც უზიარებდა... ამიტომაც მისი სტუდენტებიდან ძალიან ბევრი თვლიდა, რომ ერლომი იყო სულიერი მოძღვარი, მასწავლებელი, გზამკვლევი, ერლომი იყო ეტალონი...

ერლომი კი ერლომი იყო...

"ყოველი ცვლილების სარგებლიანობა იზომება არა იმით, რა იცვლება, არამედ იმით, რაც უცვლელი რჩება", - წერდა.

რამდენი ცვლილება გამოვიარეთ და რა გავატანეთ ცვლილებებს და რა დავიტოვეთ? იქნებ ამიტომაც ლოგიკური იყო, რომ ერლომ ახვლედიანი დიდხანს იყო თავის თავში ჩაბრუნებული, იმის მოდარაჯე, რისი დატოვებაც უცვლელად ღირდა და რისი გადარჩენაც ძალიან ძნელი იყო... ეს აღარ იყო ჩვეულებრივი ყოფნა... როგორც ამბობენ - "ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა".

ერლომ ახვლედიანი

ერლომ ახვლედიანი - მწერალი, კინოდრამატურგი, საბას და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, არის ავტორი 19 ფილმის სცენარისა, გამოცემული აქვს 5 წიგნი, გადაღებულია 4 მხატვრულ ფილმში, მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, ჩეხურ, გერმანულ, არაბულ და სომხურ ენებზე.

დაიბადა 1933 წლის 23 ნოემბერს, გარდაიცვალა 2012 წლის 20 მარტს...