შავი ტრანსპლანტაციის მსხვერპლი?! - კვირის პალიტრა

შავი ტრანსპლანტაციის მსხვერპლი?!

მსოფლიო სამედიცინო სკანდალი?!

"რასთან გვაქვს საქმე - ორგანოებით ვაჭრობის ბიზნესთან თუ საიდუმლო ექსპერიმენტთან?!".

საქართველოს მოქალაქის გვამი გერმანიიდან გამოფატრული გამოგზავნეს!..

მას შემდეგ, რაც მედიცინაში ორგანოების გადანერგვით შესაძლებელი გახდა სიცოცხლის შენარჩუნება, ამ ლეგალურ და კეთილშობილურ მისიასთან ერთად გაჩნდა ტრანსპლანტაციის მიზნით ორგანოებით ვაჭრობის შავი ბიზნესი. საქართველოს მოქალაქე დავით მარდიანის საქმე შეიძლება მსოფლიო სკანდალად გადაიქცეს და სათავე დაუდოს მსოფლიოში შავი ტრანსპლანტაციის არალეგალური საქმეების მასშტაბურ გამოძიებას. მით უმეტეს, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის წამყვანი ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი ამხილეს "შავ" ტრანსპლანტაციაში.

26 წლის დავით მარდიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო გერმანელმა სამართალდამცველებმა 2010 წლის 7 თებერვალს დააკავეს. 10 მარტს კი თბილისში მშობლებს შეატყობინეს, რომ დავით მარდიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

იური მარდიანი, დავით მარდიანის მამა: - 2010 წლის 10 მარტს პოლიციის თანამშრომელმა შემატყობინა, რომ ჩემმა შვილმა გერმანიაში ციხის საავადმყოფოში თავი ჩამოიხრჩო. შვილის სიკვდილზე უარესი რა უნდა იყოს, მაგრამ საღი აზრი არ დამიკარგავს. გამაკვირვა თვითმკვლელობის ვერსიამ. მალე გაკვირვება ეჭვმა შეცვალა, რადგან გერმანიიდან მაცნობეს, რომ ჩემი შვილის ცხედრის კრემაციას აპირებდნენ. სასწრაფოდ მივმართე ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულოს დეპარტამენტს და ვთხოვე, როგორმე მოეხერხებინათ ჩემი შვილის ცხედრის თბილისამდე ჩამოსვენება და კრემაცია არ დაეშვათ. მართლაც, 2010 წლის 2 მარტს ჩამოასვენეს თუთიის კუბოთი. ცხედრის გაკვეთას ვერ დავესწარი, მაგრამ ექსპერტიზას ბიძაჩემი არტურ მარტიროსიანი ესწრებოდა. მისი განმარტებით სურათი იმდენად შემზარავი იყო (მუცელში ორგანოები ქაოსურად ეყარა და ჭუჭყიანი ქაღალდებით იყო ამოვსებული), რომ ექსპერტმა ჭითანავამ შეწყვიტა გვამის გამოკვლევა და ორი კოლეგა გამოიძახა. ამ მომენტიდან ექსპერტიზას სამი ექსპერტი ატარებდა, თუმცა ეს გარემოება რატომღაც დოკუმენტებში (ექსპერტიზის დასკვნაში) ასახული არ არის.

ჩემს შვილს დათხრილი ჰქონდა თვალები, მარჯვენა ფეხიდან (მუხლიდან წვივამდე) ამოჭრილი ჰქონდა ძვალი, მის მაგივრად კი პლასტმასი ჰქონდა ჩაყენებული, ამოღებული ჰქონდა ხორხი, ენა, ენისქვეშა ძვალი. ჩემი შვილი გაჭრილი იყო არა მხოლოდ პერპენდიკულარულად, როგორც გვამის გამოკვლევისას ხდება, არამედ ჰორიზონტალურადაც, გაკერილი ჰქონდა ორივე ხელი, ლავიწის ძვლის მიდამოები.

რა მოხდა გერმანიაში, დაზუსტებით თქმა არ შემიძლია, მითU უმეტეს, რომ ამდენი ხანია მათგან სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებას ვერ ვეღირსე, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ჩემი შვილი ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის გამოიყენეს".

ნოდარ ურუშაძე, ექიმი, იურისტი: "გვამის გაკვეთა სიკვდილის მიზეზის დადგენას ემსახურება. მარდიანის ცხედარი კი დასახიჩრებულია: დათხრილი აქვს თვალები, ფეხიდან ამოხერხილი აქვს ძვალი, გადაჭრილი აქვს ხელები, ორგანოები - აზელილი. როცა ჰამბურგიდან გამოგზავნილ დოკუმენტებს და თბილისში ჩატარებული ექსპერტიზის მასალებს გადავხედე, იმთავითვე ცხადი გახდა, რომ სიკვდილის ოფიციალური მიზეზი - თავის ჩამოხრჩობა, მტკნარი სიცრუეა.

საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზის მონაცემები არ ემთხვეოდა ჰამბურგიდან გამოგზავნილ დოკუმენტებს. ექსპერტი დასკვნას გამოკვლევის ჩატარებიდან მაქსიმუმ სამ დღეში წერს. მარდიანს ექსპერტიზა 2 აპრილს ჩაუტარდა, დასკვნა რატომღაც 28 აპრილს, 26 დღის დაგვიანებით გასცეს. ცხადია, ექსპერტებმა არ იცოდნენ, რა დაეწერათ და რა ფორმით. გვამს აშკარად ეტყობოდა კისერზე ისეთი სისხლჩაქცევები, რაც მიუთითებს, რომ თავი კი არ ჩამოიხრჩო, არამედ დაახრჩვეს. როდესაც ადამიანი თავს იხრჩობს, სტრანგულაციური კვალი - თოკის ანაბეჭდი რჩება (მისი გაყალბებაც სცადეს, მაგრამ კვალი ცალ მხარეს არ რჩება და ადვილი გასარჩევია, დაზიანება გვამს სიკვდილამდე თუ სიკვდილის შემდეგ აქვს მიყენებული). მარდიანის გვამს თოკის კვალი არ ეტყობა, სამაგიეროდ, აქვს საძილე არტერიის მიდამოებში, კისრის ორივე მხარეს სისხლჩაქცევები. ეს მიუთითებს, რომ დავით მარდიანს თავი არ ჩამოუხრჩვია. ორივე ხელზე ნაჩხვლეტი ჭრილობებიც ჰქონდა, რაც იმის დასტურია, რომ სიკვდილამდე ორივე ვენაში ინიექცია გაუკეთეს და დიდი ოპერაცია ჩაუტარეს. როგორც პროფესიონალმა, შემიძლია გითხრათ, რომ მცირე ოპერაციის დროს საჭირო არ არის ორივე ხელზე ინიექციის გაკეთება, როცა დიდ ოპერაციას ატარებენ, მაშინ ორივე ხელია საჭირო. ჩემი ვარაუდით, დავით მარდიანი ღვიძლის დონორად გამოიყენეს. თბილისში ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ დავით მარდიანს ნაღვლის ბუშტი არ ჰქონდა.

- ნაღვლის ბუშტი ცხედარს ჰამბურგში ჩატარებული ექსპერტიზის დროს ხომ არ ამოჰკვეთეს?

- თუ ასეა, მაშინ გაურკვეველია ექსპერტული მიზნები. ასეთ შემთხვევაში ღვიძლზე უნდა დაფიქსირებულიყო შეუხორცებელი განაკვეთი. რადგან ასეთი რამ საქართველოშიI ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული, ჩნდება ეჭვი, ამ ღვიძლის პატრონს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია სიცოცხლეში ჰქონდა გაკეთებული. 26 წლის დავით მარდიანს კი ნაღვლის ბუშტის ოპერაცია არ ჰქონია გაკეთებული.  მაშIინ ისმის კითხვა, ვისია ეს ღვიძლი?".

იური მარდიანი: "ჩემი აზრით, მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ გვამის საქართველოში გადმოსვენება მოითხოვა, ცხედარი გერმანიაში ხელმეორედ გახსნეს, რომ სხვისი ორგანოები ჩაელაგებინათ. ამის უპირობოდ დასამტკიცებლად საჭიროა დნმ-ის ანალიზი ორგანოებზე, მაგრამ ექსპერტიზის ბიუროში ამისთვის 8 ათასი ლარი მომთხოვეს (ორგანოს ნაწილები შენახულია სპეციალურ ბანკში). უკვე მეორე წელია, ვეძებ ფულს საამისოდ. ეს ანალიზი ზუსტ პასუხს მოგვცემს, ორგანოები, რომელიც თან ჩამოჰყვა ჩემს შვილს, სინამდვილეში მისია თუ არა. გავიგებთ, რასთან გვაქვს საქმე - ორგანოებით ვაჭრობის ბიზნესთან თუ საიდუმლო ექსპერიმენტთან?!".

ალექსანდრე გეჯაძე, დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო "ვექტორის" ხელმძღვანელი: - გავეცანი გერმანიაში ჩატარებული გვამის გამოკვლევის თარგმანს. შემიძლია გითხრათ, რომ დოკუმენტი ძალზე არადამაჯერებელია. გაუგებარია, რა მიზნით გაკვეთეს გვამი  სამჯერ. რა იყო ამდენი საკვლევი? გადმოგზავნილი საქმის მასალებით დავით მარდიანი მარყუჟზე ჩამოკიდებული ნახეს ციხის სამედიცინო ნაწილში. შესაბამისად, უნდა დაფიქსირებულიყო ასფიქსიური სიკვდილი.

- ასფიქსიური სიკვდილის დროს გვამის გამოკვლევისას რას ექცევა ყურადღება?

- ის განაკვეთები, რაც გარეგანი დათვალიერებით, ფოტოილუსტრაციებით ვნახე, ვგულისხმობ ანატომიურ განაკვეთებს, ორივე ზემო კიდურსა და ქვემო მარჯვენა კიდურზე, რა მიზანს ემსახურებოდა, ჩემთვის, როგორც ექსპერტისათვის, ყოვლად გაუგებარია. გვამის, რომელიც ჩამოკიდებული ნახეს, გამოკვლევას ერთადერთი მიზანი აქვს, - ექსპერტმა უნდა გაარკვიოს, ადამიანმა თავი ჩამოიხრჩო თუ მოკლეს და მერე ჩამოჰკიდეს. გაუგებარია თვალების ამოთხრა, ფეხიდან ძვლის ამოღება და მის ნაცვლად პლასტმასის მილის ჩაყენება.

- სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ეს ძვალი შეიძლება ასაკის დადგენის მიზნით ამოიღეს.

- ვერ დავეთანხმები. მაშინ სხვა ძვალი უნდა აეღოთ, თანაც, არა ის კონკრეტული ნაწილი, სადაც ძვლის ტვინია, არამედ მხრის ძვალი სახსართან ერთად ან ბარძაყის ძვალი. თბBილისში ჩატარებული ექსპერტიზაც უკმარისობის გრძნობას მიჩენს. კარგი იქნებოდა, სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებაში გახსნილიყო ზედა კიდურების ნაკერები. რატომ არ გახსნეს და არ დააფიქსირეს, რა მდგომარეობა იყო ზედა კიდურებში?

- არც თვალებს აქვს ასეთ შემთხვევაში დიაგნოსტიკური ღირებულება?

- არა. ასფიქსიის მიზეზის დასადგენად თვალების ამოღება უაზრობაა. არც ლიტერატურაში და არც პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა არ შემხვედრია. ჩამოხრჩობილი კაცის ხორხი ექსპერტმა მთლიანად უნდა ამოიღოს, რომ ნახოს ზედ სისხლჩაქცევები, არის თუ არა ენისქვეშა ძვლის მოტეხილობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩატარდება ექსპერტიზა, ეს ყველაფერი უნდა ჩაბრუნდეს ცხედარში. თუ რომელიმე ორგანო არ ბრუნდება, საექსპერტო გამოკვლევის დასკვნაში ესეც უნდა იყოს. აქვე უნდა იყოს მითითებული, თუ რატომ არ დაბრუნდა ესა თუ ის ნაწილი.

- ამბობენ, რომ ფეხის ძვალი ტრანსპლანტაციისთვის არ გამოიყენება. თუ მას არც დიაგნოსტიკური ღირებულება ჰქონდა, რისთვის შეიძლებოდა გამოეყენებინათ?

- როგორც ვიცი, შეიძლება ძვლის ტვინის გადანერგვა, ოღონდ პაციენტისა და დონორის დნმ-ის თანხვედრაა საჭირო. უცნაურია ისიც, რომ გვამს არ ჰქონდა ნაღვლის ბუშტი. სიცოცხლეში არ ჰქონია ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაკეთებული. მაშ, სად წავიდა ეს ორგანო?

ამ საქმით დაინტერესებული არიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ერთ-ერთის მეშვეობით ჩვენ ვაპირებთ სტრასბურგის სასამართლოს დახმარებით გამოვითხოვოთ გერმანიიდან სრული ინფორმაცია. გასარკვევია, რამდენჯერ გაიკვეთა გვამი გერმანიაში და რატომ? კითხვა მართლაც ბევრია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ გერმანიაში ნეონაცისტური იატაკქვეშა ორგანიზაციები მოქმედებენ. 2011 წლის ნოემბერში ქალაქ კარლსრუეში გაასამართლეს მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო იმ ნეონაცისტური  დაჯგუფების წევრობაში, რომელსაც ბრალად ედებოდა ცხრა ემიგრანტისა და ერთი პოლიციელი ქალის მკვლელობა.

32 წლის ანდრე ი. (საინფორმაციო საშუალებებში გვარი არ სახელდებოდა) ქვეყნის აღმოსავლეთში, პოტსდამის მახლობლად დააკავეს. რეიდები, რომელშიც ასამდე პოლიციელი მონაწილეობდა, დრეზდენსა და ცვიკაუშიც ჩატარდა. ანდრე ი. სპეცსამსახურების მხედველობის არეში პირველად 2007 წელს მოექცა. სწორედ ის არის თანაპროდიუსერი სერიალისა, რომლებიც ნეონაცისტურმა დაჯგუფებამ, სახელწოდებით - "ნაციონალ-სოციალიზმი იატაკქვეშეთში" გაავრცელა. ფილმში აღწერილი იყო ემიგრანტების მკვლელობის ნამდვილი ამბები.

გერმანიის გენერალური პროკურორის საანგარიშო მოხსენების თანახმად, გერმანიის ხელისუფლებას არ გააჩნია ზუსტი მონაცემები დღეისთვის იატაკქვეშეთში მყოფი ნეონაცისტების რაოდენობის შესახებ.

ნოდარ ურუშაძე: "დიდი ეჭვია, რომ დავითი სწორედ ამგვარმა დაჯგუფებამ იმსხვერპლა და ღვიძლის დონორადაც გამოიყენეს. ორგანოებით ვაჭრობის შავი ბიზნესი უდიდეს თანხებთან არის დაკავშირებული. ორგანოთა ყიდვა-გაყიდვის შავი ქსელი ამჯერად იატაკქვეშეთშია.

ტრანსნაციონალური დაჯგუფების სქემა

2011 წელს უკრაინის ქალაქ ბოარკის მორგში 16 თვალებდათხრილი გვამი აღმოაჩინეს. ამ საკითხით დაინტერესებულ ჟურნალისტებს ბევრი საეჭვო ფაქტი ჩაუვარდათ ხელთ - გატნოეს ოლქში აღმოაჩინეს ცხედარი, რომელსაც არც ერთი ორგანო აღარ ჰქონდა. ამის შემდეგ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა გვამების მასობრივი ექსჰუმაცია დაიწყეს. 190 გვამს თვალები დათხრილი ჰქონდა, მათ ნაცვლად კი ბამბის ტამპონები იყო ჩალაგებული.

2010 წლის 24 ნოემბერს აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა გაავრცელეს განცხადება, რომ აზერბაიჯანის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში ტარდებოდა თირკმლების ტრანსპლანტაციის არალეგალური ოპერაციები. ცენტრის თანამშრომლებს წაუყენეს ბრალდება "ვნების მიყენებასა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში". ბრალდებულთა გვარები არ დასახელებულა. აზერბაიჯანის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის კერძო სასწავლო დაწესებულება, რომელსაც ქვეყნის მმართველი პარტიის "ენი აზერბაიჯანის" აქტიური წევრი ელშად აბდულაევი ხელმძღვანელობს. გამოძიებამ გაარკვია, რომ ამ დაწესებულებაში ოპერაციებს უკეთებდნენ ათეულობით უკრაინის მოქალაქეს, რომლებიც თირკმლებს 10 ათას დოლარად ყიდდნენ.  დააკავეს ამ საქმესთან დაკავშირებული ოთხი უკრაინელი ტრანსპლანტოლოგი და ერთი ისრაელის მოქალაქე. სწორედ ისინი ეძებდნენ უკრაინაში დონორებს და გზავნიდნენ აზერბაიჯანისა და ეკვადორის სამედიცინო დაწესებულებებში არალეგალური ოპერაციების გასაკეთებლად.

უკრაინელი სამართალდამცავები ამ კრიმინალური სქემის გასაშიფრავად ჩავიდნენ აზერბაიჯანში. მიუხედავად საზოგადოების უდიდესი ინტერესისა, შავი ტრანსპლანტოლოგების სასამართლო პროცესი უკრაინაში დახურულად ჩატარდა. განსასჯელის სკამზე ისხდნენ შალიმოვის სახელობის ინსტიტუტის წამყვანი ქირურგი ვლადისლავ ზაკორდონეცი, ექიმი-ანესთეზიოლოგები, ისრაელის მოქალაქე (რომლის ვინაობა არ გამჟღავნებულა), სამ უცხოელ მოქალაქეს კი ახლაც ეძებენ. საქმეში 25 დაზარალებულია. ეჭვმიტანილთაგან 3 ექიმია, დანარჩენი ე.წ. ბროკერი. ექიმებს ბრალად ედებათ არა მარტო ორგანოების უკანონოდ გადანერგვა, არამედ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობაც. დაჯგუფების ხელმძღვანელად კი მოიაზრება  ისრაელის მოქალაქე, რომელსაც სამედიცინო განათლება არა აქვს. დადგინდა, რომ ამ დაჯგუფებამ 25 არალეგალური ოპერაცია ჩაატარა აზერბაიჯანში, სხვები კი  ეკვადორსა და კოსოვოში. დონორებს თირკმლის საფასურად 10-20 ათას დოლარს უხდიდნენ, სხვისი თირკმლის გადანერგვა კი 100-დან 200 ათას დოლარამდე მერყეობდა. ტრანსნაციონალური დაჯგუფების სქემა ასე მუშაობდა: თირკმლის გაყიდვის მსურველებს ინტერნეტით ეძებდნენ. შემდეგ პოულობდნენ იმათ, ვისაც სჭირდებოდა გადანერგვა. კიევში იღებდნენ ანალიზებს, მერე კი დონორები მიჰყავდათ აზერბაიჯანისა და ეკვადორის კლინიკებში, სადაც უკრაინელი ექიმები აკეთებდნენ ოპერაციებს.

სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე (გაგრძელება იქნება)