"მუსიკა საწყისი ბგერაა"
"მუსიკა საწყისი ბგერაა"
"ჩემი ცხოვრების უფსკრულები უფრო ღრმაა..."

"როგორც საქართველოს შვილს - უნდა მქონდეს ჩემი მამული..."

"კავკასიონს ვგავარ, ძირი ბარის პირზე მაქვს, მწვერვალი - ძალიან მაღლა"


...მომეჩვენა, რომ დათო ევგენიძე  დაღლილი დამხვდა... არც ჰგავდა იმ დათოს, რომელსაც ტელეეკრანზე ან სცენაზე ვხედავდი... სულ რამდენიმე წუთით, მაგრამ მაინც - მარტო იყო. მოგვიანებით, როცა მისი რამდენიმე ახალი ლექსის გაცნობის საშუალება მომეცა, იმ სიმარტოვესაც სხვაგვარად შევხედე, ოჯახის წევრების სიყვარულით გარემოცულ სიმარტოვეს: "მე როცა შხაპს ვიღებ,/აღარ ვცნობ ამინდებს,/საპნის
ქაფს ვეკუთვნი/ჩემს ტანზე ნათოვარს./აქ ცაც არ არსებობს,/მე ისე მარტო ვარ,/ღმერთიც კი შორს არის,/აქ მხოლოდ დათოა.../და თუკი ამ ცაზე/მზეს რაღაც აზრი აქვს,/მე როცა შხაპს ვიღებ,/სამყარო წყალს მიაქვს"...

უპასუხო წერილები

წერთ მუსიკას, ლექსებს, ხატავთ, ეს ყველაფერი როგორ თანაარსებობს ერთ შემოქმედში-მეთქი, - ვკითხე.
- ერთი ლექსი მაქვს დაწერილი
ბავშვობაში "სიტყვები არიან ცელქი ნოტები, გაქცეული პარტიტურიდან და ქცეული ლექსებად", - მიპასუხა და წამიც არ დასჭირვებია, ისე გააერთიანა მუსიკაც, პოეზიაცა და მხატვრობაც, - ხატვა და მუსიკის წერა ერთდროულად დავიწყე... მერე მუსიკამ იმძლავრა. ნახატებიც და პოეზიაც მუსიკიდან მოდის ჩემში. საწყისი ბგერაა. პოეზიაში მუსიკა იმდენად მაინტერესებს, რამდენადაც მუსიკაში - პოეზია.
ჩემი ლექსების ახალი კრებული გამოდის "ფოსტმოდერნი, ანუ უპასუხო წერილები". რამდენიმე წლის წინ პერფორმანსი მქონდა. მე ვიყავი "პოსტალიონი" - პოსტ ალიონი... იდგა ბევრი მაგიდა, ფანქრები, ფლომასტერები, საფოსტო ყუთები. ვისაც რა უნდოდა, იმას წერდა და ყუთებში ყრიდა. ზოგმა დახატა... ის წერილები შენახული მაქვს... მომხდარის ასოციაციით ვუშვებ ლექსების კრებულს "ფოსტ მოდერნს" - უპასუხო წერილებს.
ახლა აღარც კი გვახსოვს, რომ წერილი არ არის მხოლოდ მეილი. არ დამავიწყდება, 1977 წელს რომ წავედი საქართველოდან და მოსკოვის კონსერვატორიაში ჩავირიცხე, როგორ ველოდი წერილებს. ყველას ვინახავდი. რაღაცნაირი იდუმალი, ხელოვნების დონეზე აყვანილი ბარათები იყო. შეიძლება ორსიტყვიანი დეპეშა იყოს შენთვის უმნიშვნელოვანესი... მახსენდება, ჩემს დას რომ დეპეშა გამოვუგზავნე, კონსერვატორიაში მოვეწყვე-მეთქი, თურმე სულ თან დაჰქონდა, გულში იხუტებდა...

- გრძელი წერილი თუ დაგიწერიათ?
- როგორ არა! გააჩნია, ვის ვწერდი. თუ საყვარელი ქალი იყო, ხუთ ფურცელზე მეტიც დამიწერია...
დათო ევგენიძეს ალბათ არც აქვს უპასუხო წერილები, რადგან მისი ბიოგრაფია დასტურია, რომ სიყვარულზე სიყვარულით პასუხობდნენ... მაგრამ მთავარ "წერილზე" პასუხი გასაცემი რჩება, იმიტომ რომ სათანადოდ არ ვიცნობთ...

როგორც კარდიოგრამა

- ერთი შეხედვით მშვიდი ხართ, მაგრამ ბავშვობაში დოღი დაგიხატავთ და მუსიკაც შეგიქმნიათ იმ ნახატზე...
- მოჩვენებითია ჩემი სიმშვიდე, ემოციური და ავანტიურული ბუნებისა ვარ. მიყვარს რისკიც...

- ასეთ ადამიანებს კარდიოგრამასავით ცხოვრება აქვთ: მწვერვალები და უფსკრულები...

- ასეცაა... თუმცა ჩემი ცხოვრების უფსკრულები უფრო ღრმაა, ვიდრე ზოგადად ხდება ხოლმე... პირველი ასეთი უძირო უფსკრული იყო, რომლიდან ვერც ამოვედი, ჩემი დის გარდაცვალება. ის თექვსმეტი წლისა იყო, მე - თვრამეტის... ასეთივე მძიმე იყო ჩემი ფრანგი პროდიუსერის გარდაცვალება: ნასვამი ფანჯრიდან გადავარდა. ჩემი ცხოვრების უფსკრული იყო 16-წლიანი ოჯახის დანგრევა... დაცემა იყო უახლოესი მეგობრების - ლევან აბაშიძის, გეგა კობახიძის, ლევან კერესელიძის, გოგიტა ჭყონიას, ტატო კოტეტიშვილის გარდაცვალება... ყველა ჩემი სიკვდილის ნაწილი ხდებოდა...
ძალაუნებურად კავკასიონს ვგავარ, ძირი ბარის პირზე მაქვს, მწვერვალი - ძალიან მაღლა.

- და სულიერი ტკივილები გქმნიდათ თქვენ, როგორც შემოქმედს?
- ცხადია, და ეს ჩემს ნაწარმოებებშიც ჩანს. მხატვრობაში ერთი მარადიული, უცვლელი გმირი მყავს. ვისაც უნდა ვხატავდე, ყველგანაა, დგას თავდახრილი, ყვავილით ხელში, ან საჩუქრით, ან ქოლგით... ხან აბსტრაჰირდება, აღარ ჰგავს თავის თავს, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ის არის.

- რაც უნდა მძიმე განცდებით წერდეთ, თქვენი მუსიკა ყოველთვის მსუბუქად აღიქმება მსმენელისათვის.
- მაქვს ჩემი ნიშანი და იმიტომ! რასაც უნდა ჰყვებოდეს მუსიკა, ის ერთიანდება ჩემი ნიშნით - ეს არის განცდა გლოვასა და სევდას შორის, უფრო სწორად, გლოვიდან დატოვებული ჩრდილი... მაგრამ ენერგეტიკა აქვს ნათელი. არსებობს ორი ენერგია. როგორც კლავიატურაზეა შავი და თეთრი კლავიშები, ისე მუსიკაში არსებობს შავი და თეთრი ენერგია. ბევრ გენიოსს აქვს შავი ენერგია. მე მაქვს თეთრი...

საიდან მოდის მუსიკა


- არ მრცხვენია ვთქვა, რომ ჩემი მუსიკა მოდის ციდან. წლების მანძილზე ბევრი გამხდარა ჩემი მუსიკის წერის შემსწრე. ვარ ჩამწერი, გადამწერი, ანტენის ფუნქციას ვასრულებ. რაღაც შემოდის ჩემში, რასაც ვუსმენ, როგორც სრულყოფილ მელოდიას და გამზადებულს ვუკრავ. თითქმის არ ვმუშაობ. საკმაოდ დიდი ცოდნა მაქვს მიღებული ჯერ ჩვენთან ათწლედში, მერე მოსკოვის კონსერვატორიაში და ასპირანტურაში. ეს ცოდნა ქვეცნობიერშია დალექილი და ვახერხებ, ისე ჩავწერო, შეცდომები არ დავუშვა. მელოდია - ეს მხოლოდ ჰორიზონტალური მიმართულებაა დროში, როცა ჩნდება ვერტიკალური მიმართულება, მრავალშრიანად ვაზროვნებ, ვხედავ ინსტრუმენტებს...

- ძნელია ჩემთვის მუსიკის მაგ შრეებში დანახვა, თუმცა ერთს ვხვდები: მუსიკის წერა თქვენთვის მტანჯველი შრომა არ არის.
- არა, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.
მგონი, სიტყვებსაც შრეებში ხედავთ, - ვამბობ და მახსენდება მისი ლექსების "დაშლილი" და "გაერთიანებული" სიტყვები.

- ვიზუალური ლექსები მაქვს. ყველა სიტყვის უკან არის ხატება. ზოგჯერ სამ-ოთხ სიტყვას ვაერთიანებ ერთ სიტყვად. ქართული ენა გაძლევს ამის საშუალებას. ბევრი სიტყვა აღმოვაჩინე, რომელიც სხვა სიტყვებს ატარებს თავის თავში. როცა ვბეჭდავ, ლექსს ისე ვხედავ, როგორც მუსიკას პარტიტურაზე.

- ფერს რა დატვირთვა აქვს?

- უფრო გრაფიკოსი ვარ... თუმცა ფერს დიდი დატვირთვა აქვს. ახლა ფერად გრაფიკას ვხატავ, ფანქრებით, აკრილით, გუაშით, პასტელით... ბოლო დროს ხშირად კომპიუტერში ვხატავ. ცოტა ხნის წინ პრეზენტაცია მქონდა.. ლექსები წავიკითხე, ტარიელ ჭანტურიამ მითხრა, - არ ვიცი, უფრო კომპოზიტორი  ხარ, თუ პოეტიო...

და მაინც ვერ კლავს გარდაცვალება...

- მეგობრები ცხოვრობენ ჩემში, - გულწრფელად ამბობს დათო და მის გამოხედვას მისტიკური სხივი ემატება, - ბედნიერი ვიყავი, რომ მყავდა ისეთი მეგობრები, რომლებიც მარტო მე კი არა, მთელ საქართველოს მოუკვდნენ. გოგიტა ჭყონიას მივუძღვენი: "ხომ ხედავ, ვერ კლავს გარდაცვალება უკვე ამდენჯერ გარდაცვლილ თბილისს". გარდაცვალება ვერ კლავს... როცა ამხელა ადამიანები მიდიან, სიცარიელეს ტოვებენ. ერთად გავიზარდეთ, ერთად ვიცხოვრეთ. როცა რამეს ვაკეთებ, მაინტერესებს, ისინი რას მეტყოდნენ... ვეკითხები და პასუხსაც ვიღებ.

- გეგა კობახიძე ახსენეთ. მას ყოველთვის გამორჩეულად ახსენებენ, თვითმფრინავის ბიჭებშიც კი...
- გეგა მსახიობი იყო, ამიტომ ყველა იცნობდა. თანაც თბილისის მაშინდელ წრეებში გეგა ხშირი სტუმარი იყო. ჩვენ სალონებში ვიკრიბებოდით. ჩემი, ქეთი მესხიშვილის, ქეთუსია იგნატოვას, ირაკლი ჩარკვიანის სახლი ხდებოდა სალონი. აქ იმართებოდა კონცერტები, ლექსების კითხვა. გვეგონა, რომ გეგა არ იყო მსხვერპლზე წამსვლელი. ნიჭიერი მსახიობი ითავსებდა მაღალი დონის მასხარის როლს, გვაცინებდა... მოულოდნელი იყო მისგან ტრაგიკული ნაბიჯი, რომელთანაც სიკვდილი ასე ახლოს იყო. ბოლო სამი თვე მე, გეგას, ირაკლი ჩარკვიანს, გია მირზაშვილს, ლევან კერესელიძეს, კახა თოლორდავას ისეთი ხშირი ურთიერთობა აღარ გვქონდა. მოსკოვში ვსწავლობდი. რომ ჩამოვედი და ყველა მოვიდა ჩემთან, ის - არა. მოვიკითხე...

გეგას ქორწილში ძალიან ცუდი წინათგრძნობა მქონდა. მე, კახა თოლორდავა, ირაკლი ჩარკვიანი და გია მირზაშვილი წამოვედით... გეგა დაგვეწია გზაში, ასე ადრე სად მიდიხართო... თუ არ ჩერდებით, მაშინ ღამე შენთან თვითონ მოვალო. ნუცუბიძეზე ახალი ბინა მქონდა. იქ მხოლოდ ინსტრუმენტები მეწყო... მივდიოდით, ვუკრავდით. ნაშუაღამევს მივედით... დაგვხვდა წერილი: "ვიყავით გეგა, თინიკო და კომპანია." ირაკლის ვუთხარი, - ხვალ მიდის და როგორ უნდოდა ჩვენი ნახვა, რომ თავისი ქორწილიდან ჩვენთან მოსულა-მეთქი. გეგა იქვე ცხოვრობდა, კანდელაკზე. მივაკითხეთ. თინიკო უკვე იწვა, გეგა იხდიდა... თინიკომ ადექიო, - უთხრა. ორივე მანქანაში ჩავისვი და წავიყვანე ჩემთან, გზაში ვფიქრობდი: რა უჟმურია ეს გოგო, არც გვიღიმის-მეთქი. რას გავიგებდი მაშინ, თურმე რა სადარდელი ჰქონდა!.. გეგა "უდარნიკზე" უკრავდა, ხუმრობდა, მაიმუნობდა... დილით მივიყვანეთ შინ. მაშინ არ იშოვებოდა ამერიკული სიგარეტები. "ქემელის" კოლოფი გადმოგვიგდო, თითით გვიჩვენა წარწერა - "თურქიშ ბრენდ". ეს იყო მინიშნება. მაგრამ რას ვიფიქრებდით... არ გაგვწირა, არ გაგვიმეტა ძველი მეგობრები, არ გვითხრა, რას აპირებდა.

- ასაკი სხვა არაფერია, თუ არა ტკივილით მეტობა...
- სიკვდილიც არის და სიკვდილიც, - ისევ თავის ფიქრს მიჰყვება, - უკვე განცდილი მქონდა დის გარდაცვალება. რა მოხდა, დღემდე საიდუმლოა, შუა ზღვაში იპოვეს კამერით გარდაცვლილი... ფილტვებში წყალი არ ჰქონია... არ დამხრჩვალა...

თვალწინ დათო ევგენიძის ერთი ნახატი დამიდგა: ცრემლისფერი ზღვა და გოგონა... მისი გამჭვირვალე სახე... კიდევ დათოს მუსიკასავით ლექსი: "ვარ დით მწუხარე,/მწუხარე ვარდით/ვდგავარ საფლავთან/მდუმარე დარდი/ზევით ცის გარდა/ვერავის ვენდე/ვერავის ვანდე/ის, ვინც მიყვარდა/და მაშინ, როცა/გულში ვიკრავდი,/მზე ცისფერ ზღვაში გადამივარდა./მე კი ვუკრავდი,/ვუკრავდი დიდხანს,/დიდხანს ვუკრავდი"... 

დათო განაგრძობს: - გეგა და ჩემი და ერთ წელს და ერთ დღეს იყვნენ დაბადებული. დაბადების დღეს ერთად ვიხდიდით. გეგას სიკვდილიც ასე იყო, გაუგებარი, აუხსნელი... ამდენი ხნის დახვრეტილი იყო და ჩვენ ვეძებდით... ამ ასაკში რომ დაგიხვრეტენ მეგობარს!.. ჩვენმა თაობამ ვერ მოასწრო სილაღე. დეკადანსური თაობა ვართ. მერე იყო სამოქალაქო ომი, ოსეთის, აფხაზეთის, კიდევ ერთი გადატრიალება, კიდევ ოსეთის ომი... ის წლები, როცა უნდა გველაღა, პროდუქტიულები ვყოფილიყავით, დაიკარგა. გამიმართლა, რომ უცხოეთში მქონდა მიწვევა... რომ არა ეს, შეიძლება დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი... როცა შუქი არ არის, როცა შენს ღირსებას ეხებიან, როცა შეიძლება ქალთან ერთად დაგამციროს ვინმემ... რთული დრო გავიარეთ, მით უმეტეს, "მხედრიონის" ხელში...

რომ ვიყო...

- საკუთარი სიცოცხლის გამო შიში თუ განგიცდიათ?
- ბევრჯერ ვყოფილვარ სიკვდილის პირისპირ. მთაწმინდაზე გავიზარდე და ქუჩა რაც იყო, გამოვლილი მაქვს. ერთხელ გულში დამიმიზნეს დანა. ავიცილე და მხარში მომხვდა. ეტყობა, არც  მეორედ გამიმეტა უფალმა. იარაღიც მოუდვიათ საფეთქელზე...

- რის გამო?
- სულ გოგოების გამო, - ეღიმება მასპინძელს, - არ ვიყავი დამნაშავე, მე არავისთვის წამირთმევია ვინმე... ეგ იყო - რომელიმე გოგო სხვასაც მოსწონდა და მეც... გოგო ვის აირჩევდა, ის იყო მნიშვნელოვანი... მაშინდელ გოგოებს მოსწონდათ ნაკითხი ბიჭები, ესმოდათ მუსიკა, ფერწერა... დღევანდელ გოგოებს ის აინტერესებთ, ვის რა მანქანა ჰყავს, რა საათი უკეთია... ჯიბეში რა აქვს...
ამათზე ყურადღებას არ ვაჩერებთ... ისევ იმათ ვუბრუნდებით - ნამდვილებს - მართლა რომ უხდებოდნენ თბილისს. გურამ რჩეულიშვილს ვახსენებთ და გურამ თიკანაძეს, ლადო ქოქიაშვილს და ნიაზ დიასამიძეს...

- ქალაქი სავსე იყო დარბაისელი ხალხით, - ამბობს დათო, - მათ ღირსება ჰქონდათ. ნელ-ნელა ნარკომანიამ ეს ღირსება შეცვალა... მერე იარაღმაც ჩაანაცვლა ბევრი რამ... რაც უფრო ქრისტესმიერი ვართ, მით მეტი ეშმაკი გვებრძვის...

- რა გჭირდებათ, რომ თქვენ თქვენ იყოთ, იმუშაოთ, როგორც შემოქმედმა, იარსებოთ?
- როგორც ხელოვანს, უნდა მყავდეს ჩემი მსმენელი და მაყურებელი, როგორც ადამიანს - უნდა მქონდეს ჩემი ეკლესია - ჩემი მართლმადიდებლობა! დიდება უფალს, რომ დავიბადე აქ და ჩემს დაუკითხავად მონათლული ვიყავი ქრისტიანად. როგორც საქართველოს შვილს - უნდა მქონდეს ჩემი მამული... შეიძლება გათითოკაცებული ქართველი არც კი იმსახურებდეს, მაგრამ ყოველთვის მეწამულად ვხედავ გაერთკაცებულ საქართველოს. იმ საქართველოსთვის მინდა, რომ ასრულდეს და თავის საზღვრებში აღდგეს ჩემი საქართველო.
chutala
05 აპრილი 2012 07:37
ღმერთმა გვიმრავლოს შენნაირი ქართველები და თბილისელები,წარმატებებს გისურვებ ხელოვნებაში და ცხოვრებაშიც

.playbuzz { border-top: 1px solid#efefef; margin-top: 40px; }
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები