"რამ მომიყვანა აქ, ამ ხმისამოუღებელ ქვეყანაში" - კვირის პალიტრა

"რამ მომიყვანა აქ, ამ ხმისამოუღებელ ქვეყანაში"

"ზოგჯერ ტირანად საკუთარი შიში ევლინება კაცს"

კარგად მახსოვს, პირველად რომ რუსუდან ბოლქვაძემ მითხრა,  საინტერესო პიესა მაქვს და მინდა, როგორმე დავდგაო, რუსთაველის თეატრის ფოიეში ვიდექით, გოგი ალექსი-მესხიშვილის გამოფენის გახსნის დღე იყო. ხალხი ირეოდა და ძლივს გავარჩიე ჩემთვის სრულიად უცნობი დრამატურგის სახელი და გვარი - თუნჯერ ჯიჯენოღლუ. იმდენად უნდოდა, როგორმე მოეხერხებინა და ამ დრამატურგის პიესის მიხედვით სპექტაკლი დაედგა, მივხვდი, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა ყოფილიყო ეს "ზვავი"!.. იმის მერე სულ ველოდი, დაიდგმებოდა თუ არა, ან რა იქნებოდა  ასეთი...

როცა თუმანიშვილის თეატრის რეპერტუარში რუსუდან ბოლქვაძის სპექტაკლი გაჩნდა, ცხადია, დაუყოვნებლივ გადავწყვიტე მენახა.

თოვლიანი სცენა და სულ რამდენიმე რეკვიზიტი - ძირითადად საწოლები მთავარი გმირებისათვის. პირველივე სცენა ღამით იწყება - ყველას სძინავს... გარდა ორსული გოგონასი, რომელსაც უკვე აწუხებს ტკივილები და სადაცაა ბავშვსაც გააჩენს... მაგრამ არ შეიძლება! - ხმაური არ შეიძლება, სიჩუმეში ჩაძირულ მთიან სოფელში ყველას სიკვდილივით ეშინია ზვავის, ფეხაკრეფით დადიან, ჩურჩულებენ... აბა, ასეთ დროს მშობიარის კვნესასა და ბავშვის ტირილს  ვინ დაუშვებს - ხომ მთელი სოფელი დაიღუპება!

ბაბუა - რევაზ თავართქილაძე თავის მოგონებებშია ჩაძირული და ამბობს:

კი, სამშობლო მიყვარს, მაგრამ მაინც რამ მომიყვანა აქ, როგორ დავბრუნდი! ამ ხმისამოუღებელ ქვეყანაში, იქ, სადაც ლაპარაკი და ხმამაღლა ნათქვამი აზრი საფრთხედ აღიქმება!

დედა - დარეჯან ხაჩიძე: ესენიც წავლენო, - შვილსა და რძალზე ამბობს, ისე წავლენ როგორც სხვების შვილები წასულან ბარში და აღარ დაბრუნებულან!

შვილი და რძალი კი ჯერ ბავშვები არიან, იმდენსაც კი ბედავენ, რომ ამ ზვავიანობაში შინ გაბერილ საჰაერო ბურთს ინახავენ - ვაი და გასკდეს! ხომ დაიქცა ქვეყანა! ესენი ჯერ ვერ შეუშინებიათ სათანადოდ და ბოლომდე არ ემორჩილებიან სამეთვალყურეო საბჭოს დადგენილებას!

აი, სამეთვალყურეო საბჭოა რაც არის! იმათ ფხიზელ თვალს რა გამოეპარება! ჰოდა, მზად არიან ცოცხლად დამარხონ ორსული ქალი, ოღონდაც კი ხმა ჩაუხშონ! თავსაც იმართლებენ, აბა, მთელ სოფელს, ამდენ ადამიანს ხომ არ შევწირავთ ერთის მოვლინებასო!

ზვავის ხსენებაზე კი მოდი და ნუ შეგეშინდება: ზვავს შეუძლია უფსკრულში ჩაიტანოს ყველაფერი, რაც წინ დახვდება! ზვავი სტიქიური, კატასტროფული მოვლენაა! მაგრამ უფრო დიდი კატასტროფაა ადამიანთა გაალმასებული ბრძოლა სიჩუმისათვის. და ზვავით შეშინებულები ისე ხდებიან ზვავში მოყოლილები, თვითონაც ვერ იგებენ... ამაზე უარეს სტიქიას კი რას გადაეყრებიან!

სწორედ ამიტომ პირველივე წუთებიდან, ისეთ ემოციურ სიმაღლეზე მიდის სპექტაკლი, რომ დაძაბულობის მაქსიმუმს აღწევს. თუმცა ბოლო კეთილია, ბავშვიც დაიბადება და მისი ტირილიც მშვიდობიანად ჩაივლის, მაგრამ მაინც დაძაბული რჩები ზვავში მოყოლილივით.

რუსუდან ბოლქვაძის პირველი რეჟისორული ნამუშევარი ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა.

მაინც რატომ შეაჩერა არჩევანი "ზვავზე", - ვკითხე რუსუდან ბოლქვაძეს:

-  ზოგჯერ ხომ დგება დრო, თოფის გასროლა რომ მოგინდება,  გინდა შენი შინაგანი ხმა დააქუხო! ამ სიმბოლური ფრაზის მიღმა, ვისაც რა უნდა, ის შეიძლება წარმოიდგინოს. ვისაც რა აქვს სათქმელი, "გასასროლი" სიტყვა, ის თქვას და იგულისხმოს. პიესა ერთ შეხედვით მარტივია, დრამატურგიული ქვეტექსტები ზედაპირზეა ამოტანილი, მთავარი სათქმელი კი ის გახლავთ, რომ ამ ადამიანებს ასე ცხოვრება აღარ შეუძლიათ. პიესა ისეა დაწერილი, აშკარად წინ წამოწეულია ტოტალიტარიზმის და ტირანიის თემა, ძალიან არ მინდა, მხოლოდ ერთ მნიშვნელამდე დაიყვანონ ყველაფერი.

ტირანია მრავალმხრივი არსებობს. ზოგჯერ კი ტირანად საკუთარი შიში ევლინება კაცს.

შემთხვევითი არ არის, რომ სპექტაკლში გმირებს სახელები არ აქვთ - ქალი, კაცი, გოგო, ბიჭი... მათ დაკარგეს სახელები შიშის გამო, საკუთარი იდენტობა დაკარგეს. შიში პირველ რიგში თავისუფლებას კლავს, შესაბამისად პიროვნებასაც. სიარულის მანერა ხომ ადამიანის ხასიათის მაჩვენებელია. ამ შეშინებულ ადამიანებს სიარულიც აღარ შეუძლიათ, - სრიალებენ. "მოსრიალებულები", ცხოვრებიდან "მოცურებულები" არიან, რადგან უსიყვარულო გარემოში და მხოლოდ შიშის ამარა დარჩენა სიკეთეს არ მოიტანს... და თუ შენ მართალი ხარ, სიყვარულით ცხოვრობ, ღმერთთან ხარ, მაშინ უფალი არ გაგწირავს, არ უნდა გეშინოდეს... მთავარია იყო თავისუფალი ადამიანი.

P.S. ალბათ, მართლა საჭირო იყო ამ სპექტაკლის დადგმა, იმის შესახსენებლად, რომ ზვავი კი არის დაუნდობელი სტიქია, მაგრამ კიდევ უფრო დაუნდობელი სტიქიაც არსებობს: სიტყვის თავისუფლების მოსპობის სტიქია - ეს ზვავში მოყოლილთა გასაგონად...