სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა - კვირის პალიტრა

სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა

907 უგზო-უკვლოდ დაკარგული, არც ერთი - ნაპოვნი

თბილისის ცენტრალურ უბანში 2005 წლის 29 მაისს 20 წლის გოგონა გაუჩინარდა. ლიანა ყარსიმაშვილი სამსახურიდან გავიდა, სადაც დედასთან ერთად მუშაობდა, და მას შემდეგ არავის უნახავს. შვილმა დედაზე ადრე დატოვა სამუშაო ადგილი, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. შინ მისულ დედას ქალიშვილი რომ არ დახვდა, ნაცნობ-მეგობრებში მოიკითხა, მაგრამ ვერსად მიაგნო. ამის შემდეგ დასახმარებლად პოლიციას მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. დაუსრულებელმა დაკითხვა-გამოკითხვებმა, პროზექტურაში გვამის ამოსაცნობად სიარულმა და  გაუჩინარებული შვილის დარდმა ქალს ჯანმრთელობა შეურყია. თუმცა, მაინც არ კარგავს იმედს, რომ შვიდი წლის წინ გაუჩინარებულ შვილს იპოვის...

მას შემდეგ, რაც დაკარგულთა აღრიცხვიანობა დაიწყო (90-იანი წლებიდან დღემდე) 907 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ისინი არასაომარ პირობებში გაუჩინარდნენ. რაც შეეხება საომარი კონფლიქტების დროს დაკარგულებს, ექსპერტების აზრით, საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული 2000-მდე კაცია. ყველა ამ ამბავს ერთნაირი დასაწყისი აქვს, - სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამწუხაროდ, დასასრულიც ერთნაირია - უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი.

ქართული კანონმდებლობით, პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გაუჩინარებიდან ორი წლის შემდეგ მიიჩნევა. თუმცა გამოძიება სამუშაოს მაშინვე იწყებს, როგორც კი ახლობლები ამის შესახებ პოლიციაში განაცხადებენ. ქართული სისხლის სამართალი ტერმინს "გაუჩინარება" არ ცნობს და გამოძიება იძულებულია, საქმე რომელიმე დანაშაულს მიაკუთვნოს. ხშირ შემთხვევაში ეს სისხლის სამართლის 115-ე მუხლია, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ეს კი გამოძიებას არაეფექტურს ხდის. შესაბამისად, არავინ იცის, გაუჩინარებული დანაშაულის მსხვერპლია თუ უბედური შემთხვევის. ამიტომ ხშირად ვერც დაკარგულს პოულობენ და ვერც იმას, ვინც ის ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა!

ნინო ანდრიაშვილი, "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი: "საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულად 907 კაცი მიიჩნევა. უნდა არსებობდეს შესაბამისი მუხლი, მით უფრო რომ ქვეყანას გაუჩინარებული ადამიანების ასეთი შემაშფოთებელი სტატისტიკა აქვს.

პირის გაუჩინარებაზე აღიძვრება საქმე, მიმდინარეობს ძიება: მოწმის სტატუსით დაიკითხებიან თვითმხილველები, ვინც ბოლოს ნახა გაუჩინარებული ადამიანი, დაათვალიერებენ ადგილს და... ხდება ისეც, რომ მოწმეების დაკითხვის გარდა, ფაქტობრივად, გამოძიება მეტს არაფერს აკეთებს. არის კონკრეტული შემთხვევები, როცა მოწმეების დაკითხვის შემდეგ გამოძიება ჩერდება იმ საბაბით, რომ ვერც ერთი მოწმისგან ვერ მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია. ამ მიზეზით გამოძიება იწელება თვეები, წლები და ეს საქმეები წლების განმავლობაში დევს თაროზე. ერთი შემთხვევაც არ მახსოვს, რომ პოლიციას უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანი ეპოვოს. სწორედ ამ მიდგომის გამო ვაპირებთ რამდენიმე საქმე რეაგირებისთვის ევროსასამართლოს გადავუგზავნოთ".

ლაშა-გიორგი პაპუაშვილი, უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ტარიელ პაპუაშვილის შვილი: "ბოლოს მამამ 1993 წლის იანვარში დაგვირეკა და დაბადების დღე მომილოცა, მას შემდეგ აღარ დაურეკავს. Aარადა, დამპირდა, საღამოს დავრეკავო, რადგან დედა არ იყო შინ და მასთანაც სურდა ლაპარაკი. მამა ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის წევრი იყო და მას გაჰყვა გროზნოში, მისი მარჯვენა ხელი და ერთგული იყო. გროზნოდან რომ რეკავდა, დედა ეხვეწებოდა: ჩამოდი, ბავშვებს მამა სჭირდებათ, ოჯახს - კაციო, მაგრამ ბოლომდე უერთგულა ზვიადს. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მის შესახებ ცნობები მოგვეპოვებინა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არა გვაქვს, სახელმწიფო კი ამით არ ინტერესდება. არადა, კერძო დეტექტივს თუ აიყვან გაუჩინარებულის მოსაძებნად, დიდი ფული უნდა გადაიხადო.

ინტერპოლი რომ ჩარიო საქმეში, ესეც მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ის, რაც ჩვენი ძალებით შევძელით, ბაქოში, იმ სასტუმროში, სადაც მამა ბოლოს იმყოფებოდა, გავგზავნეთ მოთხოვნა, ხომ არ მოხდა რამე ინციდენტი მამას იქ ყოფნის დროს, რაზეც უარყოფითი პასუხი მივიღეთ. მამასთან ერთად იმ სასტუმროში ვიქტორ დომუხოვსკი და პეტრე გელბახიანიც იყვნენ. ამბობენ, რომ იმ საღამოს ტარიელი მატარებლით გროზნოში გაემგზავრა, არადა, მამა გროზნოში არ ჩასულა. მამაჩემი ის კაცი არ იყო, სადმე გაქცეულიყო. თუ ცოცხალია, ვფიქრობთ, ციხეშია, საიდანაც გამოსვლა და ცნობის მოწვდენაც კი შეუძლებელია. ამბობენ, რომ ასეთი საპატიმროებიც არის. ან ამნეზია დაემართა. ხილვა მქონდა, რომ მამა გლახაკად ქცეული ეკლესიის მახლობლად იმყოფება. მამაჩემის დაკარგვიდან ორ წელიწადში ჩემი 16 წლის და გარდაიცვალა. 19-20 წლის ვიქნებოდი, როცა ბრმა ნაწლავის ოპერაცია გავიკეთე და იმქვეყნიურ სამყაროში ვიმოგზაურე. ჩემს დას ველაპარაკე და ნატომ მითხრა: მამას აქ ნუ ეძებ, მანდ არისო. მას შემდეგ მეც მჯერა, რომ ცოცხალია და ერთ დღესაც დაბრუნდება..."

ამ მხრივ რთული ვითარებაა საქართველოს საზღვრისპირა და კონფლიქტურ რეგიონებშიც. აფხაზეთის მთავრობის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აღრიცხულია 54 გაუჩინარებული ადამიანი. ყველაზე მეტი ამ რეგიონიდან 1994 წელს, ომის დამთავრების პირველ ხანებში გაუჩინარდა. იყო შემთხვევები, როცა ერთი ოჯახიდან ერთბაშად ორი პირი დაიკარგა.

საქართველო კონვენციას არ მიერთებია

2006 წლის 20 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საერთაშორისო კონვენცია ადამიანთა ძალადობრივი გაუჩინარებისგან დასაცავად. საქართველო ამ კონვენციას არ მიერთებია. ამჯერად კონვენცია 19 ქვეყნის მიერ არის რატიფიცირებული, მისი ამოქმედებისთვის კი 20 ქვეყნის (ანუ კიდევ ერთის) რატიფიცირებაა საჭირო. არადა, კონვენციასთან მიერთების შემთხვევაში იქმნება სპეციალური კომიტეტი, რომელიც მიიღებს საჩივრებს სხვადასხვა სახელმწიფოსგან და მათზე რეაგირებას მოახდენს.

(გაგრძელება იქნება)