"ყველა ერთისათვის" - კვირის პალიტრა

"ყველა ერთისათვის"

28 მარტს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" ჟურნალმა "ბომონდმა" ტრადიციული მიღება გამართა. ჟურნალის რედაქცია  უკვე წლებია, ყოველ გაზაფხულზე მასპინძლობს რესპონდენტებსა და ერთგულ მკითხველს. ამჯერად მიღებამ განსაკუთრებული ელფერი შეიძინა. სტუმრად მიწვეულმა თბილისის ბომონდმა მონაწილეობა მიიღო ჟურნალ "ბომონდისა" და საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" ერთობლივ აქციაში, რომელიც ნატო თოდუას ოჯახის დასახმარებლად გაიმართა.

ნატო თოდუას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და იმის გამო, რომ სახლი არ აქვს, ბავშვებთან ერთად თავს ტუბდისპანსერს აფარებს. დედა პატარებს მარტო ვერ ტოვებს, ამიტომ ისეთი საქმე შეისწავლა, რომლის წყალობითაც შინიდან გაუსვლელად არჩენს ოჯახს - დაეუფლა ვერცხლზე ტიხრული მინანქრის ტექნიკას, მაგრამ არა აქვს დაზგა, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, გაჭირვებიდან გამოიყვანს... იმ დღეს კი ოცნება აუსრულდა. საღამოზე ნატო შვილებთან ერთად მოვიდა და მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ ცდილობდნენ უცნობი ადამიანები მის დახმარებას. "ბომონდის" აუქციონმა შედეგი გამოიღო!

აუქციონი, რომელზეც წარმოდგენილი იყო სოფიკო ჭიაურელისა და მედეა ჩახავას მძივები, ცნობილმა საოპერო ვარსკვლავმა და ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელმა პაატა ბურჭულაძემ გახსნა. მან განაცხადა, რომ ქალბატონი სოფიკო "იავნანას" ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერი იყო და მისი მძივის აუქციონზე გამოტანა ამ მხარდაჭერის გაგრძელებაა. ბატონმა პაატამ აზარტში შესულ მყიდველებს მძივი არ დაუთმო, 500 ლარად შეიძინა და ფულთან ერთად ნატო თოდუას გადასცა იმის ნიშნად, რომ დიდებული მსახიობის ნივთი წარმატებას მოუტანს სამი შვილის დედას და თავადაც  შექმნის ისეთ სამკაულებს, რომლებსაც ქალბატონები სიამოვნებით შეიძენენ.

თეა აგლაძე ჟურნალ "ბომონდის" რედაქტორი: "მიხარია, რომ აუქციონმა კარგად ჩაიარა. პირველ რიგში, მადლობელი ვარ სოფიკო ჭიაურელის, მედეა ჩახავას, ნოდარ დუმბაძის, ნინო რამიშვილისა და სხვათა ოჯახების, რომელთაც უცნობი ადამიანის დასახმარებლად საყვარელი ნივთები გაიმეტეს. ჩვენს დღევანდელ წვეულებას ვერ დავარქმევ მოწყალების აქციას, რადგან ნატო პურის ფულს კი არა, მუშაობის საშუალებას ითხოვს, რათა თავისი ნახელავით ოჯახი არჩინოს. ნატო სამაგალითო ადამიანია! დიდი ხანია, მინდოდა “"ბომონდს" გაემართა საღამო "ყველა ერთისთვის". მოხარული ვარ, რომ ფონდ "იავნანასთან" ერთად ეს შევძელით".

თეა ჯორბენაძე, ფონდი "იავნანას" სამხატვრო ხელმძღვანელი: "წერილებს გვიგზავნიან ისინი, ვისაც დახმარება სჭირდება. წერილები ქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზეც და ქველმოქმედების მსურველები თავად ირჩევენ, ვის დაეხმარონ. "ბომონდმაც" ასე შეარჩია ნატო თოდუა - ნიჭიერი ადამიანი, რომელიც გაჭირვებას კი არ ნებდება, გამოსავალს ეძებს!"

აუქციონზე გაიყიდა ნოდარ დუმბაძის სათვალეც, რომლის მფლობელი ცნობილი ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია გახდა. ერთ-ერთმა მონაწილემ, სერგო გალოსტიანმა კი იპ[ოლიტე ხვიჩიას ორი ჰალსტუხი შეიძინა და ერთ-ერთი ინგას საჩუქრად გადასცა.

ინგა გრიგოლია: "ვფიქრობ, ძალიან ღირებული ნივთი შევიძინე. ვერ წარმომიდგენია, საქართველოში ცხოვრობდეს ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ნოდარ დუმბაძე და იპოლიტე ხვიჩია. ამიტომაც ჩემს მარიამს ამაყად მივუტან ყველასთვის საყვარელი ადამიანების ნაქონ ნივთებს. სპეციალობით ფილოლოგი ვარ, თანამედროვე ქართული ლიტერატურის სპეციალისტი და ჩემი სადიპლომო ნამუშევარი იყო "მზე ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში". ხომ წარმოგიდგენიათ, სადიპლომოდ ამ თემას რომ ვარჩევდი, როგორ მიყვარდა დუმბაძე. მემუარული ჟანრის ნაწარმოებების წერა დავიწყე და იმედი მაქვს, სათაყვანებელი მწერლის სათვალე ჩემთვის წარმატების სიმბოლო გახდება."

აუქციონზე ასევე გაიყიდა ირაკლი ჩარკვიანის ჰალსტუხი, ნატალია ამირეჯიბის მიერ პიაცას მოზაიკის ორიგინალური ესკიზის მიხედვით შექმნილი დებიტას მაისური, მიხეილ თუმანიშვილის 3 ესკიზი, რომელთა მფლობელიც ლიზა ბაგრატიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ცნობილი სახეები, "ბომონდის" თაყვანისმცემლებიც, ისინი, ვისაც ქველმოქმედება სიამოვნებას ანიჭებს. ფოლკლორისტმა მანანა გაბურმა ნატო თოდუასთვის 400 ლარად მედეა ჩახავას სპილოს ძვლის ყელსაბამი შეიძინა.

- სასიამოვნოა, როდესაც ასეთი დიდებული ადამიანის ნივთის მფლობელი ხარ, მაგრამ უფრო სასიამოვნოა, როდესაც ამ ნივთს ვიღაცის დასახმარებლად შეიძენ,” - აღნიშნა მან.

ნინო რამიშვილის საყვარელი ფინჯანი კი "ბომონდის" მკითხველმა ქეთი ობოლაშვილმა შეიძინა. ქეთი მატაბელისა და გია გუგუშვილის ფერწერული ნამუშევრების შეძენით "კვირის პალიტრის" მთავარმა რედაქტორმა გიორგი თევდორაშვილმა ნატო თოდუას ოჯახის ბედნიერებაში, როგორც თავად გვითხრა, თავისი  მოკრძალებული წვლილი შეიტანა. აუქციონზე ასევე გაიყიდა რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატი და ვახუშტი კოტეტიშვილის საფერფლე.

საღამო, რომელსაც საგანგებოდ "ბომონდისთვის" აფორმებდა ამირან შალიკაშვილის პანტომიმის თეატრი, საგანგებო ნომინაციების გადაცემითა და ვეებერთელა ტორტით დასრულდა.