იყო და არა იყო რა... ანუ 10 წლის შემდეგ მიღებული მამის წერილი - კვირის პალიტრა

იყო და არა იყო რა... ანუ 10 წლის შემდეგ მიღებული მამის წერილი

ძალიან მიყვარს ამბის ასე დაწყება - "იყო და არა იყო რა...", იმიტომ, რომ ასე იწყება ყველაზე დიდი სიბრძნე - ზღაპრები ბავშვებისათვის... ჩვენც დაახლოებით ამგვარი "ზღაპარი" მოვიაზრეთ ჩვენი მკითხველისთვის და მას სახელად "გზავნილი მომავალში" დავარქვით - ახალი ათასწლეულის გარიჟრაჟზე, როცა მსოფლიო 2000 წლის დადგომას აღნიშნავდა, "კვირის პალიტრის" რედაქციაში ახალი პროექტი დაიწყო:წერილი მომავალში შეიძლებოდა გაეგზავნა ნებისმიერ ჩვენგანს, მიეთითებინა წელი და მის გზავნილს ადრესატი მიიღებდა 2001, 2005, 2010, 2025, 2050 ან 2100 წელს. ამ პროექტით ჩვენს მკითხველს საშუალება მივეცით გულის ნადები თუნდაც ასი წლის შემდეგ წერილით გაენდო შთამომავლობისთვის, რათა ცხოვრების ზღაპარი ასი წლის შემდეგაც გაგრძელებულიყო. ყველა გზავნილი სპეციალურ სკივრებში მოთავსდა და დაილუქა. სკივრები ეროვნულ არქივშია დაცული.

2001 წელს სკივრის პირველად გახსნის ზეიმის მასპინძელი ქალბატონი ლალი გუნთაიშვილი იყო, "კვირის პალიტრის" პირველი მთავარი რედაქტორი. სამწუხაროდ, ქალბატონი ლალი მომდევნო ზეიმებს ვეღარ მოესწრო. თუმცა კი გასაოცარი სითბოთი გაგვახსენებს თავს მისი სიტყვები, რომლითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, - თქვენ თუ მისწერეთ მომავალს წერილიო.

- მივწერე... რამდენიმე... ყველაზე უფრო ის წერილი მომწონს, "კვირის პალიტრის" ასი წლის შემდგომ მთავარ რედაქტორს რომ მივწერე... დღეგრძელი მინდა იყოს გაზეთი...

წერილები, რომლებიც საუკუნეთა გასაყარზე დაიწერა ჩვენი მამების, პაპების, მეგობრებისა და ზოგჯერ უცნობების ხელითაც, დროში მოგზაურობენ ადრესატისკენ. ვინ იცის, რამდენი ადამიანი გავახარეთ და დავაფიქრეთ... რამდენი ახალი და მივიწყებული ამბავი გავახსენეთ... ზოგიერთის ავტორი იქნებ აღარც კი არის ამქვეყნად და ზეციდან დაჰყურებს შთამომავლობას. იქნებ ამ წერილებმა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა კიდეც და, რაც მთავარია, ყველა ადრესატს გადაეცა დიდი სიყვარული დროსა და სივრცეში...

ჩვენი ზღაპარ-წერილების ყუთი მესამედ 2010 წელს გაიხსნა და კიდევ ერთხელ გავხდით მოწმენი, თუ რა ძალა ჰქონია წერილით მოყოლილ ზღაპარს... უამრავი ადამიანი გვესტუმრა რედაქციაში, მათი ცრემლები ასველებდა სკივრში შემონახულ სიძველეშეპარულ წერილებს. ჩვენც ბედნიერების ცრემლი გვდიოდა და მათი ემოციების მოწმენი ვხდებოდით...

ახლა კი ერთი ბიჭის ამბავს უნდა მოგიყვეთ, ბიჭისა, რომელმაც 10 წლის შემდეგ მამის წერილი მიიღო, თუმცა ამის შესახებ ახლახან შეიტყო და სანუკვარი გზავნილის მისაღებად შეგვეხმიანა. საბედნიეროდ, ჩვენ ამ პროექტის ვადაგასულ წერილებსაც სათუთად და გულმოდგინედ ვინახავთ... ის ბიჭი ახლა 18 წლის არის.

მამის წერილის გადაცემისას შევატყვეთ, რომ აღელდა. როცა ვკითხეთ, - რატომ მოაკითხე წერილს ასე დაგვიანებითო? გვითხრა, - მამას ეტყობა წერილის გახსნის ვადა შეეშალა, თორემ რვა წლის ვიყავი, რომ მეუბნებოდა, - შენს სახელზე წერილი დავწერე, როცა დიდი ბიჭი იქნები, "კვირის პალიტრის" რედაქციაში მიდი, ჩემი გაგზავნილი მოიკითხე და წაიკითხეო. მაშინ ვფიქრობდი, ნეტავ როდის გავიზრდები-მეთქი. დრო გავიდა, გავიზარდე და ეს ამბავი თითქოს მიმავიწყდა...

სტუდენტი ვარ და როცა სტუდენტურ პროგრამებში ჩემი გვარი "გოჩა ოყრეშიძე" ავკრიფე, "კვირის პალიტრაზე" მიმითითა. მაშინვე ამომიტივტივდა მამაჩემის სიტყვები, - შენს სახელზე "კვირის პალიტრაში" წერილი გავგზავნეო.

- შეგიძლია ეს განცდა გადმომცე?

- ძალიან მაგარი განცდაა, ზღაპარივით არის... მაშინ ხომ ბავშვი ვიყავი, ახლა კი როცა უკვე დიდი ვარ, ვიღებ წერილს, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია.

- გახსნის ხომ არ გეშინია, იქნებ მამას იმედი არ გაუმართლე?

...ეს ბოლო კითხვა კი ბიჭს მხოლოდ გამოსაცდელად დავუსვი, - მამის იმედის გაუმართლებლობისა არაფერი ეტყობოდა, - წერილი კი კუნძულზე აღმოჩენილი განძივით წაიღო...

მეორე დღეს გოჩას დავურეკე - თუ საიდუმლო არ არის, მითხარი, რას გწერდა მამა-მეთქი. ჯერ - არაფერსო. მერე - შენი ქვეყანა, შენი მშობლები გიყვარდეს და სუსტი არასოდეს დაჩაგრო, ამას იმიტომ გწერ, შენ რომ წერილს გახსნი, შეიძლება ცოცხალი აღარც ვიყო და ჩემი სიტყვები გახსოვდესო!

- ესე იგი, ყველაფერიც მოუწერია. მამაშენს ის ათი წელიწადი, სანამ შენ დაკაცდებოდი და მის წერილს გახსნიდი, ალბათ ბევრი ეგონა, არადა, მალე შენს შვილებსაც მოესწრება-მეთქი... გოჩამ, - როგორც ჩანსო.

არადა, არც ათი წელია ბევრი, არც ასი და არც ათასი, ოღონდ წარსულიდან მომავლამდე კავშირი არ უნდა წყდებოდეს, რაიმე "გზავნილი" აუცილებლად უნდა მიდიოდეს.

ჩვენც ამ პროექტით ჩვენი გზავნილი გავუშვით მომავალში და როგორც გოჩამ მიიღო მამის გზავნილი, ისევე მიიღებს ჩვენი შთამომავლობაც, როგორც ჩვენი ცხოვრების "იყო და არა იყო რას"...

არა იყო რა? იყო, იყო! ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით...