"გველის ხახაში გაჩხერილები" - კვირის პალიტრა

"გველის ხახაში გაჩხერილები"

"მიწიერი სამოთხის" კართან თუ მითოლოგიური გველის - შანგრილას ხახაში აღმოჩენილი ქართველები?!

"შევდიოდით კაზინოებში და გამოგვყავდა მოთამაშეები. ახლა ყველანაირი გზა გადაგვიკეტეს იმისთვის, რომ აზარტული თამაშებით დაავადებულებს დავეხმაროთ"

"რა უნდა კაზინოს სიონისა და საპატრიარქოს შუაში?!"

იქ, სადაც სულიერი ტაძარი გვაქვს, ორიოდე ფეხის ნაბიჯზე კი 100 ათასი მოწამის თავის კვეთის ადგილი, ჩვენ "შანგრილა" და "ბუდა-ბარი"  აღვმართეთ(?!).

ძველ თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარსა და საპატრიარქოს შორის დიდი, ბრჭყვიალა კაზინო ადამიანის გონებას (ნებსით თუ უნებლიეთ) იპყრობს. მას "შანგრილა" ჰქვია! ინდურ მითოლოგიაში შანგრილა გველია, თუმცა, ეს სახელი ტიბეტში არსებულ "მიწიერ სამოთხესთანაც" ასოცირდება (ბევრ ამერიკელს ტიბეტი და ბუდისტები მწერალმა ჯეიმს ჰილტონმა გააცნო, რომელმაც რომანში "დაკარგული ჰორიზონტი" ჰიმალაის მთებში არსებული "მიწიერი სამოთხე" აღწერა და მას "შანგრი-ლა" უწოდა).

მართლაც უცნაური ხალხი ვართ ქართველები! იქ, სადაც სულიერი ტაძარი გვაქვს, ორიოდე ფეხის ნაბიჯზე კი 100 ათასი მოწამის თავის კვეთის ადგილი, ჩვენ "მიწიერი სამოთხე" და "ბუდა-ბარი" აღვმართეთ(?!). მიწიერსა და ზეციურ სამოთხეს შორის კონტრასტი მართლაც დიდია, საცდური კი ღამით განსაკუთრებით იმატებს, სწორედ მაშინ, როცა გაჩახჩახებული კაზინო ირგვლივ არსებული სულიერ-კულტურული ძეგლების იდუმალებას თითქოს ბრძოლას უცხადებს.

"ვთამაშობ ყველაფერზე და ყველგან, სადაც აზარტი და ფულია. ბევრჯერ ვცადე თავის დანებება, მაგრამ არაფერი გამომდის. ახალ წელს მთელი ღამე სლოტკლუბში გავატარე. მიშველეთ!"; "აზარტულმა თამაშმა შეარყია ჩემი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა, ჯანმრთელობა და ნერვები. ბევრჯერ ვცადე თავის დანებება, მაგრამ ამაოდ", - ეს ლუდომანთა (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა) წერილებია, რომლებიც "კვირის პალიტრამ" არცთუ დიდი ხნის წინ გამოაქვეყნა. ლუდომანები თბილისში მომრავლებულ კაზინოებსა და სლოტკლუბებს "სულის დასაღუპავ ადგილებს" უწოდებენ. ზოგმა თავის მოკვლაც კი სცადა. ასე რომ, კაზინოების შესასვლელებთან სასულიერო პირებს თუ შენიშნავთ, არც ეს უნდა გაგიკვირდეთ! ისინი განსაცდელში ჩავარდნილი სულიერი შვილების "გველის ხახიდან" გამოხსნას ცდილობენ. ამის შესახებ გვესაუბრება დეკანოზი მამა დავით ისაკაძე:

- ადამიანის დამოკიდებულება აზარტულ თამაშებთან ზუსტად ისეთივეა, როგორიც ნარკომანისა ნარკოტიკთან, მეძავისა - სიძვასთან. ეკლესიაში უამრავი სასოწარკვეთილი ადამიანი მოდის, მათ უდიდესი განსაცდელის გზა გამოიარეს. ისინი ჩვენგან შველას ითხოვენ. აზარტული თამაშები არაერთი ოჯახის დანგრევის, ქვეყნიდან გაქცევის ან სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულების მიზეზი გახდა. არა მხოლოდ მამაკაცები, ქალებიც თამაშობენ, არა აქვს მნიშვნელობა ასაკს. სოკოებივით მომრავლებული კაზინოების, სლოტკლუბების, ტოტალიზატორების გვერდით ხშირად ლომბარდებსაც დაინახავთ, სადაც ხალხი უკანასკნელ ძვირფას ნივთებს აბარებს. შემდეგ კი კაზინოში მიდიან და იქ აგებენ.

მეტსაც გეტყვით, არიან მოძღვრები, რომლებიც შედიან კაზინოებში, ტოტალიზატორებში და გამოჰყავთ მოთამაშეები იქიდან, სადაც არც საათია, არც სარკე ან სარკმელი და სივრცისა და დროის აღქმა შეუძLლებელია. ისინი დაღუპვის პირას მდგომებს ეუბნებიან, რომ აღარ უნდა ითამაშონ! მაგრამ ბოლო დროს მოძღვრებს ასეთ დაწესებულებებში აღარ უშვებენ. ყველანაირი გზა გადაგვიკეტეს იმისთვის, რომ აზარტული თამაშებით დაავადებულებს დავეხმაროთ. არის ქვეყნები, სადაც აკრძალულია აზარტული თამაშები, ზოგან მხოლოდ  პერიფერიებშია ადგილები გამოყოფილი, სადაც მოთამაშეებს ამ ავადმყოფური ჟინის დაკმაყოფილება შეუძლიათ. ჩვენთან, პირიქით, მოსახლეობას აქეზებენ, რომ კაზინოებსა და სლოტკლუბებში გაათენ-დააღამონ. იცოდეთ, კაზინო "შანგრილა" მიწიერი სამოთხე არ არის, ასეც რომ იყოს, მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მხოლოდ ზეციური სამოთხე და ცათა სასუფეველი არსებობს. ამიტომაც, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქი, წმინდა სინოდის რომელიმე ღირსეული მღვდელმთავარი ან სხვა სასულიერო პირი ამ თემაზე ლაპარაკობენ, ხელისუფლების მეტი ყურადღებაა საჭირო. რა უნდა კაზინოს სიონისა და საპატრიარქოს შუაში?! ერთი და ორი კაცი ასეთ საკითხებს არ უნდა წყვეტდეს. მერიას ან ნებისმიერ სხვა სახელისუფლებო სტრუქტურას ეკლესიის ხმა უნდა ესმოდეს. ეს ადგილი თავისი რელიგიურ-კულტურული ძეგლებით წმინდა ადგილადაა მიჩნეული. იქვე ახლოს, სადაც 100 ათასი მოწამე ან სულაც აბო თბილელი აწამეს, სადაც ელდემოს კათოლიკოსისა და შუშანიკ დედოფლის წმინდა ნაწილებს ვცემთ თაყვანს, დემონის სახლის აგება მკრეხელობაა! ეს დედაეკლესიის, ასევე ჩვენი ქვეყნისა და ხალხის შეურაცხყოფაა. სხვა დემოკრატიულ და მოწინავე ქვეყნებში თუ მიაგებენ პატივს მათთვის სათაყვანებელ ისტორიულ-კულტურულ ადგილებს და უდიდესი კრძალვითა და პატივისცემით არიან განმსჭვალული, ჩვენ რა ზნე გვჭირს? სხვაგან ისტორიულ-კულტურულ ძეგლებთან ერთ ზედმეტ ქვას არ დადებენ, ჩვენი სიწმინდეები კი თანამედროვე არქიტექტურის ნაირსახეობებით იავარქმნილი და შეურაცხყოფილია.

- რელიგიური თვალსაზრისით, აქვს თუ არა მნიშვნელობა, კაზინო ტაძრის გვერდით იქნება თუ  მისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით?

- ჩემი აზრით, საქართველოში კაზინოები ისევე უნდა იყოს აკრძალული, როგორც ვთქვათ, ისრაელში. ისრაელზე უფრო მოწინავე ან დემოკრატიული ქვეყანა ვართ? სახელმწიფოს თუ ამის გაკეთება არ შეუძლია, მაშინ სადღაც, პერიფერიაში მაინც გაიტანოს ასეთი დაწესებულებები.

"ძველი თბილისი ჩემთვის იერუსალიმია"

80-იან წლებში საპატრიარქოს შემოგარენი გიგა ბათიაშვილის არქიტექტურით განახლდა და გამშვენიერდა, რაც სრულიად შეთავსებული იყო ქართულ რელიგიურ-კულტურულ მემკვიდრეობასთან. გაშლილი სივრცე და ულამაზესი პანორამა ერთ მთლიან წრეს ქმნიდა. გიგა ბათიაშვილის აზრით, ეს წრე XXI საუკუნეში ე.წ. მშვიდობის ხიდმა და "მიწისზედა გვირაბმა" დაარღვია, შემდეგ კი კვლავ წრეზე სიარულმა "შანგრილას" არქიტექტურა წარმოშვა, რაც "მშვიდობის ხიდს" უფრო უხდება, ვიდრე ძველ თბილისს ან მის რელიგიურ და კულტურულ მემკვიდრეობას.

გიგა ბათიაშვილი: - ჩემთვის, როგორც ყველა ძირძველი თბილისელისთვის, ეს ადგილი, დაწყებული თაბორით, სიონითა და ანჩისხატით, საჩინოთი (დარეჯანის სასახლე) და მეტეხით - იერუსალიმია!

იერუსალიმმა შეძლო თავისი ისტორიის შენარჩუნება. აქ ერთი ბუდიდან იშვა ებრაული, მერე ქრისტიანული, მუსლიმანური რელიგიები და ნახეთ, ყოველივეს როგორი მოწიწებით, პატივისცემით ექცევიან. ჩვენმა მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ ქართველი ერი დღემდე შემოინახა და  მოიყვანა. შესაძლოა ზოგი გადაბრუნებული ტვინით, ზოგი გადაუბრუნებლით, მაგრამ მაინც ყველა ერთად მოვედით სწორედ ისე, როგორც ჩვენი წინაპარი გეგმავდა. ამიტომაც ვამბობ, რომ ჩემი ქრისტეს საფლავი თბილისის გულში, ამ წმინდა ადგილზე, ჩემს იერუსალიმშია და, რასაკვირველია, მკრეხელობად მიმაჩნია ასეთ ადგილას აზარტული ცენტრის გახსნა. განა ჩვენი სახელოვანი წინაპრები იმას გვეუბნებოდნენ, მუდამ მოგებით იცხოვრე ამ ქვეყანაზეო?! პირიქით, გვმოძღვრავდნენ, რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიაო. სწორედ ამიტომ ვიყავით რენესანსის იდეოლოგიის შემქმნელები.

ცხადია, ამ ფილოსოფიის ანტიპოდია სიონსა და საპატრიარქოს შორის კაზინო. არქიტექტურა კი ერის ფსიქიკის, ცნობიერებისა და ფილოსოფიის გამოხატულებაა.

მიუხედავად იმისა, რომ "შანგრილას" იერი ცუდი არ არის, ისევ როგორც მშვიდობის ხიდისა, ძველ თბილისთან მაინც ორივე შეუსაბამოა. არც ერთის და არც მეორის ადგილი აქ არ არის. შუშის ხიდი სადღაც მტკვრის ჭალაში, ორთაჭალის ქვევით, რუსთავთან ან ავჭალასთან, სადაც მტკვარი იტოტება, რომ იყოს, შესანიშნავი იქნებოდა.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ "შანგრილა" ასეთი იერით "ხიდის" შესაბამისად ააგეს.

ბუნებით მოდერნისტი, ახლისკენ მიდრეკილი ადამიანი ვარ, თუმცა მიმაჩნია, რომ ყოველივე ახალი ჩემსავე ენდემური მცენარის კვირტზე უნდა დაიმყნოს და ამ სახით მოხდეს მისი ინტეგრირება მსოფლიო პროგრესულ აზროვნებასთან".

P.S. "შანგრილა" უცხოელების ყურადღებასაც იპყრობს. როგორც პარლამენტის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გვითხრა, სიონისა და საპატრიარქოს გვერდით კაზინოს აღმოჩენას გაუოცებია მისი მეგობარი დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც თურმე გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობს. ჩვენთან ასეთი რამ წარმოუდგენელია, მსგავსი რამ როგორ დაუშვითო, უკითხავს მასპინძლისთვის. დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, პარლამენტარებმა საკანონმდებლო რეგულაციით სცადეს კაზინოებსა და საზოგადოდ, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება, კერძოდ, თუ გასართობი დაწესებულებები პერიფერიაში გადავა, მოგება ნაკლებად დაებეგრებათ. მაგრამ ამ საკანონმდებლო რეგულაციამ არ გაამართლა. კაზინოები და სლოტკლუბები უმეტესად დედაქალაქში იყრიან თავს, მათ მფლობელებს კი რატომღაც "წმინდა ადგილები" უფრო მოსწონთ(!).

ჩვენ კაზინო "შანგრილას" ხელმძღვანელ პირებთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ ვერც ერთ მათგანთან გასაუბრება ვერ შევძელით. როგორც ამბობენ, კაზინო "შანგრილა" ძმებ შარანგიების სახელთან ასოცირდება, რომლებსაც პრეზიდენტთან სიახლოვის გამო ხელისუფლების კარის ბიზნესმენებად მიიჩნევენ.

რას ნიშნავს ერის ისტორიული მეხსიერება?

ერის ისტორიული მეხსიერება ქვეყნის რელიგიური, კულტურული მემკვიდრეობის სადარაჯოზე დგას. მისი თანდათანობით დაქვეითება კი სამშობლოს დაკარგვის ტოლფასია. ასე არა მხოლოდ ქართველი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები და მართლმადიდებელი სასულიერო პირები აზროვნებენ. ერთ საინტერესო ეპიზოდს მოგახსენებთ, რომელიც დალაი-ლამას დასავლეთში მოგზაურობას ეხება. ნაწყვეტი ჟურნალ "ნიუ-იორკერში" გამოქვეყნებული წერილიდან: "დალაი-ლამამ ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინა, რომ ეზოტერიკული სწავლებებით დასავლეთში ცოტა ვინმე თუ დაინტერესდებოდა და საუბრების თემად უმთავრესი ადამიანური ღირებულებების უფრო იოლად აღსაქმელი კონცეფცია შეარჩია - 70-იანი წლების ბოლოს შეხვედრა ითხოვა მწერალ ელი ვიზელთან, ვინც ჰოლოკოსტს გადაურჩა. დალაი-ლამამ უთხრა: "მე წავიკითხე თქვენი ნაწარმოები, ის, რაც დაწერეთ ებრაელ ხალხზე, რომელმაც სამშობლო ორი ათასი წლის წინ დაკარგა და მაინც ცოცხალია. ჩემმა ხალხმა  სამშობლო ახლახან დაკარგა და ვიცი, რომ  წინ დევნილობაში გასავლელი ძალიან გრძელი გზა გვაქვს. თქვენ როგორ გადარჩით?" ვიზელმა უპასუხა: "როდესაც იერუსალიმიდან წამოვედით, მთელი ძვირფასეულობა არ წამოგვიღია. მხოლოდ ერთი პატარა წიგნი წამოვიღეთ. ამ წიგნმა გვაცოცხლა და გადაგვარჩინა. გარდა ამისა, დევნილობამ სოლიდარობის განცდა ჩამოგვიყალიბა. როდესაც ებრაელები ერთიდან  მეორე ადგილზე გადასახლდებოდნენ ხოლმე, მათ ყოველთვის ებრაელები ეგებებოდნენ და მზრუნველობას არ აკლებდნენ. ყველაფერთან ერთად, კარგმა მეხსიერებამაც გადაგვარჩინა. დიახ, გადარჩენა კარგ მეხსიერებას ითხოვს". ცხადია, აქ ერის ისტორიული მეხსიერება იგულისხმება.

სიუჟეტი იხილეთ PalitraTV.ge-ზე