"ანთაძეს თავი ყარაბას-ბარაბასი ჰგონია" - კვირის პალიტრა

"ანთაძეს თავი ყარაბას-ბარაბასი ჰგონია"

"თუ ამ თაღლითს დატოვებენ თეატრში, ეჭვს შევიტანთ, რომ ის რურუას და უგულავას ტყუილად არ სდებდა ბრალს"

ერთი წლის განმავლობაში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი უკვე მეორედ ხდება მითქმა-მოთქმის მიზეზი. 2011 წლის 29 მარტს თეატრში თავი ჩამოიხრჩო 26 წლის მსახიობმა დავით ტოროშელიძემ. ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი, ამბობენ, საქველმოქმედო ფონდ "ქართუსგან" დახმარების მიღების გამო სამსახურიდან დაითხოვეს 40 მსახიობი. ერთი წლის წინ მსახიობები ტოროშელიძის თვითმკვლელობის მიზეზებზე ლაპარაკს ერიდებოდნენ, დღეს კი ამბობენ, რომ ტრაგედია უმძიმესმა სოციალურმა მდგომარეობამ განაპირობა - ისედაც მწირ ხელფასს დროულად ვერ იღებდა.

ცნობილი მსახიობი პავლე ნოზაძე, რომელიც უკვე 50 წელია დგას სცენაზე, მიიჩნევს, რომ თეატრის გენერალური დირექტორის, მიხეილ ანთაძის გადაწყვეტილებას შეიძლება ახალ-ახალი უბედურებები მოჰყვეს.

გათავისუფლებული თანამშრომლების განმარტებით, მიხეილ ანთაძემ ისინი ოფიციალური ახსნა-განმარტების გარეშე გამოყარა ქუჩაში. "ანთაძემ უკადრებელი იკადრა. ციხის დირექტორიც კი არ მოიქცევა ასე. ქუჩაში უმიზეზოდ გამოგვყარა და შენობის დაცვას გადასცა 40-კაციანი სია, შენობაშიც კი არ გვიშვებს. ბურატინოს თეატრში თავი ყარაბას-ბარაბასი ჰგონია. ეს კაცი თეატრს არ უნდა გააკარონ".

თეატრში პრობლემები 2010 წლიდან გაუცემელი ხელფასების გამო დაიწყო. 2012 წლის იანვარში თეატრმა ახალი შრომითი ხელშეკრულებები უკვე გაზრდილი ხელფასების მიხედვით გააფორმა. თუმცა, მომატებული ხელფასი რატომღაც მხოლოდ იანვარში გაიცა, თებერვალში ხელფასები ისევ ძველი ნიხრით დარიგდა - დირექტორმა თვითნებურად გაანახევრა(?!). მსახიობებმა კულტურის მინისტრთან იჩივლეს. სამინისტრომ განცხადების ასლი განსახილველად ანთაძეს გადაუგზავნა, მან კი წერილზე ხელისმომწერი ორმოცივე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა.

მსახიობები მიხეილ ანთაძეს სხვა ბრალდებასაც უყენებენ - შექმნა კლანური სისტემა და თეატრი ნათესავ-მეგობრებით აავსო. ჩვენთან დაასაქმა სამივე შვილი, ცოლი, ცოლისდა შვილითურთ... შემოიკრიბა არაპროფესიონალების დიდი ჯგუფი, რომლებიც ყველაფერზე თავს უქნევენ. ბოლოს,

გამოგვიცხადა, - ხელის მოწერით დაადასტურეთ, რომ ფონდ "ქართუსგან" დახმარებას არ მიიღებთო.

ვინც ხელი არ მოვაწერეთ, მიეცა ჩვენი თავიდან მოშორების შესაძლებლობა - რას ჰქვია, მინისტრთან მიჩივლეთო და გარეთ გამოგვრეკა.

ვახტანგ ნოზაძე, მსახიობი: - ხომ არსებობს ალკოჰოლიკი, ეს კაცი არის ფულოჰოლიკი. ფულთან დაკავშირებით ამაზრზენი იდეები მოსდის თავში. მაგალითად, როდესაც მსახიობებმა მოვთხოვეთ ექვსი თვის გაყინული ხელფასი მოეცა, ასეთ გამოსავალს მიმართა: დაუძახა ერთგულ თანამშრომელთა დაახლოებით 20-კაციან ჯგუფს და უთხრა, თუ გინდათ თანამდებობები შეგინარჩუნოთ და ხელფასები გაგიზარდოთ, ახლა ამ ხალხის დავალიანება უნდა გამასტუმრებინოთ, ამიტომაც ბანკიდან კრედიტები გამოიტანეთ, ფული მე მომეცით და ვალს მოგვიანებით გაგისტუმრებთო. არ გამოუვიდა ეს "ნომერი",”ბანკმა ფული არ მისცა და დავალიანებაც გაუსტუმრებელი დარჩა.

შემდეგ იმაზე ატყდა ამბავი, რომ "ქართუს" ფულის მიღებაზე ხელი აღარ მოაწეროთო. ივანიშვილის ფულს რომ ზურგი არ ვაქციეთ, ეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად ჩაგვითვალეს. თავს ისე გაუვიდა, რომ სპექტაკლებისა და რეპეტიციების განრიგის დაფაზე გამოგვიკრა კანონი "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ", თითქოს ამით გვაშინებდა, რომ ჩვენს თავს დააჭერინებდა ივანიშვილის პოლიტიკური მხარდაჭერის გამო. არც კი იცის, რომ ეს კანონი ივანიშვილისადმი ფულად დახმარებას კრძალავს და არა "ქართუს" მიერ ჩვენს დახმარებას. არადა, თვითონ 5 წელი ყველაზე მეტს იღებდა "ქართუდან" - მარტო ერთი წლის მანძილზე მიღებული აქვს 11.400 ლარი, მის მოადგილეს, ნინო პავლიაშვილს კი აღებული აქვს 9.600 ლარი. ანთაძემ გვითხრა, ბიძინას ფული არ აიღოთ, მე მოგცემთ ექვსმაგსო. სასაცილოა, რაც მოსაცემი აქვს, ის ვერ მოუცია და მაგას შეძლებს? როდესაც ანთაძე გვიმტკიცებდა, გიგი უგულავამ თეატრების ხელმძღვანელებს გვითხრა, მსახიობებს ივანიშვილის ფულზე უარი ათქმევინეთ და ჩვენ გადავუხდით მეტსო, იცრუა! ყოველ შემთხვევაში, სხვა თეატრების ხელმძღვანელებმა ეს არ დაადასტურეს - უგულავას ასეთი ბრძანება არ გაუციაო. ანთაძე კი ყველაფერს ან უგულავას აბრალებს, ან ნიკა რურუას. როდესაც პასუხი მოვთხოვეთ, ხელფასების დაურიგებლობის გამო, გვიპასუხა, რურუას მოჰკითხეთო. გადავწყვიტეთ, გვეჩივლა რურუასთან, რომ იმ კაცსაც სცოდნოდა, რას ამბობს თეატრის დირექტორი. თუ ამ თაღლითს დატოვებენ თეატრში, მაშინ ეჭვს შევიტანთ, რომ ანთაძე რურუას და უგულავას ტყუილად არ სდებდა ბრალს.

რატომ არ უნდა ვაღიარო, რომ  ბიძინა ივანიშვილი სიკეთის მეტს არაფერს აკეთებდა, რომ მხოლოდ მისი ფულით მოხერხდა ათწლიანი, გაუთავებელი რემონტის დასრულება თეატრში, წლების განმავლობაში მან იხსნა ჩემი მეგობრების ოჯახები შიმშილისგან. ერთი წელი ვიღებდი მის დახმარებას, მხოლოდ ას ლარს, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის ეს თანხაც კი ძალიან ბევრს ნიშნავს. გადასახადის გადაუხდელობის გამო დღემდე ჩაჭრილი გვაქვს ბუნებრივი გაზის მილი. ელექტროენერგიის გადასახადი კი ორი დღის წინ ძლივს შევაკოწიწეთ და ბავშვები ბნელში აღარ გვყავს. ანთაძეს ჰგონია, რომ მსახიობებს იყიდის. აშკარად ვიღაც ძლიერი მფარველი ჰყავს, თორემ ამდენს ვერ გაბედავდა.

- მხოლოდ 40 კაცი აპროტესტებთ, თეატრში კი მგონი, სამასამდე კაცი მუშაობს.

- ეშინია ხალხს, რომ ულუკმაპუროდ დარჩებიან და ჩუმად არიან. ეს არის სიკვდილის შიშის დუმილი. ვევედრები მათ, ხმა ამოიღონ, სხვანაირად მომავალს ვერ შეუქმნიან შვილებს. მე და მამაჩემი, მსახიობი პავლე ნოზაძე, სწორედ ჩვენი მომავალი თაობების ბედნიერებისთვის ვყვირით და არა მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის. მიხარია განახლებული აღმაშენებლის გამზირი, მაგრამ არ მინდა, ამ ქუჩაზე ჩვენმა შვილებმა მშივრებმა იარონ. არ მინდა, იმ საზოგადოებაში იცხოვრონ, რომელსაც შიმშილის გამო ხმის ამოღებისა ეშინია.

"კვირის პალიტრა" ამაოდ ეცადა მიხეილ ანთაძისგან კომენტარის მიღებას. ის ტელეფონს არ პასუხობს. არც კულტურის მინისტრი ნიკა რურუა პასუხობს სატელეფონო ზარებს.