არტ-ბრუიტელთა ამოუცნობი სამყარო - კვირის პალიტრა

არტ-ბრუიტელთა ამოუცნობი სამყარო

ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის თვალები ვისაც ერთხელ მაინც უნახავს, ალბათ ვერასოდეს დაივიწყებს, - ვინ იცის, რამდენ ტკივილსა და იდუმალებას იტევს  სული, რომელიც ამ თვალებში აირეკლება. ამიტომაც, რაც ადამიანთა მოდგმა არსებობს, სულიერი დაავადებების განკურნებას გამუდმებით ცდილობს, თუმცა ამაოდ.სამაგიეროდ, ამ დაავადებებს სათავისოდ იყენებდა ყველა, ვისაც ბნელი ზრახვების დაფარვა სურდა.

მაგალითად, შუა საუკუნეების სისხლიანი ინკვიზიცია ყველა მისთვის არასასურველ ადამიანს სულით ავადმყოფად, ანუ  ბოროტი სულით შეპყრობილად ნათლავდა და ცეცხლს აძლევდა. არანაკლები "ოსტატური" ხერხი მოიფიქრა არასასურველი ადამიანების დასასჯელად საბჭოთა ფსიქიატრიულმა "ინკვიზიციამ", - მრავალი ჯანმრთელი სულიერად დაავადებულად შერაცხა და "განსაკურნებლად" ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში უკრა თავი. არც ისე დიდი ხნის წინ გარდაიცვალა ქართული საბჭოთა ფსიქიატრიიდან მოკვეთილი ექიმი-ფსიქიატრი ზურაბ ჩიქოვანი, რომლიც თავის  გამოკვლევაში წერდა: "1989 წლისთვის სსრკ-ში აქტიურ აღრიცხვაზე იმყოფება 5,5 მლნ ადამიანი, საქართველოში კი 150 ათასი, აქედან სრულ უმრავლესობას მხოლოდ მისადაგებული აქვს ფსიქიატრიული დიაგნოზი."

150 ათასი! რეალურად ამ ხალხის მხოლოდ ნაწილი იყო ფსიქიკურად დაავადებული. უმეტესობა კი გიჟი არ იყო, მაგრამ იძულებით ათავსებდნენ საგანგებოდ აშენებულ ციხე-საავადმყოფოებში, სადაც ბოლოს, ზოგი მართლაც გიჟდებოდა.

ზურაბ ჩიქოვანმაც პირადად ქვეყნის პირველი პირისგან მოითხოვა ქართული ფსიქიატრიის გაკონტროლება იქ გამეფებული ანტიჰუმანური და ანტიადამიანური პრინციპების გამო. საპასუხოდ, სერიოზულად შეფერხდა მისი სამეცნიერო მოღვაწეობა. არადა ის პირველი ექიმი-ფსიქიატრი იყო, ვინც საქართველოში ფსიქიკურად დაავადებულთა მხატვრულ შემოქმედებაში ჩართვა შეისწავლა (ასე შეაფასა მისი სადოქტორო დისერტაცია ლენინგრადის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ) და "ჩამოწერილ" პაციენტებს ხატვა და დაკვრა დააწყებინა, - უმაღლესი განათლება კონსერვატორიაშიც ჰქონდა მიღებული, ჩიქოვანთა ბრწყინვალე საოჯახო ანსამბლიც ასე შეიქმნა. მერე ნახატებზე დაკვირვება დაიწყო. 60-იანი წლები იწყებოდა. ასე გავარდა საბჭოთა ფსიქიატრიაში პირველი "თოფი". მსოფლიოში კი მხოლოდ 70-იან წლებში დაიწყო სულით ავადმყოფთა ნახატების მუზეუმების შექმნა. მათ მხატვრობას  უცნაური სახელი არტ-ბრუიტი ეწოდა და დიდი მოგებაც მოიტანა, - ზოგიერთის ნამუშევარი ასიათასობით დოლარად იყიდებოდა.

ქართველ არტ-ბრუიტელთა ნახატები კი ექიმმა ჩიქოვანმა ფოტოაპარატით გადაიღო, სადოქტორო ნაშრომში ჩადო და რადგან საქართველოში დაცვის უფლება არ მისცეს, დასაცავად ჯერ ერევანში, მერე კი ლენინგრადში წაიღო. ასე დაიცვა სადოქტორო დისერტაციაც და გადაარჩინა ფანტასტიკური მხატვრობაც.

ფსიქოლოგთა აზრით, შიზოფრენიით დავადებულები მეტ ყურადღებას უთმობენ ფერებს, დეპრესიით დაავადებულები - ფორმებს. ხატავენ კუბებს, გეომეტრიულ ფიგურებს, ერთმანეთს უხამებენ ფერებს. აუცილებლად ხატავენ  მედპერსონალს, უფრო მკვეთრად - მათ თვალებს, ისე, სასხვათაშორისო ფონად რომ უძღვის მთლიანი სახე. შეიძლება თვალები მართლაც სარკე ჰგონიათ, რომელსაც არ შეუძლია მოიტყუოს. ნახატებში ისინი არღვევენ შუქჩრდილებს, მაგრამ დეკადენტური მხატვრობაც ხომ ზუსტად ასეთივეა!  თავად ზურაბ ჩიქოვანი ფსიქიკურად დაავადებულთა მხატვრობას მკვეთრად განასხვავებდა ჯანმრთელების მხატვრობისაგან. ფაქტი კი ის არის, რომ რასაც დღეს მთელი მსოფლიო მიმართავს, მან საქართველოში 60-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. საინტერესოა, ვინ იყვნენ ისინი, პირველი ქართველი არტ-ბრუიტელები? ქართველმა ფსიქიატრმა მათი სახელები საიდუმლოდ შეინახა, ასევე საიდუმლოდ ჩაიყოლა საფლავში იმ ფსიქიკურად დაავადებულის სახელი, რომელმაც დანით დაჭრა.

"ჩვენ გვყავდა პაციენტი, გარეგნობით შესანიშნავი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ხანგრძლივი დროის მანძილზე კვალიფიციური მკურნალობა ჩაუტარდა. ამის შემდეგ კი კონსილიუმმა დაადგინა, რომ ეს ადამიანი რეაბილიტირებული იყო და შინ გავუშვით. თუმცა მალევე დაბრუნდა და სინით მამის მოჭრილი თავი მოგვიტანა. აი, ამგვარად  გამოუცნობია სულით დაავადება. მიუხედავად ამისა, სულიერად დაავადებულიც საზოგადოების წევრია და მე მაინც მგონია, რომ არსებობს ხერხები, რითაც ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის გადარჩენა შეიძლება. ეს ხერხი კი მათ მიმართ მაქსიმალური სიყვარული და ხელოვნებაში ჩართვაა". აი, ამ კრედოთი დაასრულა ქართველ არტ-ბრუიტელთა პირველმა ექიმმა სამედიცინო მოღვაწეობა. ხოლო სიყვარული და ხელოვნება უფრო და უფრო  გართულებულ სამყაროში მეტსა და მეტ მნიშვნელობას იძენს...

არტ-ბრუიტი

დღეს მსოფლიოში სულით ავადმყოფთა ნამუშევრების რამდენიმე მუზეუმია გახსნილი, ყველაზე დიდი - შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაშია, სადაც 30.000 ნამუშევარია თავმოყრილი. მათგან ყველაზე ფასეულია ადოლფ ვიოლფლის კოლექცია. მისი ნახატები ასიათასობით დოლარად არის შეფასებული. ვიოლფლმა სიცოცხლე ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა და ხატვაც სწორედ იქ დაიწყო. ავადმყოფთა მხატვრობას სახელი არტ-ბრუიტი ფრანგმა მხატვარმა, ჟან დიუბუფეიმ შეარქვა და ამტკიცებდა, რომ ეს საქმე სრულიად თავისუფალია ხელოვნების ნებისმიერი მიმართულების გავლენისაგან. ასეც არის.

შეშლილი გენიოსები

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ სულით ავადმყოფობის შემთხვევები ხშირად პროფესიონალ მხატვრებში ფიქსირდება. რამდენიმე მათგანი კაცობრიობის გენიად არის აღიარებული.

*ცნობილმა, ვინსენტ ვან გოგმა, თავისი სიცოცხლის განმავლობაში ერთადერთი ნახატი, "წითელი ვარდები არლიში", გაყიდა. სიკვდილის შემდეგ კი მისი ხელოვნება მილიონებად შეფასდა. მხატვარს ეპილეფსია, მანიაკური ფსიქოზი და შიზოფრენია სჭირდა. მან თავისი მოჭრილი ყური ერთ-ერთ მეძავს მიართვა საჩუქრად. ერთი ვერსიით კი, ყური გოგენმა კამათისას მოჭრა.

*დეპრესიით იყო შეპყრობილი მხატვარი და მოქანდაკე ანრი მატისიც. მას უძილობა სტანჯავდა. თუ მაინც ჩათვლემდა, ძილში ტიროდა. ბოლოს, სიბრმავის პათოლოგიურმა შიშმა იმდენად შეიპყრო, რომ ვიოლინოზე დაკვრა შეისწავლა, - როცა დავბრმავდები, ქუჩის მუსიკოსობით ვირჩენ თავსო.

*სულიერად ჯანმრთელი არ იყო ცნობილი ესპანელი მხატვარი ჯოვანი ბრაგოლინიც (ბრუნო ამადიო), რომელსაც მსოფლიო მხატვრობის შედევრი "მტირალი ბიჭუნა" ეკუთვნის. მას ამ ტილოსთვის მენატურე არ ჰყავდა, ამიტომ საკუთარი შვილის თვალებთან, რომელსაც პანიკურად ეშინოდა ცეცხლისა, ანთებული ასანთი მიჰქონდა და ატირებდა. ბოლოს, სასოწარკვეთილმა ბავშვმა მეტი ვეღარ აიტანა და მამა  დასწყევლა, - თავადაც დამწვარხარ ცეცხლშიო! ბიჭი ორი კვირის შემდეგ ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, ხოლო მხატვრის სახელოსნო და მხატვარი ცეცხლმა შთანთქა. მისი შემოქმედებიდან მხოლოდ "მტირალი ბიჭუნა" გადარჩა.

*საყოველთაოდ ცნობილია ესპანელი სიურრეალისტის, სალვადორ დალის სიშლეგე, რომელიც, ერთი მხრივ, წერდა, შეშლილისგან მხოლოდ იმით განვსხვავდები, რომ შეშლილი არა ვარო, მაგრამ იქვე დასძენდა, - ყველაზე საინტერესო მსოფლიოში მე ვარ, მე მაქვს ბოლოში წაწვეტებული, ზერაციონალისტური ვერტიკალური მისტიციზმისა და ვერტიკალური ესპანური სინდიკატების მსგავსად ზეცისკენ აშვერილი ულვაშებიო.