"დექით მტკიცე და შეურყევლად" - კვირის პალიტრა

"დექით მტკიცე და შეურყევლად"

ირაკლი აბაშიძე (ამონარიდები პალესტინის დღიურიდან)

...მივედით ჯვარის მონასტერთან, სულგანაბულნი მივადექით გალავნის დაბალ, მაგრამ უზარმაზარ ქვაბში მოთავსებულ რკინის კარებს, ზედ საბელით დაკიდებული რკინის ჩაქუჩით მივუკაკუნეთ. ცოტა ხანიც და… სადღაც შორიდან გამობმულმა მავთულმა გადასწია რკინის ურდული. გალავნის კარები გაიღო.

მე არ ვიცი, რომელი ჩვენთაგანი უფრო ვაჟკაცურად შევიდა მონასტრის გალავანში. შევედით კი სამივე.

გავიარეთ გალავანსა და მთავარ შენობას შუა მოთავსებული დერეფანი, შევუხვიეთ მარჯვნივ, გავცდით ქვით მოპირკეთებულ პატარა ეზოს და მივადექით ეკლესიის პირველ კარებს. გაგვიღეს ეს კარები და მივადექით მეორე ძველ რკინის კარებს. მოიტანეს ვეებერთელა უძველესი გასაღები, ორივე ხელით გადაატრიალეს კარების საკეტში, ეს კარებიც მძიმედ გაიღო და ესეც ჯვარის მონასტრის საყდარი!… შევდგით შიგ ფეხი.

სამასი წელი მაინც იქნება, ქართველთაგან აქ არავის უგალობნია.

გაკვირვებული შემოვიდა მონასტრის ახალგაზრდა დიაკვანი ბიკენტიოსი, მოგვისმინა, მოგვაჩერდა, აგვზომ-დაგვზომა და წყანარად თქვა: მონასტრის ნამდვილ და ძველ პატრონებს დღესა ვხედავო. როგორ მოგვეწონა ეს სიტყვები ჩვენი უცნაური მღელვარების დროს. თვითონ ეს ახალგაზრდა კაციც მოგვეწონა, რომელიც, აგერ, იერუსალიმის უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტი ყოფილა.

შევდგით ფეხი და თვალებით პირდაპირ ვეძგერეთ (შეიძლება ცოტა უხეში იყოს, მაგრამ სხვა გამოთქმა ვერ მიპოვნია) კედლის მოხატულობას, ფრესკებს, წარწერებს, ჩქარა, ჩქარა, ქართული წარწერები ძველ ქართველ მოღვაწეთა პორტრეტები!… და აი, ხელმარცხნივ სვეტზე გაბრწყინდა დიდი შავი ასომთავრული, ეს ნიკიფორე ჩოლოყაშვილისეული წარწერაა. სხვა, სხვა წარწერები სადღაა?.. აგერ, ჩვენს ფეხქვეშ ზედ კარებში – სამ დიდ ქვაზე ქართული ასოები, შუა ქვაზე სავსებით გადალესილი საუკუნეების ნაქუსლარებით, აქეთ-იქით ქვებზე კი თითქმის გადარჩენილი. აგერ კიდევ, მაგრამ სად?… აქ ხომ, ცაგარელის ცნობითა და აღწერით, ბევრი ქართული ფრესკა და წარწერა უნდა იყოს, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებისთვის იყო შემორჩენილი, მაგრამ გამახსენდა ისევ კონჭოშვილი (რა კარგია, რომ ეს წიგნები თან წამოვიღე): "საზოგადოდ უნდა შევნიშნოთ, რომ ყველა მონასტერში, რომელიც კი დაფუძნებულია ქართველთაგან, ბერძნები სპობენ ყოველ კვალსა ქართველთა მოღვაწეობისას.“და მოუსპიათ, მოუსპიათ კიდეც და ჩვენც გულმწუხარედ გავხედეთ ესევითარსა მტარვალობასა".

- დავაგვიანეთ, ასი წლით მაინც დავაგვიანეთ, - მწუხარედ ამბობს აკაკი შანიძე. ეტყობა, ამ მწველმა აზრმა სამივეს ერთად გაგვიელვა.

აკაკი შანიძე და გიორგი წერეთელი პირდაპირ დამშეულებივით მიეჭრნენ კედლებს, ფრესკებს, წარწერებს.

მე მონასტრის საყდრის ცენტრში ვდგავარ და ვათვალიერებ ირგვლივ ყოველივეს. ავცქერი გუმბათს, დავცქერი იატაკს. "იატაკი მოფენილია მოზაიკითა, ანუ ფერადის მარმარილოთი, რომელზედაც შესავალთან სტოვაში ეკლესიის კარებ წინ მოსჩანან ცხადად შავი ნიშნები ვითარცა კვალნი სისხლისა აქ მოწყვეტილთა ქრისტეს სარწმუნოებისათვის მონაზონთა სარკინოზთაგან", მაგონდება ისევ…აი ეს კვალიც, იატაკზე მოზაიკის კენჭებში მტკიცედ ჩამხმარი ქართველთ სისხლის კვალი აქა-იქ ნისლებივით ჩანს. როდინდელია? ვისია?… და ზედ ცენტრში ამ უცნაური ნისლის შუაგულში იატაკში ჩაჭედილი ლითონის დისკო შევნიშნე, ზედ ქართული, ასომთავრული წარწერით. სწრაფად გავძახე კედლების წარწერებითა და ფრესკებით გართულ აკაკი შანიძესა და გიორგი წერეთელს, ისინიც მოვიდნენ.. ამოვიკითხეთ:

"დექით მტკიცე და შეურყევლად"...

ჟრუანტელმა ამიტანა, ამ პატარა ლითონის დისკომ თითქოს ქვემოდან ამწია და ჰაერში შემისროლა, თითქოს იატაკიდან ამოვარდა გუგუნი თავგანწირულთა მოწოდებისა, თუ მახვილდაკრულთა ხმაჩახლეჩილი ძახილი, სადღაც საუკუნეების გაღმიდან.

რით არ ჰგავს ეს ძველი ქართული ახალს: "არც ერთი ნაბიჯი უკან!"

დავდექით და ერთ ხანს მდუმარედ ვუცქირეთ ამ დისკოსა და ერთმანეთს…

...მივდევთ, მივდევთ „რუსთაველის ნაკვალევს, ნუთუ ვერაფერს მივაკვლევთ, ნუთუ ვერაფერს ვნახავთ? ნუთუ აქ დამთავრდა და და გაქრა კიდეც უდაბნოს მდინარესავით მისი კვალი?

უნდა ვნახოთ, უეჭველად უნდა ვნახოთ!

მე და აკადემიკოსი გიორგი წერეთელი შესვლისთანავე მარჯვენა სვეტს მივადექით. სად უნდა ყოფილიყო აქ დიდი შოთას პორტრეტი?

შემოვუარეთ სვეტს ირგვლივ, შემოვუარეთ საკურთხევლის მხრიდანაც. გიორგი წერეთელი კითხულობს ბერძნულად: „ მაქსიმე აღმსარებელი, იოანე დამასკელი. სწორედ აქ, აი აქ უნდა იყოს რუსთაველიც, ვამბობთ ჩვენ. წმინდანთა შორის დარჩენილი ადგილი დღეს მთლიანად შავი საღებავებითაა დაფარული, მაგრამ აი აქ, ეტყობა, რაღაც უნდა ყოფილიყო და შემდეგ შეგნებულად წაუშლიათ. კარგად ვაკვირდებით ამ ადგილს: ერთგან, საღებავის ქვეშ, რაღაც ძნელად გასარჩევი კვალია ამობურცული.

ჩვენ დიდხანს შევცქერით ამ კვალს, აკაკი შანიძეც თავს ანებებს თავის საქმეს და ჩვენ გვიერთდება. სასწრაფოდ სანთელს ვანთებთ და ამობურცულ ადგილს გვერდიდან ვაშუქებთ. ამობურცული ადგილები სინათლის შუქზე გარკვეულ ჩრდილს გვაძლევენ. დაბეჯითებით, თვალმოუშორებლად ვაკვირდებით სვეტის ამ ადგილს და ჩვენი მეცნიერები ხმადაბლა, დაფარული მღელვარებით მოულოდნელად კითხულობენ: "ამსა დამხატ"...“… "ამისა დამხატავსა", უსათუოდ "ამისა დამხატავსა" - ამბობს გიორგი წერეთელი, - აქაა წარწერა, ცნობილი წარწერა, მივაგენით, მე აღფრთოვანებული ვახალისებ ჩვენს მეცნიერებს ახალი და ახალი სიტყვების ამოსაკითხავად. ისინიც თვალმოუშორებლად ჩაჰკირკიტებენ სვეტს. მერე მე წარწერის ქვემოთ, მუქ ლურჯ, შავ საღებავს კარგად ვაკვირდები, აქ კიდევ რაღაც არის ამობურცული. ეს ხომ თითებსა ჰგავს, თითების ლანდს, თითების კვალს. აგერ თვალიც, ნამდვილად თვალი, აკაკი შანიძეც ადასტურებს, რომ იგი თითქოს ამჩნევს თითებისა და თვალის კვალს. გიორგი წერეთელიც ამჩნევს. თითების კვალია, თვალის კვალია, - ვადასტურებთ ერთხმად. ბერძენი ბერიც დიონისიოც გვიდასტურებს. ეს კიდევ ქუდი, ესეც მეორე ხელი, ნამდვილად მეორე ხელი.

მივაგენით. ნამდვილად მივაგენით, აქ არის პორტრეტი.

კვირაა.

ადრიანად მივდივართ საქმეზე.

მონასტრის კარებს გვიღებს ბიკენტიოსი, დღეს მისი დღეა.

ვეკვეთეთ რუსთაველის შავ საღებავს ახალი საშუალებებით, რომლითაც დღეს უკვე აღჭურვილები ვართ.

გამოდის, გამოდის!… მოჰკიდა ხელი შავ სუდარას, ქიმიურად შლის, ნელ-ნელა, ძლივს სულ უფრო და უფრო იწმინდება რუსთაველის წითელი ტანსაცმელი. მაგონდება სტრიქონები: "გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი". მივყვებით მაღლა, სულ მაღლა. გამოჩნდა თეთრი წვერი, ერთმანეთს ვენაცვლებით, ვღელავთ, ვფუსფუსებთ. სახეს რომ მივუახლოვდით, ვცდილობთ ზედმეტი ძალა არ დავატანოთ მარჯვენას, ერთმანეთს ვაფრთხილებთ, ალერსით, მსუბუქად ვწმენდთ, გვეშინია თვით რუსთაველის პორტრეტზეც არ ვიმოქმედოთ. სასწაულია, რუსთაველის სურათის ფერებს არაფერი ეკარება, თუ რუსთაველის სურათის ფერები არ იკარებს არაფერს, იწმინდება და ანათებს ისე, როგორც ოდესღაც უნათებია.

ნაშუადღევი, 6 ნოემბერი

ვაშა, გამოჩნდა, გამოჩნდა, დიდებული სახე ბრძენი მოხუცისა. ამაყი, მაგრამ ღრმად კაეშნიანი… თითქოს ნაცნობი სახე, საოცრად ნაცნობი სახე…

"ამისა დამხატავსა შოთასა შეუნდვეს ღმერთმან ამინ". ხოლო ქვემოთ პორტრეტზე "რუსთველი". თეთრად გამოანათა მსხვილმა ქართულმა ასომთავრულმა.

აწ ვეღარსად დაგვეკარგება. ვერავინ წაშლის ჯვარის მონასტრის შოთა რუსთაველს. იგი ჩვენია დღეს, ჩვენს ხალხს ეკუთვნის!

რუსთაველის ნაკვალევზე

1960 წლის ოქტომბერ-ნოემბერში იერუსალიმში გაემგზავრა ქართული სავანის ჯვრის მონასტრის სიძველეთა შემსწავლელი სამეცნიერო ექსპედიცია ი. აბაშიძის, აკად. ა. შანიძის და აკად. გ. წერეთლის შემადგენლობით. ექსპედიციამ მანამდე არსებულ აღწერილობათა მიხედვით (თ. გაბაშვილი, ნ. ჩუბინიშვილი, ა. ცაგარელი და სხვ.) მიაგნო ფრესკის ადგილს, რომელიც მთლიანად შავი საღებავით იყო დაფარული. საღებავის ზემოთა ფენის მოშორების შემდეგ შესაძლებელი გახდა ფრესკის მთლიანად აღდგენა.

მანანა ჯანელიძე