ახალი "ფეხებით" ნათელი მომავლისკენ - კვირის პალიტრა

ახალი "ფეხებით" ნათელი მომავლისკენ

"იტალიელ ექიმებს მადლიერება ხინკლითა და მოცარელათი დამზადებული ხაჭაპურით გამოვუხატე"

ნიკოლოზმა გახარებულმა დამირეკა, იტალიაში ახალი "ფეხები" დამიმზადესო...

"კვირის პალიტრა" რამდენჯერმე წერდა პატრიარქის 10 წლის სტიქაროსან ნიკოლოზ ჩლაიძეზე, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს. ნიკოლოზის დედამ რამდენიმე თვის წინ გვითხრა: "ნიკას პროთეზი უკვე სამჯერ შეუკეთეს. რომ დადის, ჭრიალებს, რადგან სხვა წონისთვისაა. მის კვებას სულ ვაკონტროლებ, რომ არ მოიმატოს და პროთეზი არ გაუტყდეს".

ორიოდე კვირის წინ ნიკოლოზმა გახარებულმა დამირეკა, იტალიაში ახალი "ფეხები" დამიმზადესო. ცხადია, მის სანახავად გავეშურე.

სოფიო გულიკაშვილი, ნიკოლოზის დედა: - "კვირის პალიტრაში" წერილის გამოქვეყნების შემდეგ ნიკას თოვლის ბაბუამ საოცნებო ტელეფონი მოუტანა. თქვენი გაზეთის მკითხველმა ავთო ბენდელიანმა კი 500 დოლარი გამოუგზავნა. წერილი იტალიაში მცხოვრებ ფიზიოთერაპევტს წაუკითხავს, რომელმაც მოგვძებნა. როდესაც ნახა, ნიკა უფეხებოდ როგორ დადიოდა, გაოცდა, ეს უნიკალური ბავშვიაო. ამ კეთილმა ადამიანმა (გვთხოვა, მისი სახელი და გვარი არ გაგვემხილა) გვითხრა, 10 წლის წინ ყოფილმა ავტომრბოლელმა ალესანდრო ძანარდიმ, რომელსაც თვითონაც აქვს ქვედა კიდურები ამპუტირებული, დააარსა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ბავშვებს ეხმარებაო. ჩვენი თანამემამულე დაუკავშირდა ამ ორგანიზაციას, გადაუგზავნა ნიკას ფოტოები და მალე იქიდან მოვიდა თანხმობა, რომ ნიკას პროთეზებს გაუკეთებდნენ. ეს ისეთი დაუჯერებელი იყო, სანამ იტალიაში არ ჩავედით, არ გვჯეროდა. ამ საქველმოქმედო ფონდმა გაიღო ჩვენი მგზავრობის, საცხოვრებლისა და პროთეზირების ხარჯი. კვება კი კლინიკა "ორთოჯორჯიას" დირექტორმა გუტა ვაშაძემ დაგვიფინანსა.

იტალიაში წასვლამდე მერიიდან "ორთოჯორჯიის" ანგარიშზეც  ჩაგვირიცხეს თანხა ნიკას პროთეზირებისთვის, მაგრამ ბატონმა გუტა ვაშაძემ გვირჩია, რომ აჯობებდა ნიკას იტალიური პროთეზები მოესინჯა, ეგებ უფრო კომფორტული გამოდგესო, ხოლო მერიიდან გადარიცხული თანხით სამომავლოდ პროთეზის დეტალებს გამოცვლიან (რადგან ნიკა მოზარდია, ყოველ 6 თვეში სჭირდება დეტალების შეცვლა). ბატონი გუტა ყოველდღე გვირეკავდა და ნიკას ამბავს კითხულობდა. ძალიან მადლიერი ვარ იმ კეთილი ადამიანისა, რომელმაც "კვირის პალიტრაში" წერილი წაიკითხა, გულთან მიიტანა ნიკას მდგომარეობა და 1 თვეში მოახერხა ბავშვის იტალიაში წაყვანა (პროთეზირება და ჩვენი იტალიაში გამგზავრება დაახლოებით 20 ათასი ევრო დაჯდა).

იტალიაში გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ნიკა საპატრიარქოში ტრაპეზზე მიიწვია, დალოცა და 300 ლარი აჩუქა, - ეს შენ, ნიკოლოზ, სახარჯოდო. რადგან უწმინდესმა ნიკა დალოცა, იმედი მომეცა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მართლაც ყველაფერი კარგად დაგვირგვინდა უფლის წყალობით, უწმინდესის ლოცვითა და კეთილი ადამიანების დახმარებით.

იტალიიდან რომ დავბრუნდით, უწინდესმა ნიკას უთხრა, ნიკოლოზ, შენ ისე კარგად ივლი, რომ სულ გახარებული იქნებიო და დაინტერესდა, ხატწერაზე ხომ დადიხარო. რადგან ნიკას პროთეზი არ ჰქონდა, ვერ შეასრულა პატრიარქის სურვილი, ახლა კი დადის ხატწერაზე. ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება. მიხარია, რომ ჩემმა შვილმა ასეთი გზა აირჩია და უწმინდესის სტიქაროსანია.  რაც ნიკა ამ გზას დაადგა, მჯერა, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერი იქნება.

ბოლონიაში რომ ჩავფრინდით, საპროთეზოს წარმომადგენელი აეროპორტში დაგვხვდა. ნიკას იმავე დღეს აუღეს ზომა და მეორე დღესვე ჩააცვეს პროთეზი. სამი სახეობის პროთეზი მოარგეს და საუკეთესო შეურჩიეს. არ ვიცოდი, რით გამომეხატა მადლიერება და უცებ ჩვენი ხინკალი გამახსენდა. მარკეტში ღორის ხორცი არ იყო და ცხვრისა და საქონლის ხორცით მოვამზადე. იტალიელებმა ხინკალი რომ გასინჯეს, სულ "ბრავისიმო" იძახეს. ერთმა ექიმმა თქვა, ხორცს არ ვჭამო და მეორე დღეს ხაჭაპური გამოვაცხვე. იმერული ყველი იქ სად მექნებოდა, მოცარელათი გავაკეთე, მაგრამ ძალიან მოეწონათ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს გაზეთს. "კვირის პალიტრაში"  რომ არ დაწერილიყოN ნიკაზე, იტალიაში გამგზავრება ვერ მოხერხდებოდა".

ნიკოლოზის ოჯახი ხელმოკლეობის გამო ჯერჯერობით ვერ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს. იტალიელმა ექიმებმა რომ გაიგეს, ნიკას ხშირად მერვე სართულზე უწევს ფეხით ასვლაო, შეწუხდნენ, მალე დააზიანებს პროთეზსო. როდესაც გაიგეს, რომ მათი საცხოვრებელიც ძალიან ვიწროა, უთქვამთ, ბავშვს აუცილებლად თავისუფალი სივრცე სჭირდებაო...

სიკეთეს დიდი ძალა აქვს. კეთილი ადამიანების წყალობით ნიკას დღეს პროთეზები აქვს და იმედია, მალე ახალი, უკეთესი საცხოვრებელიც ექნება.

ვისაც შეგვიძლია, დავეხმაროთ ნიკოლოზ ჩლაიძეს.

მიმღების ბანკი:

საქართველოს ბანკი;

ბანკის კოდი BAGAGE22

მიმღების დასახელება: ჩლაიძე ნიკოლოზი

მიმღების ნომერი: GE26BG0000000482130500

0901000003   - მაგთის, ჯეოსელისა და

ბილაინისთვის ზარის ღირებულება ერთი ლარი.

(სიუჟეტი იხილეთ palitratv.ge-ზე)