"ჩვენ გვჭირდება "საქართველოს ისტორია"! იღონეთ რამე..." - კვირის პალიტრა

"ჩვენ გვჭირდება "საქართველოს ისტორია"! იღონეთ რამე..."

"საქართველოს სჭირდება საქართველოს ისტორია! სჭირდება დღეს, ათასი საცდურის ეპოქაში"

"მოგესალმებით და დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ ამხელა ეროვნული საქმე გააკეთეთ "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულის გამოცემით. თქვენ არ იცით, რამდენ ხანს ველოდი ასეთ ნაშრომს, როგორ მინდოდა მქონოდა ჩემი ქვეყნის ისტორია ასე კომპეტენტურად დაწერილი და მაღალ დონეზე გამოცემული. ამაზე უკეთესს რას დავუტოვებთ შთამომავლობას?!

როგორც კი გავიგე, რომ "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეული გამოვიდა, გადავწყვიტე შვილებისათვის ცალ-ცალკე შემეძინა და ჩემი მოკრძალებული მიძღვნითი წარწერით დამეტოვებინა მათთვის სიმბოლურად. პირველად მაშინ გავოცდი, როცა "ბიბლუსის" მაღაზიას მივაკითხე და მითხრეს, რაც იყო, გაიყიდა და რამდენიმე დღეში მობრძანდით, მეორე გამოცემას მივიღებთო.

ცოტა შეშფოთებული და მაინც ბედნიერი გამოვედი მაღაზიიდან. შეშფოთებული - ვაითუ, არ შეიტანეს მეორე გამოცემა გასაყიდად და დავრჩი ასე-მეთქი... და ბედნიერი - რამდენი ვყოფილვართ "საქართველოს ისტორიის" მყიდველები-მეთქი!

საბედნიეროდ, როგორც დამაიმედეს, რამდენიმე დღეში იყიდით ოთხტომეულსო, ამისრულდა კიდეც.

ერთ შვილს კი ვუყიდე, მაგრამ... რა ვქნათ, რომ ასეთი დუხჭირი ცხოვრება გვაქვს. ძალიან მეძნელება ჩემი მწირი ბიუჯეტიდან ერთბაშად ორივე შვილისთვის "საქართველოს ისტორიის" ყიდვა. ასეთი გამოცემისთვის 60 ლარი შეიძლება ძვირი არ არის, მაგრამ ერთბაშად ამხელა თანხის გადახდა არ არის იოლი. იქნებ რამე გეღონათ და გადახდის საშეღავათო პირობები დაგეწესებინათ. მე და ჩემნაირ ბევრ ხელმოკლე ქართველს ამით ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევდით.

დიდი პატივისცემით, გურამ დაუშვილი"

ეს არ გახლავთ ერთადერთი გამოხმაურება დაახლოებით მსგავსი თხოვნით. "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეული "პალიტრამედიის" წიგნის გამომცემლობამ "პალიტრა L"-მა დაბეჭდა. რა სასიხარულოა, რომ დღევანდელი საქართველო, რომელსაც მუდმივად უყიჟინებენ ეროვნულისადმი ინტერესის მინიმუმამდე შემცირებას, წიგნთან დაშორებას, საკუთარი ფესვების არცოდნას, ასე ილტვის ისტორიისაკენ...

საქართველოს სჭირდება საქართველოს ისტორია! სჭირდება დღეს, ათასი საცდურის ეპოქაში...

გადავწყვიტეთ, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის დირექტორ თინათინ ასათიანისათვის მიგვემართა. არ გაჰკვირვებია ჩვენი მისვლა:

- "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულს მართლაც ბევრი კითხულობს, ყოველდღე გვირეკავენ, ზოგი არკვევს სად შეიძლება მისი შოვნა - იყო 2-3-კვირიანი პერიოდი, როცა პირველი ტირაჟი ელვისუსწრაფესად გაქრა წიგნის მაღაზიებიდან და მეორე ტირაჟის ჩამოტანამდე ამ წიგნს მართლაც ვერსად იშოვიდით, ახლა უკვე ჩამოსულია და განაწილებულია წიგნის მაღაზიებში. ზოგი კი გვთხოვს, ერთბაშად ამხელა თანხის გადახდის ნაცვლად ნაწილ-ნაწილ გადახდის საშუალება მივცეთ. ჩვენ უყურადღებოდ არ ვტოვებთ არც ერთ მოქალაქეს, ამაზე ვფიქრობთ და პირობას გაძლევთ, უახლოეს მომავალში რაიმეს მოვიფიქრებთ...

- "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულს ძალიან ბევრი მყიდველი გამოუჩნდა, როგორც გავიგეთ, ერთი ტირაჟი მთლიანად გაიყიდა...

-  მართალს ბრძანებთ... პირველი ტირაჟი გაიყიდა, მეორედ გამოვეცით და ახლა უკვე მესამედ დაიბეჭდა. საქმე ის არის, რომ თავიდან ეს ჩვენთვის არ ყოფილა კომერციული პროექტი. ავტორებს, მეცნიერთა ჯგუფს, უარს ვერ ვეტყოდით, რადგან გაცნობიერებული გვქონდა ამ ნაშრომის რეალური ფასი ეროვნული თვალსაზრისით! როგორც აღმოჩნდა, მეცნიერებს ორი წლის განმავლობაში რამდენიმე გამომცემლობაში უთხრეს უარი ამ დიდი ტომეულის გამოცემაზე, მათ იმედიც კი გადაიწურეს. ჩვენ, ცხადია, ხელიდან არ გავუშვით "საქართველოს ისტორია", როგორც სულიერი ფასეულობა და არა როგორც მატერიალური მოგების მომტანი პროექტი. და საოცრება მოხდა: ისე გაიყიდა ეს წიგნი, რომ ვერც წარმოვიდგენდით! და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ფასი - 60 ლარი ბევრისთვის მართლაც საკმაოდ დიდი თანხაა. მოთხოვნა ძალიან დიდია, ისევ ეძებენ, გვირეკავენ, გვთხოვენ, რაიონებში ჩავიტანოთ.

- ასეთი წარმატების საიდუმლო რაშია?

- ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ოთხტომეულზე მუშაობდა ყველაზე კომპეტენტური და ავტორიტეტული მეცნიერების ჯგუფი. ეს სანდოსა და დასაყრდენს ხდის "საქართველოს ისტორიის" ამ გამოცემას. თანაც ძალიან ვეცადეთ, რომ ფასი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ცხადია, იმ ფარგლებში, რისი საშუალებაც გამოცემის ფორმატის გათვალისწინებით გვაქვს.

მთავარი კი ის არის, რომ ჩვენი საზოგადოება დიდი ინტერესით ყოფილა გამსჭვალული საკუთარი ისტორიისადმი. მათ სჭირდებათ თავიანთი ფესვის ცოდნა, ის სულიერი საზრდო, რაც ისტორიიდან უნდა მიიღოს ადამიანმა. შეუძლებელია, პატივისცემით არ განიმსჭვალო თითოეული ადამიანის მიმართ, ვისაც "საქართველოს ისტორიის" შეძენა სურს. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, ყველა შემოსული წინადადება გავითვალისწინოთ და შემხვედრი ნაბიჯებიც გადავდგათ.