ჩვენი ვაჟა-ფშაველა - კვირის პალიტრა

ჩვენი ვაჟა-ფშაველა

აქ "კვირის პალიტრაში", ერთმა კოლეგამ ამას წინათ ხუმრობით (ან ნახევრად ხუმრობით, ან იქნებ მართლაც ასე ფიქრობს?..) მითხრა, შენ რა გენაღვლება, ინტერვიუზე რესპონდენტის დათანხმება არ გჭირდება და ბრიფინგ-პრესკონფერენციებზე სიარული.რაც წაკითხული გაქვს, იმას თვალს გადაავლებ და ორ საათში "გამოაცხობ" წერილსო! ჰოდა, დღეს ამ წერილის "გამოსაცხობად" რომ დავჯექი, უცებ გავბრაზდი, - ძალიან მინდოდა მენახა და სამუშაოს გაცვლა შემეთავაზებინა, მაგრამ მერე გადავიფიქრე, რადგან აზრი არ ჰქონდა, არ დამთანხმდებოდა. არა, არა, ტყუილად ვბრაზდები, ეტყობა, მართლა იხუმრა, თორემ ჭკვიანი ქალია. მომავალ კვირას "50 წიგნის" პროექტით ვაჟა-ფშაველას პოემებს ვბეჭდავთ და მიდი და "ადვილად" დაწერე რამე, თუ კარგია!

ასე რომ, მკითხველთან ამთავითვე ბოდიში უნდა მოვიხადო და ვაღიარო, რომ ახალს ვერაფერს ვიტყვი. არადა, ეს ხომ უკვე მრავალ ქვეყანაში განხორციელებული პროექტია და ახლა წარმოვიდგინე: მე რომ ეს საპრეზენტაციო წერილი რომელიმე სხვა ქვეყნის "50 წიგნისთვის" მქონდეს დასაწერი, რომლითაც უცხოელთათვის ვაჟა-ფშაველა უნდა გამეცნო... ჰო, მაშინ მართალი იქნებოდა ის ჩემი კოლეგა, მაშინ ძალიან ადვილი იქნებოდა, ბევრ, ძალიან ბევრ რამეს ვეტყოდი ვაჟა-ფშაველაზე უცხოელებს: რომ მან დროს გაუსწრო; რომ ყველა ლიბერალზე დიდი ლიბერალი იყო, ყველა ტოლერანტზე დიდი ტოლერანტი და ამავდროულად, ყველა ქართველზე დიდი ქართველი; რომ მან დაწერა "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი" და თუკი ზოგიერთი დღევანდელი ქართველი "ლიბერალ-კოსმოპოლიტი" წაიკითხავს მის პუბლიცისტიკას, ნამდვილად არგებს; რომ ჩვენს ბავშვობაში სკოლებში გვაწერინებდნენ (ახლა აღარ "აწვალებენ" ამით მოსწავლეებს) თხზულებას თემაზე: "პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში" და იქნებ ბევრი არაფერი გაგვეგებოდა იმისა, რასაც გვაწერინებდნენ, მაგრამ ახლა რომ ვათვალიერებ იმ რვეულებს, ყველაფერი მართალი ყოფილა: იმ პოემებში, რომლებსაც თქვენ კიდევ ერთხელ წაიკითხავთ "50 წიგნის" მორიგ ტომში, "ადამიანის უფლებათა დეკლარაციაზე" ბევრად ადრე აქვს ეს უფლებები დეკლარირებული ვაჟა-ფშაველას; მსოფლიოში "მწვანეთა" მოძრაობებისა და პარტიების შექმნამდე ადრე და უკეთ აქვს გასიგრძეგანებული დედაბუნებისა და ადამიანის ორგანული კავშირი და სიტყვა "ეკოლოგიის" ცოდნის გარეშეც უტყუარად იცოდა, რა სტკივა დედამიწას და როგორ უნდა მოუაროს მას ადამიანმა; ჟენევის კონვენციის მიღებამდე ასწავლიდა ადამიანებს, რომ მტერს, თუკი ტყვედ ჩაგივარდა, ადამიანურად უნდა მოეპყრო.

იცით, რა გამახსენდა? 40-იანი წლების ბოლოს მწერალთა კავშირის შენობაში ვაჟა-ფშაველას სურათი ჩამოუხსნიათ კედლიდან, - "დიდმა ბელადმა" თქვა, ვაჟა "კუთხური მწერალიაო"! ის, ვინც ჩამოხსნა, სულელი და მონა იყო და თავისი გაჭირვება ეყოფოდა... მაგრამ ვინც სტალინის ასავალ-დასავალი იცის, მით უმეტეს, ცხოვრების ბოლოს, როდესაც ამერიკა-ინგლისი-საფრანგეთი და საზოგადოდ, ცივილიზებული მსოფლიო უფრო ახლოს გაიცნო, ვერავინ დაიჯერებს, "ხალხთა ბელადი" ვერ ხვდებოდაო, რომ ვაჟა არათუ "კუთხური", არამედ "მხოლოდ ქართულიც" არ არის და ვინძლო ვინმე არ "გამოფხიზლებულიყო" "სტუმარ-მასპინძლის" ან "ალუდა ქეთელაურის" წაკითხვის შემდეგ, ამიტომ მისი სურათისაც კი ეშინოდათ.

როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ "ახალგაბელადებული" სტალინის საგანგებო ბრძანების გამო იყო, 1924 წელს სერგო ორჯონიკიძემ მასთან მისულ ქართველ მწერალთა დელეგაციის თხოვნაზე, ლევან რაზიკაშვილი ვაჟა-ფშაველას შვილია და ნუ დახვრეტთო, რომ უპასუხა: "თვით ვაჟასაც დავხვრეტდით, ცოცხალი რომ იყოსო!"

...ვაჟა ყოველთვის უყვარდათ საქართველოში - მხოლოდ მის ნაწარმოებებს არ ვგულისხმობ: იმის მიუხედავად, რომ ხშირად, მაშინაც კი, როდესაც სხვა დიდი მწერლები მასაც დიდ მწერლად მოიხსენიებდნენ, ოჯახისთვის ლუკმაპური უჭირდა, გარშემომყოფთა სიყვარული მუდამ თან ახლდა, ჩარგალში მწირ მიწას ხნავდა თუ ჭრაქის შუქზე წერდა, თონეთში მასწავლებლობდა თუ პეტერბურგის უნივერსიტეტში მშიერი ისმენდა ლექციებს; ცალი ხმიადითა და ბევრი ნაწერით სავსე ხურჯინით ილიას "ივერიის" რედაქციაში იყო თუ ღვინის სარდაფში, სადაც იშვიათად, ძალიან იშვიათად აძლევდა თავს ჩასვლის უფლებას.

არადა, ძალიან უყვარდა თურმე თბილისურ სამიკიტნოში ჭიქა ღვინის დალევა, სწორედ ისევე, როგორც "ჩვეულებრივ" ადამიანს. "ივერიის" რედაქციის წინ ყოფილა ერთი ასეთი სამიკიტნო. თანამშრომელთა შეთავაზებაზე უარს ამბობდა ხოლმე, უდროობას იმიზეზებდა, მხოლოდ ერთხელ დათანხმებია, როდესაც ილია რედაქციაში არ ყოფილა, თურმე ერიდებოდა: ილიამ რომ დამინახოს, იქ რომ ჩავედი, რას  იფიქრებს, მე რაღაც ნაჯღაბნში ფულს ვუხდი და ეს კი სად ფლანგავსო.

ზემოთ ვთქვი, უცხოელებისთვის რომ ვწერდე, ადვილი იქნებოდა-მეთქი და ახლა ეჭვი შემეპარა: ეს ამბავი რომ მომეყოლა, გაიგებდნენ?..

ჰო, ხალხის სიყვარულზე ვამბობდი: ჯერ კიდევ ლუკა რაზიკაშვილი იყო და არა ვაჟა-ფშაველა, როდესაც პეტერბურგის უნივერსიტეტში სასწავლებლად წასვლა გადაწყვიტა და არც ერთი წლის მასწავლებლობის ხელფასი ეყო და არც რამდენიმე ძროხის გაყიდვით აღებული ფული, საქვეყნოდ ცნობილმა ფალავანმა კულა გლდანელმა, როდესაც მისი გასაჭირის შესახებ შეიტყო, რამდენიმე ბრძოლა გამართა თბილისში, ბილეთს უჩვეულოდ დიდი ფასი დაადო და შემოსული თანხა მთლიანად ვაჟას უფეშქაშა, ისე, უბრალოდ, უყვარდა, პატივს სცემდა და იმიტომ!

სხვათა შორის, ვაჟა გარკვეულწილად კულა გლდანელის "კოლეგაც" კი იყო, თუმცა არაპროფესიონალი: მისი მუშტის სიმწარე პეტერბურგელ "ტრახტირშიკსაც" გამოცდილი ჰქონდა და თონეთელ მიკიტანსაც!A ახლა ვინმეს შეიძლება ღიმილიც მოჰგვაროს ამ ფაქტმა: გენიალური პოეტი, ჰუმანისტი და საქართველოშიც და რუსეთშიც რესტორნებში დებოშიორობდაო! ცხადია, თავს უფლება მივეცი, ცოტათი გამეშარჟებინა სიტუაცია, თორემ "შვლის ნუკრის ნაამბობისა" და "ქუჩის" ავტორი უსამართლობას თავის მძლავრ მუშტს მხოლოდ მაშინ ურტყამდა, თუკი სხვანაირად ვერ აგებინებდა. მუშტი კი, იცოცხლეთ, გავარჯიშებული ჰქონია: თელავში მოწაფეობისას, უქმეებზე ერთადერთი გასართობი მუშტი-კრივი ყოფილა და ლუკა რაზიკაშვილი "არაოფიციალური ჩემპიონი" გახლდათ ტოლებში. რაც შეეხება იმ თონეთელ მიკიტანს, - ვაჟა შესწრებია, რომ უსინათლო მათხოვრისთვის პურის ნატეხი ხელში კი არ მიუცია, ფეხებთან დაუგდია (მათხოვარი ქართველი ყოფილა, მიკიტანი - "სხვა", მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, პირიქითაც რომ ყოფილიყო, ასე მოიქცეოდა). ის "გაკვეთილი" მასწავლებლობის დატოვებად დაუჯდა. პეტერბურგშიც, მან და მისმა ძმამ, როგორც იტყვიან, "ერთი რესტორანი ხალხი გალახეს" იმიტომ, რომ სხვისი გადასახდელი ფული მათ მოსთხოვეს, რაც არ ჰქონდათ, რას მისცემდნენ? ჰოდა, რაც "ჰქონდათ", ის "მიართვეს"! ორი დღის შემდეგ ვიღაც უცხოელი მისდგომიათ ნაქირავებ ოთახში: პრომოუტერი ვარ, გუშინწინ შენს ჩხუბს ვუყურე, დარჩი აქ, ბრძოლების ორგანიზებას ჩემს თავზე ვიღებ, "ოქროში ჩაგსვამო"! მაგრამ ლუკას საქართველოში ეჩქარებოდა, მას ხომ სწორედ იქ, პეტერბურგში შეარქვა მეგობარმა სტუდენტმა ვაჟა-ფშაველა!