შოუმენებზე ფსიქოლოგიური შანტაჟი დაიწყო?! - კვირის პალიტრა

შოუმენებზე ფსიქოლოგიური შანტაჟი დაიწყო?!

რუბიკონი გადალახულია, ანუ "რუსთავი 2"-დან გამქრალი კომედიანტები უკვე "ქართულად ოცნებობენ"?!

რამდენიმე თვის წინ "ქართული ოცნების" მაისურების დარიგების გამო ბერა ივანიშვილის მეგობარი ლევან მდინარაძე, დიჯეი "რემბო" რომ დააპატიმრეს, ვივარაუდე, ნაციონალებისა და "ქართული ოცნების" დაპირისპირება შოუბიზნესშიც გამძაფრდება-მეთქი. სცენარი დაახლოებით ასე მესახებოდა: ნაციონალები ჩვეული მეთოდებით შეეცდებოდნენ ოპოზიციურად განწყობილთა შევიწროებას და დაშანტაჟებას, როგორც ეს ცოტა ხნის წინ როკკლუბის მეპატრონე ეკატერინე ლემონჯავას შემთხვევაში სცადეს. შეგახსენებთ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი მის გადაბირებას ცდილობდა, რათა“"ქართულ ოცნებაში" აგენტად ჩაენერგა, თუმცა ამაოდ...

როდესაც მოწინააღმდეგე გებრძვის, გულხელდაკრეფილი ვერ იქნები, მეტიც, ყველაფერს გააკეთებ, რომ თავადაც გადმოიბირო მისი ბანაკიდან ხალხი. რაც დრო გადის, ხალხის სხვადასხვა ხერხით დაშანტაჟებისა ან მოხიბვლის მცდელობა თანდათან აქტუალური ხდება და პიკს, სავარაუდოდ, არჩევნებამდე ორი თვით ადრე მიაღწევს. შესაბამისად, წინ დიდი სანახაობები გველის. ამჯერად კი ერთ ინფორმაციას მივაქცევთ თქვენს ყურადღებას: ცოტა ხნის წინ "ნაციონალისტური" "რუსთავი 2"-იდან უგზო-უკვლოდ გამქრალი კომედიანტები, თურმე, უკვე "ქართულად ოცნებობენ".

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გასართობ შოუებში, კარგა ხანია, აღარ ჩანდნენ მსახიობები: თემო მჟავია, ამიკო ჩოხარაძე და ლევან გოგორელიანი. 6 აპრილს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ მაყურებლისთვის "ფაქოდ", "ამიკოდ" და "ციყვად" ცნობილი მსახიობები ბერა ივანიშვილის Gეორგიან Dream Studio-ში გადაბარგდნენ. პოლიტიზებულმა საზოგადოებამ მსახიობების საქციელი პოლიტიკურადვე შეაფასა, - მოჰბეზრდათ ნაციონალების დაკრულზე თამაში და ოპოზიციაში გადავიდნენო. საგანგებოდ ამ სიახლესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში კი მსახიობები აცხადებენ: "ჩვენი სტუდია შექმნის დამოუკიდებელ პროდუქტს, რასაც ყველას შევთავაზებთ. ჩვენ მიერ შექმნილ ხარისხიან პროდუქციაში ვინც მეტს გადაიხდის, მას მივყიდით". მოკლედ, რა გამოდის?

საზოგადოების ნაწილმა ეს მიდგომა ასე აღიქვა: "თუ ფული გაქვს, შენი ვარ?!" გადაბირებულებს ბერა ივანიშვილმაც კვერი დაუკრა, ეს შოუბიზნესია და ევროპასა და ამერიკაში დიდი ხანია, ტრადიციაა, რომ შენი სანახაობრივი პროდუქცია რაც შეიძლება ძვირად გაყიდოო. თუმცა, საეჭვოა, გადამხდელებში ივანიშვილებს კონკურენტები გამოუჩნდნენ. წარმოუდგენელია, "ქართული ოცნების" სტუდიაში "მოხარშული" პროექტები ნაცტელესამებამ იყიდოს...

მოკლედ, საინტერესოა, რამ განაპირობა "კომედი შოუს" ბიჭების ივანიშვილებთან გადასვლა - ფულმა, პოლიტიკურმა შეხედულებებმა, თუ იმის იმედმა, რომ მსახიობები პოლიტიკური დირექტივებისგან თავისუფალ პროდუქციას შექმნიან? ამ და კიდევ ბევრ კითხვაზე პასუხის მიღებას მსახიობებისგან შევეცადეთ, მაგრამ, როგორც ახლობლებთან არაოფიციალური საუბრისას გავარკვიეთ, შოუმენები "დაგრუზვას" ერიდებიან და ტელეფონებს აბეზრების გამო არ პასუხობენ. მესიჯებიც მისდით: - მოღალატეებო, ნაცებს როგორ უგანეთ, ბიძინასთან რატომ წახვედითო და ამ საყვედურების მოსმენა არ სურთ. მოკლედ, ფსიქოლოგიური შანტაჟი მიდის.

"ჩვენ წამოვედით, რომ განვვითარდეთ. "რუსთავი 2"-ში რაღაც ვისწავლეთ, ახლა გვინდა, ჩვენ თვითონ გავაკეთოთ საქმე", - განაცხადეს მსახიობებმა სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში. გაჩნდა კითხვებიც:

"რუსთავი 2"-დან საკუთარი სურვილით წამოხვედით?"; "ფიქრობთ, რომ იქ კარგად არ/ან ვერ აკეთებდით საქმეს?"; "განვითარების შესაძლებლობა არ გქონდათ?"; "კიდევ ვინმე ხომ არ აპირებს "რუსთავი 2"-დან თქვენს გზაზე დადგომას?" "ან იქნებ მიუღებელი იყო თქვენთვის ნაციონალური არხების პოლიტიკა თუ იდეოლოგია?" და სხვ.

სამწუხაროდ, ეს კითხვები ჯერჯერობით უპასუხოდ დარჩა. სოციალურ ქსელებსა და ელექტრონულ მედიაში გაკეთებული კომენტარების მიხედვით კი მაყურებელმა და მკითხველმა სხვადასხვაგვარად აღიქვეს ბიჭების ამბავი. ერთი ნაწილი მათ საქციელს უწონებს, Mმეორე ნაწილი - გმობს.

აი, მათი კომენტარები:

*კარგია, მომეწონა! ასე უნდა წამოვიდეს "რუსთავი 2"-დან ყველა და საერთოდ უნდა დაიშალოს ეგ მიშას პროპაგანდისტული მანქანა.

*"პოლიტიკა ბიზნესი გახდა, 1.500 ლარად რას ტინგიცობდნენ და 3.000-ად რას იზამენ. აAრ მოგწონთ ნაც-ტელევიზიები? ეგ ხალხი და მაგნაირები აკეთებენ იმ პროდუქციას, რომელიც არ მოგწონთ. ბიძინასთან უკეთესს გააკეთებენ? ფული ხომ აქვს ივანიშვილს? მოიყვანოს პროფესიონალები და გააკეთონ ისეთი ტელევიზია, "რუსთავი 2"-ს მაყურებელს რომ წაართმევს".

*ძალიან კარგად მოიქეცით, ბიჭებო, გმადლობთ, მიჰბაძეთ დანარჩენებმაც. ველოდებით სხვების ასეთ მაგალითებს, რუბიკონი გადალახულია!

*ეს ბიჭები ჯერ მიშას უკრავდნენ ტაშს, ახლა რაღაც პრობლემები შეექმნათ ტელევიზიაში, გამოყარეს იქიდან და ბიძინა შეუყვარდათ უცებ?!

*ეგ ხალხი ბიძინას იმდენად არ სჭირდება, რამდენადაც სააკას დააკლდება... ბიძინა ცდილობს, მოწინააღმდეგე დაასუსტოს და თავის სიძლიერეს ხაზი გაუსვას...

*ძალიან კარგი! "რუსთავი 2"-ზე მარტო "კომედი შოუს" უყურებს ხალხი და იმასაც თუ მსახიობები აღარ ეყოლება, დალია მაგ სიცრუის ბუდემ ჩაილურის წყალი...

*იმედი მქონდა, რომ ბიძინა შეძლებდა ახალი და ღირსეული ადამიანების მოძიებას, ახალი იდეების გაცხადებას. სამწუხაროდ, ძვირად ღირებული მტვერსასრუტის როლი მოირგო და ისრუტავს იმათ, ვინც უკვე გადაყრილი მეგონა.”

*კომედიანტების საქციელი ჩასაძირად განწირული გემიდან ვირთხების გაქცევის ნიშანია. მალე, ალბათ, "მეოცნებე" დიკოს და ზალიკოსაც ვიხილავთ.

*ეეე, აზრზე არ ხართ, ხალხო. თავგასიებული ვანო და "თვით" ის ვანოც უკვე ბიძინასთან არიან.

იხილეთ ვიდეო: "კომედი-შოუს" ბიჭები სამუშაოდ ივანიშვილთან გადავიდნენ