"კვირის პალიტრის" მკითხველი 16 აპრილს, გაზეთთან ერთად სააღდგომო საჩუქარს მიიღებს - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრის" მკითხველი 16 აპრილს, გაზეთთან ერთად სააღდგომო საჩუქარს მიიღებს

"პალიტრამედიის" გამომცემლობა "კოლორში" დღეს ის ხატები და სანთლები ეკურთხა, რომლებიც გაზეთ "კვირის პალიტრის" 16 აპრილის სააღდგომო ნომერში ჩაიდება.

ხატი "საქართველოს იმედი" და წმინდა ცეცხლით თავმომწვარი სანთლები მცხეთის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახურმა, იღუმენმა იოანე გაბრელიანმა აკურთხა.

როგორც იღუმენმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, ნაკურთხი სანთლები და ხატები მიეწოდება მორწმუნე მრევლს, რათა ისინი რწმენაში გაძლიერებული მიეახლონ წმიდა აღდგომის დღესასწაულს.

გამომცემლობა "კოლორის" თანამშრომლებს კი ამ საქმის კეთება ეამაყებათ - "14 წელია, ამ საქმეს ვაკეთებთ და დარწმუნებული ვართ, მთელი საქართველო სულმოუთქმელად ელოდება "კვირის პალიტრის" ამ საჩუქარს. მოხარული ვართ, რომ ამ საქმეს ვემსახურებით. ეს ძალიან გვეამაყება", – აღნიშნა გამომცემლობის თანამშრომელმა ნათელა ორაგველიძემ.

ნაკურთხი ხატი და სანთელი თითოეულ მკითხველს "კვირის პალიტრის" 16 აპრილის ნომერში დახვდება.

ხატი "საქართველოს იმედი" კარედის სახისაა, სამკარიანია და მასზე გამოსახულია საქართველოს ყველა წმინდანი.

ხატის შუა ნაწილში გამოსახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ხოლო მის მაღლა ყოვლადწმინდა სამება, ასევე ხატზე "საქართველოს იმედი", წმინდა სიდონია დაჩოქილია კვართით, როდესაც იგი უფალს მეორედ მოსვლისას ეგებება. ხატზე გამოსახულია ჯვრებიც, რომლებშიც ჩაბრძანებულია წმინდა ნაწილები. ხატი მომინანქრებულია ოქროს ფურცლებით.

ამ ხატის შესაქმენლად შემოწირულობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სამი წლის განმავლობაში გროვდებოდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ხატის "საქართველოს იმედი" შექმნის იდეა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა. უწმინდესმა ბრძანა, რომ ხატი სასწაულთმოქმედი იქნება და მას ხელთუქმნელი უწოდა.

ახლად შექმნილი ხატი ლოცვითი მსვლელობით საპატრიარქოდან 2011 წლის 24 დეკემბერს გამოაბრძანეს და სამების საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.


იხილეთ ვიდეო: სააღდგომო საჩუქარი "კვირის პალიტრის" მკითხველს