"მოდი, ყველამ ერთად დავითვალოთ!" - კვირის პალიტრა

"მოდი, ყველამ ერთად დავითვალოთ!"

"ავიწყდებათ, რომ რაც უნდა ეცადო, სიყალბეს კლიპით ვერ "გააპრავებ"

"როგორ შეიძლება თვალი დახუჭო იმაზე, რომ შენს სამშობლოს საფრთხე ემუქრება?!"

"ამ ყბადაღებულ შიშზე ამდენი ლაპარაკი უკვე სირცხვილია"

ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე თვალსაზრისს გამოხატავს რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, რომელიც პოპულარული მუსიკალური კლიპების - "ვაგონი მიჰქრის", "38", "სიყვარული დაფრინავს" - ავტორია და რომლის ახალ ნამუშევრებს საზოგადოება ყოველთვის მოუთმენლად ელის.

- როგორ გაჩნდა იდეა თქვენი ბოლო კლიპისა "არჩევანი ჩემია"?

- "უცნობი" - გია გაჩეჩილაძე, მხატვარი შოთა გლურჯიძე, ჩემი და, თამარ ფოცხიშვილი და მე ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა დროის შესაფერისი, დღევანდელობის გამომხატველი.. ამ კლიპში იუმორით არის დანახული დღევანდელი ვითარება. ვფიქრობ, როგორი რთული ვითარებაც უნდა იყოს ჩვენ გარშემო, იუმორი, ირონიის განცდა არ უნდა დავკარგოთ, თუმცა, ცხადია, არის ჩვენს სინამდვილეში მოვლენები, რომელსაც იუმორით ვერ შევხედავ. ირგვლივ ყველაფერი თვლით არის და ხმები რატომ არ უნდა დავითვალოთ? ჰოდა, ამ კლიპით საზოგადოებას ვეუბნებით: მოდი, ერთად დავითვალოთ!

- რას იტყვით დღევანდელ ტელეეთერში მომრავლებულ კლიპებზე?

- სხვის ნამუშევარზე ლაპარაკს არ ვაპირებ, თუმცა, გეტყვით, რომ ბევრ მათგანს ეტყობა არაპროფესიონალის ხელი, დილეტანტიზმი კი ყველგან დამღუპველია. ამასთანავე, აშკარად იგრძნობა სიცრუე, მოჩვენებითობა. ავიწყდებათ, რომ  რაც უნდა ეცადო, სიყალბეს კლიპით ვერ "გააპრავებ", სინამდვილეს ვერ შეალამაზებ. დღევანდელი რეალობა კომუნისტების დროინდელ ლოზუნგს მაგონებს, როცა ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ კიდევ უკეთესად უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ჩვენ ირგვლივ ყველაფერი "კარგად არის", ტელევიზიები  მრუდე სარკეებად იქცნენ.

- თქვენი ბევრი კოლეგა პოლიტიკური მოვლენებისგან განზე დგომას არჩევს, პოლიტიკაში არ ვერევითო...

- როგორ შეიძლება ხელოვანს არ ეხებოდეს ის, რაც მის გარშემო ხდება? თომას მანზე დიდი მწერალი მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია, მაგრამ თავის ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობაზე მან პირველმა ამოიღო ხმა. როგორ შეიძლება თვალი დახუჭო იმაზე, რომ შენს სამშობლოს საფრთხე ემუქრება?! დიდი ხელოვანი ყოველთვის დიდი ადამიანიც არის. დიდი ადამიანი კი მოქალაქეობრივი პოზიციის გარეშე ვერ იქნები! პატარა ადამიანისგან დიდი შემოქმედი ვერ შედგება... ჩემთვის წარმოუდგენელია საზოგადოებისგან იზოლირებულად ცხოვრება, აბა, ვისთვის ვიღებთ, ვდგამთ, ვწერთ? როგორ შეიძლება არ მაინტერესებდეს, რა ხდება ჩემს ქვეყანაში?

არ შეიძლება სირაქლემას პოზაში ყოფნა მაღალ მატერიებზე ლაპარაკით გაამართლო. ამ ყბადაღებულ შიშზე ამდენი ლაპარაკი უკვე სირცხვილია, დროა, ვძლიოთ სიმხდალეს. დღეს მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაღა დარჩა, სადაც შიშზე ამდენს ლაპარაკობენ და სირცხვილია, რომ მათ შორის საქართველოცაა...

- ბოლო ხანს იშვიათად ჩანხართ ტელეეკრანზე, არ გიწვევენ სხვადასხვა ტელეპროექტში. ეს თქვენი არჩევანია თუ სხვათა ნება-სურვილი?

- ეს უფრო ჩემი არჩევანია; გადავწყვიტე, ისე ვიცხოვრო, როგორც ვცხოვრობ: შავზე შავი ვთქვა, თეთრზე - თეთრი. თავისუფლება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არც იმაზე ვიწუწუნებ, წითელს მინთებენ-მეთქი. თუ შინაგანად თავისუფალი ხარ, თავისუფლებას არც ოთხ კედელს შორის დაკარგავ - მერაბ კოსტავას აქვს ამაზე მშვენიერი ესეი - "თავისუფლება". ტუსაღი მერაბ კოსტავა ბევრ ადამიანზე თავისუფალი იყო...

- რატომ შეხვედით ორგანიზაციაში "ამომრჩეველთა ლიგა"? ვიცი, რომ არაერთი მოძრაობისგან გქონდათ შეთავაზება...

- პოლიტიკურ მოძრაობაში არასოდეს გავწევრდები. "ამომრჩეველთა ლიგა" ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს. ფაქტია, რომ 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებზე ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის მიერ მიღებული ხმები გაყალბდა. ამ გამოცდილების გათვალისწინებით საარჩევნო პროცესი საზოგადოებამ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკონტროლოს. 28 აპრილს შევიკრიბებით და მიტინგის ჩატარებასაც ვაპირებთ. მართლაც, მოდით, ყველამ დავითვალოთ ხმები, თქვენც, მეც, ხელისუფლების მომხრეებმაც და მოწინააღმდეგეებმაც...

- ერთხელ თქვით: სადაც ლევან გაჩეჩილაძეა,  ყოველთვის იქ ვიქნებიო?

- დიახ, ლევან გაჩეჩილაძე ჩემი მეგობარია, ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი, ვინც ცხოვრებაში შემხვედრია. ლევანი კეთილშობილი პიროვნებაა, რაც მას პოლიტიკაში ყოფნისას არაერთხელ დაუმტკიცებია, რადგან საკუთარი ამბიციები საერთო საქმისთვის მრავალჯერ გადადო გვერდით. მან სისხლისღვრას აგვარიდა, როცა 2008 წლის იანვარში იპოდრომიდან ხალხი რუსთაველისკენ არ დაძრა. ერთხელ მითხრა: იპოდრომზე, ხალხს რომ გადავხედე, წინა რიგებში დედაჩემის ხნის ქალები იდგნენ და ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებდი, ერთი ადამიანიც რომ დაღუპულიყოო... ლევან გაჩეჩილაძის გვერდით მხოლოდ იმ შემთხვევაში არ დავდგები, თუ "მიშისტი" გახდება, მაგრამ ვიცი, ეს არასოდეს მოხდება...

ჩემთვის მიუღებელია ადამიანისთვის თავისუფლებისა და ღირსების წართმევა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მიუღებელია ის, რაც ძველ თბილისში ხდება - ქალაქის სახე, სული და გული გაანადგურეს. ის, რაც კეთდება, არათუ თანამედროვე, საერთოდ არქიტექტურა არ არის! ხომ არ შეიძლება მთელი ქვეყანა ატრაქციონს დაამსგავსო?

ნინო კვიტაშვილი

(იბეჭდება მცირედი შემოკლებით)

გაზეთი

"ყველა სიახლე" #15