რატომ გაგვწირეს?! - კვირის პალიტრა

რატომ გაგვწირეს?!

დევნილებს კომუნალური გადასახადები ახრჩობთ

საკუთარი სახლებიდან გამოყრილი დევნილები მეოთხე წელია ცდილობენ, კომპაქტური დასახლება ნამდვილ სამოსახლოდ აქციონ. პირველ რიგში, ხეხილი გააშენეს. მართალია, ახალ ნარგავებს იმ ბაღებამდე, ლიახვის ხეობაში იძულებით რომ დაატოვებინეს, ბევრი აკლია, მაგრამ მაინც იმედით შეჰყურებენ ყოველ კვირტს, გაშლილ ყვავილსა თუ გამოსხმულ ნაყოფს. ერთ გადაბიჯება ნაკვეთსაც ისეთივე მონდომებით უვლიან, როგორც ჰექტრობით მიწას იმ ავბედით 2008 წლამდე.

წეროვანში ლიახვის ხეობიდან და ახალგორიდან დევნილი 2000-მდე ოჯახი ცხოვრობს. ეს დევნილების ყველაზე დიდი კომპაქტური დასახლებაა. აქ ჩასახლებულები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა მათ "დავიწყებას" ცდილობს - ჯერ იყო და, სასურსათო დახმარება შეუწყვიტეს, შემდეგ ბუნებრივი აირის გადასახადის გადახდა მოსთხოვეს, ახლა კი ელექტროენერგიის სუბსიდირებაც შეუჩერეს. დევნილს, რომელსაც არც სამსახური აქვს, არც სტაბილური შემოსავალი და არც მიწა, რომ დაამუშაოს და მოწეული ჭირნახული გაყიდოს, ეკონომიურად დახარჯული ელექტროენერგიის გადასახადის გადახდაც კი უჭირს, გადაუხდელობის გამო კი ელექტროენერგიის მიწოდებას უწყვეტენ... ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი წეროვანში ახალაშენებული სათბურის სანახავად ყოფილა ჩასული და დევნილებს მასთან შეხვედრა მოუნდომებიათ, მაგრამ  დაცვას ახლოსაც არ მიუშვია. "სათბურში მხოლოდ 8 ქალი მუშაობს, არადა, ტელევიზიით თქვეს, რამდენიმე ათეული სამუშაო ადგილი შეიქმნაო," - ამბობენ დევნილები და იმედოვნებენ, რომ ქვეყნის მეთაურს როგორმე ჩვენი საშუალებით მაინც მიაწვდენენ ხმას.

"კეთილმოწყობილი გზები მხოლოდ წეროვანის ცენტრალურ ნაწილშია, შიდა ქუჩებში კი წვიმისას ისეთი ტალახია, გავლაც კი გზარავს", - ამბობენ იქაურები და ამაში თავადაც ვრწმუნდები. ჟურნალისტების გარდა, დევნილები ხშირად სოციალურ აგენტებსაც ახსენდებათ. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი დევნილების ნაწილი სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას იღებს, ამიტომ მედმუშაკებად შენიღბული სოციალური აგენტები კარდაკარ დადიან და ამოწმებენ, ხომ არ გაიუმჯობესა რომელიმე ოჯახმა ყოფითი პირობები, რომ ფულადი დახმარება შეუჩერონ.

"ნებისმიერ ოჯახში იკითხეთ, რა აქვთ დღეს სადილად - არაფერი... ხალხს მაკარონიანი წვნიანიც კი სანატრელი გაუხდა," - მეუბნება ერთ-ერთი ოჯახის დიასახლისი და ცარიელი მაცივრის კარს მიღებს...

ლალი ცქვიტიშვილი, ახალგორიდან დევნილი: "ერთი ნათურა მინთია, კვირაში ერთხელ დენის ღუმელს ვრთავ, პური რომ გამოვაცხო. მაცივარი მაქვს ჩართული და ტელევიზორი. იშვიათად უთოს თუ ჩავრთავ, რომ ბავშვს სკოლისთვის სამოსი დავუუთოო. წინა თვეში 59 ლარი მომივიდა დენის გადასახადი. ორი დღე-ღამე სიბნელეში ვისხედით. ჩემი შემოსავალი თვეში 78 ლარია, ეს არის ოჯახის სამი წევრისთვის გათვალისწინებული სოციალური დახმარება, რომელსაც სახელმწიფო გვიხდის. ამ თანხით ორი შვილი როგორ გამოვკვებო? როცა ჩაგვასახელეს, პირველი 2 წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის გადასახადს არ ვიხდიდით, ელექტროენერგიის გადასახადისთვისაც ყოველთვე თითო სულზე სახელმწიფო თვეში 13.80 ლარს გვაძლევდა, წელს კი ეს დახმარება შეგვიწყვიტეს. გაზის დავალიანებას რომ ვერ ვიხდიდი, 500 ლარი დამიგროვდა. ეს თანხა გადამინაწილეს, ახლა თვეში 80 ლარის გადახდა მიწევს, მაგრამ რით გადავიხადო? თუ არ გადაიხდი, მოვლენ და ჩაგიჭრიან. მხოლოდ 18 თვის განმავლობაში გვირიგებდნენ პროდუქტებს, მას შემდეგ არაფერი მიგვიღია".

გალინა ვახტანგაშვილი, ერედვიდან დევნილი: "ან დევნილის დახმარება უნდა აიღო სულზე 22 ლარი, ან სოციალური დახმარება, თითქოს არ შეიძლება, დევნილი  სოციალურად დაუცველი იყოს. მთელი ზამთარი გაზი არ მქონდა, ამიტომ სადღაც გადაგდებული "ფეჩი" ვიპოვე, შეშა მოვიმარაგე და ასე გადავიტანეთ ზამთარი. 1992 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტისას 18 წლის შვილი სნაიპერმა მომიკლა. ერედვში რომ ვცხოვრობდი, როგორც ომში დაღუპულის დედა, დახმარებას ვიღებდი  - თვეში 44 ლარს, რაც აქ გადმოვედით, ესეც შემიწყვიტეს. რა მნიშვნელობა აქვს, 2008 წლის კონფლიქტს შეეწირა სამხედრო მოსამსახურე თუ 1992 წლის საომარ მოქმედებებს?! არავინ არაფრად გვაგდებს. არავის უკითხავს, რა გიჭირთ ან რა გილხინთო. დავიჯერო, ასე გაგვწირა ყველამ?!

ამ მიწაზე ერთი ოჯახის სამყოფსაც ვერ მოიყვან. ნიადაგიც ცუდია, ყველაფერი მიწაშივე ჭიანდება. განცხადება შეტანილი მაქვს, რომ სადმე დამასაქმონ, მაგრამ დღემდე უშედეგოდ ველოდები სამსახურს. მენატრება ლიახვის ხეობა, მაგრამ ჩვენი სოფლები მიწასთან გაასწორეს. მეოთხე აღდგომა მოდის და შვილის და ქმრის საფლავზე არ ვყოფილვარ. ისიც არ ვიცი, არის კი მათი საფლავები?

ამბობენ, ახლა წყლის მრიცხველებიც უნდა დააყენონო. მალე გადასახადს ნაგავზეც დააწესებენ, არადა, დასახლებაში იშვიათად ჩნდება ნაგვის მანქანა".

როლიკო მელანაშვილი, კეხვიდან დევნილი: "აქ რომ ჩაგვასახლეს, კოტეჯის წინ ატამი გავაშენე, ნიშანი უკვე ჰქონდა, მაგრამ წლები სჭირდება, მოსავალი რომ მოვიწიო. ისეთი ბაღი მქონდა კეხვში, 10 ტონა ვაშლი მომყავდა. აქაც ვცდილობ მიწა დავამუშაო, მაგრამ მცირე ფართობია, ამიტომ ჯერ ნიორი მომყავს, რომ მოვიწევ, მერე იმავე ადგილას პომიდორს ვრგავ. სარწყავი წყალი არ არის, ამიტომ ნათესებს ონკანის წყლით ვრწყავთ. ამბობენ, წყლის მრიცხველებს აყენებენო, ამიტომ თადარიგი დავიჭირე და ეზოში ჭა ამოვთხარე".

გოჩა ზანგურაშვილი, ახალგორიდან დევნილი: "ახალგორში მეფუტკრეობას მივდევდი, აქ რომ წამოვედი, ფუტკარიც თან წამოვიყვანე, მაგრამ ვერაფრით გავამრავლე. ტრიალი მინდორია, ფუტკარს მთა და ნამი უნდა, რომ გამრავლდეს, იმუშაოს და თაფლი მოგცეს. მაინც ვცდილობ, როგორმე ვაცოცხლო, აბა, რა ვქნა, დასაღუპად ხომ  ვერ გავიმეტებ..."

გამოკითხვის შედეგები

კოალიციამ "დევნილთა უფლებებისთვის" გამოკითხვა ჩაატარა - დაცულია თუ არა დევნილთა სოციალური და პოლიტიკური უფლებები. გამოკითხულთა 58,5%-მა კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა, 27,2%-ის აზრით - ნაკლებად დაცულია და მხოლოდ 14,2% ფიქრობს, რომ დაცულია.