იუმორით "გაქაჩული" - კვირის პალიტრა

იუმორით "გაქაჩული"

როგორ იქცა პარტიული ინსტრუქტორი პირველ კაცად

ლანჩხუთისკენ მიმავალი ჩქაროსნული მატარებლის გამცილებელმა ჩემი სტუმრობის მიზეზი რომ გაიგო, ერთი გულიანად გაიცინა და მითხრა, - კაი საქმეზე ჩამოსულხარ, ბიძია, დურმიშხან ჩხაიძეს ჩვენს რაიონში ყველა იცნობს, მაგისთანა მაკვარანცხი კაცი ბევრი კი არ გვყავსო. ბატონ დურმიშხანს სოფელ ნიგოითის სპორტულ მოედანზე შევხვდი, სადაც სოფლის გოგონათა საფეხბურთო გუნდი ქუთაისელ თანატოლებს ეჯიბრებოდა.

-ბატონო დურმიშხან, სპორტსმენი არა ხართ, არადა, ფეხბურთის გუნდს უდგახართ სათავეში.

-  ფეხბურთი ბავშვობიდან მიყვარდა.  ხელბურთსა და კალათბურთშიც პროფესიონალებს ტოლს არ ვუდებდი, მაგრამ სიმაღლემ დამჩაგრა. მერე რაგბიში დავიწყე ვარჯიში და სკოლის დამთავრების შემდეგ, როცა თბილისში გადმოვედი, "დინამოშიც" მოვხვდი. კარგი მომავალი მელოდა, მაგრამ ძმაკაცებს ავყევი და მოსკოვში წავედი. ოთხი წელი ენერგეტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი... რომ დავბრუნდი,  23 წლისა კომპარტიის ლანჩხუთის რაიკომში ინსტრუქტორად დამნიშნეს.

- თქვენზე მითხრეს, ინსტრუქტორმა თავი რაიკომის პირველ მდივნად გაასაღაო.

- მახსოვს, ორშაბათი იყო და რაიკომის შენობასთან პირველი მდივნის მანქანა დავინახე. ფეხი ავითრიე, რამე არ დამავალოს-მეთქი. ვხედავ, პირველი მდივანი მანქანაში ჩაჯდა. მძღოლმა შეუმჩნევლად სამი თითი ასწია, რაც იმას ნიშნავდა, პირველი მდივანი სამი დღე არ იქნებაო. გახარებული შენობაში შევედი, პირველი მდივნის კაბინეტში შევიპარე და მის სავარძელში მოვკალათდი, თან სულმოუთქმელად ველოდი, როდის შემოვიდოდნენ სხდომის მონაწილეები. გახდა 10 საათი და შემოლაგდნენ. მე კი, რომ არავის ვეცანი, "კომუნისტი" ავიფარე. ხალხი ახველებს, მანიშნებენ, იქნებ დაიწყოთო. მეც გაზეთი მაგიდაზე დავდე და სერიოზული სახით წამოვდექი. ერთი გენახათ მათი სახეები, პირდაფჩენილები მიყურებდნენ, - პარასკევს პირველ მდივნად ოთარ მენაბდე დატოვეს და ორშაბათს 23 წლის ინსტრუქტორი დახვდათ მის ადგილზე. მეორე მდივანი ისე გახალისდა, რესტორანი იკისრა...

სამი წლის შემდეგ ლანჩხუთის ჩაის ფაბრიკის დირექტორის თანამდებობაზე წარმადგინეს. კოლეგიაზე, სადაც ჩემი კანდიდატურა უნდა დაემტკიცებინათ, "ჩაი გრუზიას" ტრესტის მმართველმა მკითხა, ჩაის ფაბრიკასთან ახლოს ხართო? გავიფიქრე, სად ენერგეტიკოსი და სად ჩაი-მეთქი, მაგრამ ვუპასუხე, როგორ არა, სულ რაღაც 30 მეტრია ჩვენ შორის-მეთქი. მართლაც ასე იყო, ჩემს სახლსა და ჩაის ფაბრიკას სატრანსპორტო გზა ყოფდა. იქ სიცილი ატყდა... ასე დამნიშნეს ჩაის ფაბრიკის დირექტორად.

ჩემს ცხოვრებაში რიცხვი 3 მისტიკურია. ზუსტად მესამე წელს გამომიცხადეს, რომ კაბინეტში მოსკოველი სტუმრები მელოდნენ. ოთახში შესულს სტუმრებთან ერთად რაიკომის პირველი მდივანი ოთარ მენაბდეც დამხვდა. ჩვენთან საკავშირო ქარხანა შენდება და იქ უნდა გადახვიდეო, მითხრა.G გავოცდი, სად ჩაის ფაბრიკა და სად ქარხანა, სადაც წყალქვეშა გემებისთვის ხელსაწყოები უნდა დამზადებულიყო. აბა, როგორ იქნება ჩემი დირექტორობა-მეთქი, ამოვილუღლუღე, მაგრამ ღიმილით შემომხედა, ხომ იცი, ჩვენ როგორც გვინდა, ისე იქნებაო და... 5 წელი ვიმუშავე დირექტორის თანამდებობაზე.

ერთხელ მე და ჩემს კოლეგას მივლინებით კიევში მოგვიწია წასვლამ, ავიღეთ ბილეთი წყალტუბო-კიევის მატარებელზე.  მოგეხსენებათ, 28-29 წლის ახალგაზრდებს გართობა გვინდოდა და თადარიგი დავიჭირეთ, "საკუბოვედ" გამოვეწყვეთ. ვაგონში ასვლისთანავე კოლეგამ მუჯლუგუნი გამკრა, რა ხდება, მოხუცთა თვშესაფარში ხომ არ მოვხვდითო. მართლაც, ვაგონში ხელჯოხიანი მოხუცების მეტი არავინ იყო. სხვა რა გზა გვქონდა, შევეგუეთ, რომ მათთან მოგვიწევდა მგზავრობა. ჩვენს კუპეში ღრმად მოხუცი მამაკაცი და ისე რა შესახედაობის 40 წლამდე ქალი დაგვხვდა. გაცნობას ტრადიციული პატარა ქართული სუფრა და ჭაჭა მოჰყვა. 2-3 ჭიქის შემდეგ ცოტა მარილიანი”ანეკდოტების მოყოლა დავიწყე და ვატყობ, ქალიც უკვე ისე რა კი არა, ნელ-ნელა მშვენდება. ჰოდა, მეც მივუჩოჩდი და ჩავჩურჩულე, ესენი რომ დაიძინებენ, მერე უფრო სასაცილოებს მოგიყვები-მეთქი. კარგიო, მიპასუხა.

დავწექი, თან თვალს მოხუცისკენ ვაპარებ, ერთი სული მაქვს, როდის დაიძინებს, მაგრამ არ იძინებს, თვალებდაჭყეტილი წევს. ჭაჭამ თავისი ქნა და ჩამეძინა. დილით იმ ქალმა, შე მატყუარაო, გამიღიმა და ცხვირზე წკიპურტი წამკრა. ძმაკაცმა დიდი გულშემატკივრობით მკითხა, აბა, რა ქენი წუხელო? რა უნდა მექნა, ამ ბებერს მთელი ღამე თვალები ჰქონდა დაჭყეტილი და მე კიდე მის ყარაულობაში ჩამეძინა-მეთქი. შე შტერო, რა თვალებდაჭყეტილი, ცალი თვალი შუშის აქვს, რას დახუჭავდაო. ასე ჩამივარდა პაემანი.

გამოხდა ხანი და ქარხნიდან ლანჩხუთის რაიკავშირის თავმჯდომარედ გადამიყვანეს. ერთ მშვენიერ დღეს რაიკომში ბიუროს სხდომაზე გამომიძახეს, მესამე მდივანმა მითხრა, შემოწმებისას შენს ობიექტებში მღრღნელები აღმოვაჩინეთ, ოქმიც შევადგინეთ და მობრძანდიო. სხვა რა გზა იყო, წავედი. მოსაცდელში ლანჩხუთის რაისაავადმყოფოს მთავარი ექიმი ივანე იმნაძე შევნიშნე, კარგი მოქეიფე კაცი  იყო, მაგრამ პანიკურად ეშინოდა ბიუროს სხდომების. კარგი დღე არც იმას დაადგებოდა. ვკითხე, საკითხი რომ ჩავშალო, რას იკისრებ-მეთქი? ოღონდ ეგ მოახერხე და რესტორანი ჩემზე იყოსო. დაიწყო სხდომა, მთათხავენ და მთათხავენ, ობიექტებში მღრღნელები დარბიან და მოსახლეობას წამლავენო. ბოლოს სიტყვა მომცეს, მეც - აქ მოყვანილი ფაქტები აბსოლუტურად შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ, ამხანაგო მდივანო, მედლის მეორე მხარეზეც მინდა მოგახსენოთ-მეთქი. ყოველწლიურად სანეპიდსადგურს ვუფორმებ ხელშეკრულებას, დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ობიექტიდან ხომ დროულად ვერ გადაირიცხება თანხები და შესაბამისი სამუშაოებიც გვიანდება-მეთქი.

მართალიაო, დამეთანხმა სანეპიდსადგურის დირექტორიც. ჰოდა, მღრღნელები სარგებლობენ ამით და გვიტევენ. მოვითხოვ, ყველა ობიექტის მღრღნელს გაუკეთდეს "ბირკა", რომ თქვენი კომისიის წევრებისთვის ადვილი გასარჩევი იყოს, რომელი ვისი ობიექტიდან არის-მეთქი. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, მერე ვიღაცამ თავი ვერ შეიკავა და ახარხარდა, აჰყვა მთელი დარბაზი, მათ შორის პირველი მდივანიც. სული რომ მოითქვა, დაჰკრა მუშტი მაგიდას და იღრიალა, ხვნა-თესვის დაწყების წინ, რა დროს მღრღნელები და მათზე "ბირკების" გაკეთებაა, სასწრაფოდ მოხსენით საკითხი დღის წესრიგიდანო.

საქართველოში არეულობა რომ დაიწყო, ვიღას აინტერესებდა შენი ქარხანა, ყველაფერი დაინგრა და დაიშალა, მეც გუდა-ნაბადი ავიკრიფე და ისევ რუსეთს მივაშურე, მაგრამ ისე გამოვიდა, ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო, არ ღირდა იქ ყოფნა და ისევ მშობლიურ ლანჩხუთს დავუბრუნდი.

ერთ დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია შემხვდა და სპორტულ სამყაროში დაბრუნება გადამაწყვეტინა. ახლა საფეხბურთო სკოლის დირექტორი ვარ. Aასე მოვდივარ ჩემი იუმორითა და სპორტის სიყვარულით.

გურამ სოზაშვილი