"მთავარი ხომ გულის ხმა და გულის ყურია" - კვირის პალიტრა

"მთავარი ხომ გულის ხმა და გულის ყურია"

განათლების სამინისტრომ ყრუ-მუნჯთა სკოლა-ინტერნატთან ურთიერთობა აგვიკრძალა(?!)

ეს ბავშვები აღდგომას ჟესტების ენით გვილოცავენ“

"არ მესმის, მაგრამ ვხედავ და შემიძლია სიყვარული",”- ამბობს მთავარი გმირი თენგო კევლიშვილი მოკლემეტრაჟიან ფილმში "სიჩუმე", რომელიც ჩემმა კოლეგამ, დიანა სუბელიანმა ყრუ-მუნჯ ბავშვთა სკოლა-ინტერნატის შესახებ გადაიღო. მძიმე, მაგრამ შთამბეჭდავი ფილმია. სკოლაში, სადაც უამრავი უნარდაქვეითებული ბავშვი სწავლობს და ცხოვრობს, არ ისმის ბავშვების ხმა. სიჩუმეს მხოლოდ მათი ფეხის ხმა არღვევს.

ფილმის ნახვის შემდეგ ამ "უხმაურო" ბავშვების გულების მოსმენა მომინდა.   ჟესტების ენა არ ვიცი, თენგო კი ძნელად გასაგებად გამოთქვამს სიტყვებს, ამიტომ ჩვენი დამაკავშირებელი ტექსტური შეტყობინებები გახდა. თენგო დამპირდა, რომ თავის მოსწავლეებს გამაცნობდა. ის სკოლა-ინტერნატში აღიზარდა და სწავლის დამთავრების შემდეგ აქვე დარჩა. ახლა სადამრიგებლო კლასიც ჰყავს და სპორტის გაკვეთილებსაც უტარებს პატარებს.

სკოლა-ინტერნატში მისულს დირექტორმა, ქალბატონმა ნინომ მითხრა, განათლების სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის თანხმობის გარეშე, ჟურნალისტებთან საუბარი გვეკრძალებაო (?!). გავიოცე, მაგრამ განათლების სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ნინო პოტრჟებსკაიას მაინც დავუკავშირდი. მან კი, ცოტა ხანში შემეხმიანე და გეტყვი, გააკეთო თუ არა სტატიაო. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ უარს მეტყოდა.

გადავწყვიტე, დრო აღარ დამეკარგა და თენგოს სადამრიგებლო კლასში ვეწვიე. როცა ბავშვებს მოვეფერე და ფოტოებიც გადავუღე, უცებ სკოლა-ინტერნატის დირექტორის თხოვნა შეგვატყობინეს, განათლების სამინისტროდან დაგვირეკეს, ჟურნალისტს ბავშვებთან საუბარი ეკრძალებაო... ბავშვები ვერ მიხვდნენ, რატომ შემეცვალა სახე. მათთვის როგორ ამეხსნა, რატომ იყვნენ  წინააღმდეგი, "კვირის პალიტრაში" სითბოთი სავსე წერილი გამომექვეყნებინა. სამწუხაროდ, აკრძალვის მიზეზი ვერ გავიგე. როგორც ჩანს, ნინო პოტრჟებსკაიას ან ჟურნალისტებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობა არ უყვარს, ან კიდევ ვიღაცას სურს, ხელი შეგვიშალოს მუშაობაში. ვეჭვობ ქალბატონი ნინო ან ის, ვისი დავალებითაც სკოლის დირექციას ჩემთან ურთიერთობა აეკრძალა, ყრუ-მუნჯ ბავშვთა სკოლა-ინტერნატში ერთხელ მაინც რომ მისულიყვნენ, ეცოდინებოდათ, რას ნიშნავს ამ ბავშვებისთვის სითბო. ისინი ვერ ცნობენ თანამდებობებსა და სტატუსებს, მაგრამ გრძნობენ მათთვის გამეტებულ სიყვარულსა და სიკეთეს.

გაუგებარია, სასწავლო დაწესებულება რატომ არის გასაიდუმლოებულ ორგანიზაციად ქცეული. მიუხედავად აკრძალვისა, მაინც ვცადე გადმომეცა ის, რაც იქ განვიცადე.

აქ ძალიან უყვართ პედაგოგები, ისინი, ვინც ასწავლიან, როგორ წარმოთქვან სიტყვა, რომელსაც ჩვილობიდან მძაფრად გრძნობენ, ყელშიც ებჯინებათ, მაგრამ ვერ გამოთქვამენ - დ ე დ ა.

“თენგო კევლიშვილს ლაპარაკი უჭირს, მაგრამ მაინც მაგებინებს სათქმელს: - ერთი წლისაც არ ვყოფილვარ, ანთება დამმართნია და ექიმს ისეთი წამალი გაუკეთებია, რომელმაც დამაყრუა. 6 წლიდან აქ ვსწავლობდი. სკოლის დამთავრების შემდეგ კი გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი. აქ ჩემი ოჯახია, ჩვენ ხომ ერთი სამყარო გვაქვს.

- რით განსხვავდება ის ჩვენი სამყაროსგან?

- ჩვენი ენა მეტყველმა ადამიანებმა არ იციან. ამიტომ მუნჯთან ურთიერთობისას უხერხულად გრძნობენ თავს. მე შემიძლია მოვახედო ასეთი ადამიანი ჩემკენ და გავესაუბრო თუნდაც ისე, როგორც შენ გესაუბრები. თქვენ ერთმანეთს უსმენთ ყურით და სიტყვებს წარმოთქვამთ, მაგრამ მთავარი გულის ხმა და გულის ყურია. რადგან ჩვენი ყურები დახშულია, თვალებით გისმენთ.

მე მიყვარს ადამიანი და არ ვყოფ ყრუ-მუნჯად და მეტყველად. ადამიანი ღირებულია კეთილი საქმეებით, ალალი გულით, შეუპოვრობით. მაგალითად, ყრუ ბეთჰოვენი გენიოსი იყო. მისი მუსიკა არ მესმის, მაგრამ შევიგრძნობ მის ვიბრაციას და საოცარი განცდა მეუფლება. მიყვარს ქართული ხალხური ცეკვები და ვცეკვავ, მიყვარს სპორტი, მიყვარს ხელოვნება და ხატვა.

ამერიკაში ყრუთა უნივერსიტეტიც არის. მინდა ასეთი სასწავლებელი ჩვენთანაც იყოს. ჩვენი სკოლის ბავშვებში ბევრი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ უმაღლესი განათლების მიღება არ შეუძლიათ.

- მამასავით ზრუნავ პატარებზე...

- ბევრს ვფიქრობ ამ ბავშვებზე. განსაკუთრებით მათზე, ვინც რეგიონიდან არიან და მშობლებს ხშირად ვერ ნახულობენ.  ყველა ბავშვი თავისებურად საინტერესოა. ბიჭებს უყვართ ხელობა, როცა რაიმეს გააკეთებენ, მაგალითად, სკამს, სიამაყით ივსებიან. გოგონები კარგად ცეკვავენ. ვიბრაციით შეიგრძნობენ რიტმს. მე მათი სიხარული მახარებს, მათი ბედნიერებით ვივსები, სხვანაირად ადამიანად ყოფნა გაჭირდებოდა. იყო ადამიანი, ნიშნავს, რომ სხვებზე იფიქრო.

P.S. როგორც ერთმა პედაგოგმა მითხრა, ყრუ-მუნჯსა და მეტყველ ბავშვებს შორის ერთი თვალში საცემი განსხვავებაა, - ისინი მეტ სითბოს მოითხოვენ. თვალებში რომ ჩაგხედავენ, მაშინვე მიხვდებიან, მათ თანასწორად მიიჩნევთ თუ არა.

მეც ვიგრძენი ამ ბავშვების სითბო. ამ ფოტოზე ისინი სიყვარულს თქვენც გიზიარებენ. თენგო და მისი აღსაზრდელები აღდგომას გილოცავენ ჟესტების ენით.