"ხომ გამოგიჭირეო, მადლიერმა მითხრა" - კვირის პალიტრა

"ხომ გამოგიჭირეო, მადლიერმა მითხრა"

ისევ ჩვეულებრივად დადგა აღდგომა. ჩვენ კი ვშიშIობთ, - ვაითუ, უფალმა მიგვატოვოსო, მაგრამ მას ისევ ვუყვარვართ... ამ აღდგომასაც მიძინებული იმედები გაგვიცოცხლა...

- აღდგომაზე დიდი დღესასწაული არ არსებობს, არა? - ვეკითხები მეგობარს და ახალნაყიდ ტიტებს ვეფერები. ქუჩა აღდგომის სურნელით არის სავსე. ჩვენც სადაცაა დიდუბის პანთეონს მივუახლოვდებით.

- აღდგომა განსაკუთრებულია, ჩვენც ვზეიმობთ და ზეციური საქართველოც. აი, აქ არის ნაღდი საქართველო, - პანთეონთან ჩერდება ჩემი მეგობარი და სახელოვანი ქართველების საფლავებისკენ მითითებს.

- აქაც არის და იქაც! გინდა, ამ საქართველოზე ერთ კარგ ამბავს მოგიყვე?

- რატომაც არა.

- ვასო გოძიაშვილი, თეიმურაზ კუხიანიძე და ჯუმბერ მეძმარიაშვილი ხომ გაგიგია?

- კარგი, რა, სულელი გგონივარ? სამივეს საფლავი დიდუბის პანთეონშია. რის მოყოლას აპირებ?

- ერთი გოგონა ვიცი, აღდგომა არ ჩაივლის, სამივეს საფლავზე ყვავილები არ მიიტანოს. მეც ხომ აქ ყოველ აღდგომას დავდივარ. ისიც აქ გავიცანი. ჯერ კიდევ პატარა იყო, ბებიას ხელჩაკიდებული რომ დაჰყავდა. ვასო გოძიაშვილის საფლავზე კვერცხსა და ყვავილებს დააწყობდნენ და მერე მთამსვლელების საფლავსაც აკითხავდნენ. თავიდან მეგონა, რომ მეძმარიაშვილი და კუხიანიძეც მათი ნათესავები იყვნენ... გავიდა დრო, გოგონა გაიზარდა, ერთ აღდგომასაც ისევ რომ დავინახე ყვავილებით ხელში, ვკითხე, ბებო სად არის-მეთქი? მიპასუხა, აღარ არის და ახლა მე დავდივარო... მერე, აი, რას მომიყვა: ბებია ვასო გოძიაშვილის დისშვილი იყო. აღდგომა არ ჩაივლიდა, ბიძის საფლავზე არ მოსულიყო. ჯერ მის საფლავს მიხედავდა, მერე მომკიდებდა ხელს და მეძმარიაშვილისა და კუხიანიძის საფლავებთან მივყავდი. მათ ვაჟკაცობასა და სიმამაცეზე აღტაცებით მიამბობდა. შინ ერთი წიგნიც ჰქონდა და მახსოვს, 5 წლიდან მიკითხავდა, - მე რომ არ ვიქნები, შენ უნდა გახსოვდეს, რომ ასეთებEი საუკუნეში ერთხელ იბადებიან - ნამდვილი კაცებიო.

ჰოდა, ისე ჩამრჩა მეხსიერებაში ბებიას მონაყოლი, რომ დავიწყება ვერ შევძელი. ჯერ ისეთი აღდგომა არ დამდგარა, მათ საფლავებზე ყვავილები არ მიმეტანოს. ყოველ აღდგომას სამი თაიგულით მოვდივარ. ერთი ჩემს დიდ ბაბუა ვასოს, ორიც კი იმ ბიჭებს, ბებიას ასე რომ უყვარდა. წლები ისე გავიდა, მათ საფლავებზე არავინ შემხვედრია. წინა აღდგომას კი თავზე ერთი ბიჭი წამომადგა. ჯერ გამეხუმრა, - ხომ გამოგიჭირეო და მერე მადლიერმა მითხრა, - ვგიჟდებოდი, ისე მინდოდა გამეგო, ვინ აწყობდა ყოველ წელს ბაბუაჩემის საფლავზე ყვავილებს, თურმე შენ არ ყოფილხარო!..

- რა კარგი ამბავი მიამბე, მეუბნება ფიქრებში წასული ჩემი მეგობარი.

- ჰო, ასე ხდება, როცა ხსოვნა თაობიდან თაობას გადაეცემა... ჩვენც, როგორც იმ გოგოს, ერთი სული გვაქვს, როდის მივიტანთ ჩვენთვის ძვირფას საფლავებზე ყვავილებს...

კუხო, ჯუმბერი და ილიკო

ჯუმბერ მეძმარიაშვილი, თეიმურაზ კუხიანიძე, ილია გაბლიანი 1961 წლის 27 აგვისტოს, 7000-მეტრი სიმაღლის მწვერვალ "პობედაზე" დაიღუპნენ. ცენტრალურ აზიაში მდებარე მწვერვალს ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავად უწოდეს "პობედა". თუმცაღა, გამარჯვება მას იმ ალპინისტებისთვის არ მოუტანია, რომლებიც სამუდამოდ შერჩნენ მწვერვალის ყინულოვან სამარეს. "პობედას" დალაშქვრა 50-იანი წლების დასასრულს დაიწყო და უკვე 1959 წელს მასზე ოთხი ტაშკენტელი მთამსვლელი გაიყინა. 1960 წელს კი რუსმა მთამსვლელმა კირილ კუზმინმა მწვერვალზე სამუდამოდ დატოვა თავისი 32-კაციანი ექსპედიციიდან 10 მთამსვლელი. ამის მიუხედავად, კუზმინმა 1961 წელს ახალი ექსპედიცია შექმნა, ქართველი მთამსვლელები, მათ შორის ილია გაბლიანი, თეიმურაზ კუხიანიძე, ჯუმბერ მეძმარიაშვილი შეიამხანაგა და კვლავ "პობედას" დასალაშქრად გასწია...

მწვერვალზე ილია გაბლიანი მოულოდნელად ცუდად გახდა. "კუხომ" შეხედა, ფერი ეცვალა, მეგობარს მივარდა და ხელებისა და ფეხების სრესა დაუწყო, ამასობაში თავად მარჯვენა ხელი გაეყინა, მაგრამ მეგობრის შველა მაინც ვერ შეძლო. ილია გაბლიანი გარდაიცვალა... და რადგან მწვერვალიდან მიცვალებულის ჩამოსვენება შეუძლებელი იყო, ბიჭებმა კარავში გაახვიეს და თოვლში ჩაასვენეს, მწვერვალის ძირში კი მიამაგრეს დაფა წარწერით - ილიკო გაბლიანი.

ალპინისტებს თავზარი დასცა ამ ტრაგედიამ, მეგობარს იქ ტოვებდნენ, სადაც მის სამარეს ვეღარავინ ნახავდა. თავად კი უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ. ცოცხალ-მკვდრები დაეშვნენ მთიდან...

მოულოდნელად თეიმურაზ კუხიანიძეც მოსწყდა და უფსკრულში ჩაეშვა. როგორც შემდეგ ტრაგედიის ერთადერთი მოწმე კირილ კუზმინი ჰყვებოდა, ჯუმბერ მეძმარიაშვილი მეგობრის კვალს გაჰყვა და ისიც ნაპრალში ჩაიჩეხა. მარტოდ დარჩენილ კირილ კუზმინსაც ალბათ იგივე ბედი ელოდა, ექსპედიციის დანარჩენი წევრები მასთან რომ არ ასულიყვნენ...

კუხო და ჯუმბერი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. 19 წლის შემდეგ მამის, ჯუმბერ მეძმარიაშვილის გვერდით პამირის მწვერვალ "როსიას" ფერდობზე დაღუპული მისი ვაჟიც მიაბარეს მიწას. 1974 წელს შოთა მირიანაშვილის ჯგუფმა შხარის მასივზე სამი უსახელო მწვერვალი დალაშქრა და მათ მეგობრების უკვდავსაყოფად ილიკო გაბლიანის, თეიმურაზ კუხიანიძისა და ჯუმბერ მეძმარიაშვილის სახელები უწოდა.

ნანა რამიშვილი