"მრავალშვილიანი" "კვირის პალიტრა" 17 წლისაა! - კვირის პალიტრა

"მრავალშვილიანი" "კვირის პალიტრა" 17 წლისაა!

მთავარი კი ის არის, რომ ჩვენ თქვენ ძალიან გვიყვარხართ, ჩვენო მკითხველო, მსმენელო და მაყურებელო

"თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით" - უკვე 17 წელია, ორშაბათობით ასე ესალმება "კვირის პალიტრა" საქართველოს ყველაზე გემოვნებიან მკითხველს და აქტუალურ, საინტერესო და ობიექტურ ინფორმაციას სთავაზობს. ყველაზე პოპულარული და სანდო გაზეთი - ამ ტიტულს სხვადასხვა გამოკითხვისა თუ კვლევების თანახმად, "კვირის პალიტრა" 10 წელზე მეტია ინარჩუნებს. აქ ყველაფერი მკითხველზე ზრუნვით იქმნება, ამიტომაც გვიბრუნდება უკან ერთგულებითა და სიყვარულით.

...1995 წლის 18 აპრილს საქართველოში კიდევ ერთი პერიოდული გამოცემა დაიბადა, ხატოვანი და მრავლისმეტყველი სახელწოდებით - "კვირის პალიტრა". თავიდან "კვირის პალიტრა" როგორც დაიჯესტი ისე გამოდიოდა, ქართულ და უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ კვირის ყველაზე საინტერესო მასალებს თავს უყრიდა და საკუთარ ფურცლებზე ბეჭდავდა. სლოგანიც შესაფერისი ჰქონდა - ყველა გაზეთი ერთ გაზეთში!

ორიოდე წლის შემდეგ კი უკვე ორიგინალური, საკუთარი მასალების მომზადება დაიწყო, ამან მკითხველი კიდევ უფრო დააინტერესა და ტირაჟიც სწრაფად წავიდა ზემოთ.

ერთი წლის შემდეგ "კვირის პალიტრამ" ქართული პრესის პალიტრას ჟურნალი "ბომონდი" შემატა. ერთი გაზეთის დაბადებით დაწყებული საგამომცემლო საქმე წლიდან-წლამდე იზრდებოდა და ვითარდებოდა. ერთიმეორის მიყოლებით "დაიბადა" რეკლამისა და განცხადებების ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთი "სიტყვა და საქმე", საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი "გზა", რელიგიური ჟურნალი "კარიბჭე", სამედიცინო ჟურნალი "ოჯახის მკურნალი", "საბავშვო კარუსელი" და ა.შ.

"მრავალშვილიანი" "კვირის პალიტრა" უკვე მულტიმედიური კომპანიაა, რომელიც დღეს "პალიტრამედიის" სახელით არის ცნობილი - გამოსცემს 20-ზე მეტი დასახელების გაზეთსა და ჟურნალს, მაუწყებლობს რადიო სიხშირეზეც ფმ 103,9 - "რადიო პალიტრა" და ინტერნეტშიც ინტერნეტტელევიზია - "პალიტრა TV"; მის შემადგენლობაშია ყველაზე გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი", მაღალრეიტინგული საინფორმაციო და ნიშობრივი ინტერნეტ-პორტალები (ამბები.გე, კვირისპალიტრა.გე, მკურნალი.გე, სპორტალლ.გე, საქმე.გე, მარაო.გე); პრესის გავრცელების სააგენტო "ელვა სერვისი"; წიგნების გამომცემლობა "პალიტრა L"; წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი"; სტამბა "კოლორი" და სხვა. "პალიტრის" ბოლო სიახლეა კულინარიული ჟურნალი - "გემრიელი", მისი პირველი ნომერი სააღდგომოდ გამოვიდა.

დღეს "პალიტრამედიას" სხვადასხვა სტრუქტურაში 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს(!).

"პალიტრამედია" მუდმივად ვითარდება, იზრდება, მედიასფეროში მსოფლიო სიახლეების საქართველოში დანერგვას ყოველთვის ცდილობს და ხშირად გამოსდის კიდეც, რაც მკითხველისთვის ბევრი საინტერესო მედიაპროდუქტის შეთავაზებას ნიშნავს. ყოველი ახალი იდეა, პროექტი, რომელიც "პალიტრამედიაში" იქმნება, მკითხველზე, ჩვენს აუდიტორიასა და მომხმარებელზე, მათ მოთხოვნებზეა გათვლილი.

მთავარი კი ის არის, რომ ჩვენ თქვენ ძალიან გვიყვარხართ, ჩვენო მკითხველო, მსმენელო და მაყურებელო.

... და ელოდეთ სიახლეებს ახლო მომავალშიც და მერეც!...