შინმოუსვლელნი - კვირის პალიტრა

შინმოუსვლელნი

ომში დაკარგულებს აღარავინ ეძებს

საომარი კონფლიქტების დროს 2000-მდე ადამიანი გაუჩინარდა

"კვირის პალიტრა" უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ წერდა. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში "სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა" 907 ადამიანი, მაგრამ გაცილებით მეტია საომარი კონფლიქტების დროს დაკარგულთა რაოდენობა. ექსპერტების შეფასებით, 1992 წლიდან დღემდე, საქართველოში საომარი კონფლიქტების დროს დაახლოებით 2000 ადამიანი გაუჩინარდა. დედები, ნათესავები, ახლობლები, ოცი წლის გაუჩინარებული და შინმოუსვლელი ჯარისკაცების ან მათი ნეშტების პოვნის იმედს არ კარგავენ.

"ჩემი შვილი ოსებმა 2008 წლის 12 აგვისტოს გაიტაცეს. მას მერე არაფერი ვიცი. მათ, ვინც ტყვეობას თავი დააღწია, მითხრეს, რომ ბოლოს ცხინვალის მე-8 სკოლაში სხვა ტყვეებთან ერთად ნახეს. შსს-ს მივმართე, აღრიცხეს კიდეც. "წითელმა ჯვარმაც" ეძება, მაგრამ ვერაფერი გაარკვიეს".

"13 აგვისტოს რუსები და ოსი მოროდიორები კარალეთში შემოვიდნენ. ჩემი შვილი რვა კაცთან ერთად წაიყვანეს. ოსები, თურმე გზად შემხვედრ თავისიანებს ეუბნებოდნენ, ტყვეები გვყავს, წაიყვანეთ და დახოცეთო,“ვინ იცის რა მოხდა მერე".

თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოცამდე სამხედრო მოსამსახურე მიიჩნეოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. დროთა განმავლობაში ეს მონაცემები მცირდებოდა, იმის მიხედვით, თუ რამდენი უცნობი ჯარისკაცის ნეშტის ამოცნობა ხდებოდა დნმ-ის ანალიზის პასუხებით. მოგვიანებით თავდაცვის სამინისტროს საიტზე გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმად, დნმ-ის ანალიზის შედეგად, დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შორის ამოცნობილია 51 პირი(?!) ხომ ორჯერ მეტია იმ მონაცემზე, რამდენი სამხედრო მოსამსახურეც მიიჩნეოდა თავდაპირველად უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ამჟამად თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით მხოლოდ ერთი, კაპიტანი პაატა ქარდავა ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

თუმცა იდენტიფიცირებული სამხედრო მოსამსახურეების ნათესავები სხვაგვარად ფიქრობენ. გასაგები მიზეზების გამო მათ ღიად საუბარი არ სურთ, პირად საუბრებში კი აღნიშნავენ, რომ ეჭვი შეაქვთ დნმ-ის პირველად ანალიზში და ამიტომ ნეშტისთვის განმეორებითი ანალიზი არაერთხელ მოითხოვეს, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს.

ბელა ზალდასტანიშვილი, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოკვლევა-მოძიების კომისიის თავმჯდომარე: "აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ ოცი წელიწადი გავიდა, მაგრამ უამრავი მშობელი, ახლობელი დღემდე ეძებს იმ ომში დაკარგულ შვილს, ახლობელსა თუ ნათესავის კვალს. ჩვენი მონაცემებით, აფხაზეთის ომის დროს 800 ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული. მხოლოდ ჩემი ოჯახიდან ოთხი ადამიანი დაიკარგა - ორი შვილი და ორი ძმა. მართალია, მათი სავარაუდო საფლავის შესახებ ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ გადმოსვენება დღემდე ვერ მოგვიხერხებია. მხოლოდ ის ვიცით, რომ ბაბუშერას აეროპორტის ტერიტორიაზე დაკრძალეს. რამდენჯერმე შევხვდით აფხაზ მშობლებს, რომლებიც ჩვენსავით ეძებენ დაკარგულ შვილებს. მოთხოვნას გვიყენებენ, რომ ჯერ მათი შვილების ნეშტები ვაპოვნინოთ და ამის შემდეგ მოგვცემენ ჩვენი შვილების გადმოსვენების უფლებას. აფხაზები ასევე ითხოვენ შვიდი ახალგაზრდა ბიჭის ნეშტი მოინახოს, რომლებიც, მათი თქმით, ქართველებმა დახვრიტეს. ადრე ომში მონაწილეების დახმარებით ხან ტყვეებში გვიცვლიდნენ ქართველი ბიჭების გვამებს, ან სამარხს ვპოულობდით  და ასე იცვლებოდა ცხედრები, ახლა კი უცნობი სამარხები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღარ არსებობს".

მანანა მებუკე, ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის“ თავმჯდომარე: - მუხათგვერდის სასაფლაოზე ერთი რიგია ისეთი საფლავებისა, რომელსაც აწერია - უცნობი ჯარისკაცის საფლავი. აგვისტოს ომის დროს, ყოველგვარი კავშირი იყო გაწყვეტილი მოწინააღმდეგე მხარესთან და ისე დაასაფლავეს ეს ადამიანები, რომ მათ შესახებ  მონაცემები არ არსებობდა. ამის შემდეგ ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს. ერთადერთი, ვინც აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგულების მოძიებას ახდენდა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის ჰამარბერგის ბიურო იყო. მათი დახმარებით წელს ქართულ-ოსურ მხარეებს შორის ბოლო ტყვეთა გაცვლა მოხდა.

აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ არსებობდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ფონდი და ამ ფონდს მხარს უჭერდნენ უშუალოდ სახელმწიფო უწყებები. თავად თუ ვერ ახერხებდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლას, ფონდის წარმომადგენლები შედიოდნენ, დაკარგულების შესახებ მონაცემებს აგროვებდნენ. სამწუხაროდ, 2008 წლის შემდეგ, ცხინვალში ოფიციალურ დონეზე  უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიება შეწყდა.

ჩვენი მონაცემებით, აგვისტოს ომის შემდეგ ახლობლები ეძებენ უგზო-უკვლოდ დაკარგულ როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს. ჩვენ ხუთი-ექვსი ადამიანის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. არ მაქვს უფლება, მათი გვარ-სახელები დავასახელო. რადგან ამ ადამიანების მოძიება ოფიციალურად არ ხდება, ნათესავები ფიქრობენ, რომ ფაქტის გახმაურებამ შესაძლოა ხელი შეუშალოთ.

- ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებული პირებისგან მსმენია, რომ ერედვში არის სამარხი, სადაც უცნობი სამოქალაქო პირები არიან დასაფლავებული...

- სამწუხაროდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბევრი ასეთი საფლავია. უნდა აღდგეს მუშაობა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მიმართულებით, უნდა შეიქმნას შესაბამისი სამსახური, რომელიც ორივე მხარის მიერ იქნება მხარდაჭერილი, სხვაგვარად მათი მოძიება შეუძლებელი იქნება.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში: "აგვისტოს ხუთდღიანი ომის დროს, ჩემი მონაცემებით, ოცი ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული. არსებობს სამარხები და მათ შესახებ ცნობილიც არის, მაგრამ იქიდან გვამების გამოტანა არ ხერხდება. კონკრეტულად იმ სამარხშია თუ არა ესა თუ ის პიროვნება, არც ეს არის ბოლომდე დაზუსტებული.

დაკარგულები ჰყავთ ოსებსაც და აფხაზებსაც. აფხაზეთსა და სამაჩაბლოში 1990-1992 წლებში, საომარი კონფლიქტის დროს დაღუპულების ძიება ახლა საერთოდ არ ხდება. ბაბუშერას აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩენილია ქართველი მეომრების სამარხი. მათი ნაწილი 90-იან წლებში გადმოასვენეს, ნაწილი კი დარჩა. გარდა ამისა, აფხაზეთის ტერიტორიაზე არის სამარხი, სადაც თორმეტი ქართველი მეომარია დასაფლავებული. მხარეებს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკებები ოფიციალურად რატომ არ მიმდინარეობს, ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, მაგრამ ჩემთან ხშირად მოდიან ადამიანები, რომლებიც თავად პოულობენ აფხაზებთან საერთო ენას. თუმცა არაოფიციალურ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოაქვს და ხელისუფლების აქტიური ჩარევის გარეშე რამეს მიღწევა რთული იქნება.

რაც შეეხება 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაკარგულების მოძიებას, ოსური მხარის მონაცემებით, მათი მხრიდან დაკარგულები ქართულ ციხეებში იმყოფებიან, მაგრამ ჩვენ ასეთ ხალხს ქართულ ციხეებში ვერ მივაკვლიეთ. ოსური მხარე  კიდევ ექვსი ადამიანის მოძიებას ითხოვს. მოლაპარაკებებზე ქართველებიც აყენებენ იმ სამარხების გახსნის საკითხს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ... მაქვს ოცი ადამიანის სია, რომლებსაც ახლობლები 2008 წლის ომის შემდეგ ეძებდნენ. ზოგი მოძიებულია და სამწუხაროდ, უმეტესად მათი გვამების გადაცვლა მოხდა. ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი კაპრალი ზვიად კობალაძეა, რომელიც ცხინვალის ციხეში იჯდა.

დაკარგულებს სრულიად კავკასიაში ვეძებდით. ვლადიკავკაზში არის ერთი საპატიმრო ადგილი, რომელიც ყოფილი სამხერხაოს ტერიტორიაზეა მოწყობილი. გვქონდა ინფორმაცია, რომ იქ უნდა ყოფილიყვნენ ქართველი ტყვეები, მაგრამ იქ ქართველი ტყვეები არ აღმოჩნდნენ. ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ გროზნოში, ლენინის რაიონში, ერთ-ერთ საპატიმროში იყვნენ, მაგრამ იქაც ვერ მივაკვლიეთ.

- ამბობენ, ცხინვალშიც არის დახურული ციხე, სადაც შესაძლოა ქართველი ტყვეები ჰყავდეთ...

- შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ცხინვალში არ ჰყავთ პატიმარი, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის დროს არის დაკავებული. სადღაც ჯავაში თუ არის ვინმე, არ ვიცი, მაგრამ ეჭვი მეპარება.

P.S. სოხუმის ე.წ. ახალ რაიონში, სამშენებლო სამუშაოებისას აღმოაჩინეს სამარხი, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს ეკუთვნით. როგორც გაირკვა, ისინი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ წარმოებულ დაკარგულთა სიაში არ ფიგურირებენ. არ არის გამორიცხული, ამ სამარხში ქართველები იყვნენ, მაგრამ მონაცემების არარსებობის გამო მათ არც ქართული მხარე ეძებს.