"ცუდი ვარ თუ კარგი, ყოველთვის ნამდვილი ვარ" - კვირის პალიტრა

"ცუდი ვარ თუ კარგი, ყოველთვის ნამდვილი ვარ"

"მამა იმხელა რამეს აკეთებს, მასთან შედარებით ჩემი სიმღერა არაფერია"

ბერა ივანიშვილს თავის "ჯორჯიან დრიმ სტუდიოში" შევხვდით, სადაც ის ახალ სიმღერებზე მუშაობს.

- ბერა, რა სიახლეა თქვენს შემოქმედებაში?

- ჩემი ალბომი ჯერ არ გამოსულა. მინდა, დიდი მასალა შეგროვდეს და შემდეგ საუკეთესო სიმღერების ნაკრები გამოვუშვა. 70-80 სიმღერა უნდა გქონდეს, რომელთაგან აირჩევა 12-15 საუკეთესო, დანარჩენი სიმღერებიც არ დაიკარგება. მუშაობისას ყველა დეტალს ყურადღებას ვაქცევ, რადგან, დეტალებისგან შედგება სრულყოფილება. სიმღერის ჩაწერისას ბოლომდე ვიხარჯები. ბუნებრივია, მხოლოდ საქართველოზე არ მაქვს გათვლა, აქ ჩამოსულია ჩემი მეგობარი, ამერიკელი რეპერი ლილ ფლეი, რომელთან ერთადაც ამერიკისთვისაც ვამზადებთ სიმღერებს.

- ცნობილია, რომ "ჯორჯიან დრიმ სტუდიო" უსასყიდლოდ მუშაობს ახალგაზრდა შემსრულებლებთან.

- შარშან კასტინგი ჩავატარეთ და შევარჩიეთ 18 ნიჭიერი ბავშვი. ჩვენი სიმდიდრე ხალხური სიმღერაა და ასეთი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ერს უფლება არ აქვს, ჩრდილში იყოს. ეს არ არის კომერციული პროექტი. ამ ბავშვებს დავეხმარებით ჯერ საქართველოში და შემდეგ ამერიკულ ბაზარზე გასვლაში.

- ზოგიერთი ამბობს, რომ თქვენ პოლიტიკური რეპერი ხართ...

- არავის განვიკითხავ და არ ვლანძღავ, მაგრამ იმ ადამიანმა, ვინც ამას ამბობს, მუსიკა არ იცის. მუსიკის ისტორიას თუ თვალს გადავავლებთ, ყოველთვის იყო აქტუალური და იმ ეპოქას ემსახურებოდა, რომელშიც იქმნებოდა. აიღეთ, მაგალითად, "ბითლზის" "რევოლუშენ", ან მოუსმინეთ გასული საუკუნის 80-90-იანი წლებიდან მოყოლებული, რას მღერიან რეპერები... ტაბუდადებული საკითხი ჩემთვის არ არსებობს, არასოდეს მითქვამს, შევალ ახლა სტუდიაში და პოლიტიკურ საკითხზე ვიმღერებ-მეთქი. ფურცელს და პასტას არ ვიყენებ, გულში რაც მაქვს, იმას ვმღერი.

- ვის აზრს ითვალისწინებთ?

- ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია. მამამ მასწავლა, რომ სწორად შერჩეული გუნდი წარმატების გასაღებია. ვითვალისწინებ პროფესიონალი კოლეგების აზრს, ასევე, მაინტერესებს არაპროფესიონალების შეფასებებიც, ჰიტი ხომ ფართო მასებზეა გათვლილი.

- ვისთან მეგობრობთ?

-  დღემდე მომყვებიან ბავშვობის მეგობრები. იყო იმედგაცრუებებიც... ამბობენ, კარგი მეგობარი გაჭირვებაში იცნობაო, მიმაჩნია, რომ ის დიდ ლხინშიც აჩვენებს ნამდვილ სახეს. ბევრს არ შეუძლია გაიზიაროს შენი დიდი სიხარული და წარმატება...

რეპი საყვარელი ჟანრია. თუმცა, ჩემს ბევრ სიმღერას, მაგალითად, ფავორიტე ტჰინკს რეპთან კავშირი არ აქვს. ბავშვობიდან ვუკრავ ინსტრუმენტებზე - 4 წლიდან ვიოლინოზე, მოგვიანებით კი ფორტეპიანოსა და დრამზე. თბილისში, რაც უნდა ეცადო, ცხოვრებით რეპერი”ვერ იქნები. მე ვიცნობ ბევრ ამერიკელ განგსტერ მოღვაწეს, ისინი სხვა გარემოში ცხოვრობენ, თავიანთი იდეოლოგიით და წესებით. ქართველებს კი ჩვენი მენტალობა გაგვაჩნია. სულაც არ არის აუცილებელი, მივბაძოთ სხვას.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ მამასთან და როგორ შეაფასებთ მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს?

- პოლიტიკური შეფასებისგან თავს შევიკავებ. ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა მამასთან. ერთად ვიღებდით გადაწყვეტილებებს. მახსოვს, შარშან, 1-ელ ნოემბერს ჰქონდა პირველი პრესკონფერენცია, სწორედ იმ დღეს მივიტანე შინ ახალი სიმღერა. მამა ისე შეხვდა, თითქოს დიდი რაღაც შევქმენი. ცუდი არ იყო, მაგრამ მამის ასეთი დამოკიდებულება დიდი დაფასებაა. მამა იმხელა რამეს აკეთებს, მასთან შედარებით ჩემი სიმღერა არაფერია.

- დისა და ძმების შესახებ მოგვიყევით...

- გვანცა მღერის და სტუდიის ბავშვებთან ერთად მუშაობს. ცოტნე ხატავს, ძალიან ნიჭიერია. ფიზიკურადაც მგავს - ორივე თეთრები ვართ. რომ უთხრა, ბერას კლიპები არ ვარგაო, მასთან ურთიერთობა უნდა დაივიწყო. ხვდება, რომ სხვებისგან განსხვავებულია, თუნდაც ფიზიკურად, ეს პატარაობისას უფრო შესამჩნევია და რომ ხედავს, ხალხს მოვწონვარ ისეთი, როგორიც ვარ, თავდაჯერებულობა ემატება. უტას და მე ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. ადრე ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, თუნდაც 2 დღე გამეტარებინა უტას გარეშე. ახლა გავიზარდეთ და როგორც ჩემს ერთ-ერთ სიმღერაშია, "ერთი სულის შებერვით დრომ ყველა გაგვფანტა".

- რამდენიმე თვის წინ ნებისმიერი არხის სასურველი სტუმარი იყავი, დღეს არც ტელეეთერში ჩანხარ და არც რადიოში "ატრიალებენ" შენს სიმღერებს.

- ცუდია, ქვეყანაში პოლიტიკა და ხელოვნება პირდაპირ რომ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ავიღოთ თუნდაც რემბოს (ბერას მეგობარი დიჯეი რემბო - თ.ბ.) მაგალითი. ეს ადამიანი მაისურების დარიგების გამო დააკავეს. ნარკოტიკი ჩაუდეს, არადა, სიგარეტსაც  არ ეწევა. ასე განიხილება ეთერში ჩემი სიმღერების დაბლოკვაც. თუმცა არ განვიცდი. მსმენელს ყოველთვის მივმართავდი, როგორც ჩემს მეგობარს. ცუდი ვარ თუ კარგი, ყოველთვის ნამდვილი ვარ.

- გასულ კვირას თქვენს სტუდიაში სამუშაოდ გადმოვიდა "რუსთავი 2"-ის იუმორისტთა გუნდი.

- ჩვენ წელიწადზე მეტია ვმეგობრობთ. ახალ სიმღერას რომ ჩავწერდი, ბიჭებსაც ვასმენინებდი, გვიჩნდებოდა იდეები და გადავწყვიტეთ, გვეთანამშრომლა. ამბობენ, ეს გადაწყვეტილება ბიჭებმა ფინანსური დაინტერესების გამო მიიღესო, მაგრამ ამის საფუძველი მეგობრობა იყო. გვინდა, რეჟისორ ლევან დაბრუნდაშვილთან ერთად შევქმნათ მოკლემეტრაჟიანი, იუმორისტული ფილმები.

- ბერა, ამბობენ, რომ "ჯორჯიან დრიმ სტუდიოსთან" სათანამშრომლოდ გადმოდის დათო გოგიჩაიშვილიც.

-  ვერაფერს გეტყვით... თუმცა ჩვენი კარი ყველა ნიჭიერი ადამიანისთვის ღიაა.

თამარ ბოჭორიშვილი

გაზეთი "ყველა სიახლე" #16