ვსესვიატსკოეში, ქართველთა სასაფლაოზე, კარტოფილის საწყობის მშენებლობა დაიწყეს - კვირის პალიტრა

ვსესვიატსკოეში, ქართველთა სასაფლაოზე, კარტოფილის საწყობის მშენებლობა დაიწყეს

უკვე მეორე წელია, მოსკოველი ქართველები ჩივიან, რომ სამშენებლო სამუშაოების შედეგად ნადგურდება მოსკოვში არსებული ქართული კვალი - ვსესვიატსკოეს ტაძართან არსებული XVIII-XIX საუკუნეების ქართული პანთეონი, საერო და სასულიერო მოღვაწეთა საფლავები. ქართული მხარე ცდილობს, მოიპოვოს სრული ინფორმაცია, რა სამუშაოები მიმდინარეობს სასაფლაოზე და რუსულ მხარეს მშენებლობის შეჩერების, შემდეგ კი ნეშტთა გადმოსვენების თხოვნით მიმართავს. მიუხედავად ამისა, ორიოდე დღის წინ მოსკოველმა ქართველებმა გვაცნობეს, რომ ტაძრის ტერიტორიაზე სამუშაოები გრძელდება, რაც საძირკველს და კედლებს უნგრევს ტაძარს, საფლავებს კი ანადგურებს. "გათხრებისას მიწის ზედაპირზე ჩანს ადამიანთა ძვლები," - ამბობენ ემიგრანტები.

დაბა ვსესვიატსკოეში, 1733-1736  წლებში მეფე არჩილ II-ის ქალიშვილმა, დარეჯან ბატონიშვილმა ყველა წმიდანის სახელობის ტაძარი ააგო. მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაგრატიონები, ავალიშვილები, ციციშვილები, გარსევანიშვილი და სხვა ქართველი დიდგვაროვნები განისვენებენ, მათ შორის - დიდი სულხან-საბა ორბელიანიც...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე სახელოვანი ქართველების ნეშტთა გადმოსვენებით  გვაიმედებს, მაგრამ როგორც ჩანს, შევარდნაძის დროინდელი ქვემო ქართლის გუბერნატორის, ლევან მამალაძის მსგავსად, არ იცის, სულხან-საბა ორბელიანისა და რუსეთში დაკრძალულ სხვა ცნობილ ქართველთა ნაწილის საფლავები დაკარგულად რომ ითვლება... 2003 წელს, იმის მიუხედავად, რომ საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ არაფერი იცოდა, სწორედ მამალაძემ ატეხა ხმაური სულხან-საბას ტანძიაში გადმოსვენების თაობაზე.

"კვირის პალიტრა" საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურის ძეგლების მკვლევარს, პროფესორ გივი ღამბაშიძეს ესაუბრა.

-  არსებობს სულხან-საბა ორბელიანის ძმის - ზოსიმეს ცნობა სულხან-საბას გარდაცვალება-დასაფლავების შესახებ: "ქ. საბა მიიცვალა: ქს აქეთ: ჩღკე: იანვარსა: კვ: მწუხრს: დიდს მსკვს: სესენცკას ბატონის არჩილ... მეფის სასახლეში: და იმავ საყდარს დაემარხა ბრძანებითა და მრავლის ხარჯითა და თან წაყოლითა და დიდის პატივითა ბატონის შვილის დარეჯანისათა..." ძიებას ართულებს ის, რომ ზუსტად არ ვიცით, სად იყო საბა დასაფლავებული - "ვსესვიატსკოეს" ძველ ეკლესიაში თუ მის ეზოში. უცნობია ისიც, დარეჯანის მიერ ახლად აშენებული ტაძარი რამდენად მოიცავდა ძველის საზღვრებს, რომელიც შემდეგაც გააფართოეს... გადმოცემით, საბა დასაფლავებულია დღევანდელი ტაძრის სივრცეში, სვიმეონ მიმრქმელის ნავის ქვეშ არსებულ აკლდამაში... ეს ურთულესი საკითხი შეიძლება მხოლოდ წყაროთმცოდნეობითი, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური და დნმ-ის მონაცემების ურთიერთშეჯერებით გაირკვეს.  საბას საფლავს ეძებდნენ გიორგი ლეონიძე, პაოლო იაშვილი, დავით ჩიქოვანი, ვლადიმერ პაპუაშვილი, ვლადიმერ ტატიშვილი, გიორგი ლომთათიძე, ნოდარ ალანია... პაოლოს, ტიციანის და გოგლას ოცნება იყო საბას ნეშტის გადმოსვენება თბილისში. ამიტომაც გოგლას მოსკოვში მიმავალი პაოლოსთვის საგანგებოდ დაუვალებია ვსესვიატსკოეს ტაძარში ორბელიანის საფლავის მოძიება. პაოლოს არქეოლოგის როლი დავაკისრეო, წერს კიდეც გოგლა თავის წერილში "ჩვენი მზიური პაოლო". "არქეოლოგსაც" ძალისხმევა არ დაუშურებია, თუმცა, ამაოდ.

"ძვირფასო ძმაო გოგლა! გწერთ ვსესვიატსკოეს” ეკლესიიდან, მე, თამარა და შალვა აფხაიძე. ყველაფერი მოვიარეთ. რა თქმა უნდა, საბას ძეგლი აღმოჩენილი არ არის და როგორც სჩანს, არასოდეს  აღმოჩნდება. 1905 წელში მიწა ამოუთხრიათ, ბევრი ჩონჩხი უნახავთ და მათ შორის უთუოდ საბაც იყო. არქივი არ არის, მღვდელი ბოგოსლოვსკი ამბობს, ბევრი ზომები მივიღე, მაგრამ ვერაფერი ვნახეო. ეტყობა, რომ რაღაც იცის..." - წერს პაოლო გოგლას.

სხვადასხვა მონაცემით, სოფელ ვსესვიატსკოეს”ტაძრის ქართული სასაფლაოს მიწისზედა ძეგლები და საფლავები მთელი XX საუკუნის განმავლობაში ნადგურდებოდა  და ეს [პროცესი  დღესაც გრძელდება.

1919 წელს სამონასტრო და საეკლესიო სასაფლაოების უმეტესობა დაიხურა და 1932 წლისთვის ძეგლები გაანადგურეს, მათ ადგილზე კი“კულტურის პარკები, კინოთეატრები სკვერები გააშენეს. 1932 წელსვე გაანადგურეს ტაძრის შორიახლოს 1915 წელს დაარსებული სრულიად რუსეთის სამხედრო საძმო სასაფლაოს ძეგლებიც, თუმცა, საფლავები ამოთხრას გადაურჩა... ბარბაროსობა გამოიჩინეს მოსკოვის დონის მონასტრისა და ასტრახანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ქართულ სავანეთა მიმართაც. გასულ წელს დაგვიკავშირდა მოსკოვში მცხოვრები ახალგაზრდა მეცნიერი გიორგი რამაზაშვილი და გვითხრა, რომ ვსესვიატსკოეში ქართველთა სასაფლაოზე ადგილობრივმა საეკლესიო მოღვაწეებმა კარტოფილის საწყობის მშენებლობა დაიწყეს.

- როგორია რუსული ეკლესიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით?

- როგორც ვიცი, საქართველის საპატრიარქომ სათანადო რეაგირება მოახდინა... ასევე, ბატონიშვილმა ნუგზარ ბაგრატიონმა წერილი გაუგზავნა სრულიად რუსეთის პატრიარქს... შექმნილია კომისია, რომელშიც მოსკოვის წმინდა გიორგის ქართული ეკლესიის წარმომადგენელი და ქართველი მეცნიერი გიორგი რამაზაშვილია ჩართული... კომისიის მოღვაწეობის შედეგი ჩემთვის უცნობია.

- თქვით, რომ ორბელიანის საფლავის მოძიების საკითხი შეიძლება მხოლოდ წყაროთმცოდნეობითი, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური და დნმ-ის მონაცემების შეჯერებით გადაწყდეს. ესე იგი, რუსულმა მხარემ უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება და გათხრების უფლება მოგვცეს?

- რასაკვირველია, ეს ნებართვა მისაღებია რუსეთის საპატრიარქოსა და სახელმწიფო ხელისუფალთაგან. ამჟამად მიმდინარეობს საქართველოსა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის მიმოწერა ქ. ასტრახანიდან ქართველ მეფეთა: ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ   II-ის ნეშტთა საქართველოში ჩამოსვენების თაობაზეც...

- მოძიებული მასალებით, ვახუშტი ბაგრატიონიც ვსესვიატსკოეში უნდა იყოს დაკრძალული. მისი ნეშტის ზუსტი ადგილსამყოფელიც უცნობია?

-  ამ საკითხს 1982 წლიდან ვიკვლევ. აქაც რთულად არის საქმე. შესაძლოა, ვახუშტი ბაგრატიონიც ვსესვიატსკოეში იყო დასაფლავებული, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა. მისი გარდაცვალების და დასაფლავების შესახებ ინფორმაციები დეტექტივს ჰგავს. თითქოს პაოლომ აღმოაჩინა კიდეც საფლავის ქვა. ამის შესახებაც სწერდა გოგლა ლეონიძეს.

ვსესვიატსკოეს" ტაძარი დღეს რუსეთის პატრიარქის მეურვეობის ქვეშაა

გივი ღამბაშიძე: - "ვსესვიატსკოეს" ტაძარი მოსკოვიდან ჩრდილო-დასავლეთით, ტვერის გზაზე მდებარეობს, XIV საუკუნიდან არსებული მსოფლიოს შვიდი საეკლესიო კრების მამათა სახელობის საბერმონაზვნო სავანის საფუძველზე. მეფე ალექსი მიხეილის ძის დროს სოფელი დედოფლის ბიძაშვილს, ივანე მილოსლავსკის ეკუთვნოდა, რომლის დროსაც მოძველებული ხის ეკლესიის მაგივრად აგურის მცირე ეკლესია აშენდა. მილოსლავსკის გარდაცვალების შემდეგ სოფელი გადაეცა მის ქალიშვილს ფეოდოსიას, რომელიც გახლდათ არჩილ II-ის ვაჟის - ალექსანდრეს პირველი მეუღლე. რუსეთში გადახვეწილი მეფე არჩილი IIოჯახითა და ამალით 1695 წელს, საბოლოოდ, სწორედ სოფ. "ვსესვიატსკოეში" დასახლდა. ფეოდოსიას გარდაცვალების შემდეგ, "ვსესვიატსკოე" ტაძრითურთ, პეტრე I-ის ბრძანებით, მისი მეგობრის, ქართველი ბატონიშვილის, გენერალ-ფელცეხმეისტერ ალექსანდრეს მფლობელობაში გადადის (შვედეთის ტყვეობაში 10 წლით გატანჯული და იქვე გარდაცვლილი ალექსანდრეს საფლავიც, მეუღლეების: ფეოდოსია მილოსლავსკაიას, გლიკერია დავითაშვილის, მამის - არჩილ II-ის, დედის - ქეთევანის, ძმების - მამუკასა და დავითის, დის - დარეჯანის და ვახტანგ VI-ის ოჯახის წევრთა სამარხებთან ერთად ჩვენმა ექსპედიციამ 1983 წელს აღმოაჩინა მოსკოვის დონის მონასტრის მირქმის ეკლესიაში). პეტრე  I-მა ჩრდილოეთის ომში გამარჯვების, 1722 წლის 30 იანვარს ნიშტადტის ზავის დადებისა და ქართველი ბატონიშვილის, ალექსანდრეს ხსოვნის აღსანიშნავად, ვსესვიატსკოედან დიდი ამალითურთ ტრიუმფალური მსვლელობა დაიწყო. 1740 წელს სოფ. ვსესვიატსკოე დარეჯანის მფლობელობაში გადავიდა.

ბატონიშვილმა დარეჯანმა 1733-1736 წლებში ძველი ეკლესიის ნაფუძარზე აღაშენა რუსული კლასიციზმის სტილის "ყოველთა წმიდათა" სახელობის სამნავიანი ბაზილიკური ქვის ტაძარი და რვაწახნაგოვანი სამრეკლო. ახალი ტაძარი 1736 წლის 13 სექტემბერს ქართველმა წინამძღვარმა გარსევანიშვილმა აკურთხა. აღსანიშნავია, რომ 1801 წლამდე ტაძარში ღვთისმსახურება ქართულად აღევლინებოდა. სოფ. ვსესვიატსკოე რუსეთში ლტოლვილი ქართველი მამულიშვილების მოღვაწეობით ქართული კულტურის მნიშვნელოვან ცენტრად იქცა (აქ ქართულად დაიბეჭდა "ძველი" და "ახალი აღთქმის" წიგნები). დარეჯანის გარდაცვალების შემდეგ ვსესვიატსკოე ვახტანგ VI-ის შთამომავალთა: ბაქარისა და შემდეგ გენერალ-ანშეფ გიორგის ხელში გადადის. გიორგიმ შექმნა ტაძრის დიდებული ხუთსართულიანი კანკელი, რომელიც 1939 წელს დაამტვრიეს და ტაძართან დაწვეს. მეორე მსოფლიო ომის დროს თითქმის მთლიანად განადგურდა XIX ს-ის ცნობილი ფრესკა - "წმინდა მამათა კრება". 1945 წ. რუსეთის პატრიარქ ალექსი I-ის დროს, ტაძრის მრევლის დიდებული ქალბატონის, ოლღა ბოგოსლოვსკაიას ინიციატივით ტაძარში კვლავ აღდგა ღვთისმსახურება... ხელახლა შეიქმნა კანკელი, ხატები, საკურთხევლის ახალ ფრესკაზე შენარჩუნდა წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს, წმინდა მეფე დავით IV აღმაშენებლის, წმინდა მეფე თამარის გამოსახულებები... 1950-1960-იან წლებში წმინდათა" ტაძარი მოსკოვის მოქმედ ტაძართა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. სარესტავრაციო სამუშაოები ტაძარს კვლავ ჩაუტარდა 90-იან წლებში. 1992 წ. იგი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მეურვეობის ქვეშაა. 1996 წლის 9 ივნისს, ღვთისმსახურების აღდგენის 50-ე წლისთავზე ტაძარს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, უწმინდესი ალექსი ესტუმრა, რომელმაც აკურთხა ტაძრის შესასვლელთან არსებული მემორიალური დაფა, რომელზეც სათანადოდაა აღნიშნული არჩილ მეფის ასულის - ბატონიშვილ დარეჯანის ღვაწლი...

იხილეთ ვიდეო: რატომ არის სულხან-საბას გადმოსვენება დაგვიანებული - კარტოფილის საწყობი ბაგრატიონთა საძვალეზე

(გაგრძელება იქნება)