"მოკვდავად დაბადებულმა უკვდავი ხსოვნა დატოვა" - კვირის პალიტრა

"მოკვდავად დაბადებულმა უკვდავი ხსოვნა დატოვა"

თურქეთიდან გალიციაში გადასახლებული სომხების შთამომავლის, ვაჭარ გევორქ აივაზიანისა და ადგილობრივ სომეხ რიფსიმეს მრავალშვილიან ოჯახში 1817 წლის 29 ივლისს ფეოდოსიაში დაიბადა ივანე კონსტანტინეს ძე აივაზოვსკი - მსოფლიოს უდიდესი მარინისტი.

პატარა ოვანესს მუსიკალური და მხატვრობის ნიჭი ბავშვობაშივე აღმოაჩნდა, თავად ისწავლა ვიოლინოზე დაკვრა, ხატვის პირველი გაკვეთილები კი ქალაქის არქიტექტორმა იაკობ კოხმა ჩაუტარა. კოხმა ქალაქისთავს ურჩია, ყურადღება მიექციათ ნიჭიერი ყმაწვილისთვის. მანაც 1833 წელს ხელი შეუწყო მის ჩარიცხვას პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. თუმანინმა მალე ისახელა თავი და ნახატებისთვის აკადემიის ვერცხლის მედალი მიიღო, მოგვიანებით კი\ ფრანგი პეიზაჟისტის, ფილიპ ტანერის დამხმარედ დანიშნეს. მართალია, აკრძალული ჰქონდა დამოუკიდებლად ხატვა, მაგრამ აკადემიის საშემოდგომო გამოფენაზე 5 სურათი მაინც წარადგინა, თუმცა ტანერმა ნიკოლოზ I-თან დააბეზღა და მეფის ბრძანებით აივაზოვსკის სურათები გამოფენიდან მოხსნეს. "თავნებობა" მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ აპატიეს და პროფესორ ზაუერვეიდის ბატალური ფერწერის კლასში ჩარიცხეს. აივაზოვსკის სულ რამდენიმე თვე დასჭირდა, რომ სურათისთვის "შტილი" დიდი ოქროს მედალი და ყირიმსა და ევროპაში ორწლიანი მოგზაურობის უფლება მიეღო. \ყირიმში იგი არა მარტო ზღვის პეიზაჟებს ხატავდა, არამედ ბატალურ სცენებსაც. მხატვარი სანაპიროზე სამხედრო მოქმედებებშიც მონაწილეობდა ჩერქეზებთან ბრძოლაში. მან დესანტის გადასხმის ესკიზი შეადგინა, ხოლო ტილო კავკასიის სანაპირო ხაზის მეთაურის, გენერალ რაევსკის შეკვეთით შექმნა. ეს ნახატი ნიკოლოზ I-მა შეიძინა. 1839 წელს თუმანინი პეტერბურგში დაბრუნდა და აკადემიის დამთავრების ატესტატთან ერთად ჩინიც და აზნაურობაც მიიღო.

1840 წელს იტალიაში გაემგზავრა. საბოლოოდ სამხრეთ იტალიაში, სორენტოში დაფუძნდა. ზღვის პირას მცირე ხანს მუშაობდა, სახელოსნოში კი პეიზაჟის დასრულებისას ფართო იმპროვიზაციას მიმართავდა. სხვათა შორის, სურათი "ქაოსი" პაპმა გრიგორი XVI-მ იყიდა და მხატვარი ოქროს მედლითაც დააჯილდოვა. ამ პერიოდის სურათებისთვის აივაზოვსკი პარიზის სამხატვრო აკადემიამაც დააჯილდოვა ოქროს მედლით. 1842 წელს შვეიცარიის გავლით ჰოლანდიაში გაემგზავრა, იქიდან გემით - ინგლისში. იმოგზაურა პარიზში, ნახა პორტუგალია, ესპანეთი და 1844 წელს რუსეთში დაბრუნდა. ამავე წელს დაინიშნა მთავარი საზღვაო შტაბის მხატვრად.

არც ერთ მხატვარს არ რგებია იმდენი ჯილდო, რაც მას ერგო სიცოცხლეში. საოცარია, რომ მარინისტობისთვის - მან 6 ათასზე მეტი ზღვის პეიზაჟი დახატა, - კონტრადმირალის წოდებაც კი მიანიჭეს. 1845 წელს გეოგრაფიულ ექსპედიციაში მონაწილეობისას აივაზოვსკი სტამბოლმა მოხიბლა. რუსეთ-თურქეთის ომის დასრულებისთანავე კვლავ ეწვია სტამბოლს, სადაც სომხური დიასპორის რეკომენდაციით სულთანმა აბდულ-მეჯიდ I-მა მიიღო. სულთანს კოლექციაში აივაზოვსკის ერთი სურათიც აღმოაჩნდა და მისი ნიჭის პატივისცემის ნიშნად "ნიშან ალის" ორდენით დააჯილდოვა. მესამედ სტამბოლს კვლავ სომხური დიასპორის თხოვნით ეწვია და დიდი გავლენაც მოახდინა ადგილობრივ მხატვრებზე. სომხებმა მისი ერთი სურათი სულთან აბდულ-აზიზს მიართვეს, რომელსაც ისე მოეწონა, რომ მაშინვე ბოსფორის 10 პეიზაჟი შეუკვეთა. ერთი წლის შემდეგ აივაზოვსკიმ საჩუქრად თავად ჩაუტანა "მეგობარ სულთანს" 2 ტილო: "პეტერბურგის პეიზაჟი" და "ზამთარი მოსკოვში". სტამბოლში უკანასკნელად 1890 წელს ჩავიდა. სომხურ საპატრიარქოში მივიდა და სულთან აბდულ-ჰამიდ II-საც ეწვია, რომელმაც ტრადიციულად დააჯილდოვა, ამჯერად "მეჯიდიეს" I ხარისხის ორდენით.

უკვე სახელგანთქმული ივანე აივაზოვსკი 1845 წლიდან მუდმივად ფეოდოსიაში ცხოვრობდა, სადაც საკუთარი ხარჯით გახსნა ხელოვნების სკოლა, რომელიც შემდგომში რუსეთის ერთ-ერთ სამხატვრო ცენტრად და გალერეად იქცა. ცდილობდა, ვალი დაებრუნებინა მშობლიური ქალაქისთვის, სადაც თავის დროზე ხელი გაუმართეს, ამიტომაც გახდა რკინიგზის "ფეოდოსია-ჯანკოი" მშენებლობის ინიციატორი, რომელიც 1892 წელს დასრულდა, ააშენა ფეოდოსიის სიძველეთა მუზეუმი; პირადად მონაწილეობდა 80-მდე ყორღანის გათხრაში, საიდანაც ამოღებული განძის ნაწილი ერმიტაჟშია დაცული.

მხატვარი 1868 წლის ნოემბერში კავკასიაში მოგზაურობისას, თბილისსაც ეწვია. "კავკასიური ციკლის" 15 სურათი დახატა, მათ შორის შესანიშნავი პანორამა "ტიფლისის ხედი".

კავკასიის მთავარსარდალ ბარიატინსკის შეკვეთით მხატვარმა "გზა მლეთიდან გუდაურამდე" დახატა, ხოლო თბილისში მოაწყო საქველმოქმედო გამოფენა, რომლის შემოსავალი ბავშვთა თავშესაფარს გადასცა. მადლიერმა თბილისელებმა მხატვარს პატივისცემის ნიშნად ჯიხვის ოქროთი მოვარაყებული ყანწი მიართვეს.

82 წლის მხატვარმა, სურათი "ზღვის ყურე" დაასრულა და 1900 წლის 2 მაისს, სწორედ მაშინ გარდაიცვალა, როცა ახალ ტილოზე - "თურქული გემის აფეთქება" დაიწყო მუშაობა.

დიდი მხატვარი ფეოდოსიაში შუა საუკუნეების სომხური ეკლესიის, სურბ სარქისის გალავანში დაკრძალეს და თეთრი მარმარილოს ფილაზე ძველსომხურად ისტორიკოს მოვსეს ხორენაცის სიტყვები წააწერეს: "მოკვდავად დაბადებულმა უკვდავი ხსოვნა დატოვა".