"ნამეტანი" მოცეკვავე და შორენას "გულიზა" გადარეული ჩერტკოევი - კვირის პალიტრა

"ნამეტანი" მოცეკვავე და შორენას "გულიზა" გადარეული ჩერტკოევი

"ათბალიანი სისტემით ქართულ ტელეშოუს 2 ქულას დავუწერდი"

სატელევიზიო პროექტმა, "ცეკვავენ ვარსკვლავები", მაყურებლის ინტერესი გამოიწვია. თავიდან ბევრმა არ იცოდა, ვინ იყო ჟიურის ერთ-ერთი წევრი, გოჩა ჩერტკოევი... ჯერ მისმა უცნაურმა ჩაცმულობამ მიიქცია ყურადღება, მერე ქართულ-ამერიკულმა მეტყველებამ, რომელშიც ხან იმერულ-გურული "ნამეტანი", "ძაან", "გულიზა" ერია, ხან უცხოური "ო,ქეი", "ოლ რაით", "სთოფ ენდ გო" და სხვ. ბუნებრივია, ეს ნაზავი საკვირველიც იყო და ღიმილის მომგვრელიც. თავიდან თუ ხალისობდნენ, მერე უკვე მიხვდნენ, რომ საქართველოდან 22 წლის წინ ამერიკაში გადასახლებულ კაცს გაუჭირდებოდა თავანკარა ქართულით საუბარი...

გოჩა ჩერტკოევთან იტერვიუს ჩასაწერად სამეჯლისო და სპორტული ცეკვების სტუდია "თელაში" მივედი. დიდი ხნის უნახავი მეგობარივით შემეგება. თბილი და გულწრფელია. საუბრისას ხშირად ხმარობს სიტყვას "ნამეტანი". ღიმილით ვეკითხები, - გაამერიკელებული წარმოშობით ოსი კაცის მეტყველებაში საიდან გაჩნდა ეს სიტყვა-მეთქი. გაჩეჩილაძეებმა მასწავლეს, მე ხომ მათ ხელში ვარ გაზრდილიო... გოჩას მეუღლე გახლავთ შორენა გაჩეჩილაძე, სამეჯლისო ცეკვების მსოფლიო ჩემპიონი და არაერთგზის გამარჯვებული. ჩერტკოევმა თავის პედაგოგს, თენგიზ გაჩეჩილაძეს, თავის დროზე ერთადერთი ქალიშვილი "მოსტაცა" და მალე იმერულად "ალაპარაკდა".

ტელეშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავები" ინგლისური პროექტია, რომელიც 2005 წელს ამერიკამ იყიდა და საორგანიზაციო საქმე ამერიკის ცეკვის ფედერაციამ ჩერტკოევს მიანდო. ის ამ პროექტს ზედმიწევნით იცნობს. სხვა ქვეყნებმაც უმალ აიტაცეს პროექტი და დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და ცნობილი გახლავთ.

- გოჩა, ათბალიანი სისტემით რამდენ ქულას დაუწერდით ქართულ ტელეშოუს?

- ალბათ, 2-ს. ისეთი შოუები მაქვს ნანახი, მათთან შედარებით ქართული არაფერია, მაგრამ იმედი მაქვს, თანდათან დაიხვეწება, მით უმეტეს, რომ ქართველებში ამის დიდ პოტენციალს ვხედავ.

- შეგიძლიათ შეაფასოთ ჩვენი მოცეკვავეები?

- შევაფასებ, ოღონდ ყველას ვერა. გული ძალიან დამწყდა ნუკიზე, კარგად ცეკვავს, ნიჭიერი და მომხიბვლელი გოგონაა, თუ ცეკვას გააგრძელებს, ბევრს მიაღწევს. მისი მეწყვილე ოთო ფოლადაშვილი პროფესიონალია, მაგრამ ხალხმა მაინც ეს წყვილი დატოვა პროექტის მიღმა. როსტოზე ბევრი ხუმრობს, - მოუქნელიაო, მაგრამ სამეჯლისო ცეკვებში დიდი მნიშვნელობა აქვს მამაკაცის შარმს, როსტო კი მოცეკვავეებს შორის ყველაზე მამაკაცურია. ქრისტინემ კარგად იცეკვა "ჯეირანი", თუმცა თითქოს  დეპრესიული იყო, მის შესრულებას ხალისი აკლდა. ნანუკას ვეუბნებოდი, - რა კარგად იცეკვა "დარეჯანი", სხვა ცეკვებში რა მოუვიდა-მეთქი. ნანუკა გადაირია, - რა დარეჯანი, რის დარეჯანიო? "ჯეირანი" ვერ დავიმახსოვრე და რახან "ჯ" ორივეშია, ასე მოვნათლე ნინო რამიშვილის ცნობილი ცეკვა. ძალიან ძლიერია სალომე ჭაჭუა, თუმცა ის პროფესიონალი მოცეკვავეა და არც არის გასაკვირი. მისი საქმრო, გიორგი გაჩეჩილაძე, ჩემი ცოლისძმაა, მაგრამ ვერავინ დამწამებს, რომ სუბიექტური ვარ მის მიმართ. ჩაწყობები და ნათესაური კავშირები ჩემზე არ მოქმედებს. თიკო სადუნიშვილიც კარგად ცეკვავს, თურმე, ბავშვობაში საბალეტო სტუდიაში დადიოდა. ეს ეტყობა კიდეც. დანარჩენზე თავს შევიკავებ. შორენა ინტერნეტით უყურებს ტელეშოუს და მერე ერთმანეთს ვუზიარებთ შეხედულებებს. როგორც ყოველთვის, ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა.

- რამდენს გიხდიან ამ პროექტში მონაწილეობისათვის?

- არაფერს. "იმედი" ამ პროექტს რომ იწყებდა, ქართული მხარე ჯერ ჩემს მენეჯერს დაუკავშირდა, მაგრამ როცა ის ფინანსურ მხარეზე გადავიდა, ქართველებმა უცებ მოითხოვეს ჩემთან დალაპარაკება. მენეჯერს გაუკვირდა, - მე რატომ არ მითანხმებენო? მეღიმებოდა, - მათ იცოდნენ, რომ მე იოლად "შემაბავდნენ". მითხრეს, - ვიცით, რომ ამერიკაში ეს პროექტი თქვენ გააკეთეთ, იმედი გვაქვს, მეგობრულად დაგვეხმარებით, ხომ იცით, რომ გვიჭირსო.

- შარშან თქვენ და შორენა ერთად ესტუმრეთ საქართველოს და სტუდია "თელას" მოცეკვავეებს უსასყიდლოდ ჩაუტარეთ მასტერკლასი.

- შარშან, 21 წლის შემდეგ, პირველად ჩამოვედით საქართველოში. ჩვენ "თელას" აღზრდილები ვართ, თან ეს სტუდია, მოგეხსენებათ, ჩემი სიმამრისაა. ჩემზე დიდი ამაგი აქვს ქალბატონ ლარისას, თენგიზის მეორე მეუღლეს. აბა, ასეთ ახლობელ ადამიანებს ფულს ხომ არ მოვთხოვდი?.. სულ სხვა თბილისი დაგვხვდა. ძალიან გვინდოდა პატრიარქის ნახვა. გაგვიხარდა, რომ მიგვიღო. საოცარი ადამიანია, უდიდესი მადლის მქონე, ბავშვურად სუფთა. მასთან შეხვედრის შემდეგ უსაზღვრო ძალასა და მადლს ვგრძნობდი. დიდი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით ამერიკაში. ამჯერად მეორედ ვარ საქართველოში. შორენა იქ დარჩა, ორივე ერთად დიდი ხნით ვერ დავტოვებდით ჩვენს სტუდიას. მართალი გითხრათ, ძალიან მომენატრა ჩემი ცოლ-შვილი და დალასის სახლი.

- აქაც ხომ თქვენი სახლი იყო, არ დაგენანათ, რომ დატოვეთ და წახვედით?

- მაშინ 1990 წელი იყო, ქაოსის, ომების და გაჭირვების პერიოდი. მე და შორენას ლევანიკო წლინახევრის გვყავდა, როცა ამერიკული ცეკვის აკადემიამ მიგვიწვია, როგორც მწვრთნელები და მასწავლებლები. თავიდან სამთვიანი კონტრაქტი გაგვიფორმეს. გავემგზავრეთ, ბავშვი აქ დავტოვეთ, ძალიან გაგვიჭირდა უმისოდ, ამიტომ მეორე მიწვევაზე ბავშვიც წავიყვანეთ. რა თქმა უნდა, ძნელი იყო ახლობლების დატოვება, მაგრამ გვჯეროდა, საქმეს იქ წარმატებით ავაწყობდით და გავრისკეთ.

- გვიამბეთ ამერიკული ცხოვრების შესახებ...

- თავიდან გვიჭირდა. ცოტა ხანს ჩვენს მასპინძელთან ვცხოვრობდით, არაფერს გვაკლებდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ ცალკე გვეცხოვრა. ბავშვის საწოლი არ გვქონდა და ლევანიკოს შუაში ვიწვენდით, ისე ვიძინებდით, ზოგჯერ გვშიოდა კიდეც, მაგრამ ცეკვის სიყვარულმა დაგვაძლევინა ბევრი დაბრკოლება. ბავშვები ვიყავით, შორენა 19-ის იყო, მე - 22-ის. ერთ წელიწადში ნელ-ნელა დავდექით ფეხზე. ხშირად ვმონაწილეობდით კონკურსებში და ვიმარჯვებდით. უცებ მოვარდა წარმატება და გავხდით ცნობილები. დღეს მე და შორენას საკუთარი სტუდია გვაქვს, რომელსაც "გოჩა-შორენა სენთერ ოფ დანსი" ჰქვია. ცეკვა იქ  ძვირი სიამოვნებაა. მილიონერებს თავიანთი შვილები მოჰყავთ სტუდიაში, ოღონდ, საქართველოსგან განსხვავებით, იქ 14-15 წლისანი სწავლობენ ცეკვას. ან უკვე საქმიანი ადამიანები გვაკითხავენ. თუ ჯგუფში ჩაეწერებიან, საათში თითო 45-70 დოლარს იხდის, თუ ინდივიდუალურად სურთ მეცადინეობა, მაშინ საათი 150-დან 300 დოლარამდე ღირს... ხშირად მიღებენ სერიალებსა და ფილმებში ეპიზოდურ როლებზე... საქართველოში ცნობილია სერიალი "გაქცევა" და ფილმი "სისხლიანი ქუჩები". მოკლედ, სოლიდური შემოსავალი გვაქვს, მაგრამ ეს დიდი შრომის საფასურად...

- თუ საიდუმლო არ არის, რამდენს გიხდით ჰოლივუდი ეპიზოდურ როლში?

- გააჩნია ფილმის ბიუჯეტს, ზოგჯერ შეიძლება 10-წუთიან სცენაში 5.000 დოლარი  გადამიხადონ, ზოგჯერ - 50.000. ჩვენი ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყარო კი მაინც ცეკვაა.

- როგორც ვიცი, თქვენი შვილი არ გაჰყვა თქვენს გზას.

- დიახ, მან ფსიქოლოგია აირჩია, სერიოზული ადამიანია. ახლა ერთ პრესტიჟულ კოლეჯში სწავლობს და ევროპაში აპირებს სწავლის გაგრძელებას.

- რამდენი წლის იყავით, სამეჯლისო ცეკვებზე როცა მიხვედით?

- ადრე ხალხურ ცეკვებზე დავდიოდი. საერთოდ, ბავშვობიდან მიყვარდა ცეკვა და ხატვა. ხუთი დედმამიშვილი ვართ, ნაბოლარა ვარ და რასაც მოვისურვებდი, მისრულებდნენ. 14 წლის ვიყავი, სამეჯლისო ცეკვების შესწავლა რომ გადავწყვიტე. მამამ კი მითხრა, იქ რაღა გინდაო, მაგრამ დედა ჩაერია, ამ ასაკის ბიჭები ბირჟაზე დგომის მეტს არაფერს აკეთებენ და იაროს ცეკვებზე, რა მოხდაო. მაშინ მუშთაედის ბაღში იყო გახსნილი სტუდია. მივედი და დავიწყე ცეკვა. მალე მეწყვილეც გამომიჩნდა - ის გახლდათ 11 წლის შორენა. თავიდან მეგობრები ვიყავით. თენგიზ გაჩეჩილაძე სულაც არ იყო მკაცრი მამა, ჩვენ ხომ ყველგან ერთად ვიყავით, ამიტომ მეც მენდობოდა და ქალიშვილსაც. როცა წამოვიზარდეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ურთიერთობა კარგა ხნის გაცდენილი იყო მეგობრობას. ერთხელ, შორენას მამა დასავლეთ საქართველოში წავიდა, დრო ვიხელთეთ  და გავიპარეთ. ატყდა ერთი ამბავი. როგორი საქმეა, შორენა 16-ის იყო, სკოლაში სწავლობდა, მე სამხატვრო ტექნიკუმის სტუდენტი გახლდით. მეგონა, თენგიზი შავ დღეს დაგვაყრიდა, მაგრამ მან შვილს ჰკითხა: - ეს არის შენი არჩევანიო? შორენამაც უთხრა: - კი, მიყვარს გოჩა და მასთან მინდა ყოფნაო...

- რა არის თქვენთვის ცეკვა?

- ჩემს ცხოვრებაში ცეკვამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ჯერ მე და შორენა დაგვაახლოვა, შემდეგ კი ისეთი კარიერა შეგვიქმნა, ბევრი რომ ვერ ახერხებს სიცოცხლის განმავლობაში. მიხარია, ყველა ახლობელი, ვინც ძალიან მიყვარს, ჯანმრთელად  რომ მყავს. შორენას უმცროსი ძმა რატი, დედა და დედაჩემი ჩვენთან არიან. ვცხოვრობთ შეხმატკბილებულად და ბედნიერად. დალასში ვილა, ლოს-ანჯელესში კი დიდი სახლი გვაქვს, ახლა ზღვასთან ახლოს გვინდა კიდევ ერთი სახლის ყიდვა. ამ ყველაფერს შორენას გარეშე ფასი არ ექნებოდა. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ასეთი კარგი მეუღლე, რომელიც ჩემი სულისა და სხეულის ნაწილია. ორივე კი ვემსახურებით იმ საქმეს, რომელიც უსაზღვროდ გვიყვარს...

იხილეთ ვიდეო: გოჩა ჩერტკოევი ჰოლივუდურ თრილერში