ქართველების იტალიელი "ფრენდი" - კვირის პალიტრა

ქართველების იტალიელი "ფრენდი"

იტალიელი "ბომბორას" მოგზაურობა საქართველოში

"გვჯერა, რომ საქართველოს პატრიარქის დალოცვა უფრო დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში"

იტალიაში ქართველ ქალთან დამეგობრების შემდგომ ქალაქ პიზის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კლაუდიო ჩერაი საქართველოში ჩამოვიდა. ქართველების სტუმართმოყვარეობით მოხიბლულმა თანამემამულეთათვის შთაბეჭდილებების გაზიარება ჯერ ინტერნეტით გადაწყვიტა, მოგვიანებით კი იტალიურ-ქართული ასოციაცია დააფუძნა. ლოცვა-კურთხევის მისაღებად თხოვნის წერილი საქართველოს პატრიარქსაც გაუგზავნა.

- სამი წლის წინ პიზაში ნათესავთან ქართველი ქალი გავიცანი და მალევე დავმეგობრდით. ერთ დღეს მკითხა, საქართველოზე რა იციო. ბევრი არაფერი-მეთქი, - ვუპასუხე, მაშინ ჩემს ქვეყანაში ხომ არ წამოხვიდოდიო და მეც სიამოვნებით დავთანხმდი. 2009 წელს პირველად ჩამოვედი საქართველოში და ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. პატიოსანი, გულუხვი და სტუმართმოყვარე, მდიდარი ერი ხართ. არქიტექტურამ, ტრადიციებმა, ბუნებამ და უნიკალურმა პეიზაჟებმა საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. იმდენად მოვიხიბლე თქვენი ქვეყნით, რომ ვებგვერდი გავხსენი, მეტიც, სახლის ჭიშკარზეც მივაკარი ვებგვერდის გადიდებული ლოგო.

- რომელი კუთხეები დაათვალიერეთ?

- ჩემი მასპინძელი გიდების მომზადების სპეციალისტია და მან გამიწია ექსკურსიამძღოლობა. ვიყავი სამებაში, სიონში, დავათვალიერე ძველი თბილისი, თელავი, ახმეტა, ალავერდი და სიღნაღი, რომ\ იტყვიან, ფეხით შემოვიარე.

- თქვენ საქართველოს პატრიარქს წერილი გაუგზავნეთ.

- საქართველოსა და იტალიის კულტურა მჭიდროდ არის დაკავშირებული ქრისტიანობასთან. ის სოციალური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ რელიგიის როლზე საკუთარი შეხედულებებით გამხნევებულმა გადავწყვიტე, საქართველოს სულიერი ლიდერისთვის გამეგზავნა წერილი, შეხვედრას ვთხოვდი. მინდოდა იტალიელი ხალხის გულწრფელი მოკითხვა გადამეცა. თან მქონდა პატრიარქისთვის საჩუქრად ჩამოტანილი საპატიო დაფა. სამწუხაროდ, შეხვედრა ვერ მოხერხდა და საჩუქარიც მეუფე შიოს გადავეცით. გვჯერა, რომ საქართველოს პატრიარქის დალოცვა უფრო დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში...

ერთი ამბავი გამახსენდა. ალავერდობამდე ერთი კვირით ადრე ჩემს მასპინძლებთან ერთად თეთრი გიორგის ტაძარი მოვინახულე. ეკლესიასთან ათამდე ასაკოვანი ქალი მინდორზე გაშლილ სუფრასთან ილხენდა. დაგვინახეს თუ არა, მიგვიპატიჟეს და სულ რამდენიმე წუთში ალალი გულით და რაც მთავარია, ქართველისათვის დამახასიათებელი იუმორით გვიმასპინძლეს. არაჩვეულებრივი საღამო გავატარეთ. სწორედ იქ მოვისმინე პირველად ხალხური სიმღერა. ფანდურზე შესრულებულმა სიმღერამ წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა.

ახმეტაში ტყუპი ძმის ქორწილში დაგვპატიჟეს და თამადამ ნიშნად პატივისცემისა, გინდ დაიHჯერეთ, გინდ არა, პატივი დამდო და თავის მოადგილედ დამნიშნა. მგონი, ამ საპატიო მისიას თავი კარგად გავართვი. ისე ღვინის სმაში ქართველებს არ ჩამოვუვარდები.

- ენის ბარიერი არ გქონდათ?

- როგორც თქვენ გიყვართ თქმა, გაქცეულ კაცს მოვაბრუნებო, ჩემი საქმეც ასე იყო, - სათქმელს გარშემომყოფებს ვაგებინებდი. ჩემი პირველი სიტყვა "გაუმარჯოს" გახლდათ. ახლა ჩემი ცოდნის არეალი უფრო გაიზარდა. ფლორენციაში საკვირაო სკოლაში ქართულ ენას ვსწავლობ.

ჩემი წონის გამო სასაცილო ამბავი გადამხდა მთაწმინდაზე, ბომბორას გასართობ პარკში. ქართველ მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ ატრაქციონზე დავჯექი. ნავის ფორმის ხის კარუსელი იყო, ჯერ წყალში იწყებს მოძრაობას, შემდეგ დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე ადიხარ, მერე ისევ წყალში ეშვები და სწორედ ამ დროს ჩემმა წონამ უზარმაზარი სიჩქარის განვითარება გამოიწვია და შესაბამისად, წყლის დიდი შხეფებიც. ყველანი გასაწური ვიყავით. განსაკუთრებით სასაცილოდ მე გამოვიყურებოდი. ამხელა კაცი ისე გავილუმპე, რომ ნავიდან გადმოსულმა უზარმაზარი გუბე დავაყენე.

- თქვენი ვებგვერდის შექმნას რა მოჰყვა?

- ორი წლის წინ შექმნილ ვებგვერდს "ჯორჯია ფორ ფრენდს" დავარქვი. მისმა პოპულარობამ არაერთ პროექტს მისცა სტიმული და შედეგად, გასულ წელს დავრეგისტრირდით როგორც ასოციაცია. მე მისი პრეზიდენტი ვარ და აქტიურად ვადევნებ თვალს უკვე დაწყებული პროექტების განხორციელებას. ჩემი ქართველი მეგობარი, ქალბატონი თამარ ბასილაშვილი ჩვენი ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია საქართველოში. ქალბატონ თამარს თავისი იდეებითა და ცოდნით დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ტურისტული ბიზნესის განვითარებაში. გაზაფხულზე ორკვირიანი სასწავლო გაცვლითი პროგრამით საქართველოდან პიზა-ში 10 მოსწავლეს ჩამოვიყვანთ. სწორედ ეს ახალგაზრდები იქნებიან კულტურის, მეგობრობისა და მშვიდობის ელჩები არა მარტო ქართველ და იტალიელ, არამედ დედამიწის ყველა ერს შორის.

გურამ სოზაშვილი