დაკარგული საფლავების კვალდაკვალ
30-04-2012
დაკარგული საფლავების კვალდაკვალ
(გაგრძელება, დასაწყისი "კვირის პალიტრა" #17)

გურამიშვილის საფლავი შესაძლოა, სტალინის საამებლად გამოიგონეს


ბედის უკუღმართობით სამშობლოდან გადახვეწილი და უცხოეთში დაკრძალული დიდებული ქართველების საფლავებს საუკუნეა ეძებენ მკვლევრები. არავინ იცის, სად განისვენებენ ცნობილი მეცნიერი ვახუშტი ბაგრატიონი და პოეტი დავით გურამიშვილი. მირგოროდში, ადგილს, სადაც გურამიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი დგას, მკვლევრები სიმბოლურ საფლავად მიიჩნევენ...

საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურის ძეგლების მკვლევრის, პროფესორ გივი ღამბაშიძის ვარაუდით, შესაძლოა, ვახუშტი ბაგრატიონი, სულხან-საბა ორბელიანის მსგავსად, ვსესვიატსკოეს ტაძარში იყოს დაკრძალული.
თუმცა საუკუნის განმავლობაში მკვლევრები ვახტანგ მეექვსის ვაჟის საფლავს მოსკოვის თითქმის ყველა იმ ტაძარში ეძებდნენ, სადაც ქართველთა ემიგრაციას რაიმე შეხება ჰქონდა.

გივი ღამბაშიძე: -“1983-84 წლებში ქართულმა ექსპედიციამ მოსკოვის  დონის მონასტრის უფლის მირქმის სახელობის ეკლესიაში აღადგინა ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა პანთეონი. მოხდა არჩილ მეორისა და ვახტანგ მეექვსის ოჯახის
წევრების სამარხ-აკლდამების იდენტიფიკაცია. სამწუხაროდ, ვერ მივაკვლიეთ ვახუშტი ბაგრატიონის საფლავს, რაც პოეტ გიორგი ლეონიძის ოცნება იყო. მან ანდერძად დაიბარა "დროა, მივხედოთ დიდ მეცნიერ-მამულიშვილს ვახუშტი ბაგრატიონს, დავადგინოთ მისი საფლავის ადგილმდებარეობა, მოვიძიოთ მისი სურათი და გაფანტული თხზულებანი, რითაც შესრულდება ვახუშტის ნაიმედები:"რათა არა იგმოს შრომილი ჩვენი...…არცა წარხდეს შრომა ესე ჩვენი"...

წერილობითი დოკუმენტებით, ვახუშტი მოსკოვის დონის მონასტრის უფლის მირქმის სახელობის ეკლესიაში უნდა იყოს დასაფლავებული, თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ლ. მაქსიმოვიჩის მოსკოვის სიძველეთა "გზამკვლევი", სადაც თითქოს მითითებულია ვახუშტის საფლავი, არ შეიცავს ზუსტ ცნობებს. ვახუშტის და მისი შვილების დაბადების და გარდაცვალების თარიღები კი ისეა არეული, რომ დეტექტიური გამოძიებაა საჭირო მონაცემების დასაზუსტებლად. დადგინდა, რომ "გზამკვლევში" ვახუშტის გარდაცვალების წლად მიჩნეული 1784 წლის 6 დეკემბერი და სიცოცხლის ხანგრძლივობა - 55 წელი, 4 თვე და 23 დღე, მისი ვაჟის, იოთამის ყოფილა.

გასული საუკუნის 30-იან წლებში ვახუშტის საფლავს ეძებდნენ "ცისფერყანწელებიც". "ეს წუთია დავთხარეთ დამიწული საფლავი, ვახუშტის, ვახტანგის შვილის. დიდი წარწერა აქვს, ხვალ მოვალთ გადასაწერად", - სწერს გიორგი ლეონიძეს პაოლო იაშვილი. იმავე ღია ბარათის ერთ კუთხეში მიწერილია, - "გწერთ ვსეხსვიტსკოეს ეკლესიიდან". გაურკვეველია, ნამდვილად ამ ტაძარში იპოვეს საფლავი, თუ უბრალოდ წერილი მოსწერეს ვსესვიატსკოედან. უცნობია, მართლა გაითხარა თუ არა საფლავი და რეალურად სად იყო ის "დამიწული" - ეზოში თუ ტაძარში?

ვეჭვობ, საქმე უფრო საფლავის ქვის აღმოჩენას ეხება, ვიდრე რეალურად საფლავის პოვნას. ამასთან, დღემდე დაუდგენელია, გადაწერა თუ არა პაოლომ საფლავის ქვის ეპიტაფია, რომლის შესახებაც გიორგი ლეონიძეს სწერს, ძალიან დიდი წარწერააო. ან სად წავიდა ის ეპიტაფია, გამოუგზავნა ლეონიძეს? თუ მართლა აღმოჩნდა საფლავი, რატომ არ გახმაურდა ეს ამბავი? ვითომ იმდროინდელმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა გარემომ შეუშალა ხელი? ვფიქრობ, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა პაოლო იაშვილის დაკარგული არქივის მოძიების, გიორგი ლეონიძისა და შალვა აფხაიძის არქივების საგულდაგულოდ გამოკვლევის შემთხვევაშია შესაძლებელი. ამასთან, უნდა გაგრძელდეს არქეოლოგიური კვლევები  მოსკოვის ვსესვიატსკოეს, დონისა და ბოგოიავლინსკის ტაძრებში, პრესნიაზე, ვახუშტის კარის ეკლესიაში - იქნებ იქ არიან დასაფლავებული ბატონიშვილი და მისი ოჯახის ზოგიერთი წევრი? კვლევებს უპირველესად, სჭირდება რუსეთის თანხმობა, შესაბამის ექსპედიციას კი დაფინანსება.

* * *
უკრაინელი მწერლის დმიტრო კოსარიკის ცნობით, მირგოროდის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის დარაჯს დავით გურამიშვილის სავარაუდო საფლავის შესახებ უთქვამს, უწინ აქ თუჯის ფილა იყო, რომელზეც ეწერა: "კნიაზ დავიდ გურამოვ"-ო. შესაძლოა, პოეტის გარდაცვალებიდან 150 წლის განმავლობაში თუჯის ფილისთვის ვინმეს ადგილი შეეცვალა, შესაბამისად, საეჭვო ხდება საფლავის პატრონის ვინაობაც, ეკუთვნის კი ის ქართველ პოეტს? იქნებ სულაც სხვა ქართველია დაკრძალული?

გივი ღამბაშიძე:
- XX საუკუნის 40-იან წლებში უკრაინელი მეცნიერები მონდომებით ეძებდნენ პოეტის საფლავს. კომისიამ საგანგებო აქტით დაადასტურა პოეტის განსასვენებლის ადგილმდებარეობა. უკრაინის მთავრობის დადგენილებით კი 1949 წლის 7 აგვისტოს იმ ადგილზე ძეგლიც დაიდგა. თუმცა, შესაძლოა, აქტი სანდო არ იყოს. ის მაშინ შეადგინეს, როცა მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო და სტალინის ავტორიტეტი მაამებლურ ქმედებას აიძულებდა” მავანთ. იქნებ დოკუმენტი მხოლოდ პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით შეიქმნა. ამიტომაც აუცილებელია აქტის შესწავლა.…სამწუხაროდ, პოეტს შთამომავლობა არ დარჩენია, ამიტომაც ნეშტის დნმ-ს ვერავის მონაცემებს შევადარებთ. კვლევის პროცესში დაგვეხმარება მისი მეუღლის ტატიანა ავალიშვილის ნეშტიც. რომელსაც უეჭველად მეუღლის გვერდით დაკრძალავდნენ.

P.S. დღემდე არავინ იცის ვახუშტისა და დავით გურამიშვილის ნამდვილი პორტრეტები. ორივე მათგანს მხოლოდ მხატვართა წარმოსახვის საფუძველზე შექმნილი ნამუშევრებით იცნობს საზოგადოება. სამწუხაროდ, ბოლო სამი ათეული წელია არ ჩატარებულა  მოკვლევა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ შევარდნაძის ხელისუფლების მსგავსად, სააკაშვილის მთავრობის წევრებიც მხოლოდ პოპულისტური განცხადებებისთვის იყენებენ დიდებულ ქართველთა საფლავების უცხოეთში მოძიების თემას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით